ცარიელი დღეები (XXX ნაწილი)

You always seemed so sure

– Arcade Fire

1.

წინა ნაწილი გვიან დავდე, უკვე პარასკევი იყო. მანამდე მეგობარმა მომწერა, ველოდებით სად არისო. წარმოვიდგინე, როგორ ისხდნენ სამზარეულოში ყველანი ერთად, ნერვიულად სიგარეტს ეწეოდნენ და ელოდებოდნენ, სასაცილო იყო. მერე ჩემი ძმა გამეხუმრა, რატო აგვიანებ, ფანები ელოდებიანო და ეგეც წარმოვიდგინე, სადღაც სტადიონზე შეკრებილი ხალხი როგორ ელოდებოდა, ესეც სასაცილო იყო. მარა ბოლოს დედაჩემმა როცა მომწერა, არ ვიძინებ, სად არის ახალი ნაწილიო. უკვე აღარ იყო სასაცილო.

მოკლედ, მერე როცა ავტვირთე, მესიჯები მივიღე, ჩვენს ცარიელ დღეებს გვივსებს შენი „ცარიელი დღეებიო“. რაღაც პარადოქსი გამოდიოდა თითქოს, მარა მაგას აღარ ჩავუღრმავდი, უბრალოდ სასიამოვნოდ დავიმუხტე და ისევ წერა მომინდა. ერთ მესიჯში მეგობარი მიყვებოდა, როგორ ნახა თავისი ექსი და ცუდად გახდა, მთელი დღე უხასიათოდ იყო და უცებ გაახსენდა „ჩემი შეხვედრა მარშუტკაში“, მაისური როცა ვაჩვენე და ამის გახსენებამ კარგ განწყობაზე დამაყენა და პოზიტიურად შევხედე ყველაფერსო. ბოლოს კი მითხრა რო „The Coffee Bean & Tea Leaf” წადი, იქ საჩუქარი დაგიტოვეო.

წავედი და ძაან მაგარი რამე დამხვდა, CD იყო – „ცარიელი დღეების“ საუნდტრეკი, ანუ ყველა ის სიმღერა ერთად ჩაწერილი, რომლებიც წინ აქვს ხოლმე ჩემი ბლოგის თითოეულ ნაწილს დართული. აი ასე… ძალიან კარგია, როდესაც ადამიანებმა იციან ერთმანეთის გახარება.

2.

დილით დამირეკეს და სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრებაზე დამიბარეს. მივედი. გავესაუბრე. 1 კვირაში დაგიკავშირდებოთო. ამ დროს ნაცნობმა დამირეკა და იმანაც სამუშაო შემომთავაზა. სულ ასეა ხოლმე, ან არაფერი ხდება, ან ბევრი რამე ერთად.

მერე ერთ ულამაზეს გოგოს შევხვდი, თანაც ამ გარეგნული სილამაზის გარდა, ბევრი სხვა დადებითიც ქონდა. ცოტა დამაგვიანდა და, რო არ გაყინულიყო, სათამაშოების მაღაზიაში შევიდა, ხოდა, რო მივედი, ძალიან ლამაზი კადრი დამხვდა – მის გარშემო ყველაფერი სულ ჭრელი იყო და თვითონაც ფერადი. მერე Wendy’s-ში 2 ყავა ავიღეთ, მის ჭიქას მისი სახელი დააწერეს, ჩემსას ნონა. ცოტა ხანი ფეხით ვისეირნეთ, რაღა თქმა უნდა, როგორც ასეთ დროს ხდება, სისულელეებზე ვილაპარაკეთ და მალე დავიშალეთ. გარკვეული მიზეზების გამო არაფერი არ ხდებოდა, მარა მაინც აუტანლად სასიამოვნო იყო.

ღამე სახლში რო მივედი მეგობარმა გამომიგზავნა ეს ნახეო:

http://tinyurl.com/hfae9tn

ვიღაცის ბლოგი აღმოჩნდა სახელად „სხვისი ამბების დაცარიელება“, სადაც მე და „ცარიელ დღეებიც“ ვართ ნახსენები, თან წერია „ცარიელი დღეები“ წაკითხული არ მაქვსო. ნუ, მე წავიკითხე ეს „სხვისი ამბების დაცარიელება“ და მომეწონა კიდევაც. ჰოდა, რავი, აი ეხლა ზუსტად ამ წამს შეიძლება უკვე თვითონაც კითხულობს „ცარიელ დღეებს“.

