ცარიელი დღეები (XXXII ნაწილი)

Starry eyes forever shall be mine

– Cigarettes After Sex

 1.

 საჩუქრების ამბავი გრძელდებოდა… მომწერეს – მიდი ჩაიხანაში, ყაზბეგის 8 ნომერში და ბარში არის რაღაც შენთვის დატოვებული – გვიან ღამით მივედი, დამხვდა პატარა ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა ჭიქა, წარწერით „You’re a work of art. Not everyone will understand you, but the one’s who do, will never forget about you.“ რო გამოვედი, უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ვიმსახურებდი თუ არა ამ საჩუქრებს, მარა ძაან ბევრიც არ მიჭყლეტია ტვინი, ვიფიქრე, იყოს როგორც არის-თქო, ცუდი ნამდვილად არაფერი იყო.

 ტაქსის ველოდებოდი, ხელში ჩუპა-ჩუპსი მეჭირა და ამაოდ ვცდილობდი გახსნას, ერთი 3 წუთი ვეჩალიჩე, აშკარად ინსტრუქცია უნდა მოყვებოდეს-თქო, ვბრაზობდი და ტაქსიც გაჩერდა. ჩავჯექი და აღმოჩნდა, რო უკან ვიღაც გოგო იჯდა.

 – აქვე ამ მგზავრს ჩამოვსვამ და მერე წავიდეთ სადაც გინდა, – მითხრა მძღოლმა.

 – ჰო, კაი რავი, უკაცრავად, – ჩავიბუტბუტე ცოტა დაბნეულმა და გოგოს გავხედე.

 – არ არის პრომლემა, – მიპასუხა მხიარულად.

 – აჰა შენ ეს, – ჩუპა-ჩუპსი გავუწოდე და თან მივხვდი, ეტყობა იმიტომ ვერ გავხსენი, რო ჩემთვის არ იყო განკუთვნილი.

 – დიდი მადლობა, – გამომართვა დაუფიქრებლად და ღიმილით.

 – აჰა, ძმაო, ცხელი თონის პური მოიტეხე, – ჩაერთო მძღოლიც შეარინგ ის ქეარინგში.

 მოკლედ, გოგო მალე ჩავიდა და მე Wall-ში მივედი. სადაც დავლიე და დავასკვენი რომ – ნამდვილი მეგობარია ის, ვისაც შეგიძლია კოქტეილიდან ცოტა ისე მოუწრუპო, არც შენ მოგერიდოს და არც ის დარჩეს გაკვირვებული ან გაღიზიანებული. – ბოლო რაც იმ დღიდან მახსოვს ის არის, რო ყველანი სამიკიტნოში ვისხედით.

 2.

 მეორე საღამოს მეგობრებთან ერთად „ზოესთან“ ვიჯექი და ლუდს ვსვამდი.

 – ატყობ ხო, ტრუმენ შოუში რო ცხოვრობ? – მკითხა ერთ-ერთმა.

 – კი, ოღონდ მე მოვაწყვე. მომწონს, თვითონ მოვიფიქრე, შევქმენი და ჩემით ვაკეთებ ამ ბლოგს, შვილივით არის, – ვუთხარი ცოტა აღტკინებულმა.

 – აჰა, ეგრეა… ოღონდ მარტოხელა მამა ხარ, – მითხრა და მიუხედავად იმისა, რო სასაცილო იყო, არ გაგვეცინა.

 – ცხვირზე კანი მექერცლება ამდენი მოხოცვისგან, როდის უნდა გამიაროს ამ სურდომ?! – ვთქვი პატარა პაუზის შემდეგ და აშკარა გახდა, რომ ეს ჩემი მხრიდან უბრალოდ თემის შეცვლის უნიჭო მცდელობა იყო.

 გვიან სახლში რო მივედი, ერთმა ასი წლის უნახავმა ნაცნობმა მომწერა:

 – ნონო, ფართებს აღარ აკეთებ ხოლმე სახლში?

 – იშვიათად, აღარ მაქვს ის მუხტი, 90-ანებში რო მქონდა…

 – DJ-ობ?

 ბევრი DJ მეგობარი მყავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ შეკითხვაში რატომღაც ირონია ამოვიკითხე.

 – არა მუსიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს…

 – ლამაზ გოგოებს შენ იცნობ ბევრს. ვიფიქრე ფართებს აკეთებდი და მოვიდოდი…..

 ჰმმ, არც კი ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, ამიტომაც არაფერიც არ ვუპასუხე.

 სამაგიეროდ ამან ის გამახსენა, რო ბოლო დროს რამდენიმე მეგობარმა გოგომ შემომჩივლა, შენი ფრენდები რექვესთებს გვიგზავნიანო. ჰოდა, შევედი სეთინგებში, ჩემი ფრენდ ლისტი Only Me-ზე გადავიყვანე და მშვიდად დავიძინე.

 3.

