ცარიელი დღეები

ყველაზე საზარლად ის წამი მახსენდება, როდესაც პირველად, გაყინული და უცხო ხმით მითხრა.

– მე ასე გადავწყვიტე და ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ.

აბსოლუტური შეგრძნება მქონდა, რო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ელექტრო სკამზე მიმათრევდა და ცივი ხმით მეუბნებოდა.

– მე ასე გადავწყვიტე და ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ.

Featured image

Everybody was a mess

– Julian Casablancas

1.

ფირფიტა აიღო და ჩართო, თითქოს 80-ების ქართული კინო იყო. მე კიდე ლოგინზე წამოვწექი და ამდროს “მასზე” ვფიქრობდი, თან ისეთ ხასიათზე ვიდექი, მინდოდა ჩემს გასწვრივ ჭერზე დიდი რკინის ჭაღი რო ეკიდა, პირდაპირ სახეზე დამცემოდა. ეხლა მკითხავს რაზე ვფიქრობ… და ზუსტად 2 წამში მკითხა.

-რაზე ფიქრობ?

-რავი, მოთხრობაზე.

-რომელ მოთხრობაზე?

-რომელსაც დავწერ.

ფირფიტა მიჩუმდა, iPhone გამოვართვი, რატომღაც სოფია კოპოლას Somewhere გამახსენდა და Strokes-ი ჩავრთე, All the girls played mental games მღეროდა ჯულიანი. ისეთი მომენტი იყო, როცა უნდა ადგე, ფანჯარაში გაიხედო და სიგარეტი მოწიო, მაგრამ არ ვეწევი და ამიტომ ისევ ჭაღს ვუყურებდი.

-მუნჯი ხარ?

კი-თქო თავი დავუქნიე. მერე ვფიქრობდი წარსულზე, მომავალზე, სამსახურზე და ისევ წარსულზე. რო გამომეღვიძა, ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი. გამოსვლისას რამე უნდა მეთქვა და ვთქვი:

-მომწერე როცა გინდა.

-მე არ მოგწერ და თუ გინდა შენ მომწერე.

კარგი-თქო ვუთხარი, თუმცა იცოდა, რო არ მივწერდი. ლიფტში ისევ ჯულიანს ვღიღინებდი Everobody plays the game, And if you don’t you’re called insane. ისეთი წვიმა იყო, ტაქსიშიც წვიმდა. სად წავედი, არც მახსოვს. ალკოჰოლი მინდოდა. ვერ ვიტან სმას. როცა კარგად არ ვარ, სულ ისეთ რამეებს ვაკეთებ ხოლმე, რასაც ვერ ვიტან. ალბათ ერთხელ აუცილებლად დავწერ წიგნს სათაურით „დესტრუქციის და თვითგანადგურების მწვერვალებზე“. მოკლედ ეგ დღე არ მახსოვს, სავარაუდოდ ბიჭები ვნახე და ცოტა დავლიეთ. ერთადერთი რაც მახსოვს, ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, ეს შეგრძნება თითქოს რამდენიმე წამი გრძელდება ხოლმე, მე კიდე რამდენიმე თვე გამიგრძელდა. ხოდა ესე ვცხოვრობდი ბურთით ყელში. ჯადოსნური ბურთი იყო, ხან მუცელში ჩადიოდა, ხან პირიდან ამოდიოდა და ცეცხლებს უშვებდა. დრაკონი მაინც ვყოფილიყავი, ამის დედაც…

2.

მეორე დღეს ჩემმა ძმამ დამირეკა პრობლემა მაქვსო, შევხვდი. შეყვარებულს ვეჩხუბეო, მეთქი მოყევი რა ხდება. მოყვა. ჩვეულებრივი საგიჟეთი იყო. რაღაცეები ვურჩიე, მეთქი ესე ქენი, ესე უთხარი, აქ ჯობია მოიცადო, იქ გაატარო, ესე ქნა, ისე ქნა და მაგარიაო, მართალი ხარო, ეგ არიო, მადლობაო! ხოდა, რო წამოვედი, უცებ დავფიქრდი, მე თვითონ დედა მაქვს მოტყნული და სხვებთან ვითომ ძაან ჭკვიანი ვარ, „პიზდეც ბლიად!“.