3.

„მზესუმზირას“ ფართი იყო არტ-კაფეში, ჩემ ძმას და მეგობრებს დავურეკე, მითხრეს რაღაც კაფეში ვართ, გამოგვიარე და ერთად წავიდეთო, გავუარე და გამახსენდა – ამ კაფეში ერთხელ ვიყავით ნამყოფი მე და „ის“, „ინტერსტელარი“ ვნახეთ „ამირანში“ მეგობრებთან ერთად და მერე შემოვიარეთ გემრიელი შეიკების დასალევად…

მოკლედ, ფიქრებიდან გამოვერკვიე და მივედით „მზესუმზირაზე“. ბევრი ხალხი იყო, სასმელი ავიღე, დავდექი ჩემთვის და ვწრუპავდი. ამ დროს ერთი ნაცნობი მოვიდა და მეკითხება:

– რატო აკეთებ ამას? – თან ეღიმება.

– რას ვაკეთებ? – ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ვიდექი ჩემთვის წყნარად, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად.

– რას აკეთებ და დგახარ და იპრანჭები! – მითხრა სიცილით და მეც გამეცინა, წარმოდგენა არ მქონდა ამის შესახებ. მართლა სასაცილო ფაქტი იყო.

მერე, როგორც ვიცი ხოლმე, DJ-სთან შევძვერი და იქ ვცეკვავდი, თან უკვე ძაან მთვრალი. ბოლო რაც მახსოვს, ერთი ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იმას ვამშვიდებდი და ეგრე იქვე ტახზტე ჩაგვეძინა ერთად. რო წამოვედით, გათენებული იყო.

4.

საღამოს რო გამეღვიძა, HOLMES&WATSON-ში მივედი, საქმეს მალე მორჩნენ და „Rooms”-ში წავედით, პირველად ვიყავი და კარგი იყო, ძალიან ხარისხიანი კოქტეილები გაგვიმზადა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც ბარში მუშაობს, მუსიკაც ძალიან კარგი იყო, მარა მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც იყო ჰაერში მაინც საშინლად უსიამოვნო, სუნამოს გადამეტებულ სურნელთან შეზავებული საშინელი თბილისურ-სნობური განწყობის არომატი. თავისუფლება აკლდა ამ ხალხს, თუნდაც წინა დღეს „მზესუმზირას” ფართიზე მყოფი ადამიანებისგან განსხვავებით.

იქიდან „მოზაიკაში“ შევიარეთ. იქაც გადაჭედილი იყო ყველაფერი. „მოზაიკას“ პატრონმა მომიყვა, გუშინ ვიღაც ტიპი იყო მოსული და ასე ამბობდა, ეს Wall-ი რა გაქაჩულია, მარა აბა რა იქნება, იმდენს ახსენებ „ცარიელ დღეებშიო“. ხოდა, არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, მაგრამ ასე რომ ამბობენ, უკვე ესეც კაია.

მერე მოგვშივდა და იქიდან „სამიკიტნოში“ წავედით. ბიჭებს ვთხოვე, მაშინდელივით იმდენს ნუ შეუკვეთავთ, რო მერე სახლში გამატანოთ კონტეინერებით ნახევარი საჭმელი-თქო და ამჯერად ეტყობა უფრო ფხიზლები იყვნენ და ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს.

5.

მეორე დღეს მამაჩემის ლექციაზე წავედი. 8 ლექცია უნდა წაიკითხოს თემაზე „სახელმწიფო და მაფია“ ჰოდა, ეს პირველი იყო, კარგად ჩაიარა, მსმენელებიც იყვნენ და, რაც მთავარია, ყურადღებით უსმენდნენ. დარბაზში ვიცოდი რო 2 გოგო უნდა ყოფილიყო, დები, რომლებსაც ლექციაც აინტერესებდათ და ამის გარდა დათქმული გვქონდა, რო გაგვეცნო ერთმანეთი, ბლოგის ერთგული მკითხველები იყვნენ. მაგრამ მე სახეზე ვერ ვიცნობდი, ისედაც ცუდი მხედველობა მაქვს და თან რატომღაც დარბაზში Wi-Fi-ც არ იჭერდა. ამიტომ ლექციის დროს ცოტა ხნით ბიბლიოთეკის დარბაზში ჩავედი და მოწერილი დამხვდა:

– რატო გახვედი?

– იმიტო, რო ნეტი არ იჭერს მანდ, ვერ გხედავ, – მივწერე სმაილებით.

