ცარიელი დღეები (XXVII ნაწილი)

 

Don’t make me wait forever

– Tame Impala

1.

რიფერში დევიდ ბოუის საღამოზე მოვდიოდი, მარა Going-ს არ დავაჭირე, ვიფიქრე, ვისი რა საქმეა, სად მივდივარ-თქო და უცებ ერთმა ფბ-მეგობარმა მომწერა:

– რიფერში მიდიხარ ხო?

– ვაჰ?! – მეთქი საიდან…

– ბლოგში წავიკითხე იმდღეს, რიფერში რო იყავი, ქავერად ბოუის ფოტო გიყენია და რო გავიგე, რო მისი საღამო იმართება, მივხვდიო, – რაღა უნდა მეთქვა, დედუქცია in Action!

მე და სიხა მივედით, მარა იმდენი ხალხი იყო და ისეთი ბუღი იდგა, შესვლა ვერ გავბედეთ და სტუმრად წავედით კოჩაროვთან, სადაც ცოტა ვილაპარაკეთ, ცოტა ლუდი დავლიეთ და მშვიდად დავიშალეთ.

სახლში რო მივედი, ტარანტინოს ახალ ფილმს The Hateful Eight-ს ვუყურე, ძალიან მიყვარს ტარანტინო და ცოტა გული დამწყდა, იმის გამო, რო დიდად არ მომეწონა…

2.

თოვლი დამესიზმრა და რო გავიღვიძე, ერთი ამბავი გამახსენდა. ასე, 11-12 წლის ვიყავი და საახალწლო არდადაგებზე წყნეთში ვისვენებდი, სადაც 2 ეზო და ეზოებს შორის დიდი დაღმართი იყო, იქ ვიკრიბებოდით ხოლმე და ციგებით ვეშვებოდით. როგორც ასეთ დროს ხდება, ამ ეზოებს შორის რაღაც გამოგონილი დაპირისპირება არსებობდა. ერთხელაც ვდგავარ და ველოდები ჩემი ჩასრიალების რიგს, უცებ მეორე ეზოელი ბიჭი მომადგა და მეკითხება – შენ მოგწონს ხო ანკუსა? – ანკუსა მეორე ეზოელი ძალიან ლამაზი გოგო იყო, თუმცა ეგეთი გოგოები არასოდეს მომწონდა, ცოტა მოდელის ცივი თესლი გარეგნობა ქონდა თავის სახელისნაირი და მე უფრო ადამიანური გოგოები მომწონს. მაგრამ ვინ მაცადა პასუხის გაცემა, გამომიქანა იმ ჩემისამ და მლეწა. დღემდე არ ვიცი, რა მოელანდა, ერთი სიტყვაც არ მქონდა ანკუსასთვის ნათქვამი. ჰოდა, ერთი 20 წამის მერე თვალი რო გავახილე, რას ვხედავ, თოვლში ვარ გაშხლართული, ის ტიპი არსად აღარ ჩანს და სამაგიეროდ ანკუსა მადგას თავზე და თვალზე თოვლს მადებს. ჰო, მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რო ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.

ადრე ფეისბუქზე უცნობებს არ ვიმატებდი, მაგრამ იმის მერე, რაც ბლოგის წერა დავიწყე და ახალი ფბ გავხსენი, დავიმატე, იმიტომ რომ რაღაც სნობობა იქნებოდა მკითხველების არ დამატება. ჰოდა, საღამოს ერთ-ერთმა მომწერა, მიუნხენში ვცხოვრობ, ცოტა ხნით ვარ ჩამოსული და იქნებ შევხვდეთო, საკმაოდ თავშეკავებულად და აკადემიურ სტილში გააკეთა ეს ყველაფერი და გასაგები იყო, არაფერს „მეტს“ არ გულისხმობდა.

ჰოდა, შევხვდი ლიტ-კაფეში. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ. ბოლოს ფოტოც გადავიღეთ ერთად. ცოტა სასაცილოც კი იყო, თითქოს მეც ეხლა ვინმე სელებრითი ვიყავი.

3.

ერთი ჩემი მეგობარი ჩინეთში ცხოვრობს. საინტერესოა… ჩინეთიც და ჩემი მეგობარიც. მომწერა, როგორ ხარო? და, რა თქმა უნდა, ბანალურად – ცუდად, ან კარგად, არ მიპასუხია. პასუხის შედეგად კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ მე „ჩულანში“ ვარ ჩაკეტილი, თან კარი შიგნიდან მე თვითონ ჩავკეტე და ზოგი კი ცდილობს ჩემს იქიდან გამოყვანას, მაგრამ მე კარს არ ვუღებ. მოკლედ, სასაცილო იყო, განსაკუთრებით სიტყვა „ჩულანი“, თორე ისე ვიცით, რომ საკუჭნაო ჰქვია.

