ცარიელი დღეები (XXXIV ნაწილი)

And it’s cause you’re mine

– Oscar and the Wolf

1.

ფეისბუქზე 1 გოგო გავიცანი და Wall-ში შეხვედრაზე ვთანხმდებოდით.

– რო მივალთ, მე გეტყვი, რო ვგიჟდები შენს ფეხებზე და მუხლზე დაგადებ ხელს. შენ მითხარი, რო არ მოგწონვარ და გამარტყი სახეში, – მივწერე სმაილებით.

– სიამოვნებით.

– მერე სასმელი შემასხი და მერე შენი კაბით შემამშრალე და ამ დროს გაკოცებ კისერში და Wall-ი დაიძაბება, – ვაგრძელებდი მხიარულ სცენარს.

– კარგი, – იცინოდა ისიც.

– მერე ხელი მკარი და წავიქცევი და შენც წაგიყოლებ და Wall-ი პატრულს გამოიძახებს, – ბოლომდე გავთრეშე მე.

– მართლა ვქნათ, რა!..

– ჰო, მართლა… ბევრი ხალხი რო იქნება, განიშნებ და უცებ დავიწყოთ.

მოკლედ Warszawa-სთან შევხვდი.

– მარტინი გიყვარს? – ვკითხე და რატომღაც არც მიფიქრია, რომ არას იტყოდა.

– კი!

Warszawa-დან 2 ცარიელი ჭიქა გამოვიტანე, ზურგჩანთიდან 1 ბოთლი მარტინი ამოვაძვრინე, რომელიც წინა დღეს მაჩუქეს, ჭიქებში დავასხი და ასე ჩავისეირნეთ Wall-ისკენ… რო მივედით, დავსხედით და ლაპარაკ-ლაპარაკში მთელი ბოთლი გამოვცალეთ, რაღაც მომენტში შრუტეც შემოგვიერთდა, გარშემო ბევრი ხალხი იყო, ვიგრძენი, რო მომენტი დადგა, მუხლზე ხელი დავადე და თვალი ჩავუკარი, გაეღიმა და ჩემი ხელი უხეშად მოიშორა, წამოვდექი და კისერში ვაკოცე, ხელი მკრა, წავიქეცი და თან წავიყოლე, სულ რამდენიმე წამი ვიყავით ძირს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რო, მაგიდასთან დაბრუნებულებს, გაკვირვებულმა შრუტემ უამრავი რამე მოგვიყვა, თუ რა ხდებოდა ამ დროს ჩვენს გარშემო და ვის რა რეაქცია ქონდა. მოკლედ, ნომერი შედგა. მერე ის სახლში წავიდა – მე „ბასიანზე“.

2.

წინა კვირას „ბასიანზე“ ფხიზელი რო ვიყავი, არ მომეწონა. ამიტომაც ეხლა ენის ქვეშ „შივა“ დავიდე და ისე მივედი.

როგორც კი შევედი, DJ-ს პირდაპირ დავდექი და შევამჩნიე, რო კედლებზე ჩრდილები იზრდებოდნენ, კვამლი ლაპარაკობდა, ყველა უცხო ბიჭის შემთხვევითი ოდნავი მხარზე მოკარება, თუ გოგოს გრძელი თმის სახეზე შეხება დიდ ინფორმაციას მაწვდიდა მათზე. ფეხზე ყველას გორგოლაჭები ეკეთა. სცენა ხან ზემოთ ადიოდა, ხან ქვემოთ ჩამოდიოდა. თვალები დავხუჭე და ანიმეს ვუყურებდი, მერე გავახილე და ჩემს წინ მუსულმანი გოგო იდგა ჩადრში, მივხდი, რომ „ბასიანზე“ მუსულმანი გოგო ჩადრში არ იდგებოდა და ვიფიქრე, რო ბიჭი იდგა ჰუდში, მაგრამ უცებ შემოტრიალდა და აღმოჩნდა, რო გოგო იყო და თუ გოგო იყო, ესე იგი გამოდიოდა, რო ჩადრში იყო?! დენსფლორს მოვშორდი და ბარის უკან სადღაც შევუხვიე, ტყეში აღმოვჩნდი, იმ ტყეს გავდა, იმის ტყეს, მაშინ რო ჩავედი, ღამით ფეხით ვიარე და რო არ დამხვდა. იქვე ვიღაც უცნაური მოხუცი არსება იდგა, მაისურზე სულელური წარწერით What Doesn’t Kill You Makes You Stronger და რო მივუახლოვდი მკითხა:

– შენ ხარ ხო „ტარიელის დღეების“ ავტორი? – და თან ისე შემომხედა, თავი გამჭვირვალედ ვიგრძენი.

– ჰო… წყალი რო დავლიო, ცუდად ხომ არ გავხდები? – ვკითხე მე და შემაკანკალა.

