ყვითელი ჩაიდანი

 

Girl, you’re just a, a child

– Angus and Julia Stone

1.

რიფერში ვიყავი, 00:00 საათს ველოდებოდი, „ცარიელი დღეების“ ბოლო ნაწილი უნდა დამედო და აღმოჩნდა Wi-Fi არ იჭერდა. ვიფიქრე სახლში წავალ ავტვირთავ და დავბრუნდები-თქო, მარა ანამ მითხრა გაჩერებაზე გადი და Tbilisi Loves You-ს დაიჭერო, ჰოდა, ასე, ცოტა სასაცილოდ გამოვიდა, უკანასკნელი ნაწილი ქუჩიდან ავტვირთე და რიფერში ჩავბრუნდი.

ანა მუშაობას რო მორჩა, გადავწყვიტეთ დიდ გალერიში წავსულიყავით, ოღონდ ცოტა გვშიოდა და მანამდე სმარტში შევიარეთ, ანას მეგობარი მარიამიც ჩვენთან ერთად იყო. სმარტში ვიღაც ბიჭები შეგვხდნენ და ლობიანებზე დაგვპატიჟეს. ამასობაში გოგოებმა კოკის დაურეკეს, თხოვეს გამოსულიყო და გალერიში შევეყვანეთ.

კოკი გარეთ დაგხვდა და შევედით, იქ ცოტა დავლიეთ, კიდე სხვა მეგობრებიც შეგვხდნენ, ვიცეკვეთ, მომწონდა, ანა როგორც ცეკვავდა, გაფრთხილებული ვიყავი, რო ცეკვა მარტო უყვარდა, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ ისეთ დისტანციაზე ვყოფილიყავი, რომ არც ვინმე სხვას შეეწუხებინა. მოკლედ ნორმალურად გავერთეთ და გამოსვლისას აღმოჩნდა რო მასაც მოეწონა, როგორ ვცეკვავდი.

2.

მეორე დღეს ანა არ მუშაობდა და რიფერში ისე წავედით. შევდივართ და რას ვხედავთ… თურმე წინა ღამეს დაბადების დღე ვისაც მივულოცე, იქ არის და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს… ჰოდა, მივედი და ვუთხარი – გილოცავ, ბლოგიდანაც მოგილოცე და აი, პირადადაც გილოცავ-თქო – მადლობაო – მითხრა და დავბრუნდი ბართან.

კარგად ვიყავი – ანასთან ერთად ვიყავი… ცოტა დავლიეთ, ისინი ცეკვავდნენ, მერე ჩვენც მივედით სტუმრებთან ახლოს და ანას ვუთხარი – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეხლა 17 ათასი მკითხველია ცოდო, ამ ამბავს თუ ვერ გაიგებენ-თქო.

მოკლედ, მერე იუბილარი და სტუმრები წავიდნენ და ცოტა ხანში ჩვენც Wall-ში ჩავედით, 1-2 ჭიქა დავლიეთ და წავედით ბასიანზე, სადაც ისეთი ჭყლეტა იყო, 2 საათზე მეტი ვერ გავჩერდით და ამ 2 საათიდანაც ნახევარი სკამზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით.

3.

შემდეგ დღეს ანას რიფერში მუშაობის ბოლო დღე იყო, პატარა, ლამაზ, მყუდრო, საყვარელ, კუსკუსა კაფეში Carpe Diem-ში გადაწყვიტა გადასვლა. რიფერში ნათლიაჩემთან ერთად მივედი, კვირა დღე იყო და ბევრი ხალხი არ დაგვხდა, ნათლიაჩემი რაღაც საქმეებზე მელაპარაკა და მალე წავიდა.

მერე მეგობარი მოვიდა, იმასაც რაღაც თავისი ამბები ქონდა მოსაყოლი, თან ვწრუპავდით, სადღაც ერთ საათში ანა მუშაობას მორჩა და მეგობარმა შემოგვთავაზა მანქანით წაგიყვანთო, ანა ყველას გამოემშვიდობა, მერე მანქანაში ჩავსხედით და წავედით და ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიგვიყვანა და უნდა ჩამოვსულიყავით, პატრულმა გაგვაჩერა, მეგობარმა ჩადით და მე ჩემი პომადიანი ტუჩებით ისე გავუღიმებ, არ დამაჯარიმებენო. ჰოდა წამოვედით.

ცოტა ხანში სმს მივიღე – დამაჯარიმესო – ჰმ, როგორც ჩანს ალკოჰოლმა მაინც გადაფარა პომადა…

4.

გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე არსად გავსულიყავი, მანანას დაბადების დღე იყო, საღამოს სტუმრები მოვიდნენ, სოკოს ვჭამდი გემრიელად, რომელიც ძალიან მიყვარს და პოლიტიკაზე კამათს ვუსმენდი, რაც პირიქით ძალიან არ მიყვარს.

სტუმრები როცა წავიდნენ, ტელევიზორთან ჩავჯექი, რასაც ბოლო დროს იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ჩემპიონთა ლიგას ვუყურე, ბაიერნი ბენფიკას ხვდებოდა და ჩემ ბიჭებს დიდად არ გაუჭირდათ თამაში.

მერე ძილის წინ ცივი ყავა გავიკეთე, ტორტის მოზრდილი ნაჭერი მოვიჭერი და ჩემი ცოლის დაქალების სერიები ვნახე.

5.

ამასობაში როგორც იქნა მუშაობა დავიწყე, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტში, კოპირაიტერის თანამდებობაზე. მოკლედ, მშვენიერი სამსახური აღმოჩნდა.

დედაჩემის და ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო, მივედი მივულოცე, დედაჩემს 3 თეთრი ვარდი ვაჩუქე, როგორც თვითონ მთხოვა, ბაბუას რაღაც კარგი კატალოგი. საღამოს ანას გავუარე Carpe Diem-ში და მუშაობას რო მორჩა ჯერ განახლებული ბაუჰაუსის გახსნაზე წავედით, სადაც ანას მეგობარმა ანიმ დაიწყო მუშაობა და იქიდან გალერიში დაბადების დღეზე, მაგრამ თან უკვე გვიანი იყო, თან ისედაც შუა კვირა და ამიტომ ცოტა ხალხი დაგვხდა, მოკლედ მალე წამოვედით სახლში.

გზაში ლუდი და რაღაც სახრამუნოები ვიყიდეთ, მერე უგემრიელესად დავსხედით, ჯერ გახმაურებული The Lobster ვნახეთ და ცნობილი იაპონური ანიმაცია Sprites Away-ც მივაყოლეთ.

6.

ბაუჰაუსში წავედით, მარიამიც მოვიდა, მერე იქიდან Wall-ში ჩავისეირნეთ, კოჩაროვი და ბაკურა შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ გვებოდიალა, ჯერ წავედით ამქარში, სალიოს კონცერტზე, იქ მახსოვს ვიღაც გოგო მომადგა, მომხედეო მითხრა, მეთქი მარტო არ ვარ Sorry… მერე კიდე ვიღაც მოვიდა მე შენს ბლოგს ვკითხულობო, მეთქი მორჩა ბლოგი-თქო. მოკლედ იქიდან გადავწყვიტეთ რიფერში ჩასვლა და იქ კოჩაროვს ეცა ვიღაც გოგო, მეცნობიო, ნიკა ეუბნება მე არ გიცნობო, ამ დროს მე მივედი, ეს გოგო შემომიტრიალდა და რა საყვარელი ხარ, საყურე რო გიკეთიაო, მეთქი ვაჰ… მე და ნიკა ერთად ვართ-თქო, არ დაიბნა, თუ არ გჯერა აჰა-მეთქი და ტუჩებში ვაკოცე კოჩაროვს, აქ ცოტა უკვე დაიბნა, კაი ხო გეხუმრები-თქო ვუთხარი, აი ეს გოგოა ამის ცოლი-თქო და მარიამზე ვაჩვენე და მე ამათი მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ-თქო, ჰოდა, მოკლედ ამდენი რამის მერე, როგორც იქნა, დაგვანება თავი. მერე მახსოვს ისევ Wall-ში ჩავბრუნდით და ბოლოს ჩემთან მივედით ჩაის დასალევად, მარა აღმოჩნდა ჩაიდანი აღარ მქონდა და უცებ კარადაში აღმოვაჩინე ყვითელი ჩაიდანი, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს სახლში, რომელიც 10 წლის წინ გავყიდეთ, სამზარეულოში იდგა კარადის თავზე და მე ქვემოდან სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, ჰოდა გამოვიღეთ ეს ჩაიდანი და წყალი დავადგით.

Carpe-ში ხშირად მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები, არეშკა, ლადო, ცავკა, ნატა ჟღენტი, ნათლიაჩემიც იყო რამდენჯერმე, ერთხელ ნიკუშა, კოტე და ლევანიც იყვნენ, დიანა და ელენეც ყოფილან, მარა იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით და თითქმის ყველას მოწონდა. ამის გარდა, ჩვენც ბევრგან დავდიოდით, ერთ დღეს ტოფუ გავსინჯეთ ჩინურში, ერთხელ კივიში ვიყავით, ერთხელ ჩებურეკების საჭმელად, ერთხელ ფრის შაურმა ვჭამეთ გვიან, ერთხელ ვარშავაში ანასგან პატარა ინტერვიუ აიღეს, ერთხელ მზესუმზირის ფართიზეც ვიყავით, ერთხელ მტკვარზეც, ერთხელ Fire Wok-ში, ნელიკოსთანაც ვჭამეთ ბლინები, მერე კინოში ვიყავით „ელვისი და ნიქსონი“ ვნახეთ, მერე ანა ვეგეტარიანელი გახდა და ვენდისში ვეჯი ბურგერის გასასინჯად წავედით და სათამაშო ავტომატებითაც ვითამაშეთ, ცხვირიც გაიხვრიტა და სალონში ფოტოებს ვუღებდი, თუ როგორ გმირულად და ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე გაუძლო ამ ამბავს. მოდა-მოდაშიც ვიყავით, შემომეჭამაში ხინკლის მერე მამალოებიც ვჭამეთ, Night Pizzas ახალი ნუტელიანი პიცაც გავსინჯეთ ბანანებით, კიდე Flea Market-ზე ერთი სამჯერ გამაჩერეს უცნობებმა, შენი ბლოგი მოგვწონსო, მითხრეს და ერხელ საერთოდ ღამე ქუჩაში მოვდიოდით მეგობრებთან ერთად და უცებ თინა ხიდაშელი შემეჩეხა ჯარისკაცებთან ერთად და გამარჯობაო მითხრა, მერე უცებ შემომხედა და ბოდიში ვერ გიცანი, შემეშალეო და მე ვუთხარი, არა უშავს, მე გიცანით-თქო და ყველას ძაან გაეცინა, ჩვენც და ხიდაშელის გარშემო მყოფ ჯარისკაცებსაც. ანამ თქვა ალბათ ესეც შენ ბლოგს კითხულობდაო.

