ცარიელი დღეები (XVIII ნაწილი)

Featured image

You, you give me something, Something that nobody else can give

– Jamiroquai

1.

მთელი ღამე არ მეძინა და დილის 9 საათზე ჩაძინებისას მომეჩვენა თითქოს სახლი ოდნავ შექანავდა. ვიფიქრე მიწისძვრა იყო-თქო, დავგუგლე და ასეთი ინფო ამომიგდო – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა. – ვერ ვიტან მიწისძვრას, ალბათ არავის უყვარს, მაგრამ მე მათ რიცხვში ვარ, ვინც ეგრევე გარეთ გადის და მერე კაი ხანი აღარ სიამოვნებს სახლში დაბრუნება. ამჯერად რაღაც მარტივად გადავიტანე, დავწექი და დავიძინე.

საღამოს Wall-ში მივედით, ჩემმა ბიძაშვილმა მაისური მაჩუქა, დაბადების დღისთვის უნდოდა, ინტერნეტით გამოუწერია, მაგრამ თურმე რაღაც შეფერხება იყო და გვიან ჩამოვიდა. საკაიფო მაისურია, ასე აწერია: Double Negatives are a NO NO. ერთმა ნაცნობმა მითხრა, რა მაგარია, მეც მინდა ეგეთიო, როგორც ჩანს, ვერ გაიგო რაში იყო მუღამი.

Wall-ში ბევრი კაბიანი კაცი დაგხვდა. არც მასკარადი იყო და არც მამაოები იყვნენ. ლამაზ კილტებში გამოწყობილი, თავიანთი საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოსული შოტლანდიელი ფანები აღმოჩდნენ. კარგ ხასიათზე ჩანდნენ და ილეშებოდნენ. მეორე დღეს სტადიონზე არ წავედი, ჩვენი ნაკრების ნერვები არ მქონდა, მაგრამ ტელევიზორთან თამაშს მაინც ჩავუჯექი, ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 გაიმარჯვეს, რითიც მე სასიამოვნოდ გამაკვირვეს, სკოტებს კი ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გაუფუჭეს.

2.

სამხატვრო აკადემიის მოპირდაპირე მხარეს ბაღში, სადაც ადრე, „ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი იდგა, ეხლა „პომიდორისიმო“ გაუხსნიათ. იქ ვისხედით, მე იქვე დამზადებულ ლიმონათს ვწრუპავდი და თან ვფიქრობდი, ასეთ ლიმონათს ალბათ ტრუმენ კაპოტეს პერსონაჟები სვამენ-თქო. მოკლედ ყველაფერი კარგად იყო, სანამ ხურდის მოტანა არ დააგვიანეს საშინლად, იმდენი ხანი აღარ მობრუნდა ოფიციანტი, უკვე გვეცინებოდა, „ევროტური“ გაგვახსენდა, სასტუმროში ოფიციანტი რო ამბობს – 5 ცენტად ჩემს სასტუმროს გავხსნიო – ხოდა ბოლოს როცა ვიფიქრე, ეტყობა გოგონამ 50 ლარი ჩაიჯიბა და სამსახურიდან წავიდა საკუთარი ბიზნესის ასაწყობად-თქო, როგორც იქნა გამოჩნდა კიდევაც.

საღამოს, სახლში ფილმებს ჩავუჯექით, ჯერ გიორგი დანელიას „Осенний марафон“ ვნახეთ, რომელიც ძალიან მიყვარს, უამრავჯერ მაქვს ნანახი და ვთვლი, რო გენიალური ფილმია. მერე კი რომან პოლანსკის ბოლო ფილმს „ვენერა ბეწვეულში“ ვუყურეთ, ამის წინ რაც გადაიღო, „ჟლეტა“, ძალიან მომეწონა, იქ სულ 4 მსახიობი თამაშობს, ეხლა კი რაოდენობა უფრო შეუმცირებია და ამ ფილმში მარტო 2 მსახიობია. ცოტა მოსაწყენი საყურებელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რო დამთავრდა, როგორც მიყვარს ხოლმე, ნეტში შევძვერი და ფილმის შესახებ ამბები მოვიძიე.

