ცარიელი დღეები (XXIX ნაწილი)

I’m on my way

– Air

1.

გამეღვიძა. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო. ის ამობეჭდილი „ცარიელი დღეები“ ხომ დამიტოვეს და ავიღე. ჰოდა, მეორე დღეს ერთმა ნაცნობმა მომწერა საჩუქარი მაქვს შენთვისო, Wall-ში ვარ-თქო, მოვიდა, გადმომცა და წავიდა. ძაან კაი გასართობი მომიტანა, კერი სმიტის, „არ დაინდო ეს დღიური“, ასეთი წარწერით – ნონოს, რომელიც მჯერა ცარიელ დღეებს აუცილებლად აავსებს. – დღეებს არ ვიცი, მაგრამ ამ დღიურს კი შევავსებდი.

Wall-ში ბევრნი ვიყავით, მეგობარს ვაცილებდით, რომელიც 3 წლით მადრიდში წავიდა. მე ერთ გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც ჰელსინკიში სწავლობს, ჰოდა ვიჯექით მთელი საღამო მე და ეს ლამაზი გოგო და ვლაპარაკობდით, ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით და თან იმაზე გვეცინებოდა ეხლა აქ ყველა იფიქრებს, რომ ჩვენს შორის რამე ხდებაო. გვიან დავიშალეთ, ის „ბასიანზე“  წავიდა, მე მეგობრებთან ერთად „ბერნარდში“.

მერე მომწერა, ფეისბუქზე მესიჯები დამხვდა, მეკითხებიან შენ და ნონო ერთად ხართ თუ რა ხდებაო. ძაან სასაცილო იყო, იმიტომ რომ მეც მომივიდა მსგავსი მესიჯი. მოკლედ, თბილისი თავის სტიქიაში იყო.

2.

გამეღვიძა. კიდევ ერთმა მეგობარმა მომწერა, დღეს შევხვდეთ რაღაც მინდა გაჩუქოო. უკვე ძაან მეცინებოდა და ასე ღიმილით წავედი საღამოს Wall-ში, ერთი ნახევარი საათი ველოდე და მერე მივწერე. აღმოჩნდა რომ იმას აერია და მოზაიკაში მიცდიდა. კარგი მოვალ-თქო და გავედი, თან მოზაიკაც ჩემი მეგობრის იყო და არ ვიყავი ნამყოფი. მოკლედ, მივედი მოზაიკაში, ჰოდა ეს ჩემი მეგობარი, გინეკოლოგია და სამსახურში აჩუქეს 200 ცალი საუკეთესო ხარისხის პრეზერვატივი და ნაწილი მე მომიტანა. ვერაფერს ვიტყვი, ესეც მშვენიერი საჩუქარი იყო.

მერე ვილაქლაქეთ, წითელი ღვინო ვწრუპეთ და ტუჩები გავიშავეთ.

გარედან ხმაური შემომესმა და აივანზე გავედი, ჩხუბობდნენ, ბრახ გააქანა და ლეწა ერთმა მეორეს, მეორე წაიქცა, ის კიდე მივიდა და კიდე ლეწა თავში, მეორე დიდად ვერაფერს აკეთებდა, პირველი არ ჩერდებოდა, აწია ეს მეორე და გადააგდო, მანქანაზე მიანარცხა, მივიდა კიდე დაარტყა, კიდე დაარტყა, ამ დროს მესამე მოვიდა იმანაც დაარტყა მეორეს, თან სულ თავში ურტყამდნენ. გაშეშებული ვიდექი, არ უნდა მეყურებინა, მარა გავძეგლდი, უბრალო ჩხუბი არ იყო, ზღვარგადასული და რაც მთავარია ცალმხრივი აგრესია იყო, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რო ასე მოვექცე ვინმეს. ალბათ ჩემთვის საყვარელ ადამიანს თუ მოექცევიან ასე, მერე შევძლებ ასე და ამაზე უარესადაც მოვექცე მე მათ. მაგრამ აქ გამაოგნებელი იყო მიზეზი. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე უმოწყალო-გამეტებულ დარტყმებს, ის ტიპი სულ ერთ წინადადებას ამატებდა ღრიალით – მე უნდა დავიჭირო ბიჭო შენი სიგარეტი? მე უნდა დავიჭირო?! მე უნდა დავიჭირო შენი სიგარეტი??? ჰა, შენი დედა მოვტყან! მე უნდა დავიჭირო სიგარეტი?..

3.

გამეღვიძა. თვალები ფრთხილად გავახილე, აბა დღეს ვინ რას მაჩუქებს-თქო. ფეისბუქზე შევძვერი და ერთი უცნობი მწერდა, რა კარგია, რო ბლოგის წერა გააგრძელეო. გავისაუბრეთ და შეხვედრა გადავწყვიტეთ, ჩემს მიუწვდომლობაზე მითი რომ დამსხვრეულიყო. მგონი კარგად გამოგვივიდა, თან Night Pizza-მ საჩუქარი გამიკეთა და საღამო გემრიელად გავატარეთ, ნახევარ მარგარიტასთან და ნახევარ პეპერონისთან ერთად.

საღამოს როცა წავიდა, ჩემმა მეგობარმა, ისრაელში რო ცხოვრობს, თავისი დოკუმენტური ფილმი Jerusalem Boxing Club გამომიგზავნა, ვუყურე. საერთოდ დოკუმენტურ ფილმებს არ ვუყურებ ხოლმე. მაგრამ ძაან ვისიამოვნე, ძალიან კარგად იყო ისტორია მოყოლილი, მუსიკითაც მშვენივრად იყო შეზავებული და რაც მთავარია, ადამიანურ ურთიერთობებზე იყო საინტერესო ისტორია.

ძილის წინ, უეცრად ერთი ამბავი გამახსენდა, როცა „ის“ გავიცანი, დედაჩემს მოვუყევი და დედაჩემმა მითხრა, ეხლა ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრაო და აღმოჩნდა რომ მისი სახელი, რომელიც უიშვიათესია და მეტი თითქმის არავის ქვია. დედაჩემს ეყენა ფეისბუქის პასვორდათ. სიგიჟე იყო, აღმოჩნდა რო დედაჩემსაც უყვარდა ის ისტორიული პერსონაჟი, როგორც დედამისს და მე რო გოგო ვყოფილიყავი, მეც ამ სახელს დამარქმევდნენ. მოკლედ ასე ვერ შეიკავა დედამ თავი, მითხრა ეს ამბავი და წავიდა პასვორდის გამოსაცვლელად. ისე კი, როცა ასეთი მშვენიერი ნიშნებიც კი ბოლოს ტრაკში მიდის, რისი უნდა გჯეროდეს ადამიანს აღარც კი ვიცი.

4.

გამეღვიძა. გვიანი იყო, მწერლის სახლში წავედი, მამაჩემმა ეროტიკული ტანკები თარგმნა და წიგნის პრეზენტაციაზე უნდა მიმესწრო. დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა და საღამომ კარგად ჩაიარა – სხარტად და საინტერესოდ.

ქუჩაში რო გამოვედი, ვიფიქრე დღეს მაინც სიწყნარეა-თქო, იქვე გარეთ 1 გოგო იდგა, ეწეოდა. მომესალმა, მეც მივესალმე, მე ის ვარო და ფეისბუქიდან შემახსენა თავი. ცოტა გამოველაპარაკე და დავიშალეთ. მერე სახლში როცა მივედი მოწერილი დამხვდა:

კომპლიმენტს გეტყვი – დავრწმუნდი რო ჩვეულებრივი ხარ )) თავმდაბალი და ადამიანური.

ეს გოგო რო წავიდა, ამ დროს მეგობარმა დამირეკა, გამოგივლი და „ამო რამე“-ში წავიდეთო, მოვიდა და წავედით. „ამო რამე“-ში ჩვენი მეგობარი მუშაობდა და 1 საათით შევუსეირნეთ, მოვინახულეთ. მგონი ცოტა გავამხიარულეთ კიდევაც, რაღაც სიგიჟეებს ვყვებოდი და ბევრი ვიცინეთ.

5.

გამეღვიძა. კიდევ ერთი მესიჯი მივიღე, კიდევ ერთი უცნობისგან, შედი ჩემს კედელზე და ნახე სტატუსი რო წერია, ეგ შენ გეძღვნებაო. შევედი და ვნახე. კარგი რაღაცეები ეწერა შავგრემან ბიჭზე… შეხვედრაზე შევთანხმდით, ამჯერად საჩუქრად ქინდერის კვერცხები მივიღე, ვისაუბრეთ, შოკოლადი და ჩაი მივირთვით და მერე საღამოს კიდევ ერთი სტატუსი მომიძღვნა, რომელიც ამჯერად უკვე ამ ჩვენს შეხვედრას ეძღვნებოდა.

მერე გვიან იმ გოგოს შევხვდი, ფინეთში რო ცხოვრობს, ჩემს ერთ მეგობარს მოეწონა და მე და ეს გოგო ერთად დაგვპატიჟა, ცოტა სადმე დავლიოთო, ცოტა არ გამოვიდა, ჯერ Peoples-ში ვიყავით, მერე Warszawa-ში, მერე მოზაიკაში, მერე ბერნარდში, იქიდან უკვე ბათუმში, თურქეთში, ბაჰამებზე, კაზინოში, სტრიპტიზ კლუბში და ბოულინგის სათამაშოდ გვინდოდა მოგზაურობა, საინფორმაციოში ვრეკავდით, რომ გაგვეგო სად იყო ავა გარდნერის საფლავი და მოგვენახულებინა, იქ ძალიან შეწუხდნენ, იწვალეს, ცდილობდნენ დაედგინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამასობაში კი ჩვენ დროულად მივხვდით, რო ეხლა უკვე დასაძინებლად წასვლა აჯობებდა ყველაფერს.

სახლში რო მივედი, „ფრენდ რექუესთი“ დამხვდა, დავაკონფირმე და ფოტოები დავათვალიერე, ისეთი გოგო იყო, მეგონა ჟურნალ VOGUES-ს ვათვალიერებდი. მერე გამოველაპარაკე, აღმოჩნდა რო გერმანიაში ცხოვრობს, მერე ლაპარაკი საკაიფოდ ავაწყეთ, მერე ბევრი ვიცინეთ, მერე მოგვეჩვენა რო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით და მერე მოგვინდა, რო ერთმანეთს ვიცნობდეთ. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო.

6.

გამეღვიძა. სამზარეულოში გავედი, ყავის მოსამზადებლად. შემეშინდა, მაგიდასთან ვიღაცეები ისხდნენ, შუქი ავანთე და ჯადოქარი დამხვდა, მეორე კი ის უცნაურად ლამაზ თვალებიანი ბავშვი იყო Wall-ის ეზოდან. ისხდნენ და ჩემი ვეგეტარიანული პაშტეტით საუზმობდნენ.

– აჰ, ესე იგი, თქვენ ერთად ხართ, ხო? – ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი.

– ყოჩაღ! ძნელი მისახვედრი იყო, შერლოკ? – ლუკმით პირში მიპასუხმა ჯადოქარმა და ამომხედა.

– რა გინდათ, რატო მიძვრებით სახლში? – ვეცადე დამეძაბა სიტუაცია.

– სახლში არა, თავში… და საერთოდ როგორც შენს ლექსში იყო – შენი სახლის გასაღები იმას აქვს, ვინც არასოდეს მოვა – მოკლედ, შენ ვინც არ გინდა, თავში ვერ შემოგიძვრება. უი, და აი ეს გამომართვი, – ჯადოქრის დაძაბვა, როგორც ჩანს, სულაც არ იყო ადვილი საქმე. ჯიბიდან პატარა დაკეცილი ფურცელი ამოიღო და მომაწოდა.

გამოვართვი, გავშალე და ხმამაღლა წავიკითხე:

რამე მინდა ვნახო პირველად, ისეთი რამე რაც არ მინახავს

ის მინდა ვნახო

ის ხომ გინახავს?

მის დაბრუნებას ვნახავ პირველად

– იხვეწება ნელ-ნელა, ხო იცი, – უთხრა ბავშვს ჯადოქარმა. ბავშვმა შემომხედა, ლამაზი თვალები და საჭმლით გამოტენილი პირი ქონდა.

– რა არის ეს, რატომ გადამეკიდეთ ამ გოიმური ლექსებით? – წამოვიყვირე მე და ფურცელი მოვისროლე.

– ოოჰ, ეს რა ესთეტია რა, – თქვა ბავშვმა და გაიცინეს.

– კი არ გადაგეკიდეთ, ჩვენ გირჩევთ, შეეშვა ამ უაზრობას, ანუ ბლოგისგან გამოწვეული ინტერესით თავით ტკბობას და აქ დარჩე ჩვენთან. თან სიმართლე რო გითხრა, აქ მეტი შანსი გაქვს შეხვდე, – მითხრა, პირი მოიწმინდა და როგორც იცის ხოლმე, თვალი ჩამიკრა ღიმილით.

– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, ეგრე არ მინდა, – ვიმეორებდი, მაგრამ მივხვდი რო უბრალოდ ვფიქრობდი, პირი მოკუმული მქონდა…

გამეღვიძა.

 

Advertisements