ერთხელაც, ანდერვილშიც წავედით სპრინგ სეტზე, სადაც ჯერ Ten Walls-ი უკრავდა და მერე Tummetott-ი, რომელიც ანას ძალიან მოწონს, ჩვენთან ერთად ასტერიქსი და ობელიქსი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლეს, თუმცა მაინც კარგი იყო, ლამაზად გათენდა, ზემოდან გადმოვხედეთ ქალაქს, საბაგიროთი ჩამოვედით და ვიგრძენი, რო ანა მართლა კმაყოფილი იყო. მანამდე სახლიდან სანამ გამოვიდოდი, Tummetott-ის ანას ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩავრთე ხმამაღლა და ჩართული დავტოვე, ისე დაემთხვა, რო იმ დღეს Tummetott-მა ეგ არ დაუკრა და დილით სახლში რო მივედით, უცებ სიურპრიზად დაგვხვდა ჩართული, უკვე სადარბაზოში ისმოდა ხმა… ანას გაეღიმა.

მართლა ბედნიერი ვიყავი.

 

 

ცარიელი დღეები (XXXVI ნაწილი)

I just can’t leave it alone

– The Last Shadow Puppets

1.

ლიტ-კაფეში მივედი. ნათლიაჩემს გადაღებისთვის გოგოები რო ავარჩევინე, ერთ-ერთს უნდა შევხვედროდით. ყველაზე პუნქტუალური მე აღმოვჩნდი. ცოტა ხანში ის გოგოც მოვიდა და ბოლოს ნათლიაჩემიც. დავსხედით, ჩაი შევუკვეთეთ, გადაღებაც დაიწყო, მე რაღაც სისულელეებს ვხუმრობდი, ქასთინგზე მოსულს ვაცინებდი და არც კი ვიცი, ამითი ვეხმარებოდი, თუ პირიქით, შეიძლება ხელს ვუშლიდი მუშაობაში. იქიდან არტ-კაფეში გავიარეთ, ჩვენი „მსახიობი“ იქ დავტოვეთ, მე ჟაკეტი ავიღე, რომელიც წინა კვირას დამრჩა და მე და ნათლიაჩემი „ლინვილში“ ჩავედით, სადაც მეორე გოგო გველოდებოდა, რომელსაც მართლა ქონდა მსახიობის გამოცდილება. მე ისევ არ დავჯერდი უბრალო დამკავშირებლის როლს და რაღაცეებს ვმაიმუნობდი, სიტუაცია უფრო არაოფიციალური რო ყოფილიყო გადაღებისთვის, თუმცა საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, ეს ვინმეს ჭირდებოდა თუ არა.

მოკლედ, გადაღებას რო მოვრჩით, HOLMES&WATSON-ში შევიარე და იქიდან ყველანი ერთად წავედით მტკვარზე, სადაც მზესუმზირას ფართი იყო. პატარა ოთახში რატი უკრავდა, ხელს არ შეგიშლი-თქო, ვუთხარი, როგორც მიყვარს ხოლმე შევძვერი და მის გვერდით ვცეკვავდი, რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის, რო უჩემოდ იქ არავის არაფერი დააკლდებოდა, მაგრამ მგონია, რო სულ ცოტათი მაინც ვხოდავ ხოლმე სიტუაციას, ამის დასტურად, 1 საათის მერე როცა გამოვძვერი, ეკა ყიფიანმა მითხრა – ოდესმე DJ-ის გვერდით მოცეკვავე ბიჭს თუ დავხატავ, აუცილებლად შენ იქნებიო.

მერე ერთი ნაცნობი შემეფეთა, ეხლა აქ დამელოდე, ბოთლს მოვიტან და მოვწიოთო, შეტრიალდა თუ არა, ეგრევე გავქრი. მოსაწევი არ მევასება! მერე კიდევ ერთმა ნაცნობმა რაღაც აბსოლუტურად საეჭვო სახელწოდების ნახევარი აბი ჩამიდო ხელში და მითხრა, მაგრა ადუნებსო. სულ არ მინდოდა მოდუნება, მოსახოდი და საერთოდაც ხარისხიანი დრაგები მიყვარს, ამიტომ ეგ აბი სხვას მივეცი და დიდ ოთახში გავედი. სადაც ერთი გოგო შემხვდა, მკერდი გავიდიდე და უნდა გაჩვენოო, მაისური გაიწია და მაჩვენა, მეთქი ვა.. კაია-თქო! – ერთ ნახევარ საათში ისევ მოვიდა – იცი მკერდი გავიდიდე უნდა გაჩვენოო, – კაი გოგო იყო, მკერდიც კარგი ქონდა, მარა ვუთხარი, უკვე მაჩვენე-თქო, ეტყობა ძაან წესიერი ვარ, თორე ხო ნახავდა სხვა იმ მკერდს მეორეჯერაც. მოკლედ, ასე გავერთე და 8-ის ნახევარზე წამოვედი სახლში. რო დავწექი, წვიმის ხმა გავიგე და რაღაცნაირად მყუდროდ ჩამეძინა.

2.

დილით, ძილში ხმა ჩამესმა, მამაჩემი ლაპარაკობდა ტელეფონზე:

– ჰო, კაია ძაან ეს პორნოგრაფიის პროექტი, კი, კი ხო იცი ახალგაზრდებს აინტერესებთ ეხლა ეს პორნოგრაფიის ამბები…

მეთქი ვახ… რა ხდება?! გამოვფხიზლდი და შევეცადე გამეგო რა ბაზარი იყო.

– ხო, ხო მოკლედ წარმატებები, აბა შენ იცი მიაწექი მაგ ფოტოგრაფიის პროექტს.

უჰ, მეთქი აი თურმე რა ხდება.. ამოვისუნთქე, თავში პახმელიის ფიქრები დავალაგე და ავდექი.

კაი ხანი ვერაფერი ვჭამე, მე და ჩემი ძმა ვისკით ვიწყებდით შაბათ დღეს, რო დაღამდა და Wall-ში წასვლის დრო მოახლოვდა, ვიფიქრე ვისადილებ-თქო და წიწიბურას მივაყოლე წიწიბურას კატლეტი და ყველაფერი რო შევჭამე, მერე გავიაზრე რაც გავაკეთე.

Wall-ში რო მივედი, ჯერ ვიღაც კაცი ინგლისურად გამომელაპარაკა, ლოს-ანჯელესიდან ვარო და უცებ მის გვერდით მდგომი ბიჭი, რომელიც მანამდე მეგონა რო ამასთან ერთად იყო, მეუბნება:

– აუ, ძმაო გატყუებს ეგ, მე წეღან მითხრა კალიფორნიიდან ვარო!

რა უნდა მეთქვა, ერთი გავხედე და უჰუ-თქო თავი დავუქნიე. მერე ლოს-ანჯელესელი კაცი წავიდა და ამან არ მომასვენა, მე ტელევიზორშიც გნახე და მინდოდა მეკითხა, რაღაც მაწუხებდა და შენ მაინც, როგორც ნაცნობი ექიმი მირჩევდი რამესო, – მეთქი მდაააა…

– ეხლა ხო უკეთ ხარ-თქო? – ვკითხე. – კიო, – ჰოდა, ვსო!.. დღეს შაბათია, გავერთოთ მეთქი. მარა იმდღეს გართობა მაინც არ გამოვიდა, ორმა უცხო და ნეგატიურმა ტიპმა ჯერ ნაცნობ გოგოებს შეუჭამეს ტვინი და მერე ჩვენ რო ჩავერიეთ, გადმოერთნენ და 1 საათი ატყდა რაღაც უაზრო საუბრები. მე არ ვერეოდი, იმიტომ, რო ჩემი ძმა და მეგობრები ერთობიან და კრეატიულად პინგ-პონგს ეთამაშებიან ხოლმე ეგეთებს, მე კიდე ნერვები არ მყოფნის, მინდა მივიდე და ვუთხრა – ე, ბიჭო, მოგიტყნავ ეხლა დედის ტრაკს, შაბათია, კარგ ხასიათზე ვართ და შენ ტვინს რატო გვიბურღავ! – და მერე მე გამოვალ ფსიხი და პათოლოგი. ჰოდა, ამიტომაც ვიყავი ჩუმად. ნუ ბოლოს, როგორც იქნა, მოვიშორეთ ესენი და წავედით საჭმელად „სტელაში“. ცოტა ხანში შევამჩნიეთ, რო გვერდით მაგიდასთან გოგო იჯდა მარტო და ძაან უცნაური იყო, ღამე 5 საათზე მარტო რატო იყო რესტორანში. ამიტომ მეგობარს ვთხოვე, მიდი გადაჯექი და გაარკვიე-თქო, გადაჯდა და მალე დაბრუნდა, iPhone დავტოვე მაგიდაზე და ეხლა შენ მიდი წამოსაღებადო, წავედი, აღმოჩნდა, რო გალერიში არ შეუშვეს ბიჭი, რომელთანაც ერთადაც იყო და მერე ის ბიჭი სახლში წავიდა, ამას შიოდა და მოვიდა აქ, ნუ, ცოტა მაინც უცნაური იყო, მაგრამ დავიკიდე. რაღაც მომენტში ლაპარაკის დროს ვუთხარი, ამსტერდამში ვსწავლობდი მეთქი, რაზეც მიპასუხა – ჰო, კაია გერმანიაო, – მეგობრის iPhone-ს ხელი დავავლე და ეგრევე ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდი.

3.

მთელი დღე სახლში ვიყავი. ფბ-ზე დავძრებოდი. ჯერ ვიღაც ინგლისელი მოდელი მიამსგავსეს შოთა რუსთაველს და ამაზე გადაირია ერი, მაგრამ მერე ბიძინამ ხე ამოიღო, გემზე შემოდო და ამ ისტორიამ ყველა სხვა გადაფარა.

მერე აღმოვაჩინე, რო იმ გოგოს, ლიტ-კაფეში რომელიც იყო გადაღებაზე, ბლოგის წერა დაუწყია და მეც მომიხსენია, როგორც – ბლოგის სუპერსტარი. აი, ლინკი და ნახეთ, ყოველთვის ვავრცელებ ბლოგებს, სადაც მე ან „ცარიელი დღეებია“ ნახსენები, იქნებ იმითაც დაინტერესდეთ და ისიამოვნოთ:

https://maryaustinblog.wordpress.com/

4.

მეორე დღეს ქუჩაში გავედი, თბილოდა და გავისეირნე.

ვიღაც ტიპმა, რომელიც პლასტმასის უცხოპლანეტელს გავდა, ხელში ბუკლეტი შემომაჩეჩა, დავხედე და ეწერა – დასრულდება ოდესმე ტანჯვა? – ამ დროს ქუჩის იქითა მხრიდან ხმა გავიგე – What the hell am I doing here? I don’t belong here… – გავიხედე, ვიღაც ბიჭს გიტარა დინამიკებში ქონდა შეერთებული და მღეროდა. გამეღიმასავით – ეს წარწერა/მე/და ეს ნაწყვეტი Creep-დან – ნებისმიერ ინდი ფილმს დაამშვენებდა, ისეთი კადრი იყო.

მაგრამ მერე ბუკლეტი ურნაში ჩავაგდე, აღარც სიმღერა ისმოდა, მარშუტკა გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. მორჩა კინო.

5.

ანტრეში ვიჯექი – ყავა და დიდი ხნის უნახავი მეგობარი იყვნენ ჩემს წინ, გვერდით კი ტრადიციულად ყველგან გაშლილი ჩემი ლეპტოპი – ნოთიფიქეიშენი მომივიდა.

– უი, მერაბ ნინიძემ დამილაიქა „ცარიელი დღეეები“.