– დამაგვიანდა და უკან დავჯექი.

– კაი, შემოვალ ეხლა, – და შევბრუნდი.

ჰოდა, მოკლედ, ლექცია რო მორჩა, როგორც იქნა წესიერად მივესალმე იმას, ვისაც ვწერდი და მის დასაც… და მოვილაპარაკეთ, რო სხვა ლექციებზეც შევხვდებით და მერე სადმე წავალთ ერთად, უფრო კარგად რომ გავიცნოთ ერთმანეთი.

იქიდან დედაჩემთან წავედი, ღამემდე იქ ვიყავი, 2 ეკლერი მაქვს და თუ გინდა ჩაი დალიეო, კი მინდოდა, მარა, არა მაიტა თან წავიღებ-თქო, ვუთხარი და წავედი ერთ მეგობართან სამსახურში, რომელიც გვიანობამდე მუშაობს და ვიფიქრე ესიამოვნებოდა, მარა აღმოჩნდა დიეტაზე და მაინც მე ვჭამე. რას მოიგონებენ ხოლმე ეს ლამაზი გოგოები ამ დიეტებს არ მესმის. ნუ, თუმცა ისე მგონია, რომ ეკლერების გარეშეც ესიამოვნა ჩემი ვიზიტი და ცოტა გავამხიარულე.

6.

დილით გამეღვიძა და კბილი მომტყდა, თან საღამოს ჩემი ძმის დაბადების დღე იყო და სასწრაფოდ რო არ გამეკეთებინა, დაბადების დღეზე კი არა, საერთოდ არსად არ წავიდოდი ესე არასოდეს. ჰოდა, მივედი ექიმთან, თან ჩემი ექიმი ისვენებდა იმ დღეს, მარა ესეც დავიკიდე, ვალიუმიც კი არ დამილევია და 2 საათი ვიჯექი პირღია, რაღაც კოშმარებს მიკეთებდნენ, კბილებში რკინები ჩამიდგეს, ღრძილებში თოკები და ბოლო-ბოლო ყველაფერი დროულად და კარგად გამიკეთეს. რო გამოვდიოდი, ექიმმა კონსულტანტ გოგოზე მითხრა, ისე რო იცოდე, ბებიამისიც ანთაძეაო. ვაჰ-თქო, შევიცხადე ხმამაღლა და ემოციურად და არ ვიცი, იმათმა რა იფიქრეს, მაგრამ ჩემი რეაქცია იმით იყო გამოწვეული, რომ „იმის“ ბებიაც ანთაძეა.

იქიდან სალონში წავედი, მივედი, დავჯექი და როცა ჩემს პარიკმახერს „თმები შემჭერის“ მაგივრად, „თმები გამიკეთე“ ვუთხარი, აი მანდ დავეჭვდი, მართლა ნაშა ხო არ ვარ-თქო, ძმის დაბადების დღის ფართიზე წასვლამდე ფაქტიურად მარტო ვარცხნილობის დასაყენებლად რო წავედი საპარიკმახეროში.

დაბადების დღეზე ძაან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი სასმელი და ძალიან ბევრი მუსიკა იყო. ერთი Blind date-ც მქონდა, თუმცა ამ fb-ს გადამკიდე მთლად Blind აღარც გამოდის. მოკლედ, მოვიდა ერთი მშვენიერი გოგო, მარა ამდენი უცხო ადამიანი რო ნახა, ცოტა უხერხულად იგრძნო თავი და მალე წავიდა, იმ პირობით, რო კიდე შევხდებოდით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. მე აბსენტს ვსვამდი და ნელ-ნელა ყველაფერი ბუნდოვანი ხდებოდა, მთავარი იყო, იგრძნობოდა, რო ხალხი გადასარევად ერთობოდა და ყველას ნასიამოვნები გამომეტყველება ქონდა.

დასაძინებლად როცა დავწექი, ვიღაცამ სქრინშოთი გამომიგზავნა სადაც 1 საათიანი ტრეკი ჩანდა, ჩავრთე და გამახსენდა, რო ჯადოქარი კაი ხანია არ გამოჩენილა, თითქოს მომენატრასავით…..

Advertisements

2 thoughts on “ცარიელი დღეები (XXX ნაწილი)

  1. ყველაზე ადამიანური ბლოგერ ხარ რა ❤ სხვის პოსტებსაც კითხულობ და სხვებსაც გვაკითხებ ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s