ცარიელი დღეები (VII ნაწილი)

Featured image

There’s intense gravity in you, I’m just your satellite

– Spoon

1.

შარშან ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე იყო, როდესაც მასთან ერთად ზოოპარკში წავედი. დირექტორთან მივედით და პატარა ვეფხვებთან შესვლა ვთხოვეთ, ძალიან კეთილშობილი კაცი ჩანდა, სწრაფად დაგვთანხმდა და ბოკვერებთან შეგვიყვანა, რომლებიც მოგვახტნენ, გვეთამაშებოდნენ. ნამდვილი, პატარა, ულამაზესი ვეფხვები ხელში გვეჭირა, ვკოცნიდით, ფოტოებს ვუღებდით და ცოტას ვაწუხებდით. უბედნიერესები წამოვედით და მთელი კვირა დადებითი ემოციის და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. ეხლა ის ვეფხვები, როგორც ჩანს, ცოცხლები აღარ იყვნენ, ერთმა ადამიანიც კი შეჭამა და საერთოდ ზოოპარკი აღარ არსებობდა. სამაგიეროდ არსებობდნენ გოგოები და ბიჭები, რომლებსაც უყვარდათ თავიანთი ქალაქი, ცხოველები, ადამიანები, ერთმანეთი და რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო, ქონდათ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

საღამოს ერთ-ერთმა მათგანმა მომწერა – ამ წამს მოვედი მზიურიდან სახლში, ვზივარ მურიანი და შენს ბლოგს ვკითხულობ.

მერე დედაჩემის მეგობარმა დამირეკა.

– ბიჭო, სერგი გვარჯალაძესგან უნდა ვგებულობდე შენ ამბებს?

– ჰო, რავი, – ვითომ შემრცხვა მე.

– მე იმაზე ვკაიფობ, ფილმს როცა გადაიღებენ, მთავარი გმირის შემსრულებელი სულ ტანჯვაში რო იქნება.

ფილმი კი არა, ბლოგს რო ვწერ, წესიერად ჯერ ამასაც ვერ ვაცნობიერებდი. ძილის წინ კიდე 1 sms მივიღე – სოფელში ვარ, ინტერნეტი სახლში ცუდად იჭერს და ეხლა სერზე ავედი წასაკითხად.

2.

მეორე დღეს მეგობარმა მითხრა, ნორვეგიელი და ბელარუსი სტუმრები მყავს და Corner House-ში მოდი, საინტერესო ადამიანი მინდა გავაცნოო, არ ვიცი რამდენად საინტერესო ვიყავი, მაგრამ მაინც მივედი. ისე, წარმოდგენა არ მაქვს როგორი ვარ, მარტო ის ვიცი, სხვები როგორც მახასიათებენ, ვიღაცისთვის საინტერესო ვარ, ვიღაცისთვის შეიძლება მოსაწყენი. დავაგვიანე და რო მივედი ყველანი ცეკვავდნენ და მღეროდნენ. დავჯექი და დავლიე.

ღამე 3 საათზე გამოვედი და ფეხით გადავწყვიტე სახლში წასვლა, ჯერ კოსტავაზე ჩავიარე, მერე ზოოპარკთან. გზაში პატარა ძაღლი ამედევნა, ალბათ ასეთ დროს, არც ის გრძნობდა თავს დაცულად, მეც ისე გამიხარდა, თითქოს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ პირველ საფეხურზე ვიყავი. მერე გამახსენდა, ამასწინათ არაფხიზელ მდგომარეობაში იმას მივხვდი, თუ რატომ მიყვარს მუსიკასთან ერთად ვოკალი, როგორც ჩანს „შეხება“ მაკლია. ოღონდ იდეაში ვერ ვიტან შეხებას, მარტო ერთის შეხება მინდა ხოლმე…

მოკლედ, საშიში მონაკვეთი მშვიდად გამოვიარე და უცებ ეზოში დიდი ძაღლი მეცა. ასეთ შეხებას ნამდვილად არ ვგულისხმობდი, დიდი ქვით შევაშინე და სადარბაზოში შევედი.

3.

