ყვითელი ჩაიდანი

 

Girl, you’re just a, a child

– Angus and Julia Stone

1.

რიფერში ვიყავი, 00:00 საათს ველოდებოდი, „ცარიელი დღეების“ ბოლო ნაწილი უნდა დამედო და აღმოჩნდა Wi-Fi არ იჭერდა. ვიფიქრე სახლში წავალ ავტვირთავ და დავბრუნდები-თქო, მარა ანამ მითხრა გაჩერებაზე გადი და Tbilisi Loves You-ს დაიჭერო, ჰოდა, ასე, ცოტა სასაცილოდ გამოვიდა, უკანასკნელი ნაწილი ქუჩიდან ავტვირთე და რიფერში ჩავბრუნდი.

ანა მუშაობას რო მორჩა, გადავწყვიტეთ დიდ გალერიში წავსულიყავით, ოღონდ ცოტა გვშიოდა და მანამდე სმარტში შევიარეთ, ანას მეგობარი მარიამიც ჩვენთან ერთად იყო. სმარტში ვიღაც ბიჭები შეგვხდნენ და ლობიანებზე დაგვპატიჟეს. ამასობაში გოგოებმა კოკის დაურეკეს, თხოვეს გამოსულიყო და გალერიში შევეყვანეთ.

კოკი გარეთ დაგხვდა და შევედით, იქ ცოტა დავლიეთ, კიდე სხვა მეგობრებიც შეგვხდნენ, ვიცეკვეთ, მომწონდა, ანა როგორც ცეკვავდა, გაფრთხილებული ვიყავი, რო ცეკვა მარტო უყვარდა, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ ისეთ დისტანციაზე ვყოფილიყავი, რომ არც ვინმე სხვას შეეწუხებინა. მოკლედ ნორმალურად გავერთეთ და გამოსვლისას აღმოჩნდა რო მასაც მოეწონა, როგორ ვცეკვავდი.

2.

მეორე დღეს ანა არ მუშაობდა და რიფერში ისე წავედით. შევდივართ და რას ვხედავთ… თურმე წინა ღამეს დაბადების დღე ვისაც მივულოცე, იქ არის და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს… ჰოდა, მივედი და ვუთხარი – გილოცავ, ბლოგიდანაც მოგილოცე და აი, პირადადაც გილოცავ-თქო – მადლობაო – მითხრა და დავბრუნდი ბართან.

კარგად ვიყავი – ანასთან ერთად ვიყავი… ცოტა დავლიეთ, ისინი ცეკვავდნენ, მერე ჩვენც მივედით სტუმრებთან ახლოს და ანას ვუთხარი – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეხლა 17 ათასი მკითხველია ცოდო, ამ ამბავს თუ ვერ გაიგებენ-თქო.

მოკლედ, მერე იუბილარი და სტუმრები წავიდნენ და ცოტა ხანში ჩვენც Wall-ში ჩავედით, 1-2 ჭიქა დავლიეთ და წავედით ბასიანზე, სადაც ისეთი ჭყლეტა იყო, 2 საათზე მეტი ვერ გავჩერდით და ამ 2 საათიდანაც ნახევარი სკამზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით.

3.

შემდეგ დღეს ანას რიფერში მუშაობის ბოლო დღე იყო, პატარა, ლამაზ, მყუდრო, საყვარელ, კუსკუსა კაფეში Carpe Diem-ში გადაწყვიტა გადასვლა. რიფერში ნათლიაჩემთან ერთად მივედი, კვირა დღე იყო და ბევრი ხალხი არ დაგვხდა, ნათლიაჩემი რაღაც საქმეებზე მელაპარაკა და მალე წავიდა.