მერე მითხრა, დღეს ერთი კეთილი ამბავი გადამხდა და ეხლა მოგიყვებიო:

– ველოსიპედით მივდიოდი, გზას ვკვეთდი, მანქანები გაჩერებულები იყვნენ და ქუჩაზე ძალიან ნელა, ბებია გადადიოდა ჯოხით. მანქანებს შორის, შუა ტრასაზე დიდი მოტოციკლეტი იდგა, მძღოლი გადმოვიდა და ბებიას ეხმარებოდა გადასვლაში. მივედი და ვუთხარი – მალე მწვანე აინთება, „ნი ზაი ვო ბან“ ანუ შენ წადი, მე დავეხმარები-თქო. ჰოდა, გაიღიმა და წავიდა. მოკლედ, ერთი ხელით ველოსიპედი მიმყავს, მეორეთი ბებო და უცებ გოგო მოდის და „ნი ზაი ვო ბანო“ მეუბნება, ანუ შენ წადი მე დავეხმარებიო, გამეღიმა და წამოვედი.

– რაღაც ისეთი ამბავია, შენ თვითონ ბებია რო იქნები, შვილიშვილებს უნდა მოუყვე და საერთოდ დალაი-ლამა უნდა უყვებოდეს ხალხს, ან კოსმონავტები უცხოპლანეტელებს თუ შეხვდებიან. – ვუპასუხე, მეც გაღიმებულმა.

ამასობაში კი მეორე მეგობარმა მომწერა:

– ჩემი ექსი შემხვდა ქუჩაში. შენ გამახსენდი – დავანახე მისი ნაჩუქარი ჟაკეტი რომ მეცვა და წამოვედი სახლში.

მოკლედ, აი ასეთი ვირუსულია ჩემი ბლოგი.

ადრე ჩამეძინა, მერე ღამე 5 საათზე გამეღვიძა და დენი ბოილის „სტივ ჯობსი“ ვნახე, არ მომეწონა და ისევ დავიძინე.

4.

ჩემმა ძმამ, მეგობრებთან ერთად კინოში მივდივარ ინარიტუს Revenant-ზეო და წამოდი, დაგპატიჟებო. წავედით, დავსხედით და სანამ დაიწყებოდა, დარბაზში ვიღაც ბიჭმა ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს, ყველაფერი კარგად ქონდა დაგეგმილი, ეკრანზეც ვუყურებდით რა ხდებოდა და მოკლედ იყო დიდი აჟიოტაჟი და ერთი ამბავი ატეხილი. ფილმი რო დაიწყო, უცებ გამოსახულება გაქრა და დარჩა მხოლოდ ხმა, ამან გაცილებით დიდი ხმაური გამოიწვია, ვიდრე იმ წყვილის ისტორიამ, კიდევ კაი, რო მალე გადაახვიეს და მერე უკვე ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. ფილმი მომეწონა, ძალიან კარგად არის გადაღებული, კამერა ხან დაფრინავდა, ხან დაცურავდა და მოკლედ, უკვე თამამად შემიძლია, ვთქვა რო ინარიტუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია.

იქიდან წავედით Wall-ში და პირველად მოხდა ეგეთი რამე, რო დაკეტილი დაგხვდა. ამიტომ მერე წავედით გალერიში და იქ გვიანობამდე ვიყავით, მიუხედავად იმისა, რო რაღაცნაირი მუსიკა იყო, თითქოს საზაფხულო და დიდად ვერ ვისიამოვნე.

პეკინზე დავრჩი და დილით რო გავიღვიძეთ, მე და ჩემმა ძმამ რიდლის სკოტის „მარსელი“ ვნახეთ, თავიდან შეგვეშინდა, 2 საათნახევარი რო გრძელდებოდა, მაგრამ, რომ ვუყურეთ, ძაანაც არ მოვიწყინეთ.

5.

დიდი ხანია რუსთაველზე ფეხით არ გამივლია. უკვე ბნელოდა, პირველი სკოლიდან ოპერამდე გავისეირნე. ჯერ 2 ღლაპი მომადგა:

– ასანთი არა გაქვს?

– არა.

15 ნაბიჯის მერე, ვიღაც აყლაყუდა მომიახლოვდა:

– სიგარეტს ვერ მომაწევინებ ჯიგარო?

– ვერა.

კიდევ 15 ნაბიჯის მერე გაბურძგნული ტიპი მობანცალდა:

– 60 თეთრი მომე რა…

– ნწ!

მეტი აღარ შემეძლო, ავტობუსში ავედი, ყველაზე მეტად მაღიზიანებს ფამილარობა. სკამზე მოვკალათდი, ფანჯარას თავი მივადე და ვიგრძენი, როგორ დავიღალე, ისე, ზოგადად, საერთოდ. ტირილიც კი მომინდა, მაგრამ უცებ მივხვდი, უბრალოდ, პოსტ ახალი წლების დეპრესია იყო და ამიტომ მალევე მომეშვა.

მობილურს დავხედე, 20 იანვარი მომხვდა თვალში – ანუ დღე, როდესაც ის სიტყვები მითხრა „ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ“. მერე ერთი ტრეკი გამახსენდა, რომელიც ერთხელ მაჩვენა და მომეწონა. ჰოდა, ეხლა ვიფიქრე, როგორც იმ ვიდეოშია კაცი, მეც ისეთი შეწუხებული და მოგონებებით სავსე დავდივარ… ზუსტად 1 წელია.

