ცარიელი დღეები (IV ნაწილი)

Featured image

When Did Your Heart Go Missing?

– Rooney

1.

მესამე ნაწილი ავტვირთე და დომინოს პრინციპით დაიწყო – ძალიან კარგია* – მოვიდა sms. – ნუ მატირებ! – მივიღე მეორე. – წავიკითხე, არ უნდა გეთქვა რო დადე?:) – მომწერა კიდევ ერთმა. – მიყვარხარ<3 – იქვე, ბლოგის ქვემოთ გაჩნდა ვიღაცის კომენტარი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა – ბიჭო, მისმინე, შენი მოთხრობა გავუგზავნე ნაცნობს, ნახავს, სცენარისტი ჭირდებათ და შეიძლება აგიყვანონ – სწრაფად მომაყარა მეგობარმა. – მეთქი მადლობა. – გამიხარდა ჩემზეც რო წერია, უკვე გაგრძელებას ველოდები^^ – მოვიდა მორიგი მესიჯი.

– თამთა ცხვიტავამ დაალაიქა, – შემოვიდა ოთახში ჩემი ძმა, ლეპტოპით ხელში.

– ვინ არის თამთა ცხვიტავა?

– მომღერალი როა, არ იცი? – და ფოტო მაჩვენა.

ვიცოდი. გამიკვირდა. იმიტო რო ქართველი მომღერლები საერთოდ არ ვიცი. მაგრამ ეს თან კარგად მღეროდა და თან მისი სიმღერის ფონზე, მოროშკინამ „არტილერიაში“ ჩაარტყა ვიღაცას ჩანგალი. სანამ ფოტოს ვუყურებდი, ჩემმა ძმამ სიმღერაც ჩართო და „წარმატების საათის“ პროდიუსერმა, მიმის უფროსმა ბექამაც დაალაიქა. ამ დროს WordPress-ზე შეტყობინება მოვიდა – Your stats is booming! Blog is getting lots of traffic. ვირუსული გასართობი იყო. ვაღიარებ, ძალიან ვხალისობდი.

2.

დილიდან ნერვები მომეშალა, ჯერ კიდე მარტის ხელფასი უნდა ამეღო და არ მაღირსეს. ლიტ-კაფეში გავედი და სანამ მეგობარს ველოდებოდი, წერა გავაგრძელე. მალე მოვიდა.

– ჩანთა გაქვს დასვრილი, – შემოვიდა თუ არა, მითხრა თავის დაკვირვებული თვალით.

– ვიცი, სტენსილს რო ვაკეთებდი, მაშინ დამესვარა, – ხელი გადავუსვი საღებავიან ადგილს და 2 ჩაი შევუკვეთე.

– აქაც წერ ხო, დაგირეკა ფინჩერმა? – მკითხა სიცილით.

– ხო, ეხლა იცოდე ამასაც ჩავწერ და მერე ფინჩერი შენც გადაგიღებს. – გამეღიმა მეც.

– ფინჩერი არ ვიცი, მარა ლიფონავა მგონი უკვე მართლა დაგირეკავს. – მითხრა და კიდევ უფრო გაეცინა.

ჩაის ბოლო ყლუპი რო დავლიე, ჩემმა ძმამ დარეკა, რაღაც ფართიზე ვარ, მოდიო, სად მოვიდე, რა მისამართზე-თქო ვკითხე და… დედამოტყნულის 1-შიო!

მივედით. მახსოვს ბევრი დავლიე და მეგობარს მივაშტერდი.

– რა იყო? – მიხვდა, რაღაცის თქმა მინდოდა.

– რა და როცა ვინმე რამეს ძალიან გვაწყენინებს, იმ ადამიანზე ადვილია თქმა, რო ბოროტია და ცუდად მოიქცა.

– უჰუ, – თვალები დახუჭა თანხმობის ნიშნად.

– როგორც წესი, ამ შეფასებით მთავრდება ყველაფერი და არავის არ უნდა ზედმეტი ენერგიის და დროის ხარჯვა  იმის გასარკვევად, თუ რამ ჩაადენინა ასეთი საქციელი. მითუმეტეს რო ამ მიზეზის ძიებამ, შეიძლება არც გამოიღოს არანაირი შედეგი.

– მერე? – მკითხა ცოტა დაღლილად, პატარა პაუზის შემდეგ.

– ხოდა, მე მინდა გარკვევა, –  ვთქვი და ოთახი მოვათვალიერე, ბევრი ხალხი და ნეონის განათება იყო. ყველას ტანსაცმელი თეთრად ანათებდა, მარტო მე მეცვა მუქ ფერებში. რის გამოც, ჩემს მაისურზე, პატარა ზომის თეთრი წარწერა  „IN OFF”, განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა.

3.

მეორე დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა. საერთოდ არ მერომანტიულება წვიმა, ამსტერდამში შემძულდა. მოკლედ, მთელი დღე სახლში ვიჯექი. არა, ვიწექი. ვიფიქრე, რამე ამინდის შესაფერისი უნდა გამეკეთებინა და დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, ამერიკელი ფსიქოლოგის სოლომონ აშის ექსპერიმენტზე. ოთახში 8 ადამიანი შეყავდათ, თეთრ ბურთს აჩვენებდნენ და ეკითხებოდნენ, რა ფერის არისო? 8-დან 7 გაფრთხილებული იყო, რო ეთქვათ შავი ბურთიაო. ბოლო ადამიანი, სოციალური კონფორმიზმის მსხვერპლი ხდებოდა და ქათქათა თეთრ ბურთზე, ისიც ამბობდა შავიაო. ამის შემხედვარემ, ვინერვიულე და ზოგადად ადამიანი ისე შემეცოდა, კინაღამ ვიტირე. ჰუჰ, ბოლო დროს, რაღაც, ძალიან სენსიტიური გავხდი.

ცოტა ხანში ნაცნობმა მომწერა – სად ხარ, რას შვები? – სახლში, ვწერ – ვუპასუხე სხარტად. – აუუუ, მაგიდასთან ზიხარ და წერ, სადაც ბევრი ფურცლები და ბიჩოკებით სავსე საფერფლე დევს, მეც მინდა მანდ ვიყო – დახატა კლასიკური მწერლის, რომანტიული სურათი. – სიგარეტს არ ვეწევი, ლეპტოპში ვწერ, ტახტზე ვზივარ და ამიტომ მაგიდაზე მარტო ფეხები მიდევს – მივწერე სიმართლე. – მე ვენაში ვარ. ხვალ ბავშვებთან ფრანკფურტში, ზეგ ნიუ-იორკში. ამაზე არ დაწერო, თორე დაგაჭრი ყურებს! – nice try ვიფიქრე ჩემთვის, აკრძალული ხილის პრინციპით მომიდგა და მიზანსაც მიაღწია.

სამზარეულოდან ბიჭების სიცილის ხმა გამოდიოდა. ცოტა ხანში გამომძახეს, გამო კანაფის ლუდი დავლიოთო, გავედი და ჩემმა ძმამ მომიყვა, ვიღაცას მიუწერია – „ცარიელ დღეებს“ ვკითხულობ, კარგია, მაგრამ მოწყენილი ხომ არ ხარო? – ჩემ ძმას უთქვამს – არა, ეგ მე არ ვარ, ჩემი ძმა არისო – და იმან – აა, შენ ძმაზე წერო?..

4.

უიკენდზე როგორც ყოველთვის Drunken Bassment-ის ეზოში მივედი, დაბადების დღე იყო. უკვე კაი მთვრალები დამხვდნენ და უცნაურ სიჩუმეში ისხდნენ, მუსიკა ქონდათ გამორთული, აღმოჩნდა მეზობელს გაუპათოლოგებია. მეგობარს მივუჯექი, თან ვლაპარაკობდით და თან მისი ტელეფონიდან ცალ-ცალი ყურსასმენით მუსიკას ვუსმენდით. ერთი საათი ასე ეგოისტურად ვერთობოდით და მერე მითხრა, უნდა წავიდეო, მეთქი okay, კარამდე გაგაცილებ-თქო, ავდექით და კიბესთან მივედით. ამდენ ახლობლებში ერთი უცხო ტიპი იყო, უცებ მაინცდამაინც ის ადგა და – მოდი აქო – დაუძახა. – მეგობარმა – მეჩქარებაო. – იმან კიდე – ეე, გოგო, რო გეუბნები მოდი აქო! – მოკლედ, კიბეზე ასვლისას მაინც დავაზუსტე – ის შენი ნაცნობია, რო დაგიძახა-თქო? – არა, დღეს პირველად ვნახეო. – ჰოდა, გავაცილე, ჩავბრუნდი, აუღელვებლად მივადექი და კულტურული ტონით ვუთხარი – მე მგონი, გოგოს, „ოე, მოდი აქ“, ესე რო უყვირი, არაეთიკური და უზრდელური საქციელია-თქო. – ჭკუას მასწავლიო? – გადმოყარა თვალები. – რა პრობლემაა-თქო? – გავაგრძელე წყნარად. – მე მეკითხები რა პრობლემააო? – მეთქი ხო, რა პრობლემაა, რო გკითხო რა პრობლემაა-თქო? – გავურთულე შეკითხვა. ამაზე წამოხტა და – მე, ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ მეტყვის, სად, რა და როგორ უნდა ვთქვაო! – მეთქი თუ საჭირო იქნება, ყველგან და ყოველთვის გეტყვი-თქო – აქ უკვე ყველანი წამოიშალნენ. მოკიდეს ხელი, გაიყვანეს ქუჩაში და გაუშვეს სახლში. დაძაბულობის მოსახსნელად, ხმამაღლა ვთქვი, ახალი ბლოგისთვის მასალა მჭირდებოდა და ეს სკანდალი სპეციალურად მოვაწყე-თქო, ყველას გაეცინა. ოთახში შევედი, ტელევიზორთან ჩავიარე, ვიღაცეებს ჩცდ-ს ახალი სერია ქონდათ ჩართული – ქალს ჩემი თანდასწრებით ესე ნუ ეხები – მშვიდად და მკაცრად თქვა „გმირმა კოტემ“.