მერე მეგობარი მოვიდა, იმასაც რაღაც თავისი ამბები ქონდა მოსაყოლი, თან ვწრუპავდით, სადღაც ერთ საათში ანა მუშაობას მორჩა და მეგობარმა შემოგვთავაზა მანქანით წაგიყვანთო, ანა ყველას გამოემშვიდობა, მერე მანქანაში ჩავსხედით და წავედით და ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიგვიყვანა და უნდა ჩამოვსულიყავით, პატრულმა გაგვაჩერა, მეგობარმა ჩადით და მე ჩემი პომადიანი ტუჩებით ისე გავუღიმებ, არ დამაჯარიმებენო. ჰოდა წამოვედით.

ცოტა ხანში სმს მივიღე – დამაჯარიმესო – ჰმ, როგორც ჩანს ალკოჰოლმა მაინც გადაფარა პომადა…

4.

გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე არსად გავსულიყავი, მანანას დაბადების დღე იყო, საღამოს სტუმრები მოვიდნენ, სოკოს ვჭამდი გემრიელად, რომელიც ძალიან მიყვარს და პოლიტიკაზე კამათს ვუსმენდი, რაც პირიქით ძალიან არ მიყვარს.

სტუმრები როცა წავიდნენ, ტელევიზორთან ჩავჯექი, რასაც ბოლო დროს იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ჩემპიონთა ლიგას ვუყურე, ბაიერნი ბენფიკას ხვდებოდა და ჩემ ბიჭებს დიდად არ გაუჭირდათ თამაში.

მერე ძილის წინ ცივი ყავა გავიკეთე, ტორტის მოზრდილი ნაჭერი მოვიჭერი და ჩემი ცოლის დაქალების სერიები ვნახე.

5.

ამასობაში როგორც იქნა მუშაობა დავიწყე, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტში, კოპირაიტერის თანამდებობაზე. მოკლედ, მშვენიერი სამსახური აღმოჩნდა.

დედაჩემის და ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო, მივედი მივულოცე, დედაჩემს 3 თეთრი ვარდი ვაჩუქე, როგორც თვითონ მთხოვა, ბაბუას რაღაც კარგი კატალოგი. საღამოს ანას გავუარე Carpe Diem-ში და მუშაობას რო მორჩა ჯერ განახლებული ბაუჰაუსის გახსნაზე წავედით, სადაც ანას მეგობარმა ანიმ დაიწყო მუშაობა და იქიდან გალერიში დაბადების დღეზე, მაგრამ თან უკვე გვიანი იყო, თან ისედაც შუა კვირა და ამიტომ ცოტა ხალხი დაგვხდა, მოკლედ მალე წამოვედით სახლში.

გზაში ლუდი და რაღაც სახრამუნოები ვიყიდეთ, მერე უგემრიელესად დავსხედით, ჯერ გახმაურებული The Lobster ვნახეთ და ცნობილი იაპონური ანიმაცია Sprites Away-ც მივაყოლეთ.

6.

ბაუჰაუსში წავედით, მარიამიც მოვიდა, მერე იქიდან Wall-ში ჩავისეირნეთ, კოჩაროვი და ბაკურა შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ გვებოდიალა, ჯერ წავედით ამქარში, სალიოს კონცერტზე, იქ მახსოვს ვიღაც გოგო მომადგა, მომხედეო მითხრა, მეთქი მარტო არ ვარ Sorry… მერე კიდე ვიღაც მოვიდა მე შენს ბლოგს ვკითხულობო, მეთქი მორჩა ბლოგი-თქო. მოკლედ იქიდან გადავწყვიტეთ რიფერში ჩასვლა და იქ კოჩაროვს ეცა ვიღაც გოგო, მეცნობიო, ნიკა ეუბნება მე არ გიცნობო, ამ დროს მე მივედი, ეს გოგო შემომიტრიალდა და რა საყვარელი ხარ, საყურე რო გიკეთიაო, მეთქი ვაჰ… მე და ნიკა ერთად ვართ-თქო, არ დაიბნა, თუ არ გჯერა აჰა-მეთქი და ტუჩებში ვაკოცე კოჩაროვს, აქ ცოტა უკვე დაიბნა, კაი ხო გეხუმრები-თქო ვუთხარი, აი ეს გოგოა ამის ცოლი-თქო და მარიამზე ვაჩვენე და მე ამათი მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ-თქო, ჰოდა, მოკლედ ამდენი რამის მერე, როგორც იქნა, დაგვანება თავი. მერე მახსოვს ისევ Wall-ში ჩავბრუნდით და ბოლოს ჩემთან მივედით ჩაის დასალევად, მარა აღმოჩნდა ჩაიდანი აღარ მქონდა და უცებ კარადაში აღმოვაჩინე ყვითელი ჩაიდანი, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს სახლში, რომელიც 10 წლის წინ გავყიდეთ, სამზარეულოში იდგა კარადის თავზე და მე ქვემოდან სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, ჰოდა გამოვიღეთ ეს ჩაიდანი და წყალი დავადგით.

