ცარიელი დღეები (XIX ნაწილი)

Featured image

It’s like a bad day that never ends

– Phoenix

1.

მეგობარმა მე და ჩემი ძმა კეჩხობში დაგვპატიჟა, სტუდენტებს უნდა შევხვედროდით, ჩემს ძმას თავის მოთხრობებზე და მე ჩემი ბლოგის შესახებ უნდა გვესაუბრა, თავიდან ვიფიქრე, ჩემი ბლოგი ვის რაში აინტერესებს-თქო, მაგრამ როდესაც დამაწყნარეს, ნუ ხარ შენ ასეთი თავმდაბალი, კითხულობენ და ძალიანაც აინტერესებთო. დავთანხმდი. ჩავედით, ჯერ ჩემი ძმა ელაპარაკა, მოთხრობაც წაუკითხა და ბოლოს უთხრა, ეხლა ჩემი ძმა გაგესაუბრებათ, რომელსაც ზუსტად ჩემნაირი ხმა აქვსო, ჰოდა რო დავიწყე ლაპარაკი, ამ სიტყვების დასტურად გაეცინათ. მოკლედ, მაშინ როდესაც რუსთავში Fatboy Slim უკრავდა, აი რა ვუთხარი სტუდენტებს:

„გამარჯობათ, მე ვარ ნოდარ ნონო ანთაძე და მე ვწერ ბლოგს “ცარიელი დღეები”. ჯერ 2 სიტყვით მოგიყვებით, თუ როგორ დავიწყე ამ ბლოგის წერა და შემდეგ რამდენიმე ნაწყვეტსაც წაგიკითხავთ.

ჩემი ბლოგი არის დღიურის ტიპის ჩანაწერები, მე ვყვები ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებს – თუ რას ვაკეთებ, სად მივდივარ, ვის ვხვდები, ვის რას ვეუბნები, ვინ რას მეუბნება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის რაღაც საარქივო ტიპის მასალები, იმიტომ რომ, რომ ნახევარი, რასაც ვწერ, სინამდვილეა, ხოლო ნახევარი, როგორც მხატვრულ ნაწარმოებს შეეფერება, გამოგონილი. სხვათაშორის ჩემი მეგობრებისთვის ეს კარგი გასართობი გახდა, ცდილობენ გამოიცნონ ხოლმე, რა მოხდა მართლა და რა არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ამავე დროს, რაც მთავარია, ეს ბლოგი არის სიყვარულზე და მინდა გითხრათ, რომ სიყვარულზე წერა რთულია. სიყვარულზე კარგად წერა. იმიტომ რო საუკუნეების მანძილზე უამრავი გენიალური ნაწარმოები შექმნილა ამ თემაზე და კი, კარგად რო არ დაწერო, ალბათ ინტერესი მაინც ექნებათ, იმიტომ რო ხალხს უყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ თან რო თხრობის სტილი მოეწონოთ, ეს უკვე არც თუ ისე ადვილია. მოკლედ მთავარია, რომ ამბავი იყოს გადმოცემული ძალიან ბუნებრივად და ნამდვილად, იმიტომ, რომ თუ სიყვარულის ისტორიაში სიყალბე და პათეტიურობა გაიპარა, მორჩა, მერე ტექსტი საშინელი წასაკითხი და ძალიან ცუდი აღსაქმელი ხდება. სიყალბე, რა თქმა უნდა, არაფერს უხდება, მაგრამ სიყვარული ისეთი ნაზი და ფაქიზი თემაა, რომ ჩემი აზრით ყველაზე მეტად პათეტიკა აქ აფუჭებს საქმეს. და, ამის გარდა, კიდევ გამბედაობაც არის საჭირო, რომ არ მოგერიდოს და შენს სიყვარულზე  სხვებს საჯაროდ მოუყვე, თუ ამის სურვილი გაქვს.“

2.

1 წამით გავჩერდი, სტუდენტებს გავხედე. ბნელოდა, ასე 50 იქნებოდნენ, კოცონთან ისხდნენ და მისმენდნენ. ხოდა განვაგრძე:

„4 თვის წინ დავიწყე ამ ბლოგის წერა, არასოდეს მანამდე ბლოგი არ მიწარმოებია და მეტიც, არასოდეს ცხოვრებაში არანაირი ბლოგი არ წამიკითხავს, მოკლედ სრულიად უცხო რამ იყო ჩემთვის. ჰოდა, ამ 4 თვის მანძილზე ყოველ ოთხშაბათს ახალ ნაწილს ვაქვეყნებ, უკვე 18 ნაწილი მაქვს დაწერილი. ჯერ WordPress-ზე ვანთავსებ, შემდეგ კი ჩემი ძმა facebook-ზე აშეარებს, იმიტომ რო მე არ ვარ facebook-ის მომხმარებელი, და ასე ვრცელდება ხოლმე. ამის გამო ცოტა გაუგებარი სიტუაციაც შეიქმნა, ბევრს ეგონა, რომ ამ ბლოგს ჩემი ძმა წერდა და პერიოდულად გვიწევს იმის ახსნა, რომ ეს ასე არ არის, თუმცა შეიძლება ზოგიერთს დღემდე მაინც ასე გონია.