ქალი მსახიობი პოლანსკის მეუღლე ყოფილა, ხოლო კაცის ბიოგრაფიას რო მივყევი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, თურმე მას პირველი როლი ოთარ იოსელიანის „მთვარის ფავორიტებში“ უთამაშია.

3.

ისევ Wall-ში მივედით, მაგიდასთან დაახლოებით ათნი ვისხედით და „უსერიოზულეს“ გეგმას ვამუშავებდით, გადავწყვიტეთ წიგნი გამოგვეცა, რომლის სათაური იქნებოდა – „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“ – ყველაფერი დეტალურად უნდა მოგვეფიქრებინა, ჯერ ვურეკავდით ლევან უჩანეიშვილს და ჯონის ნომერს ვთხოვდით, რაზეც უჩანეიშვილი გვპასუხობდა – სად მაქვს მე დეპის ნომერი, ამდენი ხანია მაგის გაგებას ვცდილობ, აბა თქვენ რა გგონიათ, მე აქ რატო ვარო?! – და მერე ჰარისონ ფორდის ნომერს გვატენიდა, რომელსაც ჩვენ არ ვიწერდით. ამასობაში მე წიგნის წერას ვიწყებდი, ერთ-ერთი ჩვენგანი კი, სავარაუდოდ გოგო, ჰოლივუდში მიემგზავრებოდა საცხოვრებლად, იქ ირკვეოდა რო ეს გოგონა ბავშვობაში ინდიანა ჯონსის თაყვანისმცემელი იყო და ამიტომ უჩანეიშვილთან საუბრისას ჰარისონ ფორდის ნომერი ზეპირად დაუმახსოვრებია, ხოდა ის ჯერ ჰარისონს და მერე რაღაც გაურკვეველ ვითარებაში მისი დახმარებით ტიმ ბარტონს უახლოვდებოდა და ნუ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტიმ ბარტონიდან ჯონი დეპამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. მე კი წიგნს უკვე ვამთავრებდი, რომელსაც, როგორც მახსოვს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ვთარგმნიდით-ვბეჭდავდით და შტატებში ჩვენს მეგობარს ვუგზავნიდით. ის ამ დროს უკვე ჰოლივუდის არცერთ აღვირახსნილ ფართის აღარ მაზავდა და ერთ-ერთ ასეთ თავაწყვეტილ წვეულებაზე ჯონის გადაეყრებოდა, უცერემონიოდ მიუახლოვდებოდა, წიგნს ცხვირწინ დაუდებდა და გაქრებოდა. წიგნში მთელი ეს ამბავი კიდევ უფრო დეტალურად იყო მოთხრობილი, ბოლოს კი ზუსტად ამ სცენით მთავრდებოდა, თუ როგორ გადასცემდა ჩვენი გოგო ჯონი დეპს წიგნს და იქვე ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი. მოკლედ ჯონი ამ ნომერზე გადმორეკავდა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. წიგნი კი საოცრად მოთხოვნადი ხდებოდა, მაღალი ტირაჟი, სხვადასხვა ენებზე თარგმანები და რეკორდული გაყიდვები…

ბოლოს ვიღაცას გაახსენდა, რო ჯონი დეპი ჰოლივუდში კი არა, პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მთვრალები და კმაყოფილები ვიყავით.

გვიან „მაჭახელაში“ და გალერიში შევიარეთ, თუმცა არც ერთი დაგხვდა გემრიელი და არც მეორე საცეკვაო.

4.

