ცარიელი დღეები (XI ნაწილი)

Featured image

You know I’m here waiting for you

– Franz Ferdinand

1.

დილით შედარებით ადრე გავიღვიძეთ და პლაჟზე გავედით, სადაც არაჩვეულებრივი ამინდი და თბილი ზღვა დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რო შავი ზღვის სანაპიროსთან შედარებით აქ მზეს გაცილებით მეტი ხალხი იყო მიფიცხებული, მაინც უფრო მშვიდი და წყნარი სიტუაცია იყო, რომელსაც წელს ზემოთ შიშველი ქალებიც კი ვერ არღვევდნენ, თუ მარტო იყავი, ერთს გადახედავდი, სულ უყურადღებოდ რო არ დაგეტოვებინა და თუ გოგოსთან ერთად იყავი, ამაყად მიაშტერდებოდი ცას იმის ნიშნად, რომ თითქოს შენი გოგოს მკერდის გარდა, ამ ქვეყანაზე სხვისი არაფერი გაინტერესებდა.

საღამოს სახლში რო დავბრუნდით, გადავივლე, გამოვიცვალე და გარეთ გავისეირნე. ღამე 30 გრადუსი იყო. უკან რო ვბრუნდებოდი, გზაში ისეთი ხველა ამიტყდა, ცრემლები წამომივიდა, როცა მახველებდა, ვტიროდი, როცა ვამთქნარებდი, ვტიროდი, როცა ვიცინოდი ვტიროდი, როცა ვტიროდი – ვტიროდი.

დასაძინებლად რო დავწექი,  ნახატი გამახსენდა, ერთხელ დამხატა, უცნაური იყო, თითქოს არ მგავდა და ამდროს მე ვიყავი. ნუ, აი, ტუჩები ნამდვილად ჩემი ქონდა. ჰოდა, რაღაცანაირად კარგად ჩამეძინა, ტკბილად…

2.

მეორე დღეს კარვები შევიძინეთ, ბინა დავცალეთ, ავტობუსში ჩავსხედით და ფესტივალისკენ გავემგზავრეთ. პირველი დღის ბილეთები ვეღარ ვიყიდეთ. ასე რომ Florence გავმაზეთ. რო ჩავედით, ერთ-ერთი ჩვენგანის დაბადების დღე იყო, საერთოდ უკვე მეორე ჩვენგანის დაბადების დღე იყო, რაც აქ ვიყავით, ხოდა პატარა ეზოიან კაფეში წავედით და აღვნიშნეთ. ვკვდებოდი ისე მეძინებოდა, კემპინგის ტერიტორიაზე გვიან მივედით, კარავში რო დავწექი ეგრევე გავითიშე და დილით ადრე სიცხემ გამაღვიძა.

ყველას ზღვაზე უნდოდა გასვლა, მე დავიჩემე, ცივი შხაპი არ შემიძლია-თქო და  იმ მეგობრებთან წავედი, რომლებიც სასტუმროში იყვნენ. პატარა ქალაქში შევედი, ტელეფონი არ მქონდა, სასტუმროს სახელი ვიცოდი და ასე უნდა მეპოვნა. პირველივე სახლს, რომელიც დავინახე,  1901 ეწერა, ხოდა წარმოვიდგინე, ვითომ ის დრო იყო, გაზეთების გამყიდველს ვკითხე, ხო არ იცით საითკენ არის-თქო? მაღაზიიდან გამოვიდა, ხელებით და დამტვრეული ინგლისურით მიხსნიდა, როგორ უნდა წავსულიყავი. 1-2 ქუჩა გავიარე და მერე ოფიციანტსაც ვკითხე, იმან საბოლოოდ ამიხსნა და მივაგენი. იქვე პატარა კაფეში დავჯექი, გადავწყვიტე დავლოდებოდი, სანამ გაიღვიძებდნენ და იმ მეგობარს მივწერე, რომელმაც ცხვირი გაიტეხა:

– მაინტერსებს, რა იფიქრე, წამოსვლის ღამეს რო გნახე და კომპლიმენტი გითხარი?

– იმაზე არ მიფიქრია, სიმართლე მითხარი, თუ უბრალოდ კარგად აღზრდილი ხარ, მაგრამ კომპლიმენტი სასიამოვნო იყო. – მიპასუხა სწრაფად.

– იმდენად კარგად აღზრდილი ვარ, რო კომპლიმენტებს ტყუილად არავის ვეუბნები. – ვუპასუხე ასევე ჩვეული სისხარტით.

3.