– არა… ხო იცი, შოთაც ეგრე წერდა თამარზე, – გავიგე ხმა და მერე უკვე აივანზე ვიდექი და DJ-ს ზემოდან დავყურებდი, ქვემოდან კი თითქოს ვიღაცეები მოძვრებოდნენ. მე ერთ ხელში წყალი მეჭირა, მეორე მოაჯირზე მედო, მესამეთი ცხვირს ვიხოცავდი, მეოთხე ჯიბეში ჩავიყავი და „Wrigley’s“ ვეძებდი, დანარჩენები არ მახსოვს, იმიტო რო წყლის ბოთლში ჩავიხედე და შიგნით ჩავედი. იქ კიდე ის დავინახე!.. ცეკვავდა და მივხვდი, როდესაც მახსენდება ხოლმე, უმეტესად ვხედავ, თუ როგორ ცეკვავს და ეს იმიტომ, რომ ცეკვის დროს, ყველაზე ნამდვილი და თავისუფალი იყო და მივხვდი, რო მაგიტომაც წავიდა – მისთვის თავისუფლება არის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა! როგორც კი ეს გავიაზრე, წყლის ბოთლიდან ამოვედი და ქუჩაში გავედი.

3.

უკვე თენდებოდა, გარეთ მეგობრები დამხვდნენ და ერთ-ერთთან წავედით სახლში. რო მივედით, დარაბები დავხურეთ და ისევ დაღამდა. დავჯექით, ვლაპარაკობდით, ცივ ბანანებს და ნაყინს ვჭამდით, მუსიკას ვუსმენდით – Oscar and the Wolf-ის You’re Mine ჩავრთე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ,  შვიდჯერ, ასჯერ… უცებ დავაფიქსირეთ, რო სიმღერა 5 წუთიანი იყო და ამ დროს, სანამ ხელმეორედ ჩართვას დავაჭერდით, იმდენი რამე ხდებოდა, 20-25 წუთი გადიოდა ხოლმე, ბევრი ვიცინეთ, ამაზე ვილაპარაკეთ და მერე თითქოს სპეციალურად ჩავუსაფრდით ამ 5 წუთს, რომ გაგვეგო, რანაირად ხდებოდა ესე, მარა არაფერმა უშველა, ყოველ ჯერზე ეს 5 წუთი აშკარად 4-ჯერ მეტ ხანს გრძელდებოდა, ჩვენც ისევ გვიკვირდა და გვიკვირდა.

ქუჩაში რო გამოვედით, უკვე დღე იყო. ბასკი იყო წასაყვანი ვეტერინართან. გავუარეთ, მოვამზადეთ, მერე ტაქსით მოაკითხეს და წაიყვანეს. ჩვენ კი ამასობაში იქვე კაფეში შევედით და სუპები შევუკვეთეთ. მე წითელი ოსპის სუპი ავირჩიე და კი გემრიელი იყო, მაგრამ ისეთი ცხარე აღმოჩნდა რო მივირთვი, ბოლოს ზუსტად ვეღარ ვხვდებოდი, მე დავლიე სუპი, თუ სუპმა მე.

ერთმანეთს გადავხედეთ – უსიტყვოდ გასაგები იყო, ჩვენი თრიფი მთავრდებოდა და სახლებში დავიშალეთ, ბასკი უკვე იქ დამხვდა და სიხარულისგან ფეხზე მომაფსა. ეზოში გავიყვანე, ძაან კარგი იყო – სიწყნარე, მე და ძაღლი.

4.

ცოტა გამოვიძინე და საღამოს ისევ Wall-ში წავედი.

მეგობარს შევხვდი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად იყო, მაგიდასთან დავჯექი, ჩემი მეგობარი ჩემს მარჯვნივ იჯდა, მისი მეგობრები, ორნი, ჩემს პირდაპირ და ორნი ჩემს მარცხნივ. წინ მჯდომები უფრო კეთილგანწყობილები ჩანდნენ და მათ ვეკონტაქტებოდი, რაღაც მომენტში ერთ-ერთი მარცხნივ მჯდომი ჩაერთო და კომენტარი გააკეთა, რაზეც ვუთხარი – არა, შენ არ გვისმენდი რაზე ვლაპარაკობდით და ეგრეც არ არის-მეთქი. ამაზე მიპასუხა – მერე რაო, ჩემთვის სულ ერთია, მე როცა მინდა, რასაც მინდა იმას ვიტყვიო. მეთქი, ჰოდა ჩემთან ნუ მოიქცევი ეგრე-თქო… და უცებ მეორე-მარცხენა ჩაერთო ადვოკატის სახით, კი, ეგრეა, რასაც უნდა იმას იტყვისო! – მეთქი, ვაა, ეგ როგორ?! – და თან გამეცინა. – ეგრეო, მთავარია სისხლის სამართლის კოდექსი არ დავარღვიოთ და დანარჩენი ყველაფერი შეიძლებაო – ვაჰ, მეთქი, რა ხდება?! – მივხვდი რო განვითარების რაღაც ეტაპზე იყო გაჭედილი, რომელზეც ესე ბრმად იციან, რა არის მთავარი და იმდენი აღარ ესმით, რო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსი კარგია, მაგრამ ცივილიზებულ ადამიანებს ამაზე არც უწევთ საუბარი და მანამდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს ზრდილობიანი, ტაქტიანი, მეგობრული, თავაზიანი, ან მინიმუმ ადეკვატურად ნეიტრალური მაინც. მაგრამ არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ზოგს სამწუხაროდ ესე მოქცევა უბრალოდ არ შეუძლია. – კაი, არ მაინტერესებს ეს ყველაფერი-თქო – ვუთხარი და ისევ მეგობარს და მის კეთილგანწყობილ მეგობრებს დავუბრუნდი.