5.

ფსიქოლოგთან კაბინეტში ვიჯექი, ოთახს ვათვალიერებდი. მაგიდის თავზე, პოსტერზე ეწერა – „უყვარდე ყველაზე მეტად, ნამდვილი სიყვარულით. უმაღლესი სიამოვნებაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დედამიწაზე განიცადო“ – სიორენ კირკეგორი.

– ხანდახან რაღაცეები მახსენდება მწარედ. – ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე. თავსხმა წვიმა იყო.

– მაგალითად რა გახსენდებათ?

– „მე ეს ურთიერთობა ამოვწურე“ – საყვარელი ადამიანისგან ამის გაგონება საკმაოდ მტკივნეული იყო. მითუმეტეს, როდესაც ის ჩემთვის ძალიან საინტერესო, ღრმა და ამოუწურავია.

– კონკრეტულად რა შეგრძნება გქონდათ იმ სიტყვების გაგონებისას?

– თვალებში დამიბნელდა. მაგრამ, მგონი არაფერი შემტყობია, თითქოს სახე გამიშეშდა. მარტო ხელები ამიკანკალდა და მაგიდის ქვემოთ დავმალე. შიგნით კი ყველაფერი ჩამწყდა. თან ეს ამდენი ემოცია ერთ წამში განვიცადე და პლუს მახსოვს, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი.

– თავმოყვარეობაზე შეგეხოთ?

– კი, იმიტომ რო არ მეგონა, თუ ასე მალე შეიძლებოდა ჩემი ამოწურვა.

– გინდოდათ გაგღვიძებოდათ?

– დიახ, ალბათ.

– ჰოდა გაიღვიძეთ… გა-იღ-ვი-ძეთ!

თვალები გავახილე. ფსიქოლოგთან სავარძელში ვიჯექი.

– ბოდიში, – ვთქვი და წამოვიწიე.

– მე რას მებოდიშებით, უბრალოდ სეანსის დრო გავიდა, 1 საათია გძინავთ, ძილში რაღაცას ბურტყუნებდით, მაგრამ ვერაფერი გავიგე. შემდეგში გამოძინებული მობრძანდით. – მითხრა სწრაფად და გამომისტუმრა.

გამოვედი, გარეთ მშვენიერი მზიანი ამინდი დამხვდა.

6.

Britain’s Got Talent-ის ფინალს ვუყურე, ძაღლმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა იხუმრა, ყველაზე ნიჭიერი მაინც მე გამოვდივარ, ადამიანებშიო. ამ დროს მეგობრებმა დამირეკეს Lisi Wood-ზე ამოდიო. ხო იცით, არსად არ დავდივარ, ვუპასუხე მე და შარშანდელი Lisi Wood-ი გამახსენდა.

ერთად ვიყავით, ხელის გულზე ორად გაყოფილი Extasy მედო, ერთმანეთს ვუყურებდით, არასდროს მინახავს ასეთი მეტყველი თვალები. გადავყლაპეთ. მერე მახსოვს ცეკვავდა, ზურგს უკან ვიდექი საშინლად ბედნიერი. ჩემს გვერდით მისი დაქალი შევნიშნე, რომლისკენაც გადავიხარე და ყურში ჩავყვირე.

– რაღაცას გეტყვი და მინდა რო კარგად დაიმახსოვრო. – ვგრძნობდი, მეხსნებოდა.

– გისმენ. – იყვირა იმანაც.

– ხო შენი უახლოესი მეგობარია და იცოდე რო ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და მინდა სულ ასე იყოს. ოღონდ იმიტო არ გეუბნები რო უთხრა. უბრალოდ, შენ იცოდე, როგორც მისმა საუკეთესო მეგობარმა, თორე თვითონ ისედაც იცის, რო ვგიჟდები მაგაზე. – ერთ ამოსუნთქვაზე და გაბრწყინებულმა ვთქვი მე.

– კარგი, არ ვეტყვი და დავიმახსოვრებ, – დააქნია თავი გაღიმებულმა.

ეხლაც, ალბათ, ერთად იყვნენ Lisi Wood-ზე.

ნეტა, თუ ახსოვდა რაც ვუთხარი.

[To be continued]

8 thoughts on “ცარიელი დღეები (IV ნაწილი)

  1. wina kviris chanawerebidan raghac patara monakveti davde FBze, (romelic yvelaze dzalian momewona) ghamis pirveli saati iyo da mere davweqi davidizne. dilas 35 like damxvda da gulis asachuyebeli 8 komentari. 😀
    me mgoni xalxs vighac cnobili mwerali gonixar 🙂

    Like

  2. [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s013.radikal.ru/i323/1506/af/3ad47a17a8e4.jpg[/IMG][/URL]

    მთელი ოჯახი ვკითხულობთ ))))

    Like

Leave a comment