კვირა დღე იყო. საღამოს 6 საათზე გამეღვიძა. გარეთ გავედი და მიწისქვეშა გადასასვლელში უცებ ვიღაც მომესალმა – პრივეტო – და თითქოს ზრდილობის გამო ტუჩის ქვედა კუთხით გაიღიმა კიდევაც, ან სულაც არა. მე კი იმის გამო რო შორს კარგად ვერ ვხედავ, იმის გამო რო მიწისქვეშ ცუდი განათება იყო და ალბათ იმის გამოც რო ახალგაღვიძებული ვიყავი – პრივეტ – ვუპასუხე ავტომატურად და გაშეშებული თავით ჩავუარე. ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, რომელთანაც ერთად 4 წელიწადი ვიყავი, მართალია ის ამბობს 3 წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამას არც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თანაც მგონია წლების ზუსტად დათვლა არც თუ ისე რთული ამბავია. მოკლედ, თავიდან რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, 2 წელიწადზე მეტია რაც დავშორდით და კაი ხანი იყო არ მენახა, ჰოდა თითქოს ისე გამოვიდა წესიერად არ მივესალმე, მაგრამ მერე დავწყნარდი, გამახსენდა, როგორ არ უყვარდა მსგავსი უხერხული სიტუაციები და ვიფიქრე, რო გავჩერებულიყავი და მეკითხა, როგორ ხარ-თქო? სრულიად ზედმეტი იქნებოდა.

ბოლო 2 კვირა იქნება, რაც მარჯვენა მხარე, უფრო მარჯვენა ფეხი მაქვს დამძიმებული. კი არ მტკივა, რაღაცნაირად თითქოს შიგნიდან მაქვს დაჭიმული. როგორც ჩანს ნერვული დაჭიმვაა. ხოდა დავფიქრდი, რის გამო შეიძლეობდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრიც არ დამჭირდა. ფინანსურად ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს, უფულოდ ვარ და ვალებიც დამიგროვდა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რატომ იყო ეს ასე. მიყვარს ფიქრი და სადღაც ღრმად ჩავძვერი. არავისთვის არაფრის გადაბარლება არ მჩვევია, მშვენივრად ვიცი ჩემი მინუსები და ჩემი მთავარი მინუსიც ეგ არის, რო ჩემი მინუსების გამოსწორებას არ ვცდილობ. გამახსენდა ბავშვობაში, სახლში მეუბნებოდნენ, წიგნები იკითხეო და წავიკითხე: გრიმები, ლინდგრენი, სვიფტი, ტვენი, კეროლი, კიპლინგი, ლონდონი, ეგზიუპერი, დიკენსი, ვერნი, სერვანტესი, უაილდი, დიუმა, სიმენონი, კონან დოილი და ა.შ. მერე ცოტა გავიზარდე, სკოლა დავამთავრე,  მითხრეს რო ცოტას ვკითხულობდი, კიდე იკითხეო და კიდე წავიკითხე: ფოლკნერი, მარკესი, ლიოსა, ბორხესი, კორტასარი, აკუტაგავა, ჰამსუნი, ვონეგუტი, ჯოისი, დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ჭილაძე, ჰესე, კაფკა, სარტრი და ა.შ. მერე მარტო გადავედი საცხოვრებლად, სახლიდან ისევ მომაძახეს, ნუ ზარმაცობ, ბევრი იკითხეო. მაგრამ გამოვიდა რო ამ წაკითხულიდან საერთოდ ვერაფერი ვერ მისწავლია, სწორი დასკვნები ვერ გამომიტანია, იმიტომ რომ ორმოცს მიტანებულს აგერ უკვე მეორე კვირაა ფეხი მეჭიმებოდა ნერვიულობისგან, იმის გამო რომ უფულოდ ვიყავი.

ან ამ ყველაფერს ხო არ ჯობდა რამე წამეკითხა, მაგალითად ასეთი სათაურით, „როგორ გავაკეთოთ მილიონი?“, ან თუნდაც „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“.

5.