ნახევარი აბი ვალიუმი დავლიე და 4-ზე სტომატოლოგთან მივედი. ეგრევე ანესტეზიოლოგი მოვითხოვე, 2 ნემსი გავაკეთებინე, მარა პირს წესიერად მაინც ვერ ვხსნიდი, გავოფლიანდი და სტომატოლოგის თანაშემწეს, რომელსაც ერთი ხელით ჩემი ლოყა ეჭირა, მეორე ხელზე ხელს ვუჭერდი. მოკლედ, არასდროს არავისთვის არ დამიმალავს, რო ძალიან მეშინია კბილის ექიმის. როცა ნერვი ამოიღეს და ყველაფერი მორჩა, ბოდიში მოვიხადე და წამოვედი.

იმ ღამეს ფეხბურთი იყო. ბიჭებმა დიდი ტელევიზორი ჩართეს, გარშემო ბევრი ლუდი დაილია, ბევრი ჩიფსი შეიჭამა და ყაყანი იყო. მაგრამ მე რაღაცნაირი, გამორთული ვიჯექი.

3.

მერე რაღაც დღეები საერთოდ მეძინა. ძალით რო არ იღვიძებ. რო არ იფიქრო. თითქოს ესე სპეციალურად თიშავ საკუთარ თავს. გინდა რო არ იყო. გინდა რო დრო მოკლა. ვინც იცით, ზუსტად იცით, რასაც ვამბობ, ვინც არ იცით, მაინც ვერ გაიგებთ. მოკლედ ზუსტად არ მახსოვს რამდენი დღე გავიდა ესე.

ერთხელაც ავდექი და გავედი, ასეთ დროს გარეთ რო გადიხარ, ყველაფერი უცნაურია, გადაჩვეული ხარ და უცხოა. ლიტ-კაფეში მივედი, დიდი ხნის უნახავი მეგობარი უნდა მენახა. შევედი და ადგილი არ იყო, ხოდა ვიდექი ესე, მეთქი აბა რა მოხდება. ოფიციანტმა გოგომ რამე ადგილს გამოგინახავთო… და გამონახა, მეგობარიც მოვიდა.

– შავი ჩაი და კაპუჩინო – შევუკვეთეთ ჩვენ და, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეწევი, სიგარეტი მოვწიეთ.

-ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, – ვუთხარი მე.

-ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, – მიპასუხა მეგობარმა.

ასე გავიდა 2 საათი და დავიშალეთ.

4.

დილით ტელეფონს დავხედე და 2 missed call მქონდა, ერთი ჩემი ძმის შეყვარებულისგან და მეორე, ჩემი მეორე ძმის შეყვარებულისგან. ჰმმ, მეთქი სერიალს გადავიღებ „ჩემი ძმების შეყვარებულები“. გადავრეკე-გადმოვრეკე, ტრადიციული ამბები იყო, როცა ბიჭები გოგოებს აბრაზებენ, გოგოები უფროს ძმასთან ჩივიან ხოლმე. თუმცა უფრო დარდის გასაზიარებლად, თორე ისე შენიშვნებს აღარ ვიძლევი. ბიჭები დიდები არიან და თავიანთი საქმე იციან.

საღამოს კი ერთი ამბავი ატყდა, მახარეს, რო ფეისბუქზე ვიღაცას გვერდი შეუქმნია – „დავაბრუნოთ ნონო ანთაძე fb-ზე“, საგიჟეთი იყო, ზოგს ეგონა, რო მე თვითონ გავაკეთე, მე მეგონა, რო ამ ზოგმა გააკეთა და სინამდვილეში „ხუი ეგო ზნაეტ“ ვინ იყო. 60 like-ზე მეტი კი ქონდა. გამეცინა, მეთქი ბარემ აქცია მოაწყონ-თქო და ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია. მითუმეტეს რო უკვე ისე მქონდა გაუქმებული, აღარც აღდგებოდა.

გარეთ ციოდა და ვფიქრობდი, ნეტა ეხლა იმასაც თუ სცივა-თქო. მერე ცოტა დავლიე და გვიან გალერიში შევიხედე, მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი და თავი გავაქნიე-გამოვაქნიე, ცეკვის ტრაკი არ მქონდა. ძალიან ბევრი გეი იყო და უფრო მეტი უშნო გოგო, მაგრამ მაინც აქ ჯობდა, იმიტომ, რომ უცხოები იყვნენ, მტკვარზე რო მივსულიყავი, 200 კაცი მკითხავდა, ხო კარგად ხარ/სად დაიკარგე/ფეისბუქზე რატო აღარ ხარ და ამ ყველაფრის თავი არ მქონდა. მოკლედ ესე ვიჯექი და ყველასთვის რო თვალი ამეცილებინა, სადღაც ერთ წერტილში ვიყურებოდი. მერე წარმოვიდგინე, ნეტა ის როგორ იცეკვებდა-მეთქი, ეგრევე ყლე ხასიათზე დავდექი და სახლში წამოვედი.

5.

სახლში ჩემები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რა მინდოდა. 15 წლის წინ წავედი სახლიდან და უცებ ამ ასაკში, ჩემოდნით ხელში გამოვცხადდი, დავბრუნდი-თქო. ბინა კი, რომელშიც მარტო ვცხოვრობდი, ნამდვილი მანიაკის ბინას გავდა, ჰოლივუდის ფილმიდან. ბევრი მტვერი იდო. ელექტროენერგია, ინტერნეტი, ტელევიზია, ტელეფონი გადაუხდელობის გამო გათიშული  და კედლებზე მისი წერილები გაკრული. მოკლედ იქ შესვლა მიჭირდა და ამიტომაც  ჩემებთან გადასვლა გადავწყვიტე,  ოღონდ გავაფრთხილე, რო კონტაქტში მინიმალურად შემოსულიყვნენ  და ამ თხოვნას მისრულებდნენ კიდევაც.

მაგალითად, ერთ დილას დედაჩემი გამოვიდა – ქრისტე აღსდგაო – და მე ესე უხმოდ, NBA-ს სტილში ხელი ხელში ჩავარტყი. ხანდახან ჩემი ათეიზმის და შავი იუმორის ნაზავის ვუდი ალენს და კურტ ვონეგუტსაც კი შეშურდებოდათ, ისეთი გემოვნებიანი ხუმრობები გამოდის ხოლმე.

6.

მეორე დღეს რო გავიღვიძე, კეტები ვიყიდე. წვიმდა, ამიტომ იქვე არ ჩავიცვი, ზურგჩანთაში ჩავდე და წავედი ყავის დასალევად, გოგოსთან ერთად, რომელთანაც ძალიან სასიამოვნო იყო ყავის სმა იმის გამო, რომ ამ ეტაპზე  მისგან არაფერი არ მინდოდა ყავის დალევის მეტი.

საღამოს კი ისევ ისეთი რამე გავაკეთე, რაც არ მიყვარდა – აჭარაბეთზე შევედი, თამაშები ამოვარჩიე, გადავაბი და  ფული დავდე. თან ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი არააზარტული ვარ და რო ალბათ უკვე რამდენიმე წელია, რაც არ მითამაშია. რაღაც სიმღერა ვიპოვე და როგორც მჩვევია Repeat-ზე, ზედიზედ ალბათ ერთი 30-ჯერ მოვუსმინე,  ვიღაც შვედი მღეროდა, რომელიც აღმოჩნდა რო რამდენიმე წლის წინ, 31 წლის ასაკში მოკვდა. მერე რა რო 27-ის არ იყო, ცოტა მაინც მოვიწყინე. მარა ამასობაში თამაშებიც მორჩა, გაირკვა რო 400 ლარი მოვიგე და წავედი Hevean-ში.

ძალიან ცოტა ხალხი იყო და საკმაოდ კარგი მუსიკა. კედელზე მივეყუდე, თვალები დავხუჭე, კიტრის კოქტეილი მოვსვი და საოცრად დიდი სურვილი გამიჩნდა, რო სულ ეს წამი გაგრძელებულიყო.

[To be continued]

Advertisements

12 thoughts on “ცარიელი დღეები

  1. არ მეგონა ბოლომდე თუ ჩავყვებოდი ყველა ნაწილს, მაგრამ მართლაც სასიამოვნოდ და მარტივად იკითხება, მითუმეტეს როცა სამსახურში არაფრის კეთება გინდა პირდაპირ მისწრებაა ^^ good luck :3

    Like

  2. ვახ მოკლედ გავედი ბოლოში… თავში უფრო სწორედ.
    ჰოდა, ლინკებად მიაბი ბარემ სიმღერები, ადგილები, რომ დაგუგლვაში დრო არ დავხარჯოთ მკითხველებმა და გადავიდეთ ეგრევე სიმღერაზე, და იმ მელოდიის ფონზე და განწყობით განვაგრძოთ კითხვა 🙂
    მშვენიერია!

    Like

  3. მარტივად და ძალიან საინტერესოდ წერ. იფიქრე მწერლის კარიერაზე. უფრო სწორად, კი არ იფიქრო, წერე. 🙂 მშვენიერია!
    პ.ს. გაგრძელებას ველოდები

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s