ფიზიკურად ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ. სულიერად კი, მაგრამ ეხლა უკვე ესეც საეჭვო იყო. ტალახში ვიდექი. უნდა გამერკვია – პირდაპირ, თუ გადატანითი მნიშვნელობით? მეძინა თუ მეღვიძა? მესიზმრებოდა თუ არა? კი თუ არა? კი თუ არა? უკან ტალახიანი მეგობრები იდგნენ, „შენ ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ!“ მომდიოდა მათგან sms-ები. მე მაინც ჩვეული სიჯიუტით და სკეპტიციზმით ვუყურებდი ამ გამხნევებას, მეგონა ეს ფსიქოლოგიური თვითდაცვა იყო, უბრალოდ თავის მოტყუება. კარგად კონცენტრირებული ჩავძვერი ჩემს გონებაში, მუცელში, გულში.

მენატრებოდა. მენატრებოდა ბანანის წვენი. საშინელებათა ფილმების ყურებისას, შიშნარევი ინტერესით, ეკრანს მოუშორებელი ფართოდ გახელილი თვალები. Second hand-ში ნაყიდი, უხმარი, ლამაზი ფეხსაცმელები. ახალი ნაწერების წაკითხვა და მერე გადაშეარება. სამსახურიდან სახლში ერთამოსუნთქვაზე მისვლა და ის შეგრძნება, ჩემს საშინაო ტანსაცმელში გამოწყობილი რომ მხვდებოდა.

ეს იყო ჩემში არსებული რეალობა და მეძინა თუ მეღვიძა მნიშვნელობა აღარ ქონდა.

4.

საბუთებზე დავრბოდი, ლისაბონში და ბარსელონაში მინდოდა მეგობრებთან ერთად წასვლა. დილით ტურისტულში ვიყავი, მერე ბანკში, მერე საშემოსავლოში, მერე ფოტო გადავიღე, მერე ისევ ბანკში.

საღამოს იმ მეგობართან მივედი, ორიენტაციის შეცვლას რო ცდილობდა. აღმოჩნდა, ექსპერიმენტი წარუმატებლად დამთავრდა, თავის ბიჭს დაუბრუნდა და პრინციპში დიდად უხასიათოდ და იმედგაცრუებულადაც არ გამოიყურებოდა.

– შენ როგორ ხარ? – მკითხა თავის ამბების განხილვის შემდეგ.

და ვუთხარი:

რო ვყოფილვარ ცუდად, ძალიან ცუდადაც, მაგრამ ასე არა. რო მთელი ცხოვრება ველოდებოდი კონკრეტულ იდეალურ ურთიერთობას და როდესაც პრაქტიკაში ზუსტად ის მივიღე, რაც ყოველთვის ასე მინდოდა, ვიყავი უბედნიერესი. ხოლო ამის დაკარგვის შედეგად და მითუმეტეს ასეთი ფორმით, ბუნებრივია, კარგად ვერ ვიქნებოდი.

5.

უიკენდიც დადგა. საღამომდე სახლში ვიყავი, მეგობარმა დამირეკა – წამო Cavea-ში „Jurassic World”-ზეო. მეზარებოდა, ამიტომ ცოტა ვისკი ჩავურტყი და Drunken Bassment-ში გავედი, ყველანი არაყს სვამდნენ, მე 1 ბოთლი შამპანური დავლიე და წავედით მეგობრის ჯერ არ გახსნილ კაფეში, იქ უკვე არაყი და შამპანური შევურიე. მერე უცებ წამოვხტი, Heaven-ში დაბადების დღეზე მივდივარ-თქო, ხელში დიდი ერთჯერადი ჭიქა მეჭირა, ტაქსი გავაჩერე და ჩავხტი.

–  ნუ გეშინია არ გადაგისხამ, – ვუთხარი მძღოლს და ეგრევე გადამესხა.