– მერაბს ფეისბუქი აქვს?

– კი, ოღონდ თავისი სახელი და გვარით არა.

– აუ, იცი რა გამახსენდა, ბავშვობაში ბიძაშენთან რო მოდიოდა სტუმრად და შენ ავტოგრაფებს ართმევდი და მერე გოგოებს ურიგებდი ხოლმე.

– ჰაჰჰაჰ, ხო… – ვუთხარი მე და ასეთ ლაპარაკში მოსაღამოვდა. დავიშალეთ.

სახლში რო მივედი, The Last Shadow Puppets-ის ახალი ვიდეო ვნახე და ისევ, როგორც წინა კვირას Suede-ს ვიდეოზე, ეხლაც სურვილი გამიჩნდა მე ვყოფილიყავი იქ, მე მემღერა სილაში ნიჩბით ხელში. მერე ამის გამო იმაზე დავფიქრდი, რო ეტყობა ბოლო დროს ემოციები, რომელიც დამიგროვდა, ბლოგში აღარ მეტევა-თქო და, როგორც მჩვევია, ვცადე თავი დამეწყნარებინა და საკუთარ კანში ჩავტეულიყავი.

6.

Wall-ში ბევრი ხალხი იყო, ბართან ვიდექი, უცებ მოვიხედე და ჩემს გვერდით ჯადოქარი იდგა.

– სულ მინდა რაღაც მოგიყვე და მავიწყდება, – ვუთხარი ისე, რო მიხვდა, მისი უცაბედი გაჩენა-გაქრობები აღარ მაკვირვებდა.

შემომხედა და თავი ამიქნია – გისმენო.

– რო გავიცანი, იმ ზაფხულს ერთ-ერთ ღამეს მასთან სოფელში აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით.

– გინდა რამე ვითამაშოთ? – ვკითხე მე.

– კი!

– მოდი, მე დავწერ სიტყვას და შენ უნდა გამოიცნო, მარტო პირველ და ბოლოს ასოებს გაჩვენებ და ეს პირველი და ბოლო ასოები სადმე შუაშიც თუ მეორდება, იქაც ჩავწერ, ჰოდა, მერე შენ ასოები უნდა მითხრა, ოღონდ ათჯერ თუ შეგეშლება წააგებ.

– მიდი დაწერე…

დავწერე და ფურცელი მივაწოდე, რომელზეც ეწერა: კ – – – ი – – – კ – – ი

დაახლოებით 2 წუთი უყურებდა ფურცელს.

– რას უყურებ, ასოები უნდა მითხრა და ნელ-ნელა გამოიცნობ, ან თუ შეგეშლება წააგებ, – ვცადე დამეჩქარებინა.

უცებ ფურცელი გაბრწყინებული სახით დამიბრუნა და თქვა:

– კალეიდოსკოპი!

გამოვშტერდი! ვერ გავიგე, ესე პირდაპირ რანაირად გამოიცნო!

– რაა? როგორ მიხვდი? – თან მეცინებოდა, თან მართლა ძაან გამიკვირდა.

თვითონაც კვდებოდა სიცილით, გაუხარდა, მარა თავის თავში დარწმუნებულიც ჩანდა.

– ვაახ, მოიცა კიდევ დავწერ რამეს, – ვუთხარი და ფურცელი ისევ დავუბრუნე, რომელზეც ამჯერად ეს ეწერა: ა – – – – ა – – – ა

ისევ უყურა ფურცელს უყურა, მე ცოტა სასიამოვნოდ დავიძაბე, მეთქი ეხლა კიდე თუ გამოიცნო გადავირევი-თქო.

– მიდი რა თქვი ასოები, ესე არ შეიძლება, – ერთხელაც ვცადე ჩვეულებრივად გვეთამაშა.

ამ დროს ფურცელი მომაწოდა, უკვე ძაან ეცინებოდა და მითხრა:

– აკრობატიკა!

ცოტა შემეშინდა, ვერაფერს ვხვდებოდი, შეუძლებელი იყო, სიცილის მეტი არაფერი შემეძლო, გიჟივით მარტო იმას ვიმეორებდი, როგორ აკეთებ ამას-თქო? თვითონ ოთახში შევარდა და იქ იცინოდა.

მეტი თამაში ვეღარ გავბედე. მაშინ ჩავთვალე, რო საოცრება იყო.

– კი, საოცრება იყო! – გაიმეორა ჯადოქარმა და თვალი თვალში გამიყარა. დიდ ხანს ვერ გავუძელი და თვალი მოვარიდე.

იმ ღამეს მე და ჯადოქარს მეტი აღარ გვილაპარაკია. უბრალოდ ორივენი მაგრად დავთვერით.

 

 

ცარიელი დღეები (XXVIII ნაწილი)

 

Let me see your pretty little smile

– White Stripes

1.

Wall-ში მივედი, როგორც ყოველთვის თითქმის სულ მეგობრები იყვნენ, ცოტა დავლიე, შიგნით ნეტი არ იჭერდა და გარეთ გამოვედი. ფბ-ზე შევიხედე. ძაან ციოდა, ყინვა იყო. მაგრამ ნასვამი ვიყავი და დიდად ვერ ვგრძნობდი. უცებ ეზოში პატარა ბიჭი შემობოდიალდა.

– რა გინდა შენ აქ, ღამის 2 საათია, რატო არ გძინავს? – ვკითხე და სიგარეტს მოვუკიდე, ის იშვიათი მომენტი იყო როცა ვეწევი ხოლმე.

– შენ რატომ არ გძინავს? – შემომიბრუნა შეკითხვა, მაგრამ რაღაცნაირად არაუზრდელურად.

– მე დიდი ბიჭი ვარ და შენ რამდენი წლის ხარ? – თან ჩავიკუზე, რაღაც ფსიქოლოგიური მიდგომა გამახსენდა, ბავშვს ზემოდან რომ არ უნდა უყურო.

– რვის და შენ თუ ბიჭი ხარ საყურე რატომ გიკეთია? – მომაშტერდა ყურზე.

– ჰმ, ბიჭებსაც უკეთიათ საყურე, – ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი, მაგრამ საყურეს მაინც ეჭვით უყურებდა.

მერე თვალებში შემომხედა და მივხვდი, რო ძალიან ლამაზი თვალები ქონდა, თან ბავშვური, თან დიდური, თან მხიარული, თან სევდიანი, თან ღია, თან მუქი. ფერს მაინც ვერ გავარჩევდი, დალტონიკი ვარ, მაგრამ რო უბრჭვინავდა თვალები, ფაქტი იყო.

– მიდი ეხლა დაიძინე, გვიანია მართლა ძაან!.. რა გქვია? – თან ისევ თვალებში ვუყურებდი.

– არ მეძინება მე… და შენ დაიძინე და იქ დარჩი მერე სიზმარში, იმიტომ რომ მგონი აქ არ ხარ კარგად, – თქვა, შეტრიალდა და წავიდა.

ცოტა ხანი გაუნძრევლად ვიყავი, შემცივდა, მერე გავიმართე, შევამჩნიე რო სიგარეტი თავისით ჩაიწვა და უკან შევბრუნდი.

2.

გალერიში დაბადების დღეზე დამპატიჟეს, ზემოთ მეორე სართულზე.

ტაქსიში ჩავჯექი, ცოტა გავიარეთ და დავაფიქსირე, რო მძღოლს ერთ ხელში მობილური ეჭირა და მესიჯობდა, მეორე ხელით სიგარეტს ეწეოდა, რომლის ნამწვავიც ფანჯრიდან გადააგდო.

– რატომ ანაგვიანებთ ჩვენს თბილის ქალაქს? – ვკითხე მეგობრული ტონით.

– არ ვარ ბრატ მე თბილისელი, – მითხრა და ასევე მეგობრულად გამომხედა.

– ნუ, მაშინ ჩვენს სამშობლოს საქართველოს, – შევაპარე ხმაში ოდნავ სიმკაცრე.

– ვაბშეტა ია ნე გრუზინ! – თქვა რაღაც აქცენტების ნაზავით და უშნოდ გაიღრიჭა.

– ვაჰ, შე დედამოტყნულო, ამ პლანეტიდან მაინც ხო ხარ, – მარა ეს უკვე გავიფიქრე და აღარაფერი მითქვამს.

დაბადების დღეზე დავლიე/მოვწიე. თან SvanSikh-ის ლაივი იყო, რაღაც მომენტში Gesaffelstein და Madonna გამიქსეს და ძაან კარგი მომენტი იყო ეგ. მერე გვიან ქვემოთ ჩავედი, თომა უკრავდა, როგორც მიყვარს ხოლმე, შევძვერი და DJ-ს გვერდით ვიდექი, რაღაც ენერგია მოდის მაგ წერტილში ხალხისგან, ნუ, DJ უშვებს და მერე ხალხისგან ბრუნდება, მოკლედ როგორც არის, ვიდექი და თომასკენ მოტრიალებულ ენერგიას ვინაწილებდი…

3.

ღამე ხილიანის აღმართზე ფეხით ამოვედი, ეზოში შევუხვიე და შლაგბაუმთან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე. ის ტიპი იყო, თავს ჯადოქრად რომ ასაღებდა. მივუახლოვდი, ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე და გავუწოდე. გამომართვა, ისე დადგა რომ განათება დაცემოდა და ხმამაღლა წაიკითხა:

ჩემი სახლის გასაღები იმას აქვს, ვინც არასოდეს მოვა

და არ ვიცი, რამდენი ხანი გავა მანამდე

ისევ მექნება ეს შეგრძნებები ტონა

თუ იმ დროისთვის ყველაფერი დავა გრამამდე

– კარგია, ყოჩაღ… არასოდეს-მდე დროს რო ზომავ მომეწონა, – შემაქო და ფურცელი უკან გამომიწოდა.

– მე არ მომწონს! არ მიყვარს პოეზია! და საერთოდ არ ვწერ მე ლექსებს! – ვიყვირე და ჩემმა ხმამ გამაღვიძა.

არც მახსოვდა სახლში როდის და როგორ მოვედი.

4.

მეგობრებმა დამირეკეს, ცოლ-ქმარმა, მოგვენატრეო და ჩვენთან სტუმრად მოდიო, მყუდროდ დავსხდეთ, ბევრი ხალხის და ალკოჰოლის გარეშე დავილაპარაკოთო. მივედი, ბლინები დამახვედრეს და ფრაზა, რომელიც ბოლო დროს ხშირად მესმის ხოლმე:

– მოგვიყევი ეხლა რამე ისეთი, რაც ბლოგში არ წერია.

იქიდან ჩემს ძმასთან წავედი და კოენების Inside Llewyn Davis ვნახეთ. ძაან არ მოგვეწონა. მეორე დღეს ვუდი ალენის Blue Jasmine-ს ვუყურე და ვფიქრობდი იმაზე, როგორი მატყუარა რამეა ხანდახან ტრეილერი. კოენების ფილმი მეგონა საინტერესო იქნებოდა და ალენის ფილმი მოსაწყენი მომეჩვენა და ფილმები როცა ვნახე, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.

