ცარიელი დღეები (XXVIII ნაწილი)

 

Let me see your pretty little smile

– White Stripes

1.

Wall-ში მივედი, როგორც ყოველთვის თითქმის სულ მეგობრები იყვნენ, ცოტა დავლიე, შიგნით ნეტი არ იჭერდა და გარეთ გამოვედი. ფბ-ზე შევიხედე. ძაან ციოდა, ყინვა იყო. მაგრამ ნასვამი ვიყავი და დიდად ვერ ვგრძნობდი. უცებ ეზოში პატარა ბიჭი შემობოდიალდა.

– რა გინდა შენ აქ, ღამის 2 საათია, რატო არ გძინავს? – ვკითხე და სიგარეტს მოვუკიდე, ის იშვიათი მომენტი იყო როცა ვეწევი ხოლმე.

– შენ რატომ არ გძინავს? – შემომიბრუნა შეკითხვა, მაგრამ რაღაცნაირად არაუზრდელურად.

– მე დიდი ბიჭი ვარ და შენ რამდენი წლის ხარ? – თან ჩავიკუზე, რაღაც ფსიქოლოგიური მიდგომა გამახსენდა, ბავშვს ზემოდან რომ არ უნდა უყურო.

– რვის და შენ თუ ბიჭი ხარ საყურე რატომ გიკეთია? – მომაშტერდა ყურზე.

– ჰმ, ბიჭებსაც უკეთიათ საყურე, – ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი, მაგრამ საყურეს მაინც ეჭვით უყურებდა.

მერე თვალებში შემომხედა და მივხვდი, რო ძალიან ლამაზი თვალები ქონდა, თან ბავშვური, თან დიდური, თან მხიარული, თან სევდიანი, თან ღია, თან მუქი. ფერს მაინც ვერ გავარჩევდი, დალტონიკი ვარ, მაგრამ რო უბრჭვინავდა თვალები, ფაქტი იყო.

– მიდი ეხლა დაიძინე, გვიანია მართლა ძაან!.. რა გქვია? – თან ისევ თვალებში ვუყურებდი.

– არ მეძინება მე… და შენ დაიძინე და იქ დარჩი მერე სიზმარში, იმიტომ რომ მგონი აქ არ ხარ კარგად, – თქვა, შეტრიალდა და წავიდა.

ცოტა ხანი გაუნძრევლად ვიყავი, შემცივდა, მერე გავიმართე, შევამჩნიე რო სიგარეტი თავისით ჩაიწვა და უკან შევბრუნდი.

2.

გალერიში დაბადების დღეზე დამპატიჟეს, ზემოთ მეორე სართულზე.

ტაქსიში ჩავჯექი, ცოტა გავიარეთ და დავაფიქსირე, რო მძღოლს ერთ ხელში მობილური ეჭირა და მესიჯობდა, მეორე ხელით სიგარეტს ეწეოდა, რომლის ნამწვავიც ფანჯრიდან გადააგდო.

– რატომ ანაგვიანებთ ჩვენს თბილის ქალაქს? – ვკითხე მეგობრული ტონით.

– არ ვარ ბრატ მე თბილისელი, – მითხრა და ასევე მეგობრულად გამომხედა.

– ნუ, მაშინ ჩვენს სამშობლოს საქართველოს, – შევაპარე ხმაში ოდნავ სიმკაცრე.

– ვაბშეტა ია ნე გრუზინ! – თქვა რაღაც აქცენტების ნაზავით და უშნოდ გაიღრიჭა.

– ვაჰ, შე დედამოტყნულო, ამ პლანეტიდან მაინც ხო ხარ, – მარა ეს უკვე გავიფიქრე და აღარაფერი მითქვამს.

დაბადების დღეზე დავლიე/მოვწიე. თან SvanSikh-ის ლაივი იყო, რაღაც მომენტში Gesaffelstein და Madonna გამიქსეს და ძაან კარგი მომენტი იყო ეგ. მერე გვიან ქვემოთ ჩავედი, თომა უკრავდა, როგორც მიყვარს ხოლმე, შევძვერი და DJ-ს გვერდით ვიდექი, რაღაც ენერგია მოდის მაგ წერტილში ხალხისგან, ნუ, DJ უშვებს და მერე ხალხისგან ბრუნდება, მოკლედ როგორც არის, ვიდექი და თომასკენ მოტრიალებულ ენერგიას ვინაწილებდი…

3.

ღამე ხილიანის აღმართზე ფეხით ამოვედი, ეზოში შევუხვიე და შლაგბაუმთან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე. ის ტიპი იყო, თავს ჯადოქრად რომ ასაღებდა. მივუახლოვდი, ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე და გავუწოდე. გამომართვა, ისე დადგა რომ განათება დაცემოდა და ხმამაღლა წაიკითხა:

ჩემი სახლის გასაღები იმას აქვს, ვინც არასოდეს მოვა

და არ ვიცი, რამდენი ხანი გავა მანამდე

ისევ მექნება ეს შეგრძნებები ტონა

თუ იმ დროისთვის ყველაფერი დავა გრამამდე

– კარგია, ყოჩაღ… არასოდეს-მდე დროს რო ზომავ მომეწონა, – შემაქო და ფურცელი უკან გამომიწოდა.

– მე არ მომწონს! არ მიყვარს პოეზია! და საერთოდ არ ვწერ მე ლექსებს! – ვიყვირე და ჩემმა ხმამ გამაღვიძა.

არც მახსოვდა სახლში როდის და როგორ მოვედი.

4.

მეგობრებმა დამირეკეს, ცოლ-ქმარმა, მოგვენატრეო და ჩვენთან სტუმრად მოდიო, მყუდროდ დავსხდეთ, ბევრი ხალხის და ალკოჰოლის გარეშე დავილაპარაკოთო. მივედი, ბლინები დამახვედრეს და ფრაზა, რომელიც ბოლო დროს ხშირად მესმის ხოლმე:

– მოგვიყევი ეხლა რამე ისეთი, რაც ბლოგში არ წერია.

იქიდან ჩემს ძმასთან წავედი და კოენების Inside Llewyn Davis ვნახეთ. ძაან არ მოგვეწონა. მეორე დღეს ვუდი ალენის Blue Jasmine-ს ვუყურე და ვფიქრობდი იმაზე, როგორი მატყუარა რამეა ხანდახან ტრეილერი. კოენების ფილმი მეგონა საინტერესო იქნებოდა და ალენის ფილმი მოსაწყენი მომეჩვენა და ფილმები როცა ვნახე, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.

ვუდის ფილმში ერთი ფრაზა მომეწონა ძალიან, ქეით ბლანშეტი, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს, ამბობს – There’s only so many traumas a person can withstand until they take to the streets and start screaming. – რაც დაახლოებით ასე ჟღერს – ადამიანს შეუძლია ბევრ ტკივილს გაუძლოს, იქამდე, სანამ ქუჩაში გამოვარდება და ყვირილს დაიწყებსო. – ჰოდა, პირადად მე ასე ვიტყოდი: ადამიანს შეუძლია ბევრ ტკივილს გაუძლოს, იქამდე, სანამ ადგება და ბლოგის წერას დაიწყებს.

5.

ფეისბუქზე შევედი და დავპოსტე – მამაჩემმა თარგმნა და ვისაც დაგაინტერესებთ მობრძანდი-თქო:

ორშაბათს, 1 თებერვალს, 6 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ლიტერატურული მისტიფიკაციის – რუბოკო შოს ეროტიკული ტანკების კრებულის „კომატის ღამეების“ პრეზენტაცია. მისამართი – ივანე მაჩაბლის ქ. 13

მერე იმ მეგობარმა, რომელმაც წერა დაიწყო, თავისი ბლოგის ახალი ნაწილი გამომიგზავნა, სადაც ჩემზეც ეწერა, ის დღე იყო აღწერილი, სტუმრად როცა მივედი – ბლოგი რომ არ დაგეწერა, მე წერას არ დავიწყებდიო, წერა რომ არ დამეწყო, ამ მეგობარს ვერ გავიცნობდი, ვისთანაც ეხლა ვართ სტუმრადო და შესაბამისად ეხლა შენც ვერ დაგპატიჟებდი და აქეთკენ გზაზე მომავალს ვერ შეგხვდებოდა ის გოგო, რომელიც 10 თვეა არ გინახავსო. მოკლედ ასე იყო გადაჯაჭვული ყველაფერი.

ძილის წინ კომენტარებს გადავავლე თვალი, წინა კვირას რაც მომწერეს და ერთი სასაცილო თემა გამოიკვეთა:

შემოვდივარ წინადადებით, ოფიციალური ჟესტი იყოს ექსისთვის რაიმე მისი ნაჩუქარი ნივთის ჩვენება 🙂 ვფიქრობ ახლა მე რა ვატარო თან. – წერდა ერთი.

შეიძლება მე ჩემს ყოფილ შეყვარებულს ლიფი ვაჩვენო ))) – მოუწერია სხვას.

მოკლედ ასე იყო თუ ისე, ხალხი ხალისობდა, რაც მე ისევ ძველებურად მანიჭებდა სიამოვნებას.

6.