როცა გაიღვიძეს, ცხელი წყლით მშვენივრად ვიბანავე და პლაჟზე წავედით, ოღონდ მე მზეში ყოფნა დამეზარა, სანაპიროს ახლოს, ჩრდილში გრძელ სკამზე წამოვწექი და 1 საათით დავიძინე. მზე რო ჩავიდა, ფესტივალის ტერიტორიისკენ დავიძარით, წინასწარი განწყობა ასეთი მქონდა რო Noel Gallagher-ს მოვუსმენდი დიდი სიამოვნებით და ნუ მერე Prodigy რაც იქნებოდა – იქნებოდა, მაგრამ შევცდი და თანაც ძალიან. კი, კარგი იყო როცა ჩემგან სულ რაღაც 20 მეტრში Gallagher-ი იდგა და მასთან ერთად ვმღეროდით So Sally can wait, she knows it’s too late….. ეს სიმღერა აქამდე მარტო ინგლისელი ფანების შესრულებით მქონდა მოსმენილი EURO 2012-ზე როცა ვიყავი. მაგრამ Prodigy-მ რაც ჩაატარა და რა ენერგეტიკაც გამოუშვა, მსგავსი არაფერი განმიცდია, თან მსმენელიც ძალიან მომზადებული იყო, ბრიტანელი ბიჭები ტანს ზემოთ შიშვლები იყვნენ და როგორ კი დაიწყო, უცებ ყველა ერთმანეთს ეჯახებოდა. მესმის, შეიძლება სულაც არ ჟღერს მიმზიდველად, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყავი, რო გეგრძნო, როგორი შთამბეჭდავი განცდა იყო. კიდე კაი, ვიდეო გადავიღეთ და რადგანაც მგონი ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოვლენების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, ასე მაინც გაგიზიარებთ. მერე მე, როგორც მჩვევია, რაღაც თეორია განვავითარე – გალაჰერი გრძნობს რო ლეგენდარული Oasis-ის დრო წარსულს ჩაბარდა და Prodigy ისევ იმ „დუხზეა“, როგორზეც თავიდანვე იყო. მოკლედ ეს საგიჟეთი რო დამთავრდა, მერე Brodinski უკრავდა და ღამე 5 საათზე წავედით დასაძინებლად, მივხვდით, რო რამდენიმე საათში მზე გაგვაღვიძებდა და კარავში ჩავიხუთებოდით, ამიტომ ნაწილმა, ვისაც ეს იდეა მოეწონა, პარალონები ავიღეთ, ბალახებში ისეთ ადგილას გავაფინეთ, სადაც ჩრდილი იქნებოდა და გრილად გამოვიძინეთ.

4.

დილით ისევ სასტუმროკენ გავწიე, თბილი წყლის გადავლებაზე ვერაფრით ვამბობდი უარს. ისევ ყველანი პლაჟზე იყვნენ, მე კიდე, სანამ აგრილდებოდა, მთელი დღე იქ გავატარე და მერე წავედი ფესტივალისკენ.

Kaiser Chiefs-ის გამოსვლისას ინგლისელებმა დამარწმუნეს, რო არაორდინალური ქცევით მარტო საფეხბურთო სტადიონებზე არ გამოირჩევიან – ერთი აჯდებოდა კისერზე მეორეს, მერე მეორეს მესამეს და ასე ცეკვავდნენ. ღამე კი Blur გამოდიოდა, ყველაზე მეტად Damon Albarn-ის ნახვა მიხაროდა, ისე, ალბათ, ჯობდა 20, ან 10 წლის წინ მაინც მენახა, მაგრამ ეხლაც ძალიან კარგი იყო Song 2 და Girls And Boys ცოცხალი შესრულებით. კონცერტი რო მორჩა, ჩემები დასაძინებლად წავიდნენ და მარტო დავრჩი დილამდე, ნუ მარტო რა, კიდე 50 ათასი ადამიანი იყო, მაგრამ არავისთან კონტაქტში შესვლის სურვილი არ მქონდა, ისედაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. როცა გათენდა, მუსიკა გამოირთო, ციდან მთები გამოიკვეთა, კარვებთან ავედი, პარალონი გავშალე და ისევ გარეთ დავწექი.

– „ცარიელი დღეები“ ინსტაგრამზეც გაიჩითა, – გამომძახა კარვიდან მეგობარმა, რომელსაც თურმე არ ეძინა.

– ჰა? – გავეპასუხე ნახევრად ჩაძინებულმა.

– ინსტაგრამს ვსქროლავდი და ვიღაცას 1 აბზაცისთვის ფოტო გადაუღია და დაუდია, – ამიხსნა დეტალურად.

– ვახჩემი! – მეტი შეფასების თავი არ მქონდა, დამეძინა.

5.

დილით ერთად წავედით და გემრიელი გასპაჩო მივირთვით. მერე მე ზღვაზე გავედი, უთბილესი წყალი იყო, მაგრამ, ჯერ ერთი, ცურვა მე არ ვიცი და თან მარტო ვიყავი და ამიტომ ნაპირზე დატოვებულ ზურგჩანთას თვალს ვერ ვწყვეტდი. მოკლედ მალე დავიძარი სასტუმროსკენ და იქიდან ფესტივალზე, სადაც ბოლო დღე იყო.