ვუდის ფილმში ერთი ფრაზა მომეწონა ძალიან, ქეით ბლანშეტი, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს, ამბობს – There’s only so many traumas a person can withstand until they take to the streets and start screaming. – რაც დაახლოებით ასე ჟღერს – ადამიანს შეუძლია ბევრ ტკივილს გაუძლოს, იქამდე, სანამ ქუჩაში გამოვარდება და ყვირილს დაიწყებსო. – ჰოდა, პირადად მე ასე ვიტყოდი: ადამიანს შეუძლია ბევრ ტკივილს გაუძლოს, იქამდე, სანამ ადგება და ბლოგის წერას დაიწყებს.

5.

ფეისბუქზე შევედი და დავპოსტე – მამაჩემმა თარგმნა და ვისაც დაგაინტერესებთ მობრძანდი-თქო:

ორშაბათს, 1 თებერვალს, 6 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ლიტერატურული მისტიფიკაციის – რუბოკო შოს ეროტიკული ტანკების კრებულის „კომატის ღამეების“ პრეზენტაცია. მისამართი – ივანე მაჩაბლის ქ. 13

მერე იმ მეგობარმა, რომელმაც წერა დაიწყო, თავისი ბლოგის ახალი ნაწილი გამომიგზავნა, სადაც ჩემზეც ეწერა, ის დღე იყო აღწერილი, სტუმრად როცა მივედი – ბლოგი რომ არ დაგეწერა, მე წერას არ დავიწყებდიო, წერა რომ არ დამეწყო, ამ მეგობარს ვერ გავიცნობდი, ვისთანაც ეხლა ვართ სტუმრადო და შესაბამისად ეხლა შენც ვერ დაგპატიჟებდი და აქეთკენ გზაზე მომავალს ვერ შეგხვდებოდა ის გოგო, რომელიც 10 თვეა არ გინახავსო. მოკლედ ასე იყო გადაჯაჭვული ყველაფერი.

ძილის წინ კომენტარებს გადავავლე თვალი, წინა კვირას რაც მომწერეს და ერთი სასაცილო თემა გამოიკვეთა:

შემოვდივარ წინადადებით, ოფიციალური ჟესტი იყოს ექსისთვის რაიმე მისი ნაჩუქარი ნივთის ჩვენება 🙂 ვფიქრობ ახლა მე რა ვატარო თან. – წერდა ერთი.

შეიძლება მე ჩემს ყოფილ შეყვარებულს ლიფი ვაჩვენო ))) – მოუწერია სხვას.

მოკლედ ასე იყო თუ ისე, ხალხი ხალისობდა, რაც მე ისევ ძველებურად მანიჭებდა სიამოვნებას.

6.

იმ უცნობმა გოგომ, „ცარიელი დღეები“ რომ ამობეჭდა და აკინძა – რაღაც მაქვს შენთვის და გეტყვი სადაც უნდა მიხვიდე და აიღოო. – თან გაარკვია, რო საბურთალოზე უფრო მაწყობდა და ცოტა ხანში მომწერა:

გაბრაზებული ვარ, საშინლად ვიწვალე, არაფრით არ დაიტოვეს დანიურში, ბოროტებმა. ხალხმა დაკარგა ნდობა, ბომბი ეგონათ : )) მოკლედ, დანიურთან რომ საქართველოს ბანკის შენობაა, პირველ სართულზე, უკანა კართან, მარცხენა მხარეს კედელზე არის გიფსოკარდონის დიდი ფილები მიყუდებული და იმის უკანაა. თუ ვერ მოახერხებ მისვლას, მითხარი, რომ ავიღო. ადვილი მოსაძებნია, უბრალოდ 8 საათის მერე ცენტრალური კარი იკეტება და მხოლოდ დანიურის მხრიდან, პარკინგის ეზოდან არის შესასვლელი ღია. ჰოდა, იქიდან შედი.

ძაან კარგი იყო, რაღაც თამაშივით გამოდიოდა, ბლოგის ბონუსივით. კარგად, ვერ მივხვდი, სად უნდა მომეძებნა, მაგრამ ვიფიქრე, ადგილზე გავერკვევი-თქო. მივედი და მართლა კინოგმირივით – რაღაც ისეთი სპილბერგის ფილმებში ტომ ჰენქსი რო თამაშობს და 60-ან წლებში რო ხდება ხოლმე მოქმედება – ვეძებდი, წესიერად ეხლაც არ მესმის, როგორ მოვნახე ის ადგილი და დამალული პაკეტი გამოვაძვრინე. ალბათ ხვდებით, რაც დამხვდა შიგნით. რა თქმა უნდა, ამობეჭდილი და აკინძული „ცარიელი დღეების“ პირველი ეგზემპლარი. ძალიან სახალისო და გასართობი იყო. გამიხარდა.

ღამით როცა დავწექი, იმაზე ვფიქრობდი, რო ფბ-ზე ყველას „მემორი“ უგდებს ძველ რაღაცეებს, მე კი ეს ექაუნთი 4 თვის წინ შევქმენი და ამიტომ „მემორი“ არაფერს მიგდებდა. მე თვითონ ვიყავი ჩემი თავის „მემორი“ და გამახსენდა, რო ზუსტად 1 წელი გავიდა იმის მერე, იმერეთში გაჩერებაზე მარტო რო ვიჯექი 6 საათი და ველოდებოდი. მაშინ ბევრი მეგონა 6 საათი, ეხლა კი მივხვდი, რო სულაც არაფერია… უკვე 365 დღე გავიდა, რაც იმ გაჩერებაზე ვზივარ.

 

 

 

ცარიელი დღეები (XXVII ნაწილი)

 

Don’t make me wait forever

– Tame Impala

1.

რიფერში დევიდ ბოუის საღამოზე მოვდიოდი, მარა Going-ს არ დავაჭირე, ვიფიქრე, ვისი რა საქმეა, სად მივდივარ-თქო და უცებ ერთმა ფბ-მეგობარმა მომწერა:

– რიფერში მიდიხარ ხო?

– ვაჰ?! – მეთქი საიდან…

– ბლოგში წავიკითხე იმდღეს, რიფერში რო იყავი, ქავერად ბოუის ფოტო გიყენია და რო გავიგე, რო მისი საღამო იმართება, მივხვდიო, – რაღა უნდა მეთქვა, დედუქცია in Action!

მე და სიხა მივედით, მარა იმდენი ხალხი იყო და ისეთი ბუღი იდგა, შესვლა ვერ გავბედეთ და სტუმრად წავედით კოჩაროვთან, სადაც ცოტა ვილაპარაკეთ, ცოტა ლუდი დავლიეთ და მშვიდად დავიშალეთ.

სახლში რო მივედი, ტარანტინოს ახალ ფილმს The Hateful Eight-ს ვუყურე, ძალიან მიყვარს ტარანტინო და ცოტა გული დამწყდა, იმის გამო, რო დიდად არ მომეწონა…

2.

თოვლი დამესიზმრა და რო გავიღვიძე, ერთი ამბავი გამახსენდა. ასე, 11-12 წლის ვიყავი და საახალწლო არდადაგებზე წყნეთში ვისვენებდი, სადაც 2 ეზო და ეზოებს შორის დიდი დაღმართი იყო, იქ ვიკრიბებოდით ხოლმე და ციგებით ვეშვებოდით. როგორც ასეთ დროს ხდება, ამ ეზოებს შორის რაღაც გამოგონილი დაპირისპირება არსებობდა. ერთხელაც ვდგავარ და ველოდები ჩემი ჩასრიალების რიგს, უცებ მეორე ეზოელი ბიჭი მომადგა და მეკითხება – შენ მოგწონს ხო ანკუსა? – ანკუსა მეორე ეზოელი ძალიან ლამაზი გოგო იყო, თუმცა ეგეთი გოგოები არასოდეს მომწონდა, ცოტა მოდელის ცივი თესლი გარეგნობა ქონდა თავის სახელისნაირი და მე უფრო ადამიანური გოგოები მომწონს. მაგრამ ვინ მაცადა პასუხის გაცემა, გამომიქანა იმ ჩემისამ და მლეწა. დღემდე არ ვიცი, რა მოელანდა, ერთი სიტყვაც არ მქონდა ანკუსასთვის ნათქვამი. ჰოდა, ერთი 20 წამის მერე თვალი რო გავახილე, რას ვხედავ, თოვლში ვარ გაშხლართული, ის ტიპი არსად აღარ ჩანს და სამაგიეროდ ანკუსა მადგას თავზე და თვალზე თოვლს მადებს. ჰო, მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რო ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.

ადრე ფეისბუქზე უცნობებს არ ვიმატებდი, მაგრამ იმის მერე, რაც ბლოგის წერა დავიწყე და ახალი ფბ გავხსენი, დავიმატე, იმიტომ რომ რაღაც სნობობა იქნებოდა მკითხველების არ დამატება. ჰოდა, საღამოს ერთ-ერთმა მომწერა, მიუნხენში ვცხოვრობ, ცოტა ხნით ვარ ჩამოსული და იქნებ შევხვდეთო, საკმაოდ თავშეკავებულად და აკადემიურ სტილში გააკეთა ეს ყველაფერი და გასაგები იყო, არაფერს „მეტს“ არ გულისხმობდა.

ჰოდა, შევხვდი ლიტ-კაფეში. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ. ბოლოს ფოტოც გადავიღეთ ერთად. ცოტა სასაცილოც კი იყო, თითქოს მეც ეხლა ვინმე სელებრითი ვიყავი.

3.

ერთი ჩემი მეგობარი ჩინეთში ცხოვრობს. საინტერესოა… ჩინეთიც და ჩემი მეგობარიც. მომწერა, როგორ ხარო? და, რა თქმა უნდა, ბანალურად – ცუდად, ან კარგად, არ მიპასუხია. პასუხის შედეგად კი იმ დასკვნამდე მივედით, რომ მე „ჩულანში“ ვარ ჩაკეტილი, თან კარი შიგნიდან მე თვითონ ჩავკეტე და ზოგი კი ცდილობს ჩემს იქიდან გამოყვანას, მაგრამ მე კარს არ ვუღებ. მოკლედ, სასაცილო იყო, განსაკუთრებით სიტყვა „ჩულანი“, თორე ისე ვიცით, რომ საკუჭნაო ჰქვია.

მერე მითხრა, დღეს ერთი კეთილი ამბავი გადამხდა და ეხლა მოგიყვებიო:

– ველოსიპედით მივდიოდი, გზას ვკვეთდი, მანქანები გაჩერებულები იყვნენ და ქუჩაზე ძალიან ნელა, ბებია გადადიოდა ჯოხით. მანქანებს შორის, შუა ტრასაზე დიდი მოტოციკლეტი იდგა, მძღოლი გადმოვიდა და ბებიას ეხმარებოდა გადასვლაში. მივედი და ვუთხარი – მალე მწვანე აინთება, „ნი ზაი ვო ბან“ ანუ შენ წადი, მე დავეხმარები-თქო. ჰოდა, გაიღიმა და წავიდა. მოკლედ, ერთი ხელით ველოსიპედი მიმყავს, მეორეთი ბებო და უცებ გოგო მოდის და „ნი ზაი ვო ბანო“ მეუბნება, ანუ შენ წადი მე დავეხმარებიო, გამეღიმა და წამოვედი.

– რაღაც ისეთი ამბავია, შენ თვითონ ბებია რო იქნები, შვილიშვილებს უნდა მოუყვე და საერთოდ დალაი-ლამა უნდა უყვებოდეს ხალხს, ან კოსმონავტები უცხოპლანეტელებს თუ შეხვდებიან. – ვუპასუხე, მეც გაღიმებულმა.