 კიდევ ერთ გასაუბრებაზე ვიყავი, სადაც 10 შეკითხვიანი ტესტი შემავსებინეს, რომლისთვისაც 20 წუთი გამომიყვეს დრო. დაახლოებით ასეთი შეკითხვები იყო – ბიჭს აქვს 12 დონატი, 3 დაკარგა, 4 გახმა, რამდენი ცალი დარჩება 2 დღის მერე, თუ ის ჭამს დღეში 5-ს? – სავარაუდო პასუხები იყო: არცერთი, 37, ზეგ, მუხუდო. – საერთოდ ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ რა მექნა, მაინც შევავსე და აღმოჩნდა რომ 10-დან 8-ს სწორად ვუპასუხე.

 მერე იმ ლამაზ გოგოს შევხვდი, „სათამაშოების მაღაზიაში თვითონაც ფერადი რომ იყო“. Make up-ის გასაკეთებლად მიდიოდა ჩანთასთან და იქ გავყევი. პირველად იკეთებდა და აინტერესებდა, როგორ მოუხდებოდა. საერთოდ Make up-ის გაკეთება თუ მოგინდებათ, აუცილებლად ქეთო ჩანთაძესთან წადით, მაგრამ, უბრალოდ, ჩემი აზრით, ასეთ ბუნებრივად ლამაზ გოგოებს არანაირი Make up-ი არ სჭირდებათ. მე კი მშვენივრად გავერთე, ტელეფონი გამოვართვი და მთელი ამ პროცედურის დროს ფოტოებს ვუღებდი.

 საღამოს კი ის Blind date გოგო ვნახე, რომელიც ამასობაში სულაც აღარ იყო Blind date და აღმოჩნდა, რო ერთი ნახევარი წლის წინ, ფეისბუქზე ჩემი ბლოგიდან რაღაც აბზაცი ქონდა დაპოსტილი და ეხლა ეცინებოდა – მაშინ ამაზე არც კი მიფიქრია, პირადად თუ გაგიცნობდიო.

 4.

 ნათლიაჩემმა რაღაც მუსიკალური ვიდეოს პრომოს ვიღებ. შენც მოდი და ვინმე წამოიყვანეო. ხოდა წავიყვანე ერთი გოგო, რომელსაც ფეისბუქიდან ვიცნობდი და ისე არ მყავდა ნანახი და აღმოჩნდა, რომ ისეთივე კარგი და კიდევ იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. გადაღების პირველ დღეს გარეთ საკმაოდ ციოდა და სანამ სხვებს იღებდნენ, ძაან როცა ვიყინებოდით, ხან იქვე აფთიაქში შევდიოდით გასათბობად, ხან მანქანაში მუსიკას ვუსმენდით.

 მეორე დღეს სხვებზე ადრე მივედით და Wendy’s-ში შევედით ყავის დასალევად, სადაც პირველად მოხდა, რო ჩემი სახელი სწორად დააწერეს ჭიქას. ოღონდ სახელები პატარა ფურცელზე დავუწერე, მივეცი და ამან გაამართლა. მერე ნათლიაჩემმა დარეკა, მოვედითო და გავედით ანტიკვარიატის მაღაზიაში, მაღაზიის მეპატრონემ ძალიან გემრიელი ღვინო გამოიტანა და 3 ჭიქა ჩამასხა, გემრიელი კი იყო, მარა შუადღეზე ყავასთან ერთად ნამდვილად არ მინდოდა. ეს ანტიკვარიატის მფლობელი კი ცოტა უცნაური კაცი ჩანდა, ეტყობა რიცხვებზე ქონდა გართულება და ცდილობდა გამოეცნო ჩვენი ასაკი, წონა და ფეხის ზომაც კი. ჩვენ კი დიდი ხის მუსიკალური საკრავის ფასით დავინტერესდით და პასუხის შედეგად გასაგები გახდა, რო თავისუფლად შეგვეძლო ფასი არც გვეკითხა – 20 ათასი ლარი ღირდა.

 მერე ცოტა ქუჩაშიც გადავიღეთ. ნათლიაჩემმა, ამ დღეებში შეიძლება კადრები კიდევ დავამატოთო და დავიშალეთ.

 5.

 ფრენდ რექვესთი მომივიდა – დავაკონფირმე. უცებ ჩატში სიმღერა ჩამიგდეს, გამარჯობა მაინც გეთქვა-თქო, მივწერე. გამარჯობას არ ჯობია ეს სიმღერაო? – მოვუსმინე და რავი, სტანდარტულ სალამს კი ნამდვილად ჯობდა. მერე ლაპარაკს შევყევით და აღმოჩნდა, რო იტალიაში ცხოვრობს, ძაან მაგარი ტიპია-თქო, ვიფიქრე ვიზუალიდან გამომდინარეც და, რაც მთავარია, იქიდან, რასაც და როგორც მწერდა. ცოტა ისე ყვებოდა ამბებს – ჩემსავით გიჟურად. თავიდანვე მითხრა შეყვარებული მყავსო. მეთქი ოუკეი. უბრალოდ ვსაუბრობდით და კარგი იყო, როგორც ხდება ხოლმე, ვიცინოდით, მუსიკას ვუსმენდით,  მერე ერთხელ ექიმთან წავიდა სისხლის ასაღებად და იქიდან ხუმრობით მომწერა, ხელი დამიჭირეო. მერე მარკეტში შეიარა, იოგურტი მინდა-თქო ვუთხარი და კალათაში ჩადო, ფოტოც მაჩვენა. ღამე ისე ეძინებოდა, წერის თავი არ ქონდა და ვოის მეილი გამომიგზავნა, საყვარელი დუდღუნა ხმა ქონდა.

