ცარიელი დღეები (XXXI ნაწილი)

Say anything you like

– Wild Nothing

1.

იმ გოგომ, გერმანიაში რო ცხოვრობს და კარგად რო ავეწყვეთ ჩატში, მომწერა, ერთი კვირით რო უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში, ეგ ამბავი აღარ გამოდის, ვერ ვახერხებო. ამიტომ ჩვენი გაცნობა გაურკვეველი დროით გადაიდო. ორივე ვაცნობიერებდით, რო ასეთ სიტუაციაში რთული იქნებოდა ამ სასიამოვნო მუხტის შენარჩუნება. ლეპტოპი გადავდე, ავდექი და ბასკის ჩავეხუტე. ბასკი ძაღლია და ძალიანაც გაუხარდა. კიდევ კარგი, მე იმას მაინც ვაცნობიერებდი, რო ამ მომენტში სენტიმენტალური-ბანალურობის მწვერვალზე ვიყავი. მერე ბასკი გადავდე, ავდექი და ლეპტოპთან დავბრუნდი.

– იცი რა დამესიზმრა? – მივწერე და თითები გავატკაცუნე.

– რა?

– ოთახში ვიყავი, მუსიკა იყო ხმამაღლა და ნეონის შუქები და ბევრი ხალხი, ბევრი გოგოები, ბევრი ლამაზი, ვცეკვავდით, ზოგი მოდიოდა, მკოცნიდა, ზოგი ჭიქას მიჭახუნებდა, ზოგი თვალს მიკრავდა, მერე ერთი გოგო მოვიდა უცებ, ყველაზე ლამაზი, ხელი მომკიდა და წამიყვანა, ჟრუანტელმა დამიარა, ძაან სასიამოვნო იყო, გასაგები გახდა, სადაც მივყავდი, იმ ოთახიდან გამიყვანა სხვა ოთახში, სადაც მეტი არავინ იყო, რო შევედით, მეგონა ეხლა ტუჩებში მაკოცებდა, ძაან მომწონდა. ხოდა უცებ მუცელში ჩამარტა ხელი და გავიდა… დავეცი… რო გამეღვიძა, მუცელი მტკიოდა… ეხლავე გაჩვენებ მაგ გოგოს ფოტოს, – და ჩატში თავისი ფოტო ჩავუგდე.

– ძაანაც კარგი მიქნია, – მომწერა სმაილებით.

– არაფერიც არ დამესიზმრა, ეხლა მოვიგონე უცებ, – მივწერე და გამეღიმა. იქიდანაც იგივე მივიღე.

2.

ერთმა გოგომ მომწერა:

– გუშინ ოპერასთან ჩაის სახლში რამდენიმე გოგო-ბიჭი ისხდა და რაღაცაზე ერთმა გოგომ იკივლა, ეგ ნონო ანთაძეაო.

– კაი რა, იგონებ ხო? – მე მაინც ბოლომდე არ მჯეროდა ესეთი ისტორიების.

– რასაც შენ გოგოებზე წერ, ვინმე სადმე რამეს კიოდეს, რა გასაკვირია, – მითხრა და ერთად ვიცინეთ.

მერე სხვა თემაზე საუბარს შევყევით და ერთ ძაან სასაცილო ფორმულამდე მივედით, ერთ-ერთ ნაცნობზე ვლაპარაკობდით, მისი პიროვნული თვისებები გავიხსენეთ და მე ვთქვი, ღმერთივით კაციაო-თქო, ამაზე მიპასუხა, რელიგიურია ძაანო და როგორც კი ეს გავიგე, ეჰ, ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა-თქო. სასაცილოდ გამოვიდა – ღმერთივით კაცი, როგორც კი გარელიგიურდა, ეგრევე ჩვეულებრივად გადაიქცა. ნუ, მოკლედ, მიმოწერის სწრაფ ტემპში ეს ძაან სასაცილოდ გამოჩნდა და ეხლა არ ვიცი.

გვიან ღამით, ის გოგო ვნახე, ჩემი ძმის დაბადების დღეზე Blind date რო მქონდა. ჰოდა, ამჯერად ხალხმრავლობა აღარ იყო და რაც ვივარაუდეთ, ის მოხდა, ანუ უხერხულობა გაქრა.

3.

HOLMES&WATSON-ში მივედი და ერთ გოგოს მივწერე, რომელიც იქვე ქვედა სართულზე მუშაობს, შენი ფეხი არ დავინახო აქ-ო. უცებ მიპასუხა და არ იცოდა, რო იქ ვიყავი და შეეძლო ზუსტად ნახევარ წუთში დაენახა ჩემი ფეხი. ჰოდა, ჩავედი ეგრევე. აღმოჩნდა, რო სხვა მეგობარი მწერდა მისგან. მოკლედ სახალისო ამბავი გამოვიდა.