ამასობაში კი მეორე მეგობარმა მომწერა:

– ჩემი ექსი შემხვდა ქუჩაში. შენ გამახსენდი – დავანახე მისი ნაჩუქარი ჟაკეტი რომ მეცვა და წამოვედი სახლში.

მოკლედ, აი ასეთი ვირუსულია ჩემი ბლოგი.

ადრე ჩამეძინა, მერე ღამე 5 საათზე გამეღვიძა და დენი ბოილის „სტივ ჯობსი“ ვნახე, არ მომეწონა და ისევ დავიძინე.

4.

ჩემმა ძმამ, მეგობრებთან ერთად კინოში მივდივარ ინარიტუს Revenant-ზეო და წამოდი, დაგპატიჟებო. წავედით, დავსხედით და სანამ დაიწყებოდა, დარბაზში ვიღაც ბიჭმა ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს, ყველაფერი კარგად ქონდა დაგეგმილი, ეკრანზეც ვუყურებდით რა ხდებოდა და მოკლედ იყო დიდი აჟიოტაჟი და ერთი ამბავი ატეხილი. ფილმი რო დაიწყო, უცებ გამოსახულება გაქრა და დარჩა მხოლოდ ხმა, ამან გაცილებით დიდი ხმაური გამოიწვია, ვიდრე იმ წყვილის ისტორიამ, კიდევ კაი, რო მალე გადაახვიეს და მერე უკვე ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. ფილმი მომეწონა, ძალიან კარგად არის გადაღებული, კამერა ხან დაფრინავდა, ხან დაცურავდა და მოკლედ, უკვე თამამად შემიძლია, ვთქვა რო ინარიტუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია.

იქიდან წავედით Wall-ში და პირველად მოხდა ეგეთი რამე, რო დაკეტილი დაგხვდა. ამიტომ მერე წავედით გალერიში და იქ გვიანობამდე ვიყავით, მიუხედავად იმისა, რო რაღაცნაირი მუსიკა იყო, თითქოს საზაფხულო და დიდად ვერ ვისიამოვნე.

პეკინზე დავრჩი და დილით რო გავიღვიძეთ, მე და ჩემმა ძმამ რიდლის სკოტის „მარსელი“ ვნახეთ, თავიდან შეგვეშინდა, 2 საათნახევარი რო გრძელდებოდა, მაგრამ, რომ ვუყურეთ, ძაანაც არ მოვიწყინეთ.

5.

დიდი ხანია რუსთაველზე ფეხით არ გამივლია. უკვე ბნელოდა, პირველი სკოლიდან ოპერამდე გავისეირნე. ჯერ 2 ღლაპი მომადგა:

– ასანთი არა გაქვს?

– არა.

15 ნაბიჯის მერე, ვიღაც აყლაყუდა მომიახლოვდა:

– სიგარეტს ვერ მომაწევინებ ჯიგარო?

– ვერა.

კიდევ 15 ნაბიჯის მერე გაბურძგნული ტიპი მობანცალდა:

– 60 თეთრი მომე რა…

– ნწ!

მეტი აღარ შემეძლო, ავტობუსში ავედი, ყველაზე მეტად მაღიზიანებს ფამილარობა. სკამზე მოვკალათდი, ფანჯარას თავი მივადე და ვიგრძენი, როგორ დავიღალე, ისე, ზოგადად, საერთოდ. ტირილიც კი მომინდა, მაგრამ უცებ მივხვდი, უბრალოდ, პოსტ ახალი წლების დეპრესია იყო და ამიტომ მალევე მომეშვა.

მობილურს დავხედე, 20 იანვარი მომხვდა თვალში – ანუ დღე, როდესაც ის სიტყვები მითხრა „ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ“. მერე ერთი ტრეკი გამახსენდა, რომელიც ერთხელ მაჩვენა და მომეწონა. ჰოდა, ეხლა ვიფიქრე, როგორც იმ ვიდეოშია კაცი, მეც ისეთი შეწუხებული და მოგონებებით სავსე დავდივარ… ზუსტად 1 წელია.

6.

ჩემი მეგობრის Triops-ი მოკვდა, პატარა კიბოსნაირი ტიპი, რომელსაც უშანგი ერქვა. ჰოდა, 2 ტარტი გამოაცხო ერთი შოკოლადის, მეორე ლიმნის და ამ ამბავთან დაკავშირებით წავედით სხვა მეგობრებთან. ტარტები ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, სახლის პატრონმა კი ტკბილეულის გარდა, საზეიმო ვითარებაში, კოლბში გასახმობად გამზადებული უშანგიანი წყალიც გადაკრა არაყთან ერთად და ეს ყველაფერი სამახსოვროდ ვიდეოზეც გადავიღეთ.

იქ ყველას ვიცნობდი, თითქმის ყველას. ერთი ტიპი იყო ცოტათი უცნაური, ჯადოქარი ვარო, ამბობდა და რაღაც მომენტში გამოველაპარაკე:

– რითი შეგიძლია დაამტკიცო, რო ჯადოქარი ხარ, მე არ მჯერა ჯადოქრობის და მისტიკის, – ვუთხარი მეგობრული ტონით.

– გინდა რომ დავამტკიცო? – მკითხა და გაეღიმა, არც მიყურებდა.

– ჰო, თუ გინდა დაამტკიცე…

– მე არა, ეს შენ გინდა. აი, მაგალითად მითხარი რამე, რაც არასოდეს გაგიკეთებია და მე გაგაკეთებინებ, – შემომხედა და პუნშით სავსე ჭიქა გამომიწოდა.

– ჰმ… რავი, ბევრი რამე გამიკეთებია. მაგრამ, კარგი, სიტყვაზე ლექსი არ დამიწერია არასოდეს, – ჭიქა გამოვართვი, მივუჭახუნე და მოვსვი.

– ok, გადაგაქცევ პოეტად, just for one day, მიდი ჩაჯექი სავარძელში, – უცებ დასერიოზულდა.

ბუხართან სავარძელში ჩავჯექი. გარშემო მყოფები მხიარული ინტერესით შეხვდნენ ამ ექსპერიმენტს. მან ამასობაში სკამი მოიტანა, წინ დამიჯდა და თითები გაატკაცუნა.

– თვალებში მიყურე და ჩემთან ერთად ხმამაღლა დაითვალე ათამდე, მანამდე კი ეს გამომართვი, – ჯიბიდან პატარა ფურცელი და პასტა ამოიღო და გამომიწოდა.

გამოვართვი. თან უნდობლობისგან მეღიმებოდა და დავიწყეთ:

ერთი, ორი, სამი, ოთხ…..

თვალები რო გავახილე ცოტა თავბრუ მეხვეოდა, არადა ბევრიც არ დამილევია. ის, ისევ სკამზე იჯდა, საათზე დაიხედა. დანარჩენები მე მიყურებდნენ.

– ზუსტად 8 წუთი გეძინა, თუმცა საკმაოდ პროდუქტიულად… წაგვიკითხე! – საათიდან მზერა მოაშორა და თვალებით ჩემი მარცხენა ხელისკენ მიმითითა.

ხელში ფურცელი მეჭირა, გაკვირვებულმა დავხედე და ხმამაღლა წავიკითხე:

იმ ფილმებს მინდა ვუყურო ჩემი სიკვდილის მერე რომ გადაიღებენ

ის მოთხრობები წავიკითხო ჩემი სიკვდილის მერე რომ დაწერენ

იმ მუსიკას მოვუსმინო ჩემი სიკვდილის მერე რომ შექმნიან

„ის“ მინდა მინდოდეს სულ.

მეგობრებმა ტაში დაუკრეს. ლექსს თუ ჯადოქარს ვერ მივხვდი. კალიგრაფია აშკარად ჩემი იყო. ავხედე, კმაყოფილი სახით წამოდგა და თვალი ჩამიკრა.

 

დღეები (XXIV ნაწილი)

Featured image

A kiss become a memory

– Coral

1.

Wall-ში ვიყავით, ჩემი მეგობრები იქ იყვნენ და თაშოს მეგობრებიც უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ დარეკეს, დიღმის კინოსტუდიის პავილიონში მივდივართ რაღაც ივენთზე და წამოდითო.

– წავიდეთ? – მკითხა თაშომ.

– იცი, არ მინდა წამოსვლა, რო წამოვიდე, მერე უხასიათოდ ვიქნები, მაგრამ რო დავრჩეთ, მაინც უხასიათოდ ვიქნები, იმის გამო, რო ვიფიქრებ, წასვლა უნდოდა და არ წავყევი-თქო, ამიტომ შეგვიძლია ასე ვქნათ – წადი შენ, მე დავრჩები და მერე გამომიარე, – ჩავახვიე, როგორც ვიცი ხოლმე, რთულად.

– ეგრე არ მინდა, კაი ვიყოთ.

– ჰო, მგონი ჯობდა სიმართლე მეთქვა, ვიდრე წამოვსულიყავი და მერე იქ გეკითხა, რა გჭირს, რატო მოიწყინეო? რა თქმა უნდა, შეიძლება შენი ხათრითაც წამოვიდე, მაგრამ ეს მგონი არ არის ეგ შემთხვევა. – ვცადე ამეხსნა, ისე, რო არ წყენოდა.

ამ დროს ჩემი მეგობარი მოგვიახლოვდა, რას შვებითო? მე ვუთხარი წასვლა-დარჩენის საკითხს განვიხილავთ-თქო, თაშომ – კარგი რაში აინტერესებსო. – მეგობარმა – მითხრას, მითხრას, ამას ანალიზი უყვარს, დირექტივების გაცემა კი არაო. – უთხრა ჩემზე. გაგვეცინა და მოვუყევი რაშიც იყო საქმე.

– მგონი რაღაც სხვა მიზეზის გამო არ გინდა წასვლა, – დაასკვნა უცებ.

– რა მიზეზის? – თან თაშოს გავხედე, არ ეგონოს, თითქოს იმიტო არ მინდა წასვლა, რო ის არ შემხვდეს-თქო, ასეთი მიზეზი საწყენი იქნებოდა მისთვის და თან რაც მთავარია აღარც იყო ასე.

– ალბათ ფული არ გაქვს, – პირდაპირ მითხრა მეგობარმა და თავის მაგიდას დაუბრუნდა.

ალბათ მართალი იყო. კი მქონდა დაახლოებით 70 ლარი, მაგრამ შეიძლება მარტო 1 ბილეთი ღირდა 25.

ასე იცოდა ჩემმა ფილოსოფოსმა მეგობარმა ადამიანის სულში ჩაძრომა და გაშიშვლება, თანაც ისე, რო ამ დროს უხერხულობას არ გრძნობდი, იმიტომ რომ გულახდილობა ფარავდა სირცხვილის განცდას.

2.

მეგობარმა მომწერა ისრაელიდან:

– თქვენთან ახალი ამბები ჩვენზე არ არის? რატომ არ მეკითხები როგორ ვარ???

– რა ამბები? – გამიკვირდა მე.

