ცარიელი დღეები (XII ნაწილი)

Featured image

She’s The One

– Robbie Williams

1.

ქუჩაში მივსეირნობდი, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი ტურისტი. სეირნობაც კი ჭირდა. ისევ იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რა მოხდა? როგორ მოხდა? რატო მოხდა? როგორ დავიწყე ბლოგის წერა… როგორ წამოვედი სამოგზაუროდ… ეს ყველაფერი აქაც მაწუხებდა. სახლში რო მივედი, ყველანი დამხვდნენ, ლეპტოპს ჩავუჯექი.

– რას აკეთებ? – მკითხა ერთ-ერთმა.

– ვწერ.

– აუ, რა მაგარი იყო, ბოლო ღამეს ფესტივალზე რაც ქენი?

– რა?

– რო დაამტკიცე როგორი ერთგული ხარ შენი ბლოგის მიმართ.

იმას გულისხმობდა რო ლეპტოპს სასტუმროში ვტოვებდი ხოლმე და ბოლო ღამეს კარავში მომიწია დატოვება, ხოდა სანამ Franz Ferdinand-ზე წავიდოდი, ბლოგის მეთერტმეტე ნაწილი ფლეშკაზე გადავიტანე და თან წავიღე, ანუ ლაპტოპს თუ მოიპარავდნენ, მთავარი იყო ბლოგი გადარჩენილიყო.

– რას ვაპირებთ დღეს? – შევცვალე თემა.

– დიდ კლუბში მივდივართ.

წავედით დიდ კლუბში, მარა დიდად ვერ გავერთეთ, კლუბის სახურავზე უფრო კარგი სიტუაცია იყო, სადაც სიგარეტის მოსაწევად იკრიბებოდა ხალხი, ვიდრე დარბაზში, სადაც ორი  გოგო DJ უკრავდა. სამაგიეროდ გვიან იქიდან რო გამოვედით, ქუჩებში ბევრი ვიბოდიალეთ.

2.

დილით თვალი რო გავახილე, გამახსენდა, ფესტივალზე ერთხელ იმ ადგილას ვცეკვავდი, სადაც შეხვედრის ადგილი გვქონდა დათქმული, იქ რაღაც დროის განმავლობაში ვიკრიბებოდით ხოლმე, თუ რომელიმე ჩვენგანი დიდხანს არ გამოჩნდებოდა. ხოდა უცებ ერთი გოგო მომიახლოვდა ცეკვა-ცეკვით, ხელი აწია, მეც მეგობრულად მივარტყი ხელი ხელზე და ასე ცეკვით წავიდა. ხოდა ძალიან სასიამოვნო დეტალია, როდესაც აბსოლუტურად უცხო ადამიანი გიზიარებს ბედნიერებას, როცა ზუსტად იცი, რო მას შენგან არაფერი არ უნდა და იმანაც იცის, რო არც შენ გინდა მისგან რამე. ზუსტად ეს არის ის, რაც ძალიან გვაკლია. ჩვენთან ასეთ შემთხვევაში ბიჭების 99% გაყვებოდა ამ გოგოს, სახელს კითხავდა, სასმელზე დაპატიჟებდა, ტვინს მოუტყნავდა. ამ დროს კი ამ მომენტის მთელი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობდა, რო ეს იყო ერთ წამიანი პოზიტივის გაცვლა, ყოველგვარი დამატებითი მოტივების გარეშე.

მოსაღამოვდა. მშიოდა, ყველანი მიმოფანტულები იყვნენ, კიდევ ერთი ჩვენგანის დაბადების დღე იყო და იუბილარი თავის შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე წავიდა რესტორანში. მე გადავწყვიტე, მეგობრების მიერ ერთ-ერთ ნაქებ კაფეში წავსულიყავი ვეგეტერიანული ბურგერის საჭმელად, მივედი და ბურგერი გარდა იმისა რო ვჭამე, დავხატე კიდევაც, რაღაც კონკურსი ქონდათ და სანამ შეკვეთას, ვუცდიდი მონაწილეობის მიღება შეგეძლო.

