ცარიელი დღეები (III ნაწილი)

Featured image

‘Cause you are my medicine

Damon Albarn

1.

პატარა კოღო იჯდა კედელზე, ვუყურე, ვუყურე და ისე დავიძინე, არ მოვკალი. რო გამეღვიძა, სულ დაკბენილი ვიყავი. სულხან-საბა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რო ისედაც ასე ხდება, ყოველთვის…..

სანამ დაუნდობლად დაკბენილ მკლავებს ვუყურებდი, მეგობარმა დამირეკა, მომენატრე, წამო დღეს სადმე დავჯდეთო. თან დააყოლა, იმ პონტში გეუბნები, შენი მოთხრობის შემდეგ ნაწილში რო მოვხვდეო და თვითონ მაგრად გაიცინა… ბოლო დღეებში, უკვე მეოთხე იყო ვინც ასე ხუმრობდა.

Bauhaus-ში წავედით და სახლში საშინლად მთვრალი დავბრუნდი, ერთადერთი რაც მახსოვდა, ვიღაც გოგომ ზედმეტად ახლოს ჩამიარა და ვიფიქრე, ზაფხულში face control-ის გარდა, კარგი იქნებოდა smell control-იც იყოს-თქო. ეხლა სურვილი გამიჩნდა ამ წინადადების ბოლოს სმაილები მიმეხატა, როგორც ჩანს fb-ს ჩვევები ჯერ კიდევ მყარად არიან ჩემში.

2.

უცხო ნომერი რეკავდა, ავიღე – გამარჯობათ, მიმი ვარ, „წარმატების საათიდან“. მინდა ჩემს შოუში მოხვიდეთ და “ცარიელი დღეების” შესახებ ვისაუბროთ. – ცოტა ხანში უკვე სტუდიაში, გადაცემის ჩაწერაზე ვიჯექი და მიმი ცდილობდა პირველ შეკითხვა დაესვა.

– თქვენი მოთხრობა, თუ ნოველა, თუ ნაწერი, დღიური, არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო…

– როგორც გნებავთ, – იმდენად ტელე-ეთერისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით ჩავურთე, კინაღამ გამეცინა.

– კარგი, მოკლედ თქვენი ნაწარმოები, სერიალივით კვირაში ერთხელ გამოდის?..

–  დიახ, სერიალის პრინციპით, სანამ რეიტინგი ექნება, მანამდე გამოვაქვეყნებ ხოლმე.

– გასაგებია, ანუ მკითხველი გაძლევთ სტიმულს და ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ცარიელი დღეების“ ეკრანიზაციასთან დაკავშირებით დევიდ ფინჩერი დაგიკავშირდათ? – მკითხა საზეიმო ტონით და – კლაპ-კლაპ-კლაპ – ჩაწერაზე დამსწრე სტუმრებმა ტაში დაუკრეს.

მდაა… მეთქი, wtf is going on?! და კიდე კაი გამეღვიძა. – კლაპ-კლაპ-კლაპ – შემოდიოდა გარედან ხმა, მეზობელი ტანსაცმელს ბერტყავდა. მოკლედ რო ავდექი, რეალობა ბევრად კარგი აღმოჩნდა, ბებიაჩემმა ყავა და მარწვი დამახვედრა, მარწყვი არ მიყვარს, მაგრამ ვიზუალურ-ესთეტიურად, ძალიან საყვარელი სურათი იყო.

სანამ აბაზანიდან გამოვედი, ყავა ცოტა გაცივდა. სამაგიეროდ სამზარეულოში ჩემი ბიძაშვილი დამხვდა და სიზმარი მოვუყევი. რაზეც სიცილით მითხრა, ხო იცი ბუნუელი ამბობდა, მიყვარს ჩემი სიზმრები, მაშინაც კი, როცა კოშმარები მესიზმრებაო. ბუნუელისთვის, დალისთვის და იუნგისთვის ნამდვილად კარგი დასაკვირვებელი ობიექტი ვიქნებოდი-თქო ვთქვი, ბანანი გემრიელად ჩავკბიჩე და ტუჩზე მარწყვის წვენის წვეთი ენით მოვილოკე.  გამომხედა  – ფროიდისთვისაცო – მიპასუხა და ბევრი ვიცინეთ.

3.

ჩემი ძმის მანქანაში ბევრნი ვისხედით, მუსიკას ავუწიე და… You my lucky number – გაისმა დინამიკებიდან ჩემი მეგობრის ხმა. უკან მჯდომებზე ვიფიქრე, ეხლა რომელიმემ, მე როგორც ვაკეთებ, როცა სიმღერა მომწონს, ეს ტექსტი რო დაიმახსოვროს და მერე სახლში დასერჩონ, ამას ვერ იპოვნიან-თქო.

ცოტა ნასვამი ვიყავი, კიდე დასალევად მივდიოდით, მივხვდი რო აღარ მინდოდა და სადმე გამიჩერეთ, ფეხით მინდა გავისეირნო, გვიან თუ გინდათ შემეხმიანეთ-მეთქი და მანქანიდან გადმოვუხტი. კი გამომაყოლეს ცოტა გაკვირვებული მზერები და ერთი-ორი სიტყვაც მომაძახეს, მარა ბოლო პერიოდში ჩემს განდეგილობას შეგუებულები იყვნენ.

ვაკიდან ხილიანზე ფეხით გადავედი, სახლთან რო ჩავიარე, გავხედე და ვიფიქრე ცოტა ხნით შევალ-თქო. ცივი და ჩუმი დამხვდა, მკვდარი იყო. საძინებელში ლოგინზე ჩამოვჯექი, ჩემი გადაღებული ფოტოების და ნახატების ალბომები დავათვალიერე. დასკვნა კი ასეთი გამოვიტანე, მგონი ჩემი ფოტოები ისეთებია, როგორიც ვარ და ნახატები, როგორიც მინდა ვიყო. ნახატები უფრო მომწონდა.