– საათში ერთხელ ტერაქტია უკვე რამდენიმე დღეა, სახლიდან არ გავდივართ, საგიჟეთია, საათში ერთხელ პალესტინელები ქუჩაში დანით ხალხს ჭრიან. გუშინწინ ვიღაცამ „ატვიორტკითაც“ დაჭრა, ანუ ქუჩაში მიდიხარ და არ იცი, ვის რა მოუვა თავში. გუშინ ერთმა დაჭრა ორი ადამიანი ქუჩაში და პოლიციამ ადგილზე მოკლა. მერე სტუდენტი გოგო იდგა ავტობუსის გაჩერებაზე დანას იქნევდა, მოვარდა პოლიცია, ისეთი ამბავი ატყდა წივილ-კივილი, ესროლეს, კიდევ კაი არ მოკლეს. დღეს უკვე ორი შეიარაღებული შევარდა ავტობუსში დანებით და ჟლეტვა მოაწყვეს.

– ვაჰ, რეებს მიყვები, გადავირიე?! ეს რა ხერხი მოიგონეს, – მივწერე შეშფოთებულმა.

მერე კი ვფიქრობდი, როგორი უცნაურია, აქ რო არ აშუქებენ ამ ამბებს-თქო, ნუ, საინფორმაციოს არ ვუყურებ, მაგრამ ფაქტია, ფეისბუქზე მხოლოდ გაზპრომზე და რუსთავი 2-ზე წერდნენ და კი გასაგებია, ჩვენთვის ეს არის აქტუალური და მტკივნეული, მაგრამ ყოველთვის მინდოდა კოსმოპოლიტი ვყოფილიყავი. მიმაჩნია, რომ პატრიოტიზმიდან შოვინიზმამდე ერთი ნაბიჯია და საერთოდ მინდა აპოლიტიკური ვიყო, თუმცა ამ რეალობაში, ადეკვატური თუ ხარ, შეუძლებელია არ გძულდეს რუსეთი, როგორც სახელმწიფო.

3.

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში წავედით, თაშოს მეგობარს კონცერტი ქონდა. Mr. Sandman, I’m so alone, Don’t have nobody to call my own, Bung, bung, bung, bung… ასეთ სიმღერებს მღეროდნენ და მთლიანობაში საკმაოდ სასიამოვნოდაც გავერთეთ.

იქიდან იმ მეგობართან წავედით, პატარა ძაღლი – რომეო რო ჰყავდა, ბევრი ხალხი იყო, ცოტა ღვინოს ვწრუპავდით და გვიან გალერიში გადავწყვიტეთ წასვლა. ქუჩაში რო გამოვედით, სახლში მარტოდ დარჩენილი რომეოს ყეფა გვესმოდა. გალერიში ბევრი ხალხი დაგხვდა, იქაც დავლიეთ, ვიცეკვეთ, ნაცნობები ვნახეთ, მოკლედ ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის ხდება. რაღაც მომენტში, კედელს მივეყუდე და ხალხს ვაკვირდებოდი, ნაწილი ერთობოდა, ზოგი კი იდგა და თავს, სექსის და დრაგების ძიებაში, მწყობრიდან გამოსული რობოტივით ატრიალებდა. როგორც ჩემმა ძმამ თქვა – ჩემი დედას შევეშვი-თქო!.. ვიფიქრე და კედელს მოვშორდი.

მოკლედ, მხიარულების ასეთი ფართო სპექტრი გვქონდა – ა კაპელადან, გალერიმდე.

4.

წერილი მივიღე, უცხო ბიჭმა მომწერა:

„გამარჯობა, ზუსტად იმ პერიოდში მეც დაშორების გამო დეპრესია მქონდა და შენმა ბლოგმა გამომიყვანა… მეც დავიწყე ბლოგის წერა და ძალიან დამეხმარა ეს ყველაფერი… დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებას.“

ხშირად მიფიქრია ამ ჩემს ბლოგზე და კი 10 ათასი მკითხველი ყავს და ძალიან კარგი გამოხმაურებაც აქვს, მაგრამ ხასიათი მაქვს ასეთი, რო მაინც ჩავფიქრდები ხოლმე, კარგია თუ არა ეს ყველაფერი, ისე ზოგადად. ჰოდა, ასეთი წერილის მერე, თუ ერთ ადამიანს მაინც მივეხმარე, მგონი ეს უკვე მართლაც ძალიან მაგარია.

საღამოს ნათლიაჩემმა დამირეკა, გამომიარე კეტები ჩამოგიტანეო და გავედი. საკაიფო Dockers-ები აღმოჩნდა. ასე რომ სახლში კმაყოფილი დავბრუნდი.

5.

ჩემს ბავშვობის მეგობარს ვესტუმრეთ, თაშო გავაცანი. ის მეგობარიც მოვიდა, დროებით ამერიკიდან რო იყო ჩამოსული, ჩაის ვსვამდით და ახალგაზრდობის ამბებს ვიხსენებდით, ბევრი ვიცინეთ, იმედი მაქვს, თაშომაც არ მოიწყინა.

რო წამოვედით, სახლამდე მივაცილე და უცებ ჩანთიდან პატარა ბუბლიკები ამოიღო, ძალიან გემრიელია, სახლში წაიღე და ჭამეო. თან ეცინებოდა, პენსიონერივით ბუბლიკებით უნდა იაროო, მეც, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გავუშვი და ვუთხარი – ჰო, ზუსტად შეეფერება ჩემს ასაკს-თქო. სახლისკენ ფეხით გავისეირნე და ბუბლიკებს ვახრამუნებდი, გზაში 2 ძაღლი შემხვდა, თითო-თითო ნატეხი გადავუგდე, შეყლაპეს და ისე გამომხედეს, აშკარად ხვდებოდნენ – მთელ პარკს ვერ დავუთმობდი.

სახლში რო მივედი, დალაგებული დამხვდა და გემრიელი სადილი იყო მომზადებული. უსაყვარლესი ბებიაჩემის და, ვის სახლშიც ვცხოვრობდი, ასე ხანდახან შემოივლიდა ხოლმე და მომხედავდა.

6.

– რას შვები? – დამირეკა თაშომ.

– მამაჩემთან მოვედი.

– გამოდი რა 1 წუთით, აქვე ვარ.

გავედი, ხელში ყუთი ეჭირა.

– დღეს იცი რა დღეა? – მკითხა ღიმილით.

– ჰმმმ, დღეს, 21 ოქტომბერი… Back to the Future, მარტი მაკფლაი რო 2015 წელში მოხვდება, ჩემი საყვარელი ფილმი იყო ბავშვობაში! – ვთქვი სხაპა-სხუპით, გაბრწყინებულმა.

– ზუსტად 1 თვეა, რაც ერთად ვართ, ეს შენ მოგიტანე, ეკლერი რო გიყვარს.

– აუუუ, – ჩავეხუტე მე და ყუთი გამოვართვი.

– კაი, ხო, არ იტირო ეხლა, – მითხრა სიცილით.

– არა… მადლობა! – ვაკოცე და წავიდა.

შემოვბრუნდი სახლში, პირი ჩავიტკბარუნე და ვფიქრობდი, რო ასეთი პატარა რამეები ძალიან მახარებს, იმიტო რო სინამდვილეში, ეს დიდი რამეებია.

[To be continued]

Featured image

ცარიელი დღეები (XVIII ნაწილი)

Featured image

You, you give me something, Something that nobody else can give

– Jamiroquai

1.

მთელი ღამე არ მეძინა და დილის 9 საათზე ჩაძინებისას მომეჩვენა თითქოს სახლი ოდნავ შექანავდა. ვიფიქრე მიწისძვრა იყო-თქო, დავგუგლე და ასეთი ინფო ამომიგდო – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა. – ვერ ვიტან მიწისძვრას, ალბათ არავის უყვარს, მაგრამ მე მათ რიცხვში ვარ, ვინც ეგრევე გარეთ გადის და მერე კაი ხანი აღარ სიამოვნებს სახლში დაბრუნება. ამჯერად რაღაც მარტივად გადავიტანე, დავწექი და დავიძინე.

საღამოს Wall-ში მივედით, ჩემმა ბიძაშვილმა მაისური მაჩუქა, დაბადების დღისთვის უნდოდა, ინტერნეტით გამოუწერია, მაგრამ თურმე რაღაც შეფერხება იყო და გვიან ჩამოვიდა. საკაიფო მაისურია, ასე აწერია: Double Negatives are a NO NO. ერთმა ნაცნობმა მითხრა, რა მაგარია, მეც მინდა ეგეთიო, როგორც ჩანს, ვერ გაიგო რაში იყო მუღამი.

Wall-ში ბევრი კაბიანი კაცი დაგხვდა. არც მასკარადი იყო და არც მამაოები იყვნენ. ლამაზ კილტებში გამოწყობილი, თავიანთი საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოსული შოტლანდიელი ფანები აღმოჩდნენ. კარგ ხასიათზე ჩანდნენ და ილეშებოდნენ. მეორე დღეს სტადიონზე არ წავედი, ჩვენი ნაკრების ნერვები არ მქონდა, მაგრამ ტელევიზორთან თამაშს მაინც ჩავუჯექი, ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 გაიმარჯვეს, რითიც მე სასიამოვნოდ გამაკვირვეს, სკოტებს კი ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გაუფუჭეს.

2.

სამხატვრო აკადემიის მოპირდაპირე მხარეს ბაღში, სადაც ადრე, „ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი იდგა, ეხლა „პომიდორისიმო“ გაუხსნიათ. იქ ვისხედით, მე იქვე დამზადებულ ლიმონათს ვწრუპავდი და თან ვფიქრობდი, ასეთ ლიმონათს ალბათ ტრუმენ კაპოტეს პერსონაჟები სვამენ-თქო. მოკლედ ყველაფერი კარგად იყო, სანამ ხურდის მოტანა არ დააგვიანეს საშინლად, იმდენი ხანი აღარ მობრუნდა ოფიციანტი, უკვე გვეცინებოდა, „ევროტური“ გაგვახსენდა, სასტუმროში ოფიციანტი რო ამბობს – 5 ცენტად ჩემს სასტუმროს გავხსნიო – ხოდა ბოლოს როცა ვიფიქრე, ეტყობა გოგონამ 50 ლარი ჩაიჯიბა და სამსახურიდან წავიდა საკუთარი ბიზნესის ასაწყობად-თქო, როგორც იქნა გამოჩნდა კიდევაც.

საღამოს, სახლში ფილმებს ჩავუჯექით, ჯერ გიორგი დანელიას „Осенний марафон“ ვნახეთ, რომელიც ძალიან მიყვარს, უამრავჯერ მაქვს ნანახი და ვთვლი, რო გენიალური ფილმია. მერე კი რომან პოლანსკის ბოლო ფილმს „ვენერა ბეწვეულში“ ვუყურეთ, ამის წინ რაც გადაიღო, „ჟლეტა“, ძალიან მომეწონა, იქ სულ 4 მსახიობი თამაშობს, ეხლა კი რაოდენობა უფრო შეუმცირებია და ამ ფილმში მარტო 2 მსახიობია. ცოტა მოსაწყენი საყურებელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რო დამთავრდა, როგორც მიყვარს ხოლმე, ნეტში შევძვერი და ფილმის შესახებ ამბები მოვიძიე.

ქალი მსახიობი პოლანსკის მეუღლე ყოფილა, ხოლო კაცის ბიოგრაფიას რო მივყევი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, თურმე მას პირველი როლი ოთარ იოსელიანის „მთვარის ფავორიტებში“ უთამაშია.

3.