ღამე შევიკრიბეთ და პატარა კლუბში წავედით, იქიდან სახლში როცა ვბრუნდებოდი, ჩვენი ქუჩის კუთხესთან რო შევუხვიე, მეძავი მეცა ნიკაპზე – Hey, beauty, suck, 20 euro. – არა! დიდი მადლობა, დასაძინებლად მივდივარ-თქო და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე.

3.

დილიდან ზღვაზე გვინდოდა გასვლა, უკვე საღამო იყო, სახლიდან გატევა როცა მოვახერხეთ, მე ვჩქარობდი, მზე მალე ჩავა-თქო, ესენი კიდე ნელა მოიზლაზნებოდნენ, რაღაცა საკვირაო ბაზრობას გადააწყდნენ და საერთოდ გაჩერდნენ, ხოდა პროტესტის ნიშნად იქვე პორტთან ქუჩაში დავწექი და მზეს მივეფიცხე. პოლიციამ ჩამოიარა. გადმომხედეს, არაფერი უთქვამთ. მერე უცებ გოგომ ჩამიქროლა როლიკებით და ხელი დამიქნია, ისევ უბრალო ყურადღება უცხო ადამიანისგან, სასიამოვნო იყო.

ამასობაში, კიდევ ერთი ფესტივალი დაიწყო, ამჯერად აქვე ქალაქში, სანაპიროზე, პირველ დღეს არ წავედი, Kings of Leon-ი და Lenny Kravitz-ი გავმაზე, მარა მეორე დღეს მივედი Robbie Williams-ზე, რომლითაც მაინცდამაინც არ აღვფრთოვანდი, მარა სიტუაცია საკაიფო იყო. თან ჩვენი აქაური მეგობარი ჩამოვიდა, სხვა ქალაქში ცხოვრობს, ჩვენი მეგობრის შეყვარებულია, ადრე თბილისში მუშაობდა და მაშინ გავიცანით. მოკლედ, შეიძლება ითქვას, მაინც კარგად გავერთე. მიუხედავად იმისა, რო კონცერტი როცა დაიწყო, ყველანი სცენისკენ გაიქცნენ, მე ქვიშაში სირბილი დამეზარა და მთელი კონცერტი მარტო ვიდექი ცოტა მოშორებით.

სახლში რო დავბრუნდი დედაჩემს მივწერე:

– თემო როგორ არის, რა ხდება? – მოვიკითხე ნათლიაჩემი.

– კარგად არის, თურქეთში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

4.

რო გავიღვიძე, სახლის ქვემოთ Wok to Walk-ი იყო და ჩავირბინე, ისევ ტოფუ მივირთვი. ისედაც ძაან ცხელოდა და იქ კიდე იმხელა ცეცხლები ენთო, კინაღამ შევიხრუკე. თან მრავალფეროვნებისთვის რაღაც სხვანაირი ბრინჯი და სოუსი ამოვარჩიე და დიდად კმაყოფილი არ დავრჩი. ისევ ჯობდა რითიც მიყვარდა იმით მეჭამა, რა საჭირო იყო ეს ექსპერიმენტები.

რო დაღამდა მარტო წავედი იმ პატარა კლუბში, მივედი ვცეკვავდი და რაღაც მომენტში ერთი გოგო მომიახლოვდა, შუბლზე პატარა ბრჭყვიალა წერტილი მომაკრა, ამას ვინც მომწონს, იმათ ვაკრავო, ვა-მეთქი, როგორც კომპლიმენტს ისე ვიღებთ-თქო, კიო ნამდვილად ეგრე უნდა მიიღოო. მერე გავიარ-გამოვიარე, სხვებს დავაკვირდი და კიდე ქონდა რამდენიმე ტიპს მიკრული. ნუ, უნიკალურობის სინდრომით შეპყრობილი არასოდეს ვყოფილვარ, ასე რომ მაინც კარგი იყო.

გვიან ჩემებს შევხვდი, ბარში წავედით და Big Lebowski-ს საპატივცემულოდ White Russian შევუკვეთე, იქიდან მეორე ბარში გადავინაცვლეთ, იქ ორ იტალიელ გოგოს გამოველაპარაკე, „რომას“ ფანები აღმოჩდნენ, ვუთხარი რო ბიძაჩემი ფრანჩესკო ტოტისთან ერთად თამაშობდა-თქო და, რა თქმა უნდა, ცოტა უცნაურად შემომხედეს. ნუ, დედაჩემის დეიდაშვილის ქმარი თამაშობდა, მარა ასე დაწვრილებით ახსნა რა საჭირო იყო.

5.

ჩემები ერთი დღით ადრე მიფრინავდნენ, ისე მოხდა რო ბოლო მომენტში ავცდით ერთმანეთს და ვერ ვნახე. არადა ჩემოდანი მქონდა შენახული საცავში და იმის გასაღები იმათ ქონდათ. სასაცილო იყო, მანონიში ფოტო გამომიგზავნეს, აი ამ ადგილზე მიდი და მარჯვნივ ბუჩქები როა, იქ დაგიტოვეთო, ხოდა მივაგენი და ავიღე გასაღები. ჩემოდანიც გამოვიტანე და ღამე აეროპორტში წავედი. მივედი და საზარელი ამბავი დამხვდა, აღმოჩნდა რო ინტერნეტის გამოყენება მხოლოდ ნახევარი საათით შეიძლებოდა, აეროპორტში ინეტრენეტის მოჟმოტვა რაღა უბედურებაა. ღამის 2 საათი იყო, უზარმაზარი ფოიეს იატაკზე პირსახოცი გავაფინე და სხვა მგზავრების მსგავსად დაძინება ვცადე.

დილის 7-ზე გამეღვიძა. გაფრენის წინ ჯერ ტრადიციულად ვალიუმი მივიღე, ოღონდ ჩანთაში გახსნილა და ნახევარი აბი დაფშხვნილი დამხვდა, მერე კი თვითმფრინავში აღმოვაჩინე, რო ჩემს გვერდით ადგილი კვლავ ცარიელი იყო, სპეციალურად ვცდილობდი კიდე ერთი ცარიელი სკამი მაინც დამენახა, ვერაფრით მოვახერხე. სტამბოლში ძაან ცოტა დრო მქონდა, მოკლედ თითქმის ისევ ისეთი მგზავრობა იყო, უბრალოდ ამჯერად Gokcen-ში ჩემებს აღარ ვხდებოდი, ისინი უკვე წასულები იყვნენ ქუთაისისკენ, მე თბილისში მოვფრინავდი და ამ ჯერზე როგორც იქნა ვიღაც მუტრუკიც მეჯდა გვერდით.

ჩამოვფრინდი, არავინ არ მხვდებოდა, მაგრამ გამოვედი და გოგი დამხვდა გვახარია. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი, ვიფიქრე რო კარგი ნიშანია, ამ საგიჟეთში რო ბრუნდები და პირველი ვინც გხვდება, ასეთი მშვიდი და კულტურული ადამიანია-თქო.

6.

ძაან გადაღლილი ვიყავი, ნამგზავრი, უძინარი, უჭმელი, ყველაფერი ერთად და როგორც ასეთ დროს მჩვევივია, სახლში რო მივედი, იმის მაგივრად, რომ დამესვენა, ვჭამე, ვიბანავე და გავედი.

ცხვირგატეხილ მეგობარს გავუარე, რომელიც ამასობაში სულაც აღარ იყო ცხვირგატეხილი და წავედით ჩემი მეგობრის ახალ კაფეში, რომელსაც ქვია Wall და სადაც უამრავი მონატრებული ადამიანი მეგულებოდა.

დიდი ხანი არ გავჩერდით, ღამის თბილისში ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ, სადაც არც ძალიან ბევრი ხალხი იყო, არც ძალიან ბევრი ტურისტი და არც სეირნობა ჭირდა…

[To be continued]

Advertisements

16 thoughts on “ცარიელი დღეები (XII ნაწილი)

  1. ყველა ნაწილი თითქმის ერთდროულად წავიკითხე და ბოლოსკენ ზედმეტად გასენტიმენტალურდა-თქო გავიფიქრე, მაგრამ დღეს მთელი დღე ვარეფრეშებდი მაინც, XXII-ს მოლოდინში. yesyes უნდა გერქვას ))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s