Franz Ferdinand-ით ძალიან ვისიამოვნე, ვინ იცის რამდენჯერ მქონდა Take Me Out მოსმენილი YouTube-ზე და ეხლა კი Alex Kapranos-ი ჩემ თვალწინ სცენაზე იდგა და მღეროდა. მერე გვიან Portishead-ი იყო, მაგრამ მაინცდამაინც არ ვგიჟდები და ამიტომ დიდი ყურადღება არ მივაქციე,  ჯიხურებისკენ გავისეირნე, ჩემი საყვარელი, ბელგიური, ცხელი ვაფლი ვიყიდე, შოკოლადის სოუსით, მაგიდასთან მოვკალათდი და ვფიქრობდი იმაზე, რო არ ვიმსახურებდი ამ ვაფლს, არ ვიმსახურებდი, ამ სიხარულს, რომელსაც აქ განვიცდიდი, არ ვიმსახურებდი ამ ბედნიერ წუთებს…

მაგიდის მეორე მხარეს 2 გოგო დაჯდა, ხელში ფალაფელები ეჭირათ.

– Ola! – მივესალმე როგორც წესი იყო.

– Ola, Buen Apetito! – მიპასუხეს ღიმილით და საუბარი განაგრძეს. უცებ დავაფიქსირე, რო ჰოლანდიურად ლაპარაკობდნენ.

– Eet Smakelijk! – ვუთხარი და რეაქციას დაველოდე.

ვაო! ეგ საიდანო? მეთქი ესე და ესე ცოტა ვიცი-თქო. გაუხარდათ. ამასობაში ვაფლიც შევჭამე, დავემშვიდობე და წამოვედი. თუ ეგონათ რო ტვინს გავუბურღავდი, იმედები გავუცრუე. მოგვიანებით ჩემებს შევხვდი და ფესტივალის ბოლო დღესთან თუ ღამესთან დაკავშირებით, ბევრი წყალი მოვიმარაგეთ, ვიცეკვეთ და ერთად გავათენეთ. პარალონზე როცა გავიშხლართე, მივხვდი Over Dose მქონდა, ყველაფრის – როკსტარების, ხარისხიანი live-ბის, ემოციების, სიახლეების.

6.

გავიღვიძეთ, კარვები ავკეცეთ. დიდ ქალაქში ვბრუნდებოდით. Burger King-ში ვისაუზმეთ, ავტობუსის გასვლამდე 20 წუთი რჩებოდა, ფეხით მივდიოდით სადგურისკენ. ჩემი მეგობრები ცოტათი წინ იყვნენ, იქვე კაფეში 3 ბიჭი იჯდა და უცებ ჩემები, რაღაც დაფეთებულებივით შემოტრიალდნენ, აქეთ-იქით იყურებოდნენ, კაფეში მჯდომმა ერთ-ერთმა კიდე ხელი უცნაურად გაიქნია, შევხედე და ჭიქა ეჭირა, ხოდა დავასკვენი რო ჩემებს წყალი შეასხა. თავზე დავადექი და ვუთხარი:

– Hey, what the fuck? – რა ამბავში ხართ-თქო?

– What the fuck? No english, espanol. – რა ამბავში ვარ? ინგლისური არ ვიცი, ესპანურად მითხარიო.

– ok espanol. Cabron! – კაი ესპანურად თუ გინდა-თქო და Asshole ვუწოდე მშობლიურ ენაზე.

გამოშტერდა, დიდი შანსი იყო ერთი ამბავი ამტყდარიყო, მაგრამ არაფერი არ მოხდა. ამასობაში ჩემებს წამოვეწიე და თურმე რა მომხდარა – იმ ბიჭს ხელში, სანამ ჭიქას აიღებდა, თურმე მტრედი ეჭირა, რომელიც მე ვერ შევამჩნიე და ხელი რო გაიქნია, ეს მტრედი გააქრო თუ რაღაც ფოკუსივით გააკეთა, რაზეც  ამათ ასეთი უცნაური რეაქცია ქონდათ და იმას ბოდიშიც მოუხდია, არ მინდოდა თქვენი შეშინებაო და მე ამ დროს გავჩნდი და ვიფიქრე რო ამან რაღაც იუზრდელა და სრულიად უმიზეზოდ დავახურე თავზე. უხერხული იყო, მაგრამ არც ბოდიშის მოსახდელად ღირდა უკან გაბრუნება. მოკლედ ამათ დავაბრალე ყველაფერი, ერთი ოდნავ მაინც გაგეღიმათ და მივხდებოდი, რო ცუდი არაფერი ხდებოდა-თქო. ვიცინეთ და მივხდი რო გადაღლილი ვიყავი.

როგორც იქნა ჩამოვედით, ბინა ვიქირავეთ, არაფრის თავი არ მქონდა, გავითიშე. დილით რო გამეღვიძა, სახლში არავინ იყო. მაღაზიაში ჩავედი, მაკარონი, კეტჩუპი, ზეთი და მარილი ვიყიდე. ამოვედი მოვხარშე და ვჭამე. მეცინებოდა, თავი ხილიანზე მეგონა…

[To be continued]

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s