ახლა კი გეტყვით, თუ რა იყო ჩემი მიზანი თავიდან – ეს ყველაფერი, როგორც გამომივიდა, მე თვითონ ძალიან მომწონს, თითქოს ურთიერთობის რაღაც ახალი ფორმა გამოვიგონე. ნუ, მართალია ცალმხრივი ურთიერთობის, მაგრამ მაინც. გოგონას, რომელთან ერთადაც რაღაც პერიოდის მანძილზე ვიყავი, მოხდა ისე, რომ ვეღარ ვხედავდი – აღარ ვხედავდი, აღარც ვურეკავდი, აღარც ვწერდი, ანუ საერთოდ არანაირი კონტაქტი აღარ მქონდა, და ასეა დღემდეც. ხოდა დავიწყე ბლოგის წერა იმ იმედით, რომ ის წაიკითხავდა და მე თუ აღარაფერი ვიცოდი მის შესახებ, მას მაინც ეცოდინებოდა, თუ როგორ ვცხოვრობდი. ამის გარდა, ხანდახან ისეთ ეგრეთწოდებულ „დაფარულ მესიჯებს“ ვდებ ხოლმე ტექსტში, რასაც მხოლოდ ის მიხვდება და სხვა ვერავინ. მერე, როგორც ამბავი მომივიდა, გაირკვა, რომ ის კითხულობდა, ნუ, ყოველ შემთხვევაში, თავიდან, და ეხლა უკვე იმდენი ხანი გავიდა, აღარ ვიცი…  მაგრამ ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ფაქტი იყო ჩემთვის. ჰოდა, მერე მოხდა უცნაური რაღაც, რასაც მე ნამდვილად არ ველოდი. როგორც გითხარით, 1 კონკრეტული ადამიანისთვის დავიწყე წერა და ჯერ ჩემი მეგობრები-ახლობლები დაინტერესდნენ, ყველას მოეწონა და მერე მკითხველთა რაოდენობამ დაიწყო ზრდა, ისე რომ ეხლა WordPress-ის სტატისტიკური მაჩვენებლები 7 ათას მკითხველს აჩვენებს. რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ანუ ეს აბსოლუტურად არ იყო ის, რის გამოც მე ამ ბლოგის წერა დავიწყე. უკვე სრულიად უცნობი ადამიანებიც კითხულობენ, მგულშემატკივრობენ, კომენტარებს მწერენ იმის შესახებ, თუ როგორ მიჭერენ მხარს და პრინციპში ეს საკმაოდ სასიამოვნოა. რაღაც მომენტში, 1-2 თვე რო გავიდა, შეიძლება დამემთავრებინა კიდეც წერა, მაგრამ ეხლა უკვე სულ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხშირად მხვდებიან ნაცნობები და მეუბნებიან – შენ ბლოგს ვკითხულობ, – და თვალს მიკრავენ, რო – ააა, მეც ვიცი შენზე ყველაფერი – მერე ხანდახან დავწერ, რო, აი, ის შემხვდა და ესე მითხრა, და რამდენჯერმე ასე რო მოვიქეცი, შევამჩნიე, ზოგი უკვე რაღაცას სპეციალურად მეუბნებოდა, იმ გათვლით, რო დამეწერა, და ამიტომ ნელ-ნელა უკვე ასეთი რამეების გაფილტვრა დავიწყე. მაგრამ გამოდის, მათ მოსწონთ რომ ჩართულები არიან ამ ჩემს მიერ გამოგონილ თამაშში, თუ არ ვიცი რა დავარქვა, რაღაც მიკროსამყაროში… და მე ყოველ ჯერზე, სანამ მათგან ამას ვგრძნობ, ვრწმუნდები, რო წერა უნდა გავაგრძელო… ახლა კი მოდით, როგორც დაგპირდით რამდენიმე ნაწყვეტს წაგიკითხავთ.“

3.