6.

ჩემი მეგობრის Triops-ი მოკვდა, პატარა კიბოსნაირი ტიპი, რომელსაც უშანგი ერქვა. ჰოდა, 2 ტარტი გამოაცხო ერთი შოკოლადის, მეორე ლიმნის და ამ ამბავთან დაკავშირებით წავედით სხვა მეგობრებთან. ტარტები ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, სახლის პატრონმა კი ტკბილეულის გარდა, საზეიმო ვითარებაში, კოლბში გასახმობად გამზადებული უშანგიანი წყალიც გადაკრა არაყთან ერთად და ეს ყველაფერი სამახსოვროდ ვიდეოზეც გადავიღეთ.

იქ ყველას ვიცნობდი, თითქმის ყველას. ერთი ტიპი იყო ცოტათი უცნაური, ჯადოქარი ვარო, ამბობდა და რაღაც მომენტში გამოველაპარაკე:

– რითი შეგიძლია დაამტკიცო, რო ჯადოქარი ხარ, მე არ მჯერა ჯადოქრობის და მისტიკის, – ვუთხარი მეგობრული ტონით.

– გინდა რომ დავამტკიცო? – მკითხა და გაეღიმა, არც მიყურებდა.

– ჰო, თუ გინდა დაამტკიცე…

– მე არა, ეს შენ გინდა. აი, მაგალითად მითხარი რამე, რაც არასოდეს გაგიკეთებია და მე გაგაკეთებინებ, – შემომხედა და პუნშით სავსე ჭიქა გამომიწოდა.

– ჰმ… რავი, ბევრი რამე გამიკეთებია. მაგრამ, კარგი, სიტყვაზე ლექსი არ დამიწერია არასოდეს, – ჭიქა გამოვართვი, მივუჭახუნე და მოვსვი.

– ok, გადაგაქცევ პოეტად, just for one day, მიდი ჩაჯექი სავარძელში, – უცებ დასერიოზულდა.

ბუხართან სავარძელში ჩავჯექი. გარშემო მყოფები მხიარული ინტერესით შეხვდნენ ამ ექსპერიმენტს. მან ამასობაში სკამი მოიტანა, წინ დამიჯდა და თითები გაატკაცუნა.

– თვალებში მიყურე და ჩემთან ერთად ხმამაღლა დაითვალე ათამდე, მანამდე კი ეს გამომართვი, – ჯიბიდან პატარა ფურცელი და პასტა ამოიღო და გამომიწოდა.

გამოვართვი. თან უნდობლობისგან მეღიმებოდა და დავიწყეთ:

ერთი, ორი, სამი, ოთხ…..

თვალები რო გავახილე ცოტა თავბრუ მეხვეოდა, არადა ბევრიც არ დამილევია. ის, ისევ სკამზე იჯდა, საათზე დაიხედა. დანარჩენები მე მიყურებდნენ.

– ზუსტად 8 წუთი გეძინა, თუმცა საკმაოდ პროდუქტიულად… წაგვიკითხე! – საათიდან მზერა მოაშორა და თვალებით ჩემი მარცხენა ხელისკენ მიმითითა.

ხელში ფურცელი მეჭირა, გაკვირვებულმა დავხედე და ხმამაღლა წავიკითხე:

იმ ფილმებს მინდა ვუყურო ჩემი სიკვდილის მერე რომ გადაიღებენ

ის მოთხრობები წავიკითხო ჩემი სიკვდილის მერე რომ დაწერენ

იმ მუსიკას მოვუსმინო ჩემი სიკვდილის მერე რომ შექმნიან

„ის“ მინდა მინდოდეს სულ.

მეგობრებმა ტაში დაუკრეს. ლექსს თუ ჯადოქარს ვერ მივხვდი. კალიგრაფია აშკარად ჩემი იყო. ავხედე, კმაყოფილი სახით წამოდგა და თვალი ჩამიკრა.

 

Advertisements

8 thoughts on “ცარიელი დღეები (XXVII ნაწილი)

  1. triops დავგუგლე პირველი ^_^ რა სასაცილო ტიპია, ზუსტად უშანგია 😀 მეორე – შემოვდივარ წინადადებით, ოფიციალური ჟესტი იყოს ექსისთვის რაიმე მისი ნაჩუქარი ნივთის ჩვენება 🙂 ვფიქრობ ახლა მე რა ვატარო თან 😀 ბრენდი ხარ, ნონო, თავისუფლად შეიძლება ამის თქმა ❤

    Like

  2. “მაგრამ ვინ მაცადა პასუხის გაცემა, გამომიქანა იმ ჩემისამ და მლეწა. ” სასაცილო ფრაზა იყო. )))) P.S. შემიძლია კარგი track ჩაგიგდო. (ვშიშობ, გეცოდინება)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s