ღამე გვიან სახლში ტაქსით რო ვბრუნდებოდი, უიკენდისგან გადაღლილმა თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.

– სულ მასზე ფიქრობ, – თქვა უცებ ტაქსისტმა.

გავხედე და ჯადოქარი იყო.

5.

დილით ადრე ავდექი, რო მეძინა, გერმანიიდან მეგობარს მოუწერია – ბოლო ნაწილი არ მქონდა წაკითხული, ეხლა გავხსენი და იმით იწყება, ვიღაც გეკითხება, მძიმე კაცი რატომ არ გიწვევსო. მოვკვდი სიცილით, იმიტომ, რომ იმ დღეს დავაკომენტე მძიმე კაცის ფეისბუქ ფეიჯზე – იქნებ ნონო ანთაძე მიიწვიოთ, დარწმუნებული ვარ ბევრი მნახველი ეყოლება გადაცემას-თქო. – გამეცინა და რადიოში გავიქეცი.

კიდევ ერთხელ უნდოდათ ჩემი ხმა გაეტესტათ, რაღაც ინფორმაციები მოვამზადე და წავიკითხე, მერე მითხრეს, ცოტა სწრაფადო და ცოტა სწრაფადაც წავიკითხე. წამოსვლისას ვუთხარი, ეგ ინფორმაციები მე მოვიგონე და მართლა არ გაუშვათ ეთერში-თქო.

მერე იქიდან ერთ-ერთ ბანკში წავედი, ახალი ბუკლეტების გამოშვებას აპირებენ და უნდათ, რო ტექსტები დავუწერო. რო მივედი, მითხრეს – გამარჯობათ, ჩვენ თქვენს ბლოგს ვკითხულობთო – და ოფიციალური ბანკური განწყობა ეგრევე მოიხსნა. ამიხსნეს, რა უნდა დავწერო და ვუთხარი, რომ იქით კვირაში გავუგზავნიდი საცდელ ვარიანტს.

6.

სახლში რო მოვედი და ფბ-ზე რამდენიმე მესიჯი დამხდა, პირველი გავხსენი და ეწერა:

დამესიზმრე – სასტუმროში ვისვენებდით სადღაც და იმდენი ჟურნალისტი დაგსდევდა, ძაან პოპულარული იყავი, სად გავქცეულიყავით არ ვიცოდით. სასტუმროში სირბილისგან დავიღალე და ბოლოს სახურავზე ავედით, წყნარად ვიქნებით-თქო და ვიღაც ტიპი მოგვადგა და მომკიდე ხელი და გადავხტით, მივფრინავდით და კაი შეგრძნება იყო, თან შიშის და თან ადრენალინის.

მერე მეორე მესიჯი გავხსენი:

დამესიზმრე – ვითომ დაგპატიჟეს რაღაც დიდ თოქ-შოუზე, პირადპირი ეთერი იყო და რატომღაც მე წამიყვანე, ხოდა, ვისხედით ამ დიდ დარბაზში ბევრი ხალხი, ოღონდ რას ლაპარაკობდნენ და რა თემა იყო არ მახსოვს.

მესამე ადამიანის მესიჯი უკვე ცოტა ფრთხილად გავხსენი:

დამესიზმრე – რაღაც უგრძესი ფანტასტიკა იყო, სხვა პლანეტაზე ვცხოვრობდით, ოღონდ ჯერ სახლებს ვაშენდებდით. დედამიწა და მთვარე ჩანდა და ერთად ვუყურეთ, როგორ დაეჯახა რაღაცა დედამიწას და აფეთქდა. იქ ვიღაცეები ცხოვრობდნენ და სისხლს სვამდნენ და ადამიანებს ეგეთი ბიზნესი ქონდათ ახალ ჩამოსულ ტიპებს სისხლს უღებდნენ ვითომ ქველმოქმედების პონტში და მერე იქაურ ვიღაცეებზე ყიდდნენ, ჰოდა ეგრე მოგატყუეს შენც და მერე ცუდად იყავი და მე მეჩხუბებოდი რატო არ გამაფრთხილეო. არადა გირეკავდი რო მეთქვა, მარა რო დავრეკე უკვე ამაყად მითხარი, სისხლი ჩავაბარეო.

მეოთხე მესიჯი უკვე ცოტა შიშით გავხსენი:

დამესიზმრე… ასე იწყებოდა ისიც………..

მოკლედ, ძალიან უცნაური იყო, მგონი ვირუსი ვარ-თქო გავიფიქრე და ლეპტოპი ჩავკეცე.

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s