მივედი გავიხედე-გამოვიხედე, ყველა ბიჭს წვერი ქონდა, აბა, თუ ტრაკი აქვთ, გაპარსულები გამოიყურებოდნენ სიმპატიურად-თქო გავიფიქრე და ჩემი საყვარელი კიტრის კოქტეილი მოვწრუპე. მალე უკან მეგობრის კაფეში დავბრუნდი. მერე ბანკომატთან კაი ხანი დამჭირდა იმის გასარკვევად, რო თურმე შიგნით ბანკის ბარათის მაგივრად Unicard-ის ბარათს ვტენიდი. მერე ჩემი მეგობარი დაკეტილ მაღაზიასთან იდგა და აკაკუნებდა, საიდანაც პოლიციელმა გამოიხედა – რა გინდაო? – და ამან – დამლაგებლად მინდა მუშაობის დაწყებაო – მიანიშნა იქვე გამოკრულ განცხადებაზე. ამხელა ხალხი დეგენერატებივით ვხითხითებდით. მერე მეგობართან სახლში ავედით, იქ უკვე ჭიქების რაოდენობა აღარ მახსოვს. ამ დროს ვიღაცამ მომწერა, გალერიში მოდიო, მარა წავედი Canudos-ში, მინდოდა ზუსტად გამერკვია, რა არ მომწონდა, მივედი და პრინციპში მალევე მივხვდი. შესული არ ვიყავი ვიღაც თეთრსაროჩკიანმა ტიპმა მკითხა.

– ძმაო რა უბნელი ხარ?

დდშვც-თქო ვიფიქრე და – რა მნიშვნელობა აქვს-თქო? – ვუთხარი.

– არა, ისე, ყველას ვეკითხებიო.

მივხვდი რო სოციოლოგიურ კვლევას ატარებდა. მოკლე პასუხი გავეცი და წავედი მტკვარზე. იქ აშკარად უკეთ დამხვდნენ, ვიღაც უცნობი გოგო მომაშტერდა და მკითხა.

– ნონო ანთაძე ხო?

ჯარმუშის Dead Man-ი გამახსენდა, ჯონი დეპს ეკითხებიან:

– You William Blake?

– Yes, I am. Do you know my poetry?

კიდე დავლიე და გამთენიისას რო გამოვდიოდით, მახსოვს ვიღაცამ რაღაც წაუზრდელება სცადა, დიდად ყურადღება არ მივაქციეთ და მანქანაში როცა ვჯდებოდი, დავინახე იმ ტიპს დაცვა როგორ მიათრევდა. თვალები დავხუჭე და გავითიშე. დამესიზმრა, დაცვა ჩემთან მოვიდა, მომაშტერდა და მკითხა.

– „უაზრო დღეები“ ხო?

მეორე დღეს თვალები რო გავახილე, პახმელიისგან თავი მძვრებოდა. მამაჩემმა რაღაც მომაწოდა. დავხედე და მოსაწვევზე ეწერა – 30 ივნისი. 19:00. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება მიხეილ ანთაძის წიგნის „სიცილია გვალვაში“ პრეზენტაცია. – ზემოთ აწეული ცერა თითი ვაჩვენე. ხმას ვერ ვიღებდი.

6.

მთელი დღე სახლში გავატარე. ცოტა ხნით მეგობარმა შემომიარა, მომიყვა, თუ როგორ მიწერა ჩატში დეიდაშვილმა რაღაც ფრაზა ჩემი ბლოგიდან და ამას როგორ გაუკვირდა – საერთოდ არ მეგონა თუ კითხულობდა, საშინლად დაკავებული ტიპიაო.

რო წავიდა, მთელი საღამო ვფიქრობდი, როგორც ასეთ დროს ხდება, ყველაფერზე და არაფერზე. ძალიან ცოტა თვისება მომწონს ჩემში, ერთ-ერთი ეს არის, დიდხანს შემიძლია ჩუმად ყოფნა. პირმოკუმული, ერთ წერტილში ვიყურებოდი.

როცა ამბობ „მიყვარს“, აუცილებლად გამოხტება ვინმე ჭკვიანი და გისვამს კითხვას – შენ, ან საერთოდ ვინმემ რა იცით, რა არის სიყვარული? – მე ვიცოდი. 5 წლის ვიყავი, ოთახში ისე შევედი, დიდმა ბებია მარგომ ვერ შემამჩნია, ბუხართან იჯდა და ჩურჩულებდა – ლადიკო, წამიყვანე შენთან, მალე წამიყვანე – ჩემი დიდი ბაბუა ლადო ახალი გარდაცვლილი იყო და ბებია მას თხოვდა, ისევ ერთად ყოფილიყვნენ. გავშეშდი. იმის მერე გაშეშებული ვარ და ვიცი რაც მინდა, როგორც მინდა.

ზუსტად ვიცოდი – მეც ასე მინდოდა.

[To be continued]

Advertisements

2 thoughts on “ცარიელი დღეები (VII ნაწილი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s