იმ უცნობმა გოგომ, „ცარიელი დღეები“ რომ ამობეჭდა და აკინძა – რაღაც მაქვს შენთვის და გეტყვი სადაც უნდა მიხვიდე და აიღოო. – თან გაარკვია, რო საბურთალოზე უფრო მაწყობდა და ცოტა ხანში მომწერა:

გაბრაზებული ვარ, საშინლად ვიწვალე, არაფრით არ დაიტოვეს დანიურში, ბოროტებმა. ხალხმა დაკარგა ნდობა, ბომბი ეგონათ : )) მოკლედ, დანიურთან რომ საქართველოს ბანკის შენობაა, პირველ სართულზე, უკანა კართან, მარცხენა მხარეს კედელზე არის გიფსოკარდონის დიდი ფილები მიყუდებული და იმის უკანაა. თუ ვერ მოახერხებ მისვლას, მითხარი, რომ ავიღო. ადვილი მოსაძებნია, უბრალოდ 8 საათის მერე ცენტრალური კარი იკეტება და მხოლოდ დანიურის მხრიდან, პარკინგის ეზოდან არის შესასვლელი ღია. ჰოდა, იქიდან შედი.

ძაან კარგი იყო, რაღაც თამაშივით გამოდიოდა, ბლოგის ბონუსივით. კარგად, ვერ მივხვდი, სად უნდა მომეძებნა, მაგრამ ვიფიქრე, ადგილზე გავერკვევი-თქო. მივედი და მართლა კინოგმირივით – რაღაც ისეთი სპილბერგის ფილმებში ტომ ჰენქსი რო თამაშობს და 60-ან წლებში რო ხდება ხოლმე მოქმედება – ვეძებდი, წესიერად ეხლაც არ მესმის, როგორ მოვნახე ის ადგილი და დამალული პაკეტი გამოვაძვრინე. ალბათ ხვდებით, რაც დამხვდა შიგნით. რა თქმა უნდა, ამობეჭდილი და აკინძული „ცარიელი დღეების“ პირველი ეგზემპლარი. ძალიან სახალისო და გასართობი იყო. გამიხარდა.

ღამით როცა დავწექი, იმაზე ვფიქრობდი, რო ფბ-ზე ყველას „მემორი“ უგდებს ძველ რაღაცეებს, მე კი ეს ექაუნთი 4 თვის წინ შევქმენი და ამიტომ „მემორი“ არაფერს მიგდებდა. მე თვითონ ვიყავი ჩემი თავის „მემორი“ და გამახსენდა, რო ზუსტად 1 წელი გავიდა იმის მერე, იმერეთში გაჩერებაზე მარტო რო ვიჯექი 6 საათი და ველოდებოდი. მაშინ ბევრი მეგონა 6 საათი, ეხლა კი მივხვდი, რო სულაც არაფერია… უკვე 365 დღე გავიდა, რაც იმ გაჩერებაზე ვზივარ.

 

 

 

8 thoughts on “ცარიელი დღეები (XXVIII ნაწილი)

  1. არა რა, უნდა ვთქვა: ვიძახი ხოლმე თავიდან უფრო გულიანად და გრძნობით წერდა, მერე და მერე უფრო “გაუუფერულდა” სიუჟეტითქო, მაგრამ ახალ თავს როგორც კი ვნახავ ეგრევე ჩავუჯდები და სიამოვნებით ვკითხულობ )))… ერთი ჩემი მეგობარიც წერდა თურმე ბლოგს, როცა ასე ძალიან ტკიოდა და მერე შეწყვიტა… ვთხოვე გააგრძელეთქო, მე რო მიყვარს ისეთიათქო, კარგი ხართქო… არაო, ახლა მარტო კუჭი მაწუხებს, და კუჭზე ხო არ დავწერო…
    ანუ იმას მოვაყოლე, ზოგჯერ შენს ბლოგს რომ ვკითხულობ მგონია, რომ რაც დრო გადის ბლოგის მუღამი უფრო გაქვს, ვიდრე “შენაგან ხმას” მიყვები… მაგრამ ყველა თავში თითო ისეთ “პეწს” გაუშვებ, არა, ეს მართლა კარგი ბიჭიათქო- გამომაქვს დასკვნა))))
    ბევრი ვწერე ალბათ, თან მოკიბულ-მოკიბულად… მაგარმ, როცა რაღაც მომწონს მჩვევია ასე უსასრულოდ ლაპარაკი…მოკლედ, მომწონს რა შენი ბლოგი, ამის თქმა მინდა ❤

    Like

  2. მიყვარს ვუდი ალენი და ჯეკ უაითიც და Tame impala-ც და ის მომენტიც აქ რო შემოვდივარ, ახალი პოსტი მხვდება, ყავას ვისხამ, ყურსასმენებს ვიკეთებ ახალი ნაწილის საუნდტრეკს ვრთავ ^_^

    Like

  3. როგორ უნდა ინატრო, რომ ადამიანს სულ ტკიოდეს რამე… საიმისოდ, რომ ბლოგი წეროს… თუ ეს არაადამიანობა არაა, მაშინ ვნატრობ ^_^

    Like

Leave a comment