მოკლედ მგონი მოეწონათ, რის გამოც მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სიმბოლური იყო ეს შეხვედრა 11 სექტემბერს რომ შედგა – მე ხომ ბედნიერებისგან მივფრინავდი და ისე უეცრად ჩამოვვარდი, თითქოს ცათამბრჯენს შევეჯახე…

მერე გვიან როდესაც კოცონზე შემწვარ სიმინდს მივირთმევდით, ზოგიერთი პირადადაც გამომელაპარაკა, ამის გარდა, სხვა მოწვეული სტუმრებიც გავიცანი, პოეტები – კოშკა და ბიჭი. თან მე და ჩემ ძმას, 2 ჩვენი ძმაკაცი გვახლდა. ხოდა ასე საინტერესოდ გავატარეთ ღამე და გამთენიისას დავიძინეთ.

მეორე დღეს რო გავიღვიძეთ, კოშკა აღარ დაგხვდა, მაგრამ ბიჭი ადგილზე იყო. ისევ ერთად დავსხედით და გავაგრძელეთ საუბარი – შტეფან ეფენბერგზე, გალაკტიონ ტაბიძეზე, თუ ნაომი კემპბელზე. ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთი ორგანიზატორი მოგვიახლოვდა და მოგვახსენა, დღეს თქვენ აქ ვეღარ დარჩებითო. იმის ფონზე, რო ჩვენი მეგობარი, რომელმაც სტუმრად დაგვპატიჟა, ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ძალიან არაადეკვატური განცხადება გამოუვიდა. მე პირადად სიცილის გარდა აღარაფერი დამრჩენოდა. მალე მეგობარიც მოვიდა, რომელიც ბუნებრივია უხერხულობისგან ღელავდა, ფაქტი იყო, რაღაც შიდა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ჩვენ ის დავამშვიდეთ და სწრაფად გავეცალეთ იქაურობას.

4.

რას გააკეთებს 5 ადამიანი, რომლებსაც სრულიად არალოგიკური მოთხოვნით ერთად ყოფნა არ დააცადეს. დაიშლებიან? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, ასე გადავწყვიტეთ ქუთაისში წასვლა, მთავარი იყო ტაქსიში ჩავტეულიყავით, ერთ-ერთს საბარგულში მოუწია წამოკოტრიალება, გზაში მეძინა. ჩავედით და აღმოჩნდა, რო ბიჭის მეგობარს ჰქონია ძალიან ლამაზი ბარ-რესტორანი Palaty. უბრალოდ გვიანი იყო და სამზარეულო დაკეტილი დაგხვდა, ამის გამო „ელდეპოში“ წავედით და იქიდან დასაძინებლად როცა მივდიოდით, ტაქსიში ტელეფონი დავკარგე, მერე ვრეკავდით 2 დღე, მაგრამ არავინ პასუხობდა. უკვე დრო იყო, ვინმეს ფეისბუქზე გვერდი შეექმნა „დავაბრუნოთ ნონო ანთაძე მაგთიზე“.

დილით სანამ ბიჭები ბიკენტიას ქაბაბს ჭამდნენ, მე ჭეშმარიტი ვეგეტარიანელივით გარეთ ვიცდიდი და მერე Palaty-ში მივედით, რომელიც, გარდა იმისა, რო ლამაზია, გემრიელიც ყოფილა. ამასობაში კი გაირკვა, რო მისი მეპატრონე 2 საათიით კვარიათში მიდიდოდა და თან ტევადი მანქანაც ყავდა, რის გამოც ჩვენც შემოგვთავაზა წასვლა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით. ისე სპონტანურად მივიწევდით დასავლეთისკენ, 1-2 დღეში სტამბულში რო აღმოვჩენილიყავით, აღარ გამიკვირდებოდა. მოკლედ, რამდენიმე საათში ზღვის სანაპიროზე „საზანდარში“ ვისხედით. ქუთაისში, რო ვბრუნდებოდით, გზაში ჩვენმა მასპინძელმა გააჩერა და მანქანაში უცხო პოლონელი გოგო-ბიჭი ჩაისვა, რომლებიც თურმე 2 კვირაა რაც საქართველოში იყვნენ და ბოლო დღე ჰქონდათ დარჩენილი სამოგზაუროდ.