მერე უკან ავბრუნდი და ყველანი ერთად წავედით „მეტროში“ რაღაც ფართიზე. ოღონდ მე ჯერ Wendy’s-ში ერთ გოგოს შევხვდი, ყავა დავლიეთ. გვერდით მაგიდაზე ნაცნობები ისხდნენ, მივესალმე წესიერად, მარა გვიან სახლში რო მივედი, ფეისბუქის კედელზე ფოტო დამხვდა – როგორ ვზივართ მე და ეს გოგო და ვსვამთ ყავას, თითქოს პაპარაციმ გადაუღო სელებრით-წყვილს. რა საჭირო იყო, ვერ მივხვდი, მითუმეტეს იმის მერე, რაც მივესალმე, თორე ჩუმად რო ექნათ და არ მცოდნოდა ვინ გადაიღო, კიდევ ჰო. მოკლედ, რამე ხო უნდა მექნა საპასუხოდ, ავდექი და ის გოგოც დავთაგე, ვისთანაც ერთად ყავას ვსვამდი. თუ ეგონათ ძაან შემეშინდებოდა ამ ფოტოსი, გაეგოთ, რო არაფერი დიდი ამბავი არ ხდებოდა.

მოკლედ „მეტროში“ იმ ფართიზე რო მივედით, ჭიქები აღარ იყო და ამიტომ პირადპირ ბოთლიდან ვსვი ვისკი. გემრიელად გამოვთვერი. ისეთი ამბავი იყო, ბოლოს პატრული მოვიდა,  ჰოდა, ამიტომ წავედით მუსიასთან. იქ კიდე დავლიეთ, მერე მუსიამ ფოტო გადამიღო, ატვირთა, დამთაგა და „ცარიელი დღეები“ დააწერა – ფოტოზე ხელში მუსიას კაი ხნის წინ დახატული ნახატი მიჭირავს – ტუჩები, „იმის“ ტუჩები.

4.

ტაქსიში ვიჯექი და რაციაში ვიღაც ყმუოდა საზარელ ხმაზე:

– რა არის ეს, რა ხმაა? – ვიკითხე შეწუხებული ტონით.

– აუ, არ ვიცი, ამის გიჟი დედა ვატირე, ვიღაცა დააჯდა ჩვენ ხაზს და ესე გვიღმუის, იდიოტია, დაგვღალა რა, აღარ შეგვიძლია, – ჩაარაკრაკა მძღოლმა. მერე ქუჩაში შავკანიანებს მოკრა თვალი და მეუბნება:

– მე ამათ მანქანაში არ ვიკარებ რა…

– რატო? – ვკითხე და „რატო შე ყლეო-თქო?“ ვიფიქრე.

– არ მევასებიან.

მანქანიდან რო გადმოვდიოდი, რაციიდან ისევ საშინელი ხმა ისმოდა და ღირსი ხარ, ამ ყმუილს რო უსმენ-თქო, გავიფიქრე. Wall-ში რო შევედი, ჩემს მეგობარს მოვუყევი და წარმოიდგინე ეხლაო – დენზელ ვაშინგტონი და ნაომი კემპბელი რო დგანან და ეს რო არ უჩერებს, მანქანას არ აკარებსო – გავსკდით სიცილით. Wall-ში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ეზოში გამოვედი და ფბ-ზე შევძვერი, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, კიდევ ის უცნაურთვალებიანი ბავშვი არ მოვიდეს-თქო, მარა არ გამოჩენილა.

ღამე მამაჩემთან მივედი და თავისი ახალი თარგმანი მაჩუქა – არტურო პერეს-რევერტეს „დიუმას კლუბი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოუშვა. ნამდვილად კარგი საჩუქარი იყო.

5.

დაბადების დღეზე დამპატიჟეს და ვერ წავედი. Event page-ზე ვიღაცამ შეკითხვა დასვა, პლუს ერთის მოყვანა ხო შეიძლებაო და იქ რაღაც ხუმრობით დავწერე, რო ყველა მარტო უნდა მივიდეთ და თავისი პლუს ერთები იქ ვიპოვოთ-თქო და მეორე დღეს იუბილარმა მომწერა, წინასწარმეტყველი ხარ, ყველა დაწყვილდა, ისე მოხდა, რო მარტო არავინ დარჩაო.