Carpe-ში ხშირად მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები, არეშკა, ლადო, ცავკა, ნატა ჟღენტი, ნათლიაჩემიც იყო რამდენჯერმე, ერთხელ ნიკუშა, კოტე და ლევანიც იყვნენ, დიანა და ელენეც ყოფილან, მარა იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით და თითქმის ყველას მოწონდა. ამის გარდა, ჩვენც ბევრგან დავდიოდით, ერთ დღეს ტოფუ გავსინჯეთ ჩინურში, ერთხელ კივიში ვიყავით, ერთხელ ჩებურეკების საჭმელად, ერთხელ ფრის შაურმა ვჭამეთ გვიან, ერთხელ ვარშავაში ანასგან პატარა ინტერვიუ აიღეს, ერთხელ მზესუმზირის ფართიზეც ვიყავით, ერთხელ მტკვარზეც, ერთხელ Fire Wok-ში, ნელიკოსთანაც ვჭამეთ ბლინები, მერე კინოში ვიყავით „ელვისი და ნიქსონი“ ვნახეთ, მერე ანა ვეგეტარიანელი გახდა და ვენდისში ვეჯი ბურგერის გასასინჯად წავედით და სათამაშო ავტომატებითაც ვითამაშეთ, ცხვირიც გაიხვრიტა და სალონში ფოტოებს ვუღებდი, თუ როგორ გმირულად და ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე გაუძლო ამ ამბავს. მოდა-მოდაშიც ვიყავით, შემომეჭამაში ხინკლის მერე მამალოებიც ვჭამეთ, Night Pizzas ახალი ნუტელიანი პიცაც გავსინჯეთ ბანანებით, კიდე Flea Market-ზე ერთი სამჯერ გამაჩერეს უცნობებმა, შენი ბლოგი მოგვწონსო, მითხრეს და ერხელ საერთოდ ღამე ქუჩაში მოვდიოდით მეგობრებთან ერთად და უცებ თინა ხიდაშელი შემეჩეხა ჯარისკაცებთან ერთად და გამარჯობაო მითხრა, მერე უცებ შემომხედა და ბოდიში ვერ გიცანი, შემეშალეო და მე ვუთხარი, არა უშავს, მე გიცანით-თქო და ყველას ძაან გაეცინა, ჩვენც და ხიდაშელის გარშემო მყოფ ჯარისკაცებსაც. ანამ თქვა ალბათ ესეც შენ ბლოგს კითხულობდაო.

ერთხელაც, ანდერვილშიც წავედით სპრინგ სეტზე, სადაც ჯერ Ten Walls-ი უკრავდა და მერე Tummetott-ი, რომელიც ანას ძალიან მოწონს, ჩვენთან ერთად ასტერიქსი და ობელიქსი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლეს, თუმცა მაინც კარგი იყო, ლამაზად გათენდა, ზემოდან გადმოვხედეთ ქალაქს, საბაგიროთი ჩამოვედით და ვიგრძენი, რო ანა მართლა კმაყოფილი იყო. მანამდე სახლიდან სანამ გამოვიდოდი, Tummetott-ის ანას ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩავრთე ხმამაღლა და ჩართული დავტოვე, ისე დაემთხვა, რო იმ დღეს Tummetott-მა ეგ არ დაუკრა და დილით სახლში რო მივედით, უცებ სიურპრიზად დაგვხვდა ჩართული, უკვე სადარბაზოში ისმოდა ხმა… ანას გაეღიმა.