ისევ Wall-ში მივედით, მაგიდასთან დაახლოებით ათნი ვისხედით და „უსერიოზულეს“ გეგმას ვამუშავებდით, გადავწყვიტეთ წიგნი გამოგვეცა, რომლის სათაური იქნებოდა – „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“ – ყველაფერი დეტალურად უნდა მოგვეფიქრებინა, ჯერ ვურეკავდით ლევან უჩანეიშვილს და ჯონის ნომერს ვთხოვდით, რაზეც უჩანეიშვილი გვპასუხობდა – სად მაქვს მე დეპის ნომერი, ამდენი ხანია მაგის გაგებას ვცდილობ, აბა თქვენ რა გგონიათ, მე აქ რატო ვარო?! – და მერე ჰარისონ ფორდის ნომერს გვატენიდა, რომელსაც ჩვენ არ ვიწერდით. ამასობაში მე წიგნის წერას ვიწყებდი, ერთ-ერთი ჩვენგანი კი, სავარაუდოდ გოგო, ჰოლივუდში მიემგზავრებოდა საცხოვრებლად, იქ ირკვეოდა რო ეს გოგონა ბავშვობაში ინდიანა ჯონსის თაყვანისმცემელი იყო და ამიტომ უჩანეიშვილთან საუბრისას ჰარისონ ფორდის ნომერი ზეპირად დაუმახსოვრებია, ხოდა ის ჯერ ჰარისონს და მერე რაღაც გაურკვეველ ვითარებაში მისი დახმარებით ტიმ ბარტონს უახლოვდებოდა და ნუ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტიმ ბარტონიდან ჯონი დეპამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. მე კი წიგნს უკვე ვამთავრებდი, რომელსაც, როგორც მახსოვს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ვთარგმნიდით-ვბეჭდავდით და შტატებში ჩვენს მეგობარს ვუგზავნიდით. ის ამ დროს უკვე ჰოლივუდის არცერთ აღვირახსნილ ფართის აღარ მაზავდა და ერთ-ერთ ასეთ თავაწყვეტილ წვეულებაზე ჯონის გადაეყრებოდა, უცერემონიოდ მიუახლოვდებოდა, წიგნს ცხვირწინ დაუდებდა და გაქრებოდა. წიგნში მთელი ეს ამბავი კიდევ უფრო დეტალურად იყო მოთხრობილი, ბოლოს კი ზუსტად ამ სცენით მთავრდებოდა, თუ როგორ გადასცემდა ჩვენი გოგო ჯონი დეპს წიგნს და იქვე ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი. მოკლედ ჯონი ამ ნომერზე გადმორეკავდა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. წიგნი კი საოცრად მოთხოვნადი ხდებოდა, მაღალი ტირაჟი, სხვადასხვა ენებზე თარგმანები და რეკორდული გაყიდვები…

ბოლოს ვიღაცას გაახსენდა, რო ჯონი დეპი ჰოლივუდში კი არა, პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მთვრალები და კმაყოფილები ვიყავით.

გვიან „მაჭახელაში“ და გალერიში შევიარეთ, თუმცა არც ერთი დაგხვდა გემრიელი და არც მეორე საცეკვაო.

4.

კვირა დღე იყო. საღამოს 6 საათზე გამეღვიძა. გარეთ გავედი და მიწისქვეშა გადასასვლელში უცებ ვიღაც მომესალმა – პრივეტო – და თითქოს ზრდილობის გამო ტუჩის ქვედა კუთხით გაიღიმა კიდევაც, ან სულაც არა. მე კი იმის გამო რო შორს კარგად ვერ ვხედავ, იმის გამო რო მიწისქვეშ ცუდი განათება იყო და ალბათ იმის გამოც რო ახალგაღვიძებული ვიყავი – პრივეტ – ვუპასუხე ავტომატურად და გაშეშებული თავით ჩავუარე. ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, რომელთანაც ერთად 4 წელიწადი ვიყავი, მართალია ის ამბობს 3 წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამას არც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თანაც მგონია წლების ზუსტად დათვლა არც თუ ისე რთული ამბავია. მოკლედ, თავიდან რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, 2 წელიწადზე მეტია რაც დავშორდით და კაი ხანი იყო არ მენახა, ჰოდა თითქოს ისე გამოვიდა წესიერად არ მივესალმე, მაგრამ მერე დავწყნარდი, გამახსენდა, როგორ არ უყვარდა მსგავსი უხერხული სიტუაციები და ვიფიქრე, რო გავჩერებულიყავი და მეკითხა, როგორ ხარ-თქო? სრულიად ზედმეტი იქნებოდა.

ბოლო 2 კვირა იქნება, რაც მარჯვენა მხარე, უფრო მარჯვენა ფეხი მაქვს დამძიმებული. კი არ მტკივა, რაღაცნაირად თითქოს შიგნიდან მაქვს დაჭიმული. როგორც ჩანს ნერვული დაჭიმვაა. ხოდა დავფიქრდი, რის გამო შეიძლეობდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრიც არ დამჭირდა. ფინანსურად ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს, უფულოდ ვარ და ვალებიც დამიგროვდა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რატომ იყო ეს ასე. მიყვარს ფიქრი და სადღაც ღრმად ჩავძვერი. არავისთვის არაფრის გადაბარლება არ მჩვევია, მშვენივრად ვიცი ჩემი მინუსები და ჩემი მთავარი მინუსიც ეგ არის, რო ჩემი მინუსების გამოსწორებას არ ვცდილობ. გამახსენდა ბავშვობაში, სახლში მეუბნებოდნენ, წიგნები იკითხეო და წავიკითხე: გრიმები, ლინდგრენი, სვიფტი, ტვენი, კეროლი, კიპლინგი, ლონდონი, ეგზიუპერი, დიკენსი, ვერნი, სერვანტესი, უაილდი, დიუმა, სიმენონი, კონან დოილი და ა.შ. მერე ცოტა გავიზარდე, სკოლა დავამთავრე,  მითხრეს რო ცოტას ვკითხულობდი, კიდე იკითხეო და კიდე წავიკითხე: ფოლკნერი, მარკესი, ლიოსა, ბორხესი, კორტასარი, აკუტაგავა, ჰამსუნი, ვონეგუტი, ჯოისი, დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ჭილაძე, ჰესე, კაფკა, სარტრი და ა.შ. მერე მარტო გადავედი საცხოვრებლად, სახლიდან ისევ მომაძახეს, ნუ ზარმაცობ, ბევრი იკითხეო. მაგრამ გამოვიდა რო ამ წაკითხულიდან საერთოდ ვერაფერი ვერ მისწავლია, სწორი დასკვნები ვერ გამომიტანია, იმიტომ რომ ორმოცს მიტანებულს აგერ უკვე მეორე კვირაა ფეხი მეჭიმებოდა ნერვიულობისგან, იმის გამო რომ უფულოდ ვიყავი.

ან ამ ყველაფერს ხო არ ჯობდა რამე წამეკითხა, მაგალითად ასეთი სათაურით, „როგორ გავაკეთოთ მილიონი?“, ან თუნდაც „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“.

5.

მუხრანში ვიყავი. ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოვებაზე. ნომინაცია წლის საუკეთესო ბლოგისთვის ჯერ არ არსებობდა, ამიტომ მამაჩემს გავყევი, რომლის „სიცილია გვალვაში“, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

საღამო მსახიობ ნინო კასრაძეს მიყავდა, რომელმაც თავიდან გვამცნო, თუ სად ვიმყოფებოდით, ბატონ დავით მუხრანბატონის სასახლიდან მოგესალმებითო და მერე კიდე მეორედ თქვა, ჩვენ ვიმყოფებით დავით ბაგრატიონ მუხრანის სასახლეშიო და დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თავისი სიტყვის წარმოთქმისას გვითხრა, რომ ის კაცი დავითი კი არა, ივანე იყო, ივანე მუხრანბატონი.

მერე ნომინაციების გაცემაც დაიწყეს, საუკეთესო პროზაულ კრებულში გამარჯვებულმა, სამადლობელი სიტყვისას რაღაც მართლა კარგად იხუმრა და უცებ ზურგსუკნიდან კომენტარი მომესმა – ჯიგარია რა… აი, ნამდვილი თბილისელია – ბრრრრ, მაჟრიალებს ხოლმე ამ „ჯიგრობაზე“ და „ნაღდი თბილისელობის“ ფენომენზე, ბოლოსკენ, როდესაც „საბა“ საუკეთესო რომანისთვის ახალგაზრდა მწერალს გადასცეს, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს გამარჯვებული იყო იმ „ჯიგრობის” და “ნამდვილი თბილისელობის“ მოტრფიალე.

ამის გარდა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო საპატიო სტუმრების რიგში მალხაზ გულაშვილი იჯდა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ციხეში უფრო უნდა იჯდეს, თანაც სამშობლოს ღალატის მუხლით.

თუმცა კარგი რაღაცეებიც იყო, კარგი იყო ის, რაც ალბათ ამ სასახლეში ყოველთვის  კარგი იყო – უგემრიელესი ღვინო, პირისჩასატკბარუნებელი ჩურჩხელა და მშვენიერი სუფთა ჰაერი… და ჰო! კიდევ მისი 2 მეგობარი გავიცანი, ლუკა და ბექა. როგორც თვითონ იტყოდა: ლა, ლა, ლა…

6.

სალომემ კი თავისი ნივთები დიდ შინდისფერ ჩემოდანში ჩაალაგა და გერმანიაში გაფრინდა. მერე იქიდან მომწერა:

ამათთვის “ზალომე” ვარ )))) სიგარეტს აღარ ვეწევი. აქ სასიამოვნო ჰაერია, სულ სხვა სუნია, სისუფთავის, სიმწვანის და ძალიან ლამაზი გარემოა, ორსართულიანი სახლები სხვენით, მოვლილი ბაღები და წვიმა, რომელიც რატომღაც არ გასველებს. არავინ ყვირის, ხმამაღლა არ ლაპარაკობს და მანქანები არ ასიგნალებენ. ხოდა, რაც არ უნდა ვიღლებოდე ფიზიკურად, მაინც მშვიდად ვარ, რაღაცნაირად აუღელვებლად.

გამახსენდა, როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ზუსტად იგივე რაღაცეებს ვაქცევდი ყურადღებას, იმ სუნს „თავისუფლების სუნს“ ვეძახდი, რაღაცნაირი წყნარი ატმოსფერო იდგა, თითქოს ჰაერი სიმშვიდით იყო გაჟღენთილი. იმასაც ვამბობდი, აქ წვიმა კულტურულია, ჩვენთან წვიმაც კი ასე მოდის – აეე, აბა ეხლა მოვედი და დაგალპობთ სუყველას! – და აქ 2 ხმა არ არსებობს – მანქანის სიგნალის და ძაღლის ყეფის-თქო.

მოკლედ ასე, სალომე წავიდა. ჩემზე, თუ უფრო ჩემს ბლოგზე, პოსტი გამოაქვეყნა და წავიდა. მისი ნაწერი თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ, აი აქ:

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=282

[To be continued]

ცარიელი დღეები (XVII ნაწილი)

Featured image

Have to tell you that I love you so much these days, it’s true

– Gorillaz

1.