4.

ამასობაში, ვიღაც იდუმალებით მოცულ პიროვნებას, თურმე არ დაეზარა, არც ფული დაენანა და facebook-ზე ჩემი ბლოგის რეკლამა გაუშვა. სადღაც ზემოთ, თუ არ ვიცი, შეიძლება ქვემოთ, ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე. რბილად რომ ვთქვა, უცნაური იყო ეს ყველაფერი.

საღამოს ბერლინიდან ნაცნობმა მომწერა, ვკითხულობ და ძალიან მომწონსო. WordPress-ის რუქას გავხედე და ეგრევე, იქვე გერმანიის დროშა გაჩნდა. მოკლედ სახალისო გასართობი იყო. პასუხად მივწერე სიმღერის სახელი, რომელსაც წერის დროს ვუსმენდი და მკაცრი ინსტრუქციაც მივაყოლე, კითხვისას მოუსმინე, თანაც მეტი სიმძაფრისთვის ყურსასმენებით-თქო.

იმ ღამეს, ჩემი ძმა სახლში კარგი ამბით მოვიდა: მისი მოთხრობა, უკვე მეხუთედ, წლის „15 საუკეთესო მოთხრობაში“ მოხვდა. მეორე დღეს მამაჩემმა წიგნი იყიდა და ხელი მომიწერეო, თხოვა.

– ვერ მოგიწერ, – გამოსძახა თავის ოთახიდან.

– რატო?

– წერა არ ვიცი, – აჰა, მოდი და ნუ მოგინდება სმაილების ხატვა.

5.

ფანჯარაში გავიხედე, კარგი ამინდი ჩანდა. Flea market-ზე წავედი, ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდა და სპონტანურად, უცნაური დიალოგი გაიმართა.

– ვაა!.. – ხელები გაშალა.

– ვაააა… – არ ჩამოვრჩი მეც.

ერთი-ორი ტრადიციული ფრაზის მერე, უტრადიციულესი ხაზით გააგრძელა.

– ოჯახი?

– ნწ, არა.

– 37 წლის ხარ და შვილი არ გყავს ტო? – რაღაც ლოგიკური აქსიომის მსხვერპლი ჩანდა.

– ხო, არა, – მხრები ავიჩეჩე და უშედეგოდ შევეცადე, თავი დამნაშავედ მეგრძნო.

– რატო მერე?

უკვე ცოტა შევწუხდი და იმის გაფიქრება მოვასწარი, უსაქმური კრეტინია-თქო.

– იმიტო რო მინდა ვყლევდებოდე  ჩემი შვილის დედაზე, – გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა, რომელსაც სავარაუდოდ ვერ გაიგებდა.

დაბნეულმა გაიღიმა. პასუხმა გაჭრა, დაერორებული ჩანდა. მაგრამ მაინც არ დანებდა.

– მერე ვერ იპოვე ეგეთი?

– მე კი ვიპოვე, ეტყობა თვითონ ვერ მიპოვა, – იუმორით ვიფიქრე თავის შველა.

– მაგრა ართულებ რა, ყოველთვის გიყვარდა ეს ბევრი ფიქრი.

ამ დროს sms მივიღე.

– შეიძლება. აბა მიდი, მაგრად! – გავუღიმე ხელოვნურად, ტელეფონს ჩავხედე და სწრაფად გავეცალე. – გილოცავთ ჯინსის დაბადების დღეს – ასე იწყებოდა მესიჯი. – სულ გამოყლევდა ეს ხალხი – ჩავილაპარაკე ჩემთვის და sms წაუკითხავად წავშალე.

ღამე რო დავწექი, თავში ეს დიალოგი ამომიტივტივდა. ჩაძინების წინ ბოლო, რაც მახსოვს, ვიფიქრე – ადვილი იყო ასე ცხოვრება, როცა დასაკარგი არაფერი მქონდა. ადვილი და უინტერესო.

6.

2022 წელი, 9 აგვისტო. (ჟანრი: ფანტასტიკა)

ვგრძნობდი რო ძალიან დიდი ხანი გავიდა. ძალიან ბევრი რამ მოხდა. არც მინდოდა მცოდნოდა რა. უცებ გაჩნდა და მკითხა.

– შევრიგდეთ?

იმ წამს მოვკვდი. იცოდა რო მოვკვდებოდი. წარმოუდგენელი განცდა იყო. არ ვიცი რანაირად ვუპასუხე.

– არასოდეს შეგახსენებ ამას, მაგრამ სადღაც შიგნით უნდა გრძნობდე, როგორ მატკინე.

თვალები დახარა. ზუსტად ისე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდა. თავი დამიქნია. ისევ ისეთი ლამაზი იყო. ისევ ისე მომწონდა. შემომხედა და ღიმილით მითხრა.

– ჭაღარები მოგიხდა.

– ეხლა უკვე მართლა დავბერდი, – ვთქვი მე. მიხაროდა.

– ჰო, მარა ისევ არ გავხარ იმხელას, რამხელაც ხარ.

– როგორ გაზრდილხარ, – ვეცადე ბედნიერი, სველი თვალები მომერიდებინა და ვინანე, იმიტომ რო მეტი შეხედვა ვეღარ მოვასწარი.

გამეღვიძა. მთლიანად სველი ვიყავი.

მარტო თვალები მქონდა მშრალი.

[To be continued]

Advertisements

6 thoughts on “ცარიელი დღეები (III ნაწილი)

  1. ამიჩუყდა გული 🙂 ^_^
    P.S. რაღაც არ მგონია 44 წლის ასაკში ჭაღარა გქონდეს 😛

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s