მართლა ბედნიერი ვიყავი.

 

 

Advertisements

ცარიელი დღეები (XXX ნაწილი)

You always seemed so sure

– Arcade Fire

1.

წინა ნაწილი გვიან დავდე, უკვე პარასკევი იყო. მანამდე მეგობარმა მომწერა, ველოდებით სად არისო. წარმოვიდგინე, როგორ ისხდნენ სამზარეულოში ყველანი ერთად, ნერვიულად სიგარეტს ეწეოდნენ და ელოდებოდნენ, სასაცილო იყო. მერე ჩემი ძმა გამეხუმრა, რატო აგვიანებ, ფანები ელოდებიანო და ეგეც წარმოვიდგინე, სადღაც სტადიონზე შეკრებილი ხალხი როგორ ელოდებოდა, ესეც სასაცილო იყო. მარა ბოლოს დედაჩემმა როცა მომწერა, არ ვიძინებ, სად არის ახალი ნაწილიო. უკვე აღარ იყო სასაცილო.

მოკლედ, მერე როცა ავტვირთე, მესიჯები მივიღე, ჩვენს ცარიელ დღეებს გვივსებს შენი „ცარიელი დღეებიო“. რაღაც პარადოქსი გამოდიოდა თითქოს, მარა მაგას აღარ ჩავუღრმავდი, უბრალოდ სასიამოვნოდ დავიმუხტე და ისევ წერა მომინდა. ერთ მესიჯში მეგობარი მიყვებოდა, როგორ ნახა თავისი ექსი და ცუდად გახდა, მთელი დღე უხასიათოდ იყო და უცებ გაახსენდა „ჩემი შეხვედრა მარშუტკაში“, მაისური როცა ვაჩვენე და ამის გახსენებამ კარგ განწყობაზე დამაყენა და პოზიტიურად შევხედე ყველაფერსო. ბოლოს კი მითხრა რო „The Coffee Bean & Tea Leaf” წადი, იქ საჩუქარი დაგიტოვეო.

წავედი და ძაან მაგარი რამე დამხვდა, CD იყო – „ცარიელი დღეების“ საუნდტრეკი, ანუ ყველა ის სიმღერა ერთად ჩაწერილი, რომლებიც წინ აქვს ხოლმე ჩემი ბლოგის თითოეულ ნაწილს დართული. აი ასე… ძალიან კარგია, როდესაც ადამიანებმა იციან ერთმანეთის გახარება.

2.

დილით დამირეკეს და სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრებაზე დამიბარეს. მივედი. გავესაუბრე. 1 კვირაში დაგიკავშირდებოთო. ამ დროს ნაცნობმა დამირეკა და იმანაც სამუშაო შემომთავაზა. სულ ასეა ხოლმე, ან არაფერი ხდება, ან ბევრი რამე ერთად.

მერე ერთ ულამაზეს გოგოს შევხვდი, თანაც ამ გარეგნული სილამაზის გარდა, ბევრი სხვა დადებითიც ქონდა. ცოტა დამაგვიანდა და, რო არ გაყინულიყო, სათამაშოების მაღაზიაში შევიდა, ხოდა, რო მივედი, ძალიან ლამაზი კადრი დამხვდა – მის გარშემო ყველაფერი სულ ჭრელი იყო და თვითონაც ფერადი. მერე Wendy’s-ში 2 ყავა ავიღეთ, მის ჭიქას მისი სახელი დააწერეს, ჩემსას ნონა. ცოტა ხანი ფეხით ვისეირნეთ, რაღა თქმა უნდა, როგორც ასეთ დროს ხდება, