ყვითელი ჩაიდანი

 

Girl, you’re just a, a child

– Angus and Julia Stone

1.

რიფერში ვიყავი, 00:00 საათს ველოდებოდი, „ცარიელი დღეების“ ბოლო ნაწილი უნდა დამედო და აღმოჩნდა Wi-Fi არ იჭერდა. ვიფიქრე სახლში წავალ ავტვირთავ და დავბრუნდები-თქო, მარა ანამ მითხრა გაჩერებაზე გადი და Tbilisi Loves You-ს დაიჭერო, ჰოდა, ასე, ცოტა სასაცილოდ გამოვიდა, უკანასკნელი ნაწილი ქუჩიდან ავტვირთე და რიფერში ჩავბრუნდი.

ანა მუშაობას რო მორჩა, გადავწყვიტეთ დიდ გალერიში წავსულიყავით, ოღონდ ცოტა გვშიოდა და მანამდე სმარტში შევიარეთ, ანას მეგობარი მარიამიც ჩვენთან ერთად იყო. სმარტში ვიღაც ბიჭები შეგვხდნენ და ლობიანებზე დაგვპატიჟეს. ამასობაში გოგოებმა კოკის დაურეკეს, თხოვეს გამოსულიყო და გალერიში შევეყვანეთ.

კოკი გარეთ დაგხვდა და შევედით, იქ ცოტა დავლიეთ, კიდე სხვა მეგობრებიც შეგვხდნენ, ვიცეკვეთ, მომწონდა, ანა როგორც ცეკვავდა, გაფრთხილებული ვიყავი, რო ცეკვა მარტო უყვარდა, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ ისეთ დისტანციაზე ვყოფილიყავი, რომ არც ვინმე სხვას შეეწუხებინა. მოკლედ ნორმალურად გავერთეთ და გამოსვლისას აღმოჩნდა რო მასაც მოეწონა, როგორ ვცეკვავდი.

2.

მეორე დღეს ანა არ მუშაობდა და რიფერში ისე წავედით. შევდივართ და რას ვხედავთ… თურმე წინა ღამეს დაბადების დღე ვისაც მივულოცე, იქ არის და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს… ჰოდა, მივედი და ვუთხარი – გილოცავ, ბლოგიდანაც მოგილოცე და აი, პირადადაც გილოცავ-თქო – მადლობაო – მითხრა და დავბრუნდი ბართან.

კარგად ვიყავი – ანასთან ერთად ვიყავი… ცოტა დავლიეთ, ისინი ცეკვავდნენ, მერე ჩვენც მივედით სტუმრებთან ახლოს და ანას ვუთხარი – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეხლა 17 ათასი მკითხველია ცოდო, ამ ამბავს თუ ვერ გაიგებენ-თქო.

მოკლედ, მერე იუბილარი და სტუმრები წავიდნენ და ცოტა ხანში ჩვენც Wall-ში ჩავედით, 1-2 ჭიქა დავლიეთ და წავედით ბასიანზე, სადაც ისეთი ჭყლეტა იყო, 2 საათზე მეტი ვერ გავჩერდით და ამ 2 საათიდანაც ნახევარი სკამზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით.

3.

შემდეგ დღეს ანას რიფერში მუშაობის ბოლო დღე იყო, პატარა, ლამაზ, მყუდრო, საყვარელ, კუსკუსა კაფეში Carpe Diem-ში გადაწყვიტა გადასვლა. რიფერში ნათლიაჩემთან ერთად მივედი, კვირა დღე იყო და ბევრი ხალხი არ დაგვხდა, ნათლიაჩემი რაღაც საქმეებზე მელაპარაკა და მალე წავიდა.

მერე მეგობარი მოვიდა, იმასაც რაღაც თავისი ამბები ქონდა მოსაყოლი, თან ვწრუპავდით, სადღაც ერთ საათში ანა მუშაობას მორჩა და მეგობარმა შემოგვთავაზა მანქანით წაგიყვანთო, ანა ყველას გამოემშვიდობა, მერე მანქანაში ჩავსხედით და წავედით და ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიგვიყვანა და უნდა ჩამოვსულიყავით, პატრულმა გაგვაჩერა, მეგობარმა ჩადით და მე ჩემი პომადიანი ტუჩებით ისე გავუღიმებ, არ დამაჯარიმებენო. ჰოდა წამოვედით.

ცოტა ხანში სმს მივიღე – დამაჯარიმესო – ჰმ, როგორც ჩანს ალკოჰოლმა მაინც გადაფარა პომადა…

4.

გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე არსად გავსულიყავი, მანანას დაბადების დღე იყო, საღამოს სტუმრები მოვიდნენ, სოკოს ვჭამდი გემრიელად, რომელიც ძალიან მიყვარს და პოლიტიკაზე კამათს ვუსმენდი, რაც პირიქით ძალიან არ მიყვარს.

სტუმრები როცა წავიდნენ, ტელევიზორთან ჩავჯექი, რასაც ბოლო დროს იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ჩემპიონთა ლიგას ვუყურე, ბაიერნი ბენფიკას ხვდებოდა და ჩემ ბიჭებს დიდად არ გაუჭირდათ თამაში.

მერე ძილის წინ ცივი ყავა გავიკეთე, ტორტის მოზრდილი ნაჭერი მოვიჭერი და ჩემი ცოლის დაქალების სერიები ვნახე.

5.

ამასობაში როგორც იქნა მუშაობა დავიწყე, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტში, კოპირაიტერის თანამდებობაზე. მოკლედ, მშვენიერი სამსახური აღმოჩნდა.

დედაჩემის და ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო, მივედი მივულოცე, დედაჩემს 3 თეთრი ვარდი ვაჩუქე, როგორც თვითონ მთხოვა, ბაბუას რაღაც კარგი კატალოგი. საღამოს ანას გავუარე Carpe Diem-ში და მუშაობას რო მორჩა ჯერ განახლებული ბაუჰაუსის გახსნაზე წავედით, სადაც ანას მეგობარმა ანიმ დაიწყო მუშაობა და იქიდან გალერიში დაბადების დღეზე, მაგრამ თან უკვე გვიანი იყო, თან ისედაც შუა კვირა და ამიტომ ცოტა ხალხი დაგვხდა, მოკლედ მალე წამოვედით სახლში.

გზაში ლუდი და რაღაც სახრამუნოები ვიყიდეთ, მერე უგემრიელესად დავსხედით, ჯერ გახმაურებული The Lobster ვნახეთ და ცნობილი იაპონური ანიმაცია Sprites Away-ც მივაყოლეთ.

6.

ბაუჰაუსში წავედით, მარიამიც მოვიდა, მერე იქიდან Wall-ში ჩავისეირნეთ, კოჩაროვი და ბაკურა შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ გვებოდიალა, ჯერ წავედით ამქარში, სალიოს კონცერტზე, იქ მახსოვს ვიღაც გოგო მომადგა, მომხედეო მითხრა, მეთქი მარტო არ ვარ Sorry… მერე კიდე ვიღაც მოვიდა მე შენს ბლოგს ვკითხულობო, მეთქი მორჩა ბლოგი-თქო. მოკლედ იქიდან გადავწყვიტეთ რიფერში ჩასვლა და იქ კოჩაროვს ეცა ვიღაც გოგო, მეცნობიო, ნიკა ეუბნება მე არ გიცნობო, ამ დროს მე მივედი, ეს გოგო შემომიტრიალდა და რა საყვარელი ხარ, საყურე რო გიკეთიაო, მეთქი ვაჰ… მე და ნიკა ერთად ვართ-თქო, არ დაიბნა, თუ არ გჯერა აჰა-მეთქი და ტუჩებში ვაკოცე კოჩაროვს, აქ ცოტა უკვე დაიბნა, კაი ხო გეხუმრები-თქო ვუთხარი, აი ეს გოგოა ამის ცოლი-თქო და მარიამზე ვაჩვენე და მე ამათი მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ-თქო, ჰოდა, მოკლედ ამდენი რამის მერე, როგორც იქნა, დაგვანება თავი. მერე მახსოვს ისევ Wall-ში ჩავბრუნდით და ბოლოს ჩემთან მივედით ჩაის დასალევად, მარა აღმოჩნდა ჩაიდანი აღარ მქონდა და უცებ კარადაში აღმოვაჩინე ყვითელი ჩაიდანი, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს სახლში, რომელიც 10 წლის წინ გავყიდეთ, სამზარეულოში იდგა კარადის თავზე და მე ქვემოდან სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, ჰოდა გამოვიღეთ ეს ჩაიდანი და წყალი დავადგით.

Carpe-ში ხშირად მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები, არეშკა, ლადო, ცავკა, ნატა ჟღენტი, ნათლიაჩემიც იყო რამდენჯერმე, ერთხელ ნიკუშა, კოტე და ლევანიც იყვნენ, დიანა და ელენეც ყოფილან, მარა იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით და თითქმის ყველას მოწონდა. ამის გარდა, ჩვენც ბევრგან დავდიოდით, ერთ დღეს ტოფუ გავსინჯეთ ჩინურში, ერთხელ კივიში ვიყავით, ერთხელ ჩებურეკების საჭმელად, ერთხელ ფრის შაურმა ვჭამეთ გვიან, ერთხელ ვარშავაში ანასგან პატარა ინტერვიუ აიღეს, ერთხელ მზესუმზირის ფართიზეც ვიყავით, ერთხელ მტკვარზეც, ერთხელ Fire Wok-ში, ნელიკოსთანაც ვჭამეთ ბლინები, მერე კინოში ვიყავით „ელვისი და ნიქსონი“ ვნახეთ, მერე ანა ვეგეტარიანელი გახდა და ვენდისში ვეჯი ბურგერის გასასინჯად წავედით და სათამაშო ავტომატებითაც ვითამაშეთ, ცხვირიც გაიხვრიტა და სალონში ფოტოებს ვუღებდი, თუ როგორ გმირულად და ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე გაუძლო ამ ამბავს. მოდა-მოდაშიც ვიყავით, შემომეჭამაში ხინკლის მერე მამალოებიც ვჭამეთ, Night Pizzas ახალი ნუტელიანი პიცაც გავსინჯეთ ბანანებით, კიდე Flea Market-ზე ერთი სამჯერ გამაჩერეს უცნობებმა, შენი ბლოგი მოგვწონსო, მითხრეს და ერხელ საერთოდ ღამე ქუჩაში მოვდიოდით მეგობრებთან ერთად და უცებ თინა ხიდაშელი შემეჩეხა ჯარისკაცებთან ერთად და გამარჯობაო მითხრა, მერე უცებ შემომხედა და ბოდიში ვერ გიცანი, შემეშალეო და მე ვუთხარი, არა უშავს, მე გიცანით-თქო და ყველას ძაან გაეცინა, ჩვენც და ხიდაშელის გარშემო მყოფ ჯარისკაცებსაც. ანამ თქვა ალბათ ესეც შენ ბლოგს კითხულობდაო.

ერთხელაც, ანდერვილშიც წავედით სპრინგ სეტზე, სადაც ჯერ Ten Walls-ი უკრავდა და მერე Tummetott-ი, რომელიც ანას ძალიან მოწონს, ჩვენთან ერთად ასტერიქსი და ობელიქსი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლეს, თუმცა მაინც კარგი იყო, ლამაზად გათენდა, ზემოდან გადმოვხედეთ ქალაქს, საბაგიროთი ჩამოვედით და ვიგრძენი, რო ანა მართლა კმაყოფილი იყო. მანამდე სახლიდან სანამ გამოვიდოდი, Tummetott-ის ანას ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩავრთე ხმამაღლა და ჩართული დავტოვე, ისე დაემთხვა, რო იმ დღეს Tummetott-მა ეგ არ დაუკრა და დილით სახლში რო მივედით, უცებ სიურპრიზად დაგვხვდა ჩართული, უკვე სადარბაზოში ისმოდა ხმა… ანას გაეღიმა.

მართლა ბედნიერი ვიყავი.

 

 

Advertisements

ცარიელი დღეები (XXXIV ნაწილი)

And it’s cause you’re mine

– Oscar and the Wolf

1.

ფეისბუქზე 1 გოგო გავიცანი და Wall-ში შეხვედრაზე ვთანხმდებოდით.

– რო მივალთ, მე გეტყვი, რო ვგიჟდები შენს ფეხებზე და მუხლზე დაგადებ ხელს. შენ მითხარი, რო არ მოგწონვარ და გამარტყი სახეში, – მივწერე სმაილებით.

– სიამოვნებით.

– მერე სასმელი შემასხი და მერე შენი კაბით შემამშრალე და ამ დროს გაკოცებ კისერში და Wall-ი დაიძაბება, – ვაგრძელებდი მხიარულ სცენარს.

– კარგი, – იცინოდა ისიც.

– მერე ხელი მკარი და წავიქცევი და შენც წაგიყოლებ და Wall-ი პატრულს გამოიძახებს, – ბოლომდე გავთრეშე მე.

– მართლა ვქნათ, რა!..

– ჰო, მართლა… ბევრი ხალხი რო იქნება, განიშნებ და უცებ დავიწყოთ.

მოკლედ Warszawa-სთან შევხვდი.

– მარტინი გიყვარს? – ვკითხე და რატომღაც არც მიფიქრია, რომ არას იტყოდა.

– კი!

Warszawa-დან 2 ცარიელი ჭიქა გამოვიტანე, ზურგჩანთიდან 1 ბოთლი მარტინი ამოვაძვრინე, რომელიც წინა დღეს მაჩუქეს, ჭიქებში დავასხი და ასე ჩავისეირნეთ Wall-ისკენ… რო მივედით, დავსხედით და ლაპარაკ-ლაპარაკში მთელი ბოთლი გამოვცალეთ, რაღაც მომენტში შრუტეც შემოგვიერთდა, გარშემო ბევრი ხალხი იყო, ვიგრძენი, რო მომენტი დადგა, მუხლზე ხელი დავადე და თვალი ჩავუკარი, გაეღიმა და ჩემი ხელი უხეშად მოიშორა, წამოვდექი და კისერში ვაკოცე, ხელი მკრა, წავიქეცი და თან წავიყოლე, სულ რამდენიმე წამი ვიყავით ძირს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რო, მაგიდასთან დაბრუნებულებს, გაკვირვებულმა შრუტემ უამრავი რამე მოგვიყვა, თუ რა ხდებოდა ამ დროს ჩვენს გარშემო და ვის რა რეაქცია ქონდა. მოკლედ, ნომერი შედგა. მერე ის სახლში წავიდა – მე „ბასიანზე“.

2.

წინა კვირას „ბასიანზე“ ფხიზელი რო ვიყავი, არ მომეწონა. ამიტომაც ეხლა ენის ქვეშ „შივა“ დავიდე და ისე მივედი.

როგორც კი შევედი, DJ-ს პირდაპირ დავდექი და შევამჩნიე, რო კედლებზე ჩრდილები იზრდებოდნენ, კვამლი ლაპარაკობდა, ყველა უცხო ბიჭის შემთხვევითი ოდნავი მხარზე მოკარება, თუ გოგოს გრძელი თმის სახეზე შეხება დიდ ინფორმაციას მაწვდიდა მათზე. ფეხზე ყველას გორგოლაჭები ეკეთა. სცენა ხან ზემოთ ადიოდა, ხან ქვემოთ ჩამოდიოდა. თვალები დავხუჭე და ანიმეს ვუყურებდი, მერე გავახილე და ჩემს წინ მუსულმანი გოგო იდგა ჩადრში, მივხდი, რომ „ბასიანზე“ მუსულმანი გოგო ჩადრში არ იდგებოდა და ვიფიქრე, რო ბიჭი იდგა ჰუდში, მაგრამ უცებ შემოტრიალდა და აღმოჩნდა, რო გოგო იყო და თუ გოგო იყო, ესე იგი გამოდიოდა, რო ჩადრში იყო?! დენსფლორს მოვშორდი და ბარის უკან სადღაც შევუხვიე, ტყეში აღმოვჩნდი, იმ ტყეს გავდა, იმის ტყეს, მაშინ რო ჩავედი, ღამით ფეხით ვიარე და რო არ დამხვდა. იქვე ვიღაც უცნაური მოხუცი არსება იდგა, მაისურზე სულელური წარწერით What Doesn’t Kill You Makes You Stronger და რო მივუახლოვდი მკითხა:

– შენ ხარ ხო „ტარიელის დღეების“ ავტორი? – და თან ისე შემომხედა, თავი გამჭვირვალედ ვიგრძენი.

– ჰო… წყალი რო დავლიო, ცუდად ხომ არ გავხდები? – ვკითხე მე და შემაკანკალა.

– არა… ხო იცი, შოთაც ეგრე წერდა თამარზე, – გავიგე ხმა და მერე უკვე აივანზე ვიდექი და DJ-ს ზემოდან დავყურებდი, ქვემოდან კი თითქოს ვიღაცეები მოძვრებოდნენ. მე ერთ ხელში წყალი მეჭირა, მეორე მოაჯირზე მედო, მესამეთი ცხვირს ვიხოცავდი, მეოთხე ჯიბეში ჩავიყავი და „Wrigley’s“ ვეძებდი, დანარჩენები არ მახსოვს, იმიტო რო წყლის ბოთლში ჩავიხედე და შიგნით ჩავედი. იქ კიდე ის დავინახე!.. ცეკვავდა და მივხვდი, როდესაც მახსენდება ხოლმე, უმეტესად ვხედავ, თუ როგორ ცეკვავს და ეს იმიტომ, რომ ცეკვის დროს, ყველაზე ნამდვილი და თავისუფალი იყო და მივხვდი, რო მაგიტომაც წავიდა – მისთვის თავისუფლება არის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა! როგორც კი ეს გავიაზრე, წყლის ბოთლიდან ამოვედი და ქუჩაში გავედი.

3.

უკვე თენდებოდა, გარეთ მეგობრები დამხვდნენ და ერთ-ერთთან წავედით სახლში. რო მივედით, დარაბები დავხურეთ და ისევ დაღამდა. დავჯექით, ვლაპარაკობდით, ცივ ბანანებს და ნაყინს ვჭამდით, მუსიკას ვუსმენდით – Oscar and the Wolf-ის You’re Mine ჩავრთე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ,  შვიდჯერ, ასჯერ… უცებ დავაფიქსირეთ, რო სიმღერა 5 წუთიანი იყო და ამ დროს, სანამ ხელმეორედ ჩართვას დავაჭერდით, იმდენი რამე ხდებოდა, 20-25 წუთი გადიოდა ხოლმე, ბევრი ვიცინეთ, ამაზე ვილაპარაკეთ და მერე თითქოს სპეციალურად ჩავუსაფრდით ამ 5 წუთს, რომ გაგვეგო, რანაირად ხდებოდა ესე, მარა არაფერმა უშველა, ყოველ ჯერზე ეს 5 წუთი აშკარად 4-ჯერ მეტ ხანს გრძელდებოდა, ჩვენც ისევ გვიკვირდა და გვიკვირდა.

ქუჩაში რო გამოვედით, უკვე დღე იყო. ბასკი იყო წასაყვანი ვეტერინართან. გავუარეთ, მოვამზადეთ, მერე ტაქსით მოაკითხეს და წაიყვანეს. ჩვენ კი ამასობაში იქვე კაფეში შევედით და სუპები შევუკვეთეთ. მე წითელი ოსპის სუპი ავირჩიე და კი გემრიელი იყო, მაგრამ ისეთი ცხარე აღმოჩნდა რო მივირთვი, ბოლოს ზუსტად ვეღარ ვხვდებოდი, მე დავლიე სუპი, თუ სუპმა მე.

ერთმანეთს გადავხედეთ – უსიტყვოდ გასაგები იყო, ჩვენი თრიფი მთავრდებოდა და სახლებში დავიშალეთ, ბასკი უკვე იქ დამხვდა და სიხარულისგან ფეხზე მომაფსა. ეზოში გავიყვანე, ძაან კარგი იყო – სიწყნარე, მე და ძაღლი.

4.

ცოტა გამოვიძინე და საღამოს ისევ Wall-ში წავედი.

მეგობარს შევხვდი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად იყო, მაგიდასთან დავჯექი, ჩემი მეგობარი ჩემს მარჯვნივ იჯდა, მისი მეგობრები, ორნი, ჩემს პირდაპირ და ორნი ჩემს მარცხნივ. წინ მჯდომები უფრო კეთილგანწყობილები ჩანდნენ და მათ ვეკონტაქტებოდი, რაღაც მომენტში ერთ-ერთი მარცხნივ მჯდომი ჩაერთო და კომენტარი გააკეთა, რაზეც ვუთხარი – არა, შენ არ გვისმენდი რაზე ვლაპარაკობდით და ეგრეც არ არის-მეთქი. ამაზე მიპასუხა – მერე რაო, ჩემთვის სულ ერთია, მე როცა მინდა, რასაც მინდა იმას ვიტყვიო. მეთქი, ჰოდა ჩემთან ნუ მოიქცევი ეგრე-თქო… და უცებ მეორე-მარცხენა ჩაერთო ადვოკატის სახით, კი, ეგრეა, რასაც უნდა იმას იტყვისო! – მეთქი, ვაა, ეგ როგორ?! – და თან გამეცინა. – ეგრეო, მთავარია სისხლის სამართლის კოდექსი არ დავარღვიოთ და დანარჩენი ყველაფერი შეიძლებაო – ვაჰ, მეთქი, რა ხდება?! – მივხვდი რო განვითარების რაღაც ეტაპზე იყო გაჭედილი, რომელზეც ესე ბრმად იციან, რა არის მთავარი და იმდენი აღარ ესმით, რო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსი კარგია, მაგრამ ცივილიზებულ ადამიანებს ამაზე არც უწევთ საუბარი და მანამდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს ზრდილობიანი, ტაქტიანი, მეგობრული, თავაზიანი, ან მინიმუმ ადეკვატურად ნეიტრალური მაინც. მაგრამ არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ზოგს სამწუხაროდ ესე მოქცევა უბრალოდ არ შეუძლია. – კაი, არ მაინტერესებს ეს ყველაფერი-თქო – ვუთხარი და ისევ მეგობარს და მის კეთილგანწყობილ მეგობრებს დავუბრუნდი.

ღამე გვიან სახლში ტაქსით რო ვბრუნდებოდი, უიკენდისგან გადაღლილმა თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე.

– სულ მასზე ფიქრობ, – თქვა უცებ ტაქსისტმა.

გავხედე და ჯადოქარი იყო.

5.

დილით ადრე ავდექი, რო მეძინა, გერმანიიდან მეგობარს მოუწერია – ბოლო ნაწილი არ მქონდა წაკითხული, ეხლა გავხსენი და იმით იწყება, ვიღაც გეკითხება, მძიმე კაცი რატომ არ გიწვევსო. მოვკვდი სიცილით, იმიტომ, რომ იმ დღეს დავაკომენტე მძიმე კაცის ფეისბუქ ფეიჯზე – იქნებ ნონო ანთაძე მიიწვიოთ, დარწმუნებული ვარ ბევრი მნახველი ეყოლება გადაცემას-თქო. – გამეცინა და რადიოში გავიქეცი.

კიდევ ერთხელ უნდოდათ ჩემი ხმა გაეტესტათ, რაღაც ინფორმაციები მოვამზადე და წავიკითხე, მერე მითხრეს, ცოტა სწრაფადო და ცოტა სწრაფადაც წავიკითხე. წამოსვლისას ვუთხარი, ეგ ინფორმაციები მე მოვიგონე და მართლა არ გაუშვათ ეთერში-თქო.

მერე იქიდან ერთ-ერთ ბანკში წავედი, ახალი ბუკლეტების გამოშვებას აპირებენ და უნდათ, რო ტექსტები დავუწერო. რო მივედი, მითხრეს – გამარჯობათ, ჩვენ თქვენს ბლოგს ვკითხულობთო – და ოფიციალური ბანკური განწყობა ეგრევე მოიხსნა. ამიხსნეს, რა უნდა დავწერო და ვუთხარი, რომ იქით კვირაში გავუგზავნიდი საცდელ ვარიანტს.

6.

სახლში რო მოვედი და ფბ-ზე რამდენიმე მესიჯი დამხდა, პირველი გავხსენი და ეწერა:

დამესიზმრე – სასტუმროში ვისვენებდით სადღაც და იმდენი ჟურნალისტი დაგსდევდა, ძაან პოპულარული იყავი, სად გავქცეულიყავით არ ვიცოდით. სასტუმროში სირბილისგან დავიღალე და ბოლოს სახურავზე ავედით, წყნარად ვიქნებით-თქო და ვიღაც ტიპი მოგვადგა და მომკიდე ხელი და გადავხტით, მივფრინავდით და კაი შეგრძნება იყო, თან შიშის და თან ადრენალინის.

მერე მეორე მესიჯი გავხსენი:

დამესიზმრე – ვითომ დაგპატიჟეს რაღაც დიდ თოქ-შოუზე, პირადპირი ეთერი იყო და რატომღაც მე წამიყვანე, ხოდა, ვისხედით ამ დიდ დარბაზში ბევრი ხალხი, ოღონდ რას ლაპარაკობდნენ და რა თემა იყო არ მახსოვს.

მესამე ადამიანის მესიჯი უკვე ცოტა ფრთხილად გავხსენი:

დამესიზმრე – რაღაც უგრძესი ფანტასტიკა იყო, სხვა პლანეტაზე ვცხოვრობდით, ოღონდ ჯერ სახლებს ვაშენდებდით. დედამიწა და მთვარე ჩანდა და ერთად ვუყურეთ, როგორ დაეჯახა რაღაცა დედამიწას და აფეთქდა. იქ ვიღაცეები ცხოვრობდნენ და სისხლს სვამდნენ და ადამიანებს ეგეთი ბიზნესი ქონდათ ახალ ჩამოსულ ტიპებს სისხლს უღებდნენ ვითომ ქველმოქმედების პონტში და მერე იქაურ ვიღაცეებზე ყიდდნენ, ჰოდა ეგრე მოგატყუეს შენც და მერე ცუდად იყავი და მე მეჩხუბებოდი რატო არ გამაფრთხილეო. არადა გირეკავდი რო მეთქვა, მარა რო დავრეკე უკვე ამაყად მითხარი, სისხლი ჩავაბარეო.

მეოთხე მესიჯი უკვე ცოტა შიშით გავხსენი:

დამესიზმრე… ასე იწყებოდა ისიც………..

მოკლედ, ძალიან უცნაური იყო, მგონი ვირუსი ვარ-თქო გავიფიქრე და ლეპტოპი ჩავკეცე.

 

 

 

 

 

ცარიელი დღეები (XXXIII ნაწილი)

Call Me When You’re Drunk

– I,m In You

1.

– იცი რა მაინტერესებს, მძიმე კაცი რატო არ გიწვევს? – მკითხა მეგობარმა.

– იმიტომ რომ ის მძიმეა და მე ცარიელი! – ვუპასუხე ულოგიკურესად.

Wall-ში ვიყავით, გარეთ ვისხედით, მე თან ლეპტოპი მქონდა წაღებული და შიგადაშიგ ფეისბუქზე ვიჭყიტებოდი, რასაც ყველა აქტიურად აპროტესტებდა და თვითონ კი ამ დროს აიფონებში იყვნენ ჩამძვრალები.

მერე ჩემმა ძმამ, წამო „ბასიანზეო“, და წავედით სამნი, ჩვენი მეგობარიც წამოვიდა, რომელსაც ძალიან გრძელი ულვაშები აქვს. არცერთი არ ვიყავით მანამდე ნამყოფები და გვაინტერესებდა, რა იყო ეს „ბასიანი“. მივედით და მოკლედ დიდი არაფერი. ნუ, საჩემო არ არის ეს კონცეფცია – ძაან ბნელა და ამიტომ კარგია – მე მიყვარს, მაგალითად, როცა ვხედავ, თუ რა ლამაზად აცვია ადამიანს, ან, სიტყვაზე, როგორი კარგი ვარცხნილობა აქვს. შევიდე „ბასიანზე“ და ეს ყველაფერი დავიკიდო, Come on… მაგისთვის ხარისხიანი დრაგებია საჭირო…

ერთი სასიამოვნო რაც მოხდა, მიუხედავად ამ სიბნელისა, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში სამჯერ გამაჩერეს გოგოებმა და შენ ხარ ნონოო? ჩვენ შენს ბლოგს ვკითხულობთო… ჰოდა, აქამდე თუ ჯერ კიდევ არ მჯეროდა, უკვე თითქმის ვირწმუნე ლეგენდა „ცარიელი დღეების“ პოპულარობასთან დაკავშირებით…

2.

მეორე დღეს გვიან და მძიმედ გამეღვიძა. ბიჭები მოვიკითხე. ერთერთთან იყვნენ სახლში და მეც გავედი. რაღაც წყნარად ვისხედით, ვისკის ვწრუპავდით და მუსიკას ვუსმენდით.

მერე მივხვდით, სადმე უნდა გავსულიყავით და დიდი მიხვედრა იმას არ ჭირდებოდა, რო ეს სადმე Wall-ი იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად დაღლილი დღე იყო და მალე დავიშალეთ.

სახლში რო მოვედი, ერთი გოგოს მოწერილი დამხვდა:

– ნონო, მელაპარაკე, თორე მგონი მართლა დამერხა.

– კაი, აქ ვარ. რა გჭირს ამიხსენი?

…და მომიყვა, რო შინაგანი ძალა გამოელია, ვეღარ უძლებს გარემოებებს, რო ხშირად ყოფილა გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ ადარებს და ხვდება, რომ ყველაზე რთულად ეხლა არის, სტრესშია და ჩემს გარდა არავისთან ლაპარაკის სურვილი არ აქვს.

ვცდილობდი დამემშვიდებინა, ბევრი რამ ვუთხარი, მაგრამ ძალიან რთულია ასეთ დროს ადამიანს მისცე ის, რაც ჭირდება, მაშინ, როდესაც ის შენგან ძალიან შორს, სხვა ქვეყანაში იმყოფება.

3.

მეორე დღეს კიდევ ერთმა გოგომ მომწერა:

– თავს საშინლად ვგრძნობ, არ ვიცი რა და როგორ ავხსნა, არც მინდა შეგაწუხო.

– არ ვწუხდები… მინდა დაგეხმარო, – დეჟა ვუს შეგრძნება მქონდა, ეტყობა რაღაც პერიოდი იყო ასეთი. ისიც საზღვარგარეთიდან მწერდა და შესაბამისად ისევ დისტანცია ართულებდა მდგომარეობას.

საღამოს მეგობართან წავედი, რომელიც უკვე 1 წელია, რაც ახალ ბინაში გადავიდა და ვერაფრით მოვახერხე მომენახულებინა. ბოლოს დაპირებული ვიყავი, თებერვალი სანამ დამთავრდება, აუცილებლად მოვალ-თქო და სიტყვა შევასრულე, 29 თებერვალს ვესტუმრე, ღამე, 10 საათზე. თავის გაკეთებული უგემრიელესი პუდინგი დამახვედრა, რომელიც დიდი სიამოვნებით მივირთვი. ბევრი ვილაპარაკეთ და ცოტა ვისკიც მოვყლურწეთ.

რო გამოვედი, ხელები ჯიბეში ჩავიყავი და ქუჩას ფეხით გავუყევი. უცებ გვერდიდან ნაცნობი ხმა შემომესმა:

– სულ მინდა ერთი რაღაც გკითხო.

– მკითხე, – არც გამიხედავს, ჯადოქარი იყო.

– მაინტერესებს, რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად?

– ჰმმმმ, ყველაზე მეტად… ენერგეტიკა.

– კარგი პასუხია.

– ჰო, ამიტომ არის ყველაზე ლამაზი ჩემთვის და მისი ენერგეტიკის ხარჯზე მივიღე ის, რამაც ყველაზე მეტად შემავსო და გამაბედნიერა.

– გასაგებია, მადლობა.

– არაფრის, – ვუთხარი და მერე არ მახსოვს მე ავუჩქარე ნაბიჯს, თუ თვითონ ჩამომრჩა… გზა ისევ მარტომ გავაგრძელე.

4.

ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ, ახალი მეგობარი გაიჩინეს – ბიგლი, სახელად კილი – ჰოდა, ვესტუმრე და გავიცანი, უსაყვარლესი ვინმე იყო, ცელქი და მოუსვენარი ლეკვი. სულ ტუჩებში ვკოცნეთ ერთმანეთი, ძირსაც ვიგორავეთ და ვითამაშეთ. მერე ფეისბუქზე ფოტო დავდე, რომელსაც ძაან სწრაფად 150 ლაიქი ქონდა. კმაყოფილები იყვნენ პატრონებიც, მეც და, რაც მთავარია, კილიც, რომელიც უკვე ტახტზეც არ მასვენებდა, ამოძვრა და ჩემს თავზე დაძვრებოდა. იმდენი ქნა, სანამ თათით ყური არ გამიკაწრა, თუმცა საშიში არაფერი იყო, ყველა აცრა გაკეთებული აქვსო, მითხრეს და დასაძინებლად წაიყვანეს.

დაახლოებით ათამდე ადამიანი ძალიან მყუდროდ ვისხედით, ცოტას ვსვამდით და თითქოს არაფერი ემუქრებოდა ამ მეგობრულ სიტუაციას. ამ დროს კარი გაიღო და ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ტიპი შემოვიდა. ძალიან მთვრალი და გამაღიზიანებლად აქტიური იყო. არც სხვები იცნობდნენ მაინდამაინც კარგად. ჯერ Gesaffelstein-ი გამორთო და ჩართო „ფრანი“. მერე ერთ-ერთ გოგოს ეძახდა – რიჟა, რიჟა, რიჟა – და თმებზე ხელებს უფათურებდა. მერე ჰკითხა, ვინ გიცავსო? და როდესაც გოგო უხმოდ გაეცალა, მე და ჩემს ძმას შემოგვიტრიალდა, იცავთ ამასო? – ამდენის მოთმენა აღარ შემეძლო და – მე მგონი დაცვა არ ჭირდება-თქო ვუთხარი არააგრესიული, მაგრამ, როგორც ასეთ დროს მჩვევია, მკაფიო და ხაზგასმული ტონით. შეტრიალდა, მოგვშორდა, მარა დარღვეულ სიმყუდროვეს აღარაფერი ეშველებოდა ავდექი და წამოვედი, სხვებიც იშლებოდნენ.

მე იმ გოგოსთან ერთად გამოვედი და ვეკითხები – ვახ, ეს უზრდელი ვინ იყო, საიდან იცნობდი-თქო? და უცებ მეუბნება, არ ვიცნობდიო! და გამოვშტერდი… მეგონა ახლობელი იყო… დარწმუნებული ვიყავი, თორე ამ „რიჟა, რიჟა ვინ გიცავს“ და თავზე ხელების მოკიდებასაც არ მოვითმენდი. ვერც კი წარმოვიდგინე, რო ასეთი ფამილარობა შეუძლიათ ადამიანებს. ან რა იცოდა იქნებ ჩემი შეყვარებული იყო ეს გოგო და იქვე მოვამტვრევდი იმ ხელს, მიუხედავად იმისა, რო რაგბისტის ჯანზე იყო. მოკლედ რა, გადამრევს ეს უტაქტო ხალხი!..

5.

Wall-ში დაბადების დღეზე შევიკრიბეთ, თბილოდა და ამიტომ გარეთ ვიყავით. ჩემთვის უჩვეულოდ ბევრი დავლიე და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი.

გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც ფეისბუქზე გავიცანი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბლოგს კითხულობდა და რომელმაც ბოლო ნაწილების გამო მისაყვედურა, ამდენ გოგოებს რატომ ხვდებიო. ჰოდა, მას იმისთვის შევხვდი, რო ამეხსნა – არაფერი ცუდი არ იყო ამ ჩემს შეხვედრებში, არავის არ ვატყუებდი, ყველაფერი იყო ღიად და გამჭვირვალედ და აუცილებლად მათი სურვილის გათვალისწინებით. მეტ წილად საერთოდ მათი ინიციატივითაც კი. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი ვიყავი და რა დასკვნები გამოიტანა, მარა ყურადღებით რო მისმენდა, ფაქტია. თვითონ ალკოჰოლზე უარი თქვა, ჩაი დალია და მალე წავიდა.

მე ბარში შევედი და ბარმენებს ვეხმარებოდი. ნუ, ყოველშემთხვევაში, ასე მეგონა, თორე შეიძლება ხელს ვუშლიდი კიდევაც. მერე გვიან სტელაში წავედით და იქ დალევა უკვე სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ ცოტა იქაც დავუმატე. პახმელია გარანტირებული იყო.

6.

სპორტულ რადიოში მივედი გასაუბრებაზე სანდრო ცნობილაძესთან – ხელში ტექსტი მომცეს, თავზე დიდი ყურსასმენები ჩამომაცვეს და მიკროფონთან დამსვეს, მიდი, წაიკითხეო. ჰოდა, წავიკითხე, ცოტა გაციებული ხმა მქონდა და არ ვიცი რა გამოვიდა. პასუხს რამდენიმე დღეში გაგაგებინებთო, მითხრა სანდრომ. თან ძაან კეთილგანწყობილად დამაიმედა, მგონი ყველაფერი კარგად იქნებაო.

რო გამოვედი, სპორტის სასახლესთან ვიდექი, ძაან მზიანი დღე იყო და სახეში სასიამოვნო თბილი ამინდის სუნი მეცა, უცებ გამახსენდა, ამ ადგილას McDonald’s-თან ველოდებოდი ხოლმე. ჰოდა, ვიდექი ეხლა და ამდენი ხნის მერე ისევ ვფიქრობდი – ნეტა ვახსენდები ხანდახან, თუ ფეხებზე ვკიდივარ-თქო – ცოტა თავბრუ დამეხვა და იქვე ჩამოვჯექი…

თვალები დავხუჭე და წამებში მთელმა ურთიერთობამ გამიელვა. ამბობენ ასე სიკვდილის წინ ემართებათ, წარსულის მნიშვნელოვან მომენტებს ერთად ხედავენ ხოლმეო. ბოლო პერიოდში ხშირად მემართებოდა… ნეტა რამდენჯერ მოვკვდი ამ ერთი წლის მანძილზე…..

ცარიელი დღეები (XXIX ნაწილი)

I’m on my way

– Air

1.