 მეორე დღეს, თავისი ფოტო ჩამიგდო, რომელიც ძაან გავდა ჩემს პროფაილ ფიქჩერს, ერთად გააკეთე ეს 2 ფოტო-თქო, მივწერე და გააკეთა. დავდებ ჩემთან-თქო და, კაიო. ხოდა, დავდე, ვიღაცეებმა დაალაიქეს, ზოგმა დააკომენტა, მოკლედ ჩვეულებრივად ვხალისობდით და უცებ მაგის ბიჭმა დააკომენტა იტალიურად – მე უკეთესი ვარ, თმა რო მქონდესო – ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ცივი შხაპი რო გადაგევლება, თუ, არ ვიცი, რა შედარება უნდა მოვიყვანო, ცხვირიდან რო სისხლი წამოგივა რაღაცნაირად უმიზეზოდ. ჩემთავს ვუთხარი – მეთქი, შე იდიოტო, რითი ერთობი ამხელა კაცი-თქო. – რა შუაში ვიყავი საერთოდ.

 მარა ძალიან დიდხანსაც არ გასტანა ამ ჩემმა მდგომარეობამ, ეტყობა იმიტო, რო მაინც ის კი არ იყო მთავარი, თუ რამდენად ადეკვატური ვიყავი ქცევის მსოფლიო სტანდარტების მიმართ, მთავარი იყო ბუნებრივი ვყოფილიყავი, ისეთი, როგორიც ვარ. ზოგადად და თუნდაც ასეთი გართობის დროსაც…

 6.

 Wall-ში ბართან ვიდექი და გამახსენდა, შარშან გაზაფხულზე ერთმა ნაცნობმა მითხრა, „ის“ შემხვდაო და მითხრა – თურმე ნონო ჩემზე ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობსო. – ხოდა, საერთოდ არ იყო ესე და რამენაირად მინდოდა ცოდნოდა, რო დიდი ტყუილი იყო და ეხლა ამ 32 ნაწილის შემდეგ მაინც იმედია ზუსტად გაიგო რო არ იყო ეგ სიმართლე და არაფერს ცუდს არ ვლაპარაკობდი. მაშინ ეგ ამბავი იმდენად გამიტყდა, რო რაღაცნაირად გავთიშე თავი და დავივიწყე და აი ეხლა რატომღაც უცებ ამომიტივტივდა. ბარმენს მივუტრიალდი და დავლიე, დავლიე, დავლიე, კიდე დავლიე… Massive Attack-ის Live With Me-ს ვიდეოს პონტში გავხურდი და ქუჩაში გავბოდიალდი. ბნელოდა, მარა ეგრევე დავინახე, ორივენი იქ იდგნენ, მივედი და რატო დამსდევთ-მეთქი მივახალე. ჯერ ჯადოქარი შემოტრიალდა, მერე ბავშვი, ჯადოქარი გაკვირვებული იყო, ბავშვი შეშინებული. რას დამსდევთ-თქო, გავუმეორე კიდევ უფრო ხმამაღლა.

 – არ დაგსდევთ, – მითხრა ჯადოქარმა.

 – დამსდევთ და შემეცით უკვე, – ვუთხარი და თვალები მოვჭუტე, რო კარგად დამენახა.

 – ბავშვთან ესე ნუ ლაპარაკობთ, არც კი ვიცი ვინ ხართ, – მითხრა თავშეკავებულად.

 – არ იცი კი არა, მიდი ეხლა დროზე მომეცი ეგ ლექსი და შემეშვი, – ვუყვირე და ხელი გავუშვირე, რო ფურცელი მოეცა.

 – მამა, ვინ არის ეს კაცი? – იკითხა ბავშვმა.

 – არ ვიცი, შვილო… ვიღაცაში გეშლებით, ბატონო, – თქვა ჯადოქარმა და ბავშვი ხელში აიყვანა.

 – მომეცი, მომეცი-თქო შენი უნიჭო ლექსი! – ისევ ვუყვირე მე და უცებ ზურგზე ხელი ვიგრძენი. შემოვტრიალდი. ბიჭები იყვნენ.

 – აჰა, ეს ჩაიცვი, თორე უარესად გაცივდები, – კურტკა ჩამაცვა მეგობარმა.

 – რა გაყვირებს შეჩემა, სულ გაგიჟდი?! ცარიელ ქუჩაში დგახარ და ღრიალებ, –  თქვა ჩემმა ძმამ და სიგარეტს მოუკიდა…

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s