ზაფხულში საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრები ჩამოდიან. ყოველ აგვისტოს ასეა. იდეაში მეც არ უნდა ვყოფილიყავი აქ, მაგრამ უკვე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც დავბრუნდი და დავრჩი. Book Corner-ში მივდიოდი, ერთი გერმანიიდან და ერთი ისრაელიდან ჩამოსული უნდა მენახა. მივედი, ჯერ 1-2 სიტყვით ჩვენი ამბები მოვყევით, მერე ადგნენ და 2 საათი ილაპარაკეს – საკონცენტრაციო ბანაკებზე, ოსვენციმზე, ჰოლოკოსტზე, პალესტინაზე, ღაზის სექტორზე. ხოდა მოვიწყინე.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა McDonald’s-ში წავიდეთ შეიკის დასალევადო და ამოვისუნთქე. პატარა შეიკი შევუკვეთე და კიდე კაი „საბავშვოაო“ არ მითხრეს. სანამ რიგში ვიდექით, ერთი ისტორია გამახსენდა, ახალი ჩამოსული ვიყავი, McDonald’s-ში შევედი და Veggie Burger-ი მოვითხოვე, რაზეც მიპასუხეს – არ გვაქვს, მარტო ოთხშაბათს და პარასკევს გვაქვს სამარხვოო. ხო, მაგრამ მაგას ხომ Veggie Burger-ი ქვია და არა სამარხვო ბურგერი-თქო. მოიცადეთ ერთი წუთით, ადმინისტრატორს დავუძახებო. მოვიდა ადმინისტრატორი, ვითომ იმაზე უფრო ჭკვიანი და ვეუბნები, საზღვარგარეთ McDonald’s-ებში Veggie Burger-ი ყოველდღე აქვთ ხოლმე-თქო. მიყურებს შუშის თვალებით და უცებ მეუბნება: ააა, ესე იგი საზღვარგარეთ ყოველდღე მარხვააო?!

პატარა პაუზა გავაკეთე. მივხვდი ჩემს, მის, მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს. უხმოდ შემოვტრიალდი და მშიერი წამოვედი.

2.

Wall-ში ვიყავით, მეგობრის დაბადების დღე იყო, ყველამ ბევრი დავლიეთ. მემე მახარაძე შემხვდა:

– შენი ბლოგი წავიკითხე, – მითხრა და ბარში რაღაც შეუკვეთა.

– აჰა, სთარებიც კითხულობენ შენ ბლოგს, – გაიღიმა გვერდით მდგომმა მეგობარმა.

– ძალიან კარგი, – ვუპასუხე ვაჟა ზაზაევიჩის ინტონაციით.

– წავედი, მე მოვფსამ, – თქვა მეგობარმა და წავიდა.

– როგორი აუცილებელი ინფორმაცია მოგვაწოდა, – შემოტრიალდა მემე ღიმილით.

ამ დროს სხვა მეგობარმა ჩაგვიარა.

– შენ მოფსი უკვე? – ვკითხე ინერციით.

ის, რა თქმა უნდა, ამ სულელურ ხუმრობას ვერ მიხვდა, გაგვიცინა და არაფერი გვიპასუხა. მერე მე და მემემ ვთქვით, რომ საერთოდ ადამიანებს შეხვედრისას „როგორ ხარ?“ კი არ უნდა კითხო, ესე უნდა ეკითხებოდე – რას შვები, მოფსი? – მოკლედ, ესე მთვრალურად წავიმხიარულეთ და მალე დავიშალეთ.

– 1 ლუდი მინდა, – გავხედე ბარმენს, რომელსაც აქ მუშაობა ახალი დაწყებული ქონდა და უცებ გაცნობა გადაწყვიტა:

– შენ გეტყობა, რო დიდი ხარ, ნუ ეხლა ჩემზე უფროსი ვერ იქნები, მე 32-ის ვარ… – და მერე აღარ მახსოვს რა მითხრა.

გვიან გალერიში წავედით, სადაც შესასვლელთან 2 გოგო დაგვხვდა. წუწუნებდნენ, Face Control-ი არ გვიშვებს, არასრულწლოვნები ვგონივართო.

– აბა ეს რამდენი წლის არის? – კითხა Schrüte-მ და ჩემზე ანიშნა.

– რავი, მე ალბათ 21-ის იქნება, – ზედმეტი მოუვიდა კართან ატუზულ გოგოს.

– ეხლა შენ წინ ვდგავარ და17 წელი შეგეშალა, ხოდა Face Control-ს კამერის იქიდან 1-2 წელი თუ ეშლება, ნუ გაგიკვირდება-თქო, – ვუთხარი ასაკის შესაფერისი ტონით და კლუბში შევედი.

3.

დილით რო გავიღვიძე, მშიოდა, თანაც ეტყობა ძალიან, იმიტო რო 3 უბნის იქით წავედი საჭმლის მოსატანად. სოლოლაკში დადიანზე გაიხსნა პატარა ჩინური Fast Food რესტორანი სახელად Fire Wok.

საზღვარგარეთ გემრიელად ჭამისას არაერთხელ გვინატრია, ნეტა ჩვენთანაც იყოს ასეთი ადგილი – სადაც მიხვალ, იქვე შენს თვალწინ მოგიმზადებენ და პატარა ყუთში ჩაგიყრიან ბრინჯს ბოსტნეულთან ერთად, როგორც ჩემ შემთხვევაში, ან ხორცთან ერთად, თუ გიყვარს. უგემრიელეს ტკბილ-ცხარე სოუსებსაც მოგისხამენ. ეგრეთწოდებულ ჩინურ ჩხირებსაც მოგცემენ და პლასტმასის ჩანგალსაც, რომლითაც უფრო გეხერხება, იმით რო მიირთვა და მოკლედ 5 წუთში გამოგიშვებენ კმაყოფილს.

მარა ჩემი საყვარელი ტოფუ არ ქონდათ, ესე მითხრეს, მალე ვაკეში უფრო დიდი რესტორანი გაიხსნება და იქ გვექნებაო, ხოდა ტოფუსთვის სხვაგან წავედი, აღარ მშიოდა, მარა მაინც. მაცივარში შევაგდე და კარგიც ვქენი. გამთენიისას გაგვეღვიძა, გავაცხელეთ, ვჭამეთ და ისევ დავიძინეთ.

4.

– იცი, ხანდახან უბრალოდ ცარიელი დღეები კი არა, მძიმე ცარიელი დღეები მაქვს. მაგალითად მივდივარ ქუჩაში და თვალში სულ ის ადგილები მხვდება, სულ ამაზე მეფიქრება: აი, აქ შევხვდი. აი, აქ ველოდებოდი. აი, აქ გამოიქცა და ჩამეხუტა. აი, აქ გავაცილე. აი, აქ ვისხედით. აი, აქ ვიცინეთ.

– რას ბოდავ? – ჩამესმა უცებ ბოხი ხმა.

ოთახში მარტო ვიყავი, სავარძელში ვიჯექი და წარმოსახვით მეგობარს ვესაუბრებოდი ხმამაღლა, ამიტომ დაფეთებული შევხტი და ზევით ავიხედე.

– ზევით რატო იყურები, ეს ათეისტი კაცი? – ბოხ ხმას ირონია შეეპარა თბილად.

– უცხოპლანეტელების მჯერა და იმიტომ, – გავეცი ღირსეული პასუხი.

– კაი და რას ლაპარაკობდი? – ამ დროს მივხვდი რო ხმა ზემოდან კი არა სამზარეულოდან გამოდიოდა.

– რა გინდა? – როგორც იქნა, ავდექი, რო მენახა, ვის ვესეუბრებოდი.

– რა მინდა და ისე ბოდავდი, როგორც რომანტიულ-კომედიებში თინეიჯერებზე, – თქვა და გაზის მრიცხველიდან მონაცემები ჩაიწერა.

– კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? – მაია იყო, რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს, ის უკვე რამოდენიმე წელია, თვეში ერთხელ მხოლოდ კარში გაჩრილ ტელეფონის ნომერს მიტოვებს, მერე მე ვურეკავ და მონაცემებს ვაწერინებ.

– ჩემი წარმოსახვა გამოვიყენე, – მიპასუხა და გაქრა.

გამეღვიძა.

5.

ბავშვობაში ჩემთვის 1 სექტემბერი სწავლის დაწყებასთან არ ასოცირდებოდა. 1 სექტემბერს დედას კინოში მივყავდი ხოლმე. არ ვიცი რატომ გვქონდა ასეთი ტრადიცია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია სახალისო იყო.

მთელი დღე სახლში ვიჯექი, სალომე საქმეებზე დარბოდა, წასასვლელად ემზადებოდა. ვიფიქრე რამეს სისულელეს ვუყურებ-თქო და ტელევიზორი ჩავრთე და ისეთი ვიპოვე, რო ამაზე სულელურს ვერც ინატრებდა ადამიანი – Asterix and Obelix: God Save Britannia ვნახე. საღამოს სალომე რო მოვიდა, ერთად ახალ ფილმს ვუყურეთ Hector and the Search for Happiness ნორმალური ფილმი აღმოჩნდა. მოკლედ მაინც ისე გამოვიდა, რო 1 სექტემბერი ფილმებს დავუთმე და გვიან დედაჩემის sms მივიღე – დედა! კინოში, რომ არ წაგიყვანე დღეს….:* – ჰმ, თვითონაც ახსოვდა.

ამასობაში ძილის წინ შევამჩნიე, Google-ს ლოგო შეუცვლია, არ მომეწონა, ვერ მივხვდი, რას ერჩოდნენ ძველს. მე ხომ გულის სიღრმეში კონსერვატორი ვარ და ყველანაირი სიახლის მიღება მიჭირს.

6.

PSP-ს გათამაშების ბილეთები მქონდა, პირდაპირი ეთერის ყურება დამავიწყდა და გამარჯვებულების სანახავად მათ საიტზე შევედი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩემი სახელი და გვარი არ დამხვდა.

სამაგიეროდ უცებ მამაჩემისგან მივიღე მშვენიერი სიურპრიზი, შენი ფლეშკა მომეცი, რაღაც უნდა ჩაგიწეროო, მივეცი და ჩამიწერა 3 პატარა ფილმი, რომლებშიც მე ვთამაშობდი. ნუ, „ვთამაშობდი“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მარა თურმე 4 წლის რო ვიყავი, გადაუღია და მე არც კი მახსოვდა, მოკლედ ძაან საყვარლობა იყო. ერთს აქაც დავდებ, 3 წუთიანია და თუ გაინტერესებთ როგორი მსახიობი ვიყავი, შეგიძლიათ უყუროთ.

ისე, რაც მაგ პერიოდიდან მამაჩემთან დაკავშირებით მახსოვდა, ის იყო, რო ერთხელ თმა გადამხოტრეს და ძალიან განვიცდიდი, მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი, როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს ამბავი სამსახურში მყოფ მამაჩემს ამცნო, ხოდა საღამოს, როდესაც მამა სახლში მოვიდა, კარი გავაღეთ, ის ეშმაკურად იღიმოდა, მე ალბათ თავს ვმალავდი, არ მახსოვს, მან კი უეცრად ქუდი მოიხადა და ჰოპ! აღმოჩნდა რო თმა მასაც ბოლომდე გადაუხოტრავს. გამიხარდა და ალბათ მაშინ პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავდა სოლიდარობა.

[To be continued]