გამეღვიძა. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო. ის ამობეჭდილი „ცარიელი დღეები“ ხომ დამიტოვეს და ავიღე. ჰოდა, მეორე დღეს ერთმა ნაცნობმა მომწერა საჩუქარი მაქვს შენთვისო, Wall-ში ვარ-თქო, მოვიდა, გადმომცა და წავიდა. ძაან კაი გასართობი მომიტანა, კერი სმიტის, „არ დაინდო ეს დღიური“, ასეთი წარწერით – ნონოს, რომელიც მჯერა ცარიელ დღეებს აუცილებლად აავსებს. – დღეებს არ ვიცი, მაგრამ ამ დღიურს კი შევავსებდი.

Wall-ში ბევრნი ვიყავით, მეგობარს ვაცილებდით, რომელიც 3 წლით მადრიდში წავიდა. მე ერთ გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც ჰელსინკიში სწავლობს, ჰოდა ვიჯექით მთელი საღამო მე და ეს ლამაზი გოგო და ვლაპარაკობდით, ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით და თან იმაზე გვეცინებოდა ეხლა აქ ყველა იფიქრებს, რომ ჩვენს შორის რამე ხდებაო. გვიან დავიშალეთ, ის „ბასიანზე“  წავიდა, მე მეგობრებთან ერთად „ბერნარდში“.

მერე მომწერა, ფეისბუქზე მესიჯები დამხვდა, მეკითხებიან შენ და ნონო ერთად ხართ თუ რა ხდებაო. ძაან სასაცილო იყო, იმიტომ რომ მეც მომივიდა მსგავსი მესიჯი. მოკლედ, თბილისი თავის სტიქიაში იყო.

2.

გამეღვიძა. კიდევ ერთმა მეგობარმა მომწერა, დღეს შევხვდეთ რაღაც მინდა გაჩუქოო. უკვე ძაან მეცინებოდა და ასე ღიმილით წავედი საღამოს Wall-ში, ერთი ნახევარი საათი ველოდე და მერე მივწერე. აღმოჩნდა რომ იმას აერია და მოზაიკაში მიცდიდა. კარგი მოვალ-თქო და გავედი, თან მოზაიკაც ჩემი მეგობრის იყო და არ ვიყავი ნამყოფი. მოკლედ, მივედი მოზაიკაში, ჰოდა ეს ჩემი მეგობარი, გინეკოლოგია და სამსახურში აჩუქეს 200 ცალი საუკეთესო ხარისხის პრეზერვატივი და ნაწილი მე მომიტანა. ვერაფერს ვიტყვი, ესეც მშვენიერი საჩუქარი იყო.

მერე ვილაქლაქეთ, წითელი ღვინო ვწრუპეთ და ტუჩები გავიშავეთ.

გარედან ხმაური შემომესმა და აივანზე გავედი, ჩხუბობდნენ, ბრახ გააქანა და ლეწა ერთმა მეორეს, მეორე წაიქცა, ის კიდე მივიდა და კიდე ლეწა თავში, მეორე დიდად ვერაფერს აკეთებდა, პირველი არ ჩერდებოდა, აწია ეს მეორე და გადააგდო, მანქანაზე მიანარცხა, მივიდა კიდე დაარტყა, კიდე დაარტყა, ამ დროს მესამე მოვიდა იმანაც დაარტყა მეორეს, თან სულ თავში ურტყამდნენ. გაშეშებული ვიდექი, არ უნდა მეყურებინა, მარა გავძეგლდი, უბრალო ჩხუბი არ იყო, ზღვარგადასული და რაც მთავარია ცალმხრივი აგრესია იყო, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რო ასე მოვექცე ვინმეს. ალბათ ჩემთვის საყვარელ ადამიანს თუ მოექცევიან ასე, მერე შევძლებ ასე და ამაზე უარესადაც მოვექცე მე მათ. მაგრამ აქ გამაოგნებელი იყო მიზეზი. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე უმოწყალო-გამეტებულ დარტყმებს, ის ტიპი სულ ერთ წინადადებას ამატებდა ღრიალით – მე უნდა დავიჭირო ბიჭო შენი სიგარეტი? მე უნდა დავიჭირო?! მე უნდა დავიჭირო შენი სიგარეტი??? ჰა, შენი დედა მოვტყან! მე უნდა დავიჭირო სიგარეტი?..

3.

გამეღვიძა. თვალები ფრთხილად გავახილე, აბა დღეს ვინ რას მაჩუქებს-თქო. ფეისბუქზე შევძვერი და ერთი უცნობი მწერდა, რა კარგია, რო ბლოგის წერა გააგრძელეო. გავისაუბრეთ და შეხვედრა გადავწყვიტეთ, ჩემს მიუწვდომლობაზე მითი რომ დამსხვრეულიყო. მგონი კარგად გამოგვივიდა, თან Night Pizza-მ საჩუქარი გამიკეთა და საღამო გემრიელად გავატარეთ, ნახევარ მარგარიტასთან და ნახევარ პეპერონისთან ერთად.

საღამოს როცა წავიდა, ჩემმა მეგობარმა, ისრაელში რო ცხოვრობს, თავისი დოკუმენტური ფილმი Jerusalem Boxing Club გამომიგზავნა, ვუყურე. საერთოდ დოკუმენტურ ფილმებს არ ვუყურებ ხოლმე. მაგრამ ძაან ვისიამოვნე, ძალიან კარგად იყო ისტორია მოყოლილი, მუსიკითაც მშვენივრად იყო შეზავებული და რაც მთავარია, ადამიანურ ურთიერთობებზე იყო საინტერესო ისტორია.

ძილის წინ, უეცრად ერთი ამბავი გამახსენდა, როცა „ის“ გავიცანი, დედაჩემს მოვუყევი და დედაჩემმა მითხრა, ეხლა ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრაო და აღმოჩნდა რომ მისი სახელი, რომელიც უიშვიათესია და მეტი თითქმის არავის ქვია. დედაჩემს ეყენა ფეისბუქის პასვორდათ. სიგიჟე იყო, აღმოჩნდა რო დედაჩემსაც უყვარდა ის ისტორიული პერსონაჟი, როგორც დედამისს და მე რო გოგო ვყოფილიყავი, მეც ამ სახელს დამარქმევდნენ. მოკლედ ასე ვერ შეიკავა დედამ თავი, მითხრა ეს ამბავი და წავიდა პასვორდის გამოსაცვლელად. ისე კი, როცა ასეთი მშვენიერი ნიშნებიც კი ბოლოს ტრაკში მიდის, რისი უნდა გჯეროდეს ადამიანს აღარც კი ვიცი.

4.