ისევ Palaty-ში მივედით. არ ვიცი, ალკოჰოლისგან და, იმის გამო, რო ვესტიბულარული აპარატის ცენტრი მაქვს დარღვეული და მგზავრობა ბავშვობიდან განსაკუთრებულად მღლის ხოლმე, თუ, უბრალოდ, იმიტომ, რო მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა, უკვე მეგონა, ბიჭის 2 დღე კი არა, რამდენიმე წელი იყო, რაც ვიცნობდი, Palaty-ს მფლობელს 1 დღე კი არა, რამდენიმე თვე, და ნახევარი საათის წინ გაცნობილ პოლონელ ჰიჩჰაიკერებს – რამდენიმე კვირა. იქვე ოთახის კუთხეში კი მიმი ისე ცეკვავდა, წარმოდგენაც კი არ ქონდა იმის შესახებ, რო „ცარიელი დღეების“ ერთ-ერთ ნაწილში ინტერვიუ ჰქონდა ჩემგან აღებული. მერე ჩცდ-ს კიდევ 1 პერსონაჟი, შეზარხოშებული და კეთილგანწყობილი ხერხე გადმოჯდა ჩვენს მაგიდასთან. მოკლედ როგორც ამ ყველაფრისგან გამომდინარე დავასკვენი  „თბილისი იყო ურთიერთობა“ და „ქუთაისი არის ურთიერთობა“.

5.

ამასობაში კი კალათბურთი იწყებოდა, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი – საქართველო vs ლიტვა. პირველ სართულზე ჩავედით ტელევიზორთან და მატჩიც დაიწყო, დაძაბული თამაში იყო, ჩვენები ძლიერ მეტოქეს ამარცხებდნენ. ამ დროს მანქანამ მოგვაკითხა, რომელსაც თბილისში უნდა წამოვეყვანეთ, რა ვქნა, არ მინდოდა, მარა სხვა გზა არ იყო, ვეღარ ვუყურებდი. გზაში წვიმდა, მეძინა, ერთ-ერთი ისევ საბარგულში იყო. მერე გავიგეთ, რო, სამწუხაროდ, ჩვენებს წაუგიათ. როგორეც იქნა ჩამოვედით და ეგრევე მივედით Wall-ში, სადაც, მიუხედავად იმისა, რო 2 მეგობარს დაბადების დღე მივულოცეთ, გადაღლილობის გამო ზუსტად მაინც ვერ გავიგე, რა გვინდოდა იქ. წინა დღეს რაღაც ჩხუბი მომხდარა და იმ ამბებს იხსენებდნენ, 1 უიკენდით დავტოვეთ და უჩვენოდ ეგრევე აურიეს.

სახლში მალე წამოვედი და გავითიშე. დამესიზმრა, ვითომ ცნობილი მსახიობი ვიყავი და ჟურნალისტები მეხვეოდნენ, რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდით? და მსგავსი უაზრო შეკითხვებით.

– გვითხარით თუ შეიძლება, რომელია თქვენი საოცნებო როლი?

ბანალურად მინდოდა მეთქვა, ჰამლეტი-თქო, მარა შემეშინდა, გონაშვილი არ ეგონოთ მეთქი და ვუპასუხე:

– ჩემი საოცნებო როლია სუში.

უცებ ყველანი გაქრნენ და გამეღვიძა.

რაღაცეები მქონდა გადასახდელი და უფულოდ ვიყავი. მეგობარს მივწერე, ფულს ხომ ვერ მასესხებ-თქო? კიო, მომწერა და ცოტა ხანში დაამატა – მივხვდი, რო ფულის სასესხებლად კაცს როცა ეძებ, ისევე იქცევი, როგორც დილით ტანსაცმლის არჩევისას – ეძებ ყველაზე დიდი ხნის წინ რომელი გეცვა : ))

ბევრი ვიმხიარულე, ძალიან კარგი ნათქვამი იყო.

6.

რამოდენიმე დღე სახლში ვიჯექი. ვისვენებდი, ვკითხულობდი, ვწერდი.

უცებ ფიქრებში გართულს გამახსენდა, შარშან ზაფხულის ერთ დღეს საშინელი სიცხე იყო და უცებ ლექსი დავუწერე:

ცხელი ჰაერი მიძვრება ნესტოებში

მე იქ შენს გარდა არავის შეშვება მინდა

ვცდილობ, არ დავიწვა როგორც იკაროსი

იქნებ გავუძლო, სანამ შებინდდა

ნუ, სისულელე იყო, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმ მომენტში სახალისო.

მოკლედ, ასე… როგორც თვითონ იტყოდა – ნახვამდის!

[To be continued]

Advertisements

12 thoughts on “ცარიელი დღეები (XIX ნაწილი)

  1. ნონოოო, გელოდები მოუთმენლად ყოველ ოთხშაბათს, მაგრამ დღევანდელი ნაწილი სხვის დაწერილს რატომ გავს ? 😀 😀

    Like

  2. ამ პოსტებით ოთხშაბათები ოდნავ უფრო ახლოს არიან პარასკევებთან ))) ❤

    Like

  3. ვახ. სუშიზე ვიცინე გულიანად, შენ გაიხარე)
    ე, მართლა ნიკუშასნაირი ხმა გაქვს? ვაუ, საუნდს ნაის)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s