საღამო იყო, მუსიკას ვუსმენდი, ამ დროს, წინა ნაწილში სხვა ბლოგი რო ვახსენე, სადაც ჩემზე და ჩემს ბლოგზე ეწერა, კიდევ გამომიგზავნეს, 2 ახალი ნაწილი დაუწერიაო და აი რა დამხვდა იქ:

“ისევ დამილინკა ჩემმა მეგობარმა ნონოს ბლოგი. კითხვას შევყევი და თითქმის ყველაფერი წავიკითხე. საკაიფოდ იკითხება. ცოტა გამიტყდა, რომ არ მქონდა წაკითხული და ასე პირდაპირ დავწერე. მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ, ახლა წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ერთნაირად ვფიქრობთ. ნამდვილი ნაივური სუპერია. ნონოური, უფრო სწორად.”

მოკლედ, კარგი იყო იმის აღმოჩენა, რო სადღაც, ვიღაც უცნობი ადამიანი, მნიშვნელოვან საკითხებზე ჩემსავით ფიქრობდა. მუსიკის მოსმენა გავაგრძელე და ვიფიქრე, 32-ე ნაწილს Kasabian-ის Goodbye Kiss დავურთავ-თქო. როგორც ვიცი ხოლმე, იმდღესაც მთელი დღე მარტო ერთ სიმღერას ვუსმენდი. მერე იმ ბლოგის მეორე ნაწილი ვნახე და გამოვშტერდი, ზუსტად ეს სიმღერა ქონდა ბოლოში მიბმული?! რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს? ა, ჰო! – მგონი რაღაც არსებობს. მერე მივხვდი, რო ამის გამო ამ სიმღერას აღარ დავურთავდი. მარა მაინც კარგი იყო. თან იმასაც მივხვდი, რო სამაგიეროდ ასე მაინც მოვყვებოდი ამ ამბავს და აი მოვყევი კიდევაც.

6.

Winter Set-ზე დამპატიჟეს ჩემმა ძმამ და მეგობრებმა, Sleep Party People უკრავდა, ბევრი ხალხი იყო, დავლიე ერთი ჭიქა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. სცენაზე კურდღლები დახტოდნენ, მეც ცოტა წავიცეკვე, წინ ვიღაც ტიპი იდგა, შემომიტრიალდა და ჯადოქარი აღმოჩნდა, რაღაცას მაჩეჩებდა ხელში, არ მინდა ლექსი-თქო ვიფიქრე, მარა მაინც გამოვართვი და ჯოინთი აღმოჩნდა. მოვწიე ერთი-ორი და ძაან კაი იყო. უკან შრუტე მედგა და ვიფიქრე, ეხლა თუ დაინახა, რამე სიგიჟე სტატუსს დაწერს ამაზე-თქო. მერე გავიფიქრე, „ისიც“ რო აქ იყოს ეხლა-თქო, გარშემო ბევრი წყვილი იყო და იმაზე დავფიქრდი, იქნებ ვინმე ეცეკვება-თქო და არ მესიამოვნა, თან ცეკვას ვუმატებდი და ვუმატებდი, ჩანთაც კი მოვიხსენი, მერე ჰუდი გავიხადე, ჩანთაში ჩავტენე და კიდევ უფრო გავხურდი და უცებ! ბრახ და მივხვდი რო მე ვეცეკვებოდი, თვალები დახუჭული მქონდა, ჩემს წინ იდგა ძაან ახლოს, ისიც თვალდახუჭული და თავს აქნევდა აქეთ-იქით, როგორც იცის ხოლმე, ყველა მოძრაობას ვხედავდი და ყველაფერში ავყევი. თვალს არ ახელდა, ვერ მხედავდა, მეც არ ვახელდი, მე ვხედავდი. შუქებს ვგრძნობდი სახეზე. ძაან კარგი იყო. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიცეკვეთ. ბოლოს პირი გამიშრა და თვალები გავახილე.

სახლში რო მოვედი, კურტკა გავიხადე, ჯიბიდან მობილური ამოვიღე, რომელსაც პატარა ფურცელი ამოყვა, გავშალე და:

მე ისევ დროს ვკლავ

მივყვები კვალს კვლავ

ღამე ვუყურებ ვარსკვლავებს

ძილში ვიხსენებ შენს მკლავებს

როდის მოასწრო ამის ჩადება-თქო ვიფიქრე, თუმცა ჯადოქარია და რა გასაკვირი იყო. უბრალოდ, უკვე საერთოდ ვეღარ ვხვდებოდი, ამ სულელურ ლექსებს მე ვწერდი, თუ თვითონ?!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s