გამეღვიძა. გვიანი იყო, მწერლის სახლში წავედი, მამაჩემმა ეროტიკული ტანკები თარგმნა და წიგნის პრეზენტაციაზე უნდა მიმესწრო. დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა და საღამომ კარგად ჩაიარა – სხარტად და საინტერესოდ.

ქუჩაში რო გამოვედი, ვიფიქრე დღეს მაინც სიწყნარეა-თქო, იქვე გარეთ 1 გოგო იდგა, ეწეოდა. მომესალმა, მეც მივესალმე, მე ის ვარო და ფეისბუქიდან შემახსენა თავი. ცოტა გამოველაპარაკე და დავიშალეთ. მერე სახლში როცა მივედი მოწერილი დამხვდა:

კომპლიმენტს გეტყვი – დავრწმუნდი რო ჩვეულებრივი ხარ )) თავმდაბალი და ადამიანური.

ეს გოგო რო წავიდა, ამ დროს მეგობარმა დამირეკა, გამოგივლი და „ამო რამე“-ში წავიდეთო, მოვიდა და წავედით. „ამო რამე“-ში ჩვენი მეგობარი მუშაობდა და 1 საათით შევუსეირნეთ, მოვინახულეთ. მგონი ცოტა გავამხიარულეთ კიდევაც, რაღაც სიგიჟეებს ვყვებოდი და ბევრი ვიცინეთ.

5.

გამეღვიძა. კიდევ ერთი მესიჯი მივიღე, კიდევ ერთი უცნობისგან, შედი ჩემს კედელზე და ნახე სტატუსი რო წერია, ეგ შენ გეძღვნებაო. შევედი და ვნახე. კარგი რაღაცეები ეწერა შავგრემან ბიჭზე… შეხვედრაზე შევთანხმდით, ამჯერად საჩუქრად ქინდერის კვერცხები მივიღე, ვისაუბრეთ, შოკოლადი და ჩაი მივირთვით და მერე საღამოს კიდევ ერთი სტატუსი მომიძღვნა, რომელიც ამჯერად უკვე ამ ჩვენს შეხვედრას ეძღვნებოდა.

მერე გვიან იმ გოგოს შევხვდი, ფინეთში რო ცხოვრობს, ჩემს ერთ მეგობარს მოეწონა და მე და ეს გოგო ერთად დაგვპატიჟა, ცოტა სადმე დავლიოთო, ცოტა არ გამოვიდა, ჯერ Peoples-ში ვიყავით, მერე Warszawa-ში, მერე მოზაიკაში, მერე ბერნარდში, იქიდან უკვე ბათუმში, თურქეთში, ბაჰამებზე, კაზინოში, სტრიპტიზ კლუბში და ბოულინგის სათამაშოდ გვინდოდა მოგზაურობა, საინფორმაციოში ვრეკავდით, რომ გაგვეგო სად იყო ავა გარდნერის საფლავი და მოგვენახულებინა, იქ ძალიან შეწუხდნენ, იწვალეს, ცდილობდნენ დაედგინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამასობაში კი ჩვენ დროულად მივხვდით, რო ეხლა უკვე დასაძინებლად წასვლა აჯობებდა ყველაფერს.

სახლში რო მივედი, „ფრენდ რექუესთი“ დამხვდა, დავაკონფირმე და ფოტოები დავათვალიერე, ისეთი გოგო იყო, მეგონა ჟურნალ VOGUES-ს ვათვალიერებდი. მერე გამოველაპარაკე, აღმოჩნდა რო გერმანიაში ცხოვრობს, მერე ლაპარაკი საკაიფოდ ავაწყეთ, მერე ბევრი ვიცინეთ, მერე მოგვეჩვენა რო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით და მერე მოგვინდა, რო ერთმანეთს ვიცნობდეთ. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო.

6.

გამეღვიძა. სამზარეულოში გავედი, ყავის მოსამზადებლად. შემეშინდა, მაგიდასთან ვიღაცეები ისხდნენ, შუქი ავანთე და ჯადოქარი დამხვდა, მეორე კი ის უცნაურად ლამაზ თვალებიანი ბავშვი იყო Wall-ის ეზოდან. ისხდნენ და ჩემი ვეგეტარიანული პაშტეტით საუზმობდნენ.

– აჰ, ესე იგი, თქვენ ერთად ხართ, ხო? – ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი.

– ყოჩაღ! ძნელი მისახვედრი იყო, შერლოკ? – ლუკმით პირში მიპასუხმა ჯადოქარმა და ამომხედა.

– რა გინდათ, რატო მიძვრებით სახლში? – ვეცადე დამეძაბა სიტუაცია.

– სახლში არა, თავში… და საერთოდ როგორც შენს ლექსში იყო – შენი სახლის გასაღები იმას აქვს, ვინც არასოდეს მოვა – მოკლედ, შენ ვინც არ გინდა, თავში ვერ შემოგიძვრება. უი, და აი ეს გამომართვი, – ჯადოქრის დაძაბვა, როგორც ჩანს, სულაც არ იყო ადვილი საქმე. ჯიბიდან პატარა დაკეცილი ფურცელი ამოიღო და მომაწოდა.

გამოვართვი, გავშალე და ხმამაღლა წავიკითხე:

რამე მინდა ვნახო პირველად, ისეთი რამე რაც არ მინახავს

ის მინდა ვნახო

ის ხომ გინახავს?

მის დაბრუნებას ვნახავ პირველად

– იხვეწება ნელ-ნელა, ხო იცი, – უთხრა ბავშვს ჯადოქარმა. ბავშვმა შემომხედა, ლამაზი თვალები და საჭმლით გამოტენილი პირი ქონდა.

– რა არის ეს, რატომ გადამეკიდეთ ამ გოიმური ლექსებით? – წამოვიყვირე მე და ფურცელი მოვისროლე.

– ოოჰ, ეს რა ესთეტია რა, – თქვა ბავშვმა და გაიცინეს.

– კი არ გადაგეკიდეთ, ჩვენ გირჩევთ, შეეშვა ამ უაზრობას, ანუ ბლოგისგან გამოწვეული ინტერესით თავით ტკბობას და აქ დარჩე ჩვენთან. თან სიმართლე რო გითხრა, აქ მეტი შანსი გაქვს შეხვდე, – მითხრა, პირი მოიწმინდა და როგორც იცის ხოლმე, თვალი ჩამიკრა ღიმილით.

– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, ეგრე არ მინდა, – ვიმეორებდი, მაგრამ მივხვდი რო უბრალოდ ვფიქრობდი, პირი მოკუმული მქონდა…

გამეღვიძა.