მუხრანში ვიყავი. ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოვებაზე. ნომინაცია წლის საუკეთესო ბლოგისთვის ჯერ არ არსებობდა, ამიტომ მამაჩემს გავყევი, რომლის „სიცილია გვალვაში“, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

საღამო მსახიობ ნინო კასრაძეს მიყავდა, რომელმაც თავიდან გვამცნო, თუ სად ვიმყოფებოდით, ბატონ დავით მუხრანბატონის სასახლიდან მოგესალმებითო და მერე კიდე მეორედ თქვა, ჩვენ ვიმყოფებით დავით ბაგრატიონ მუხრანის სასახლეშიო და დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თავისი სიტყვის წარმოთქმისას გვითხრა, რომ ის კაცი დავითი კი არა, ივანე იყო, ივანე მუხრანბატონი.

მერე ნომინაციების გაცემაც დაიწყეს, საუკეთესო პროზაულ კრებულში გამარჯვებულმა, სამადლობელი სიტყვისას რაღაც მართლა კარგად იხუმრა და უცებ ზურგსუკნიდან კომენტარი მომესმა – ჯიგარია რა… აი, ნამდვილი თბილისელია – ბრრრრ, მაჟრიალებს ხოლმე ამ „ჯიგრობაზე“ და „ნაღდი თბილისელობის“ ფენომენზე, ბოლოსკენ, როდესაც „საბა“ საუკეთესო რომანისთვის ახალგაზრდა მწერალს გადასცეს, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს გამარჯვებული იყო იმ „ჯიგრობის” და “ნამდვილი თბილისელობის“ მოტრფიალე.

ამის გარდა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო საპატიო სტუმრების რიგში მალხაზ გულაშვილი იჯდა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ციხეში უფრო უნდა იჯდეს, თანაც სამშობლოს ღალატის მუხლით.

თუმცა კარგი რაღაცეებიც იყო, კარგი იყო ის, რაც ალბათ ამ სასახლეში ყოველთვის  კარგი იყო – უგემრიელესი ღვინო, პირისჩასატკბარუნებელი ჩურჩხელა და მშვენიერი სუფთა ჰაერი… და ჰო! კიდევ მისი 2 მეგობარი გავიცანი, ლუკა და ბექა. როგორც თვითონ იტყოდა: ლა, ლა, ლა…

6.

სალომემ კი თავისი ნივთები დიდ შინდისფერ ჩემოდანში ჩაალაგა და გერმანიაში გაფრინდა. მერე იქიდან მომწერა:

ამათთვის “ზალომე” ვარ )))) სიგარეტს აღარ ვეწევი. აქ სასიამოვნო ჰაერია, სულ სხვა სუნია, სისუფთავის, სიმწვანის და ძალიან ლამაზი გარემოა, ორსართულიანი სახლები სხვენით, მოვლილი ბაღები და წვიმა, რომელიც რატომღაც არ გასველებს. არავინ ყვირის, ხმამაღლა არ ლაპარაკობს და მანქანები არ ასიგნალებენ. ხოდა, რაც არ უნდა ვიღლებოდე ფიზიკურად, მაინც მშვიდად ვარ, რაღაცნაირად აუღელვებლად.

გამახსენდა, როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ზუსტად იგივე რაღაცეებს ვაქცევდი ყურადღებას, იმ სუნს „თავისუფლების სუნს“ ვეძახდი, რაღაცნაირი წყნარი ატმოსფერო იდგა, თითქოს ჰაერი სიმშვიდით იყო გაჟღენთილი. იმასაც ვამბობდი, აქ წვიმა კულტურულია, ჩვენთან წვიმაც კი ასე მოდის – აეე, აბა ეხლა მოვედი და დაგალპობთ სუყველას! – და აქ 2 ხმა არ არსებობს – მანქანის სიგნალის და ძაღლის ყეფის-თქო.

მოკლედ ასე, სალომე წავიდა. ჩემზე, თუ უფრო ჩემს ბლოგზე, პოსტი გამოაქვეყნა და წავიდა. მისი ნაწერი თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ, აი აქ:

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=282

[To be continued]

Advertisements

8 thoughts on “ცარიელი დღეები (XVIII ნაწილი)

  1. რა კარგად იკითხებააა ! ძააან მომწონს, გუშინ ღამე აღმოვაჩინე და სანამ არ დავამთავრე ვერ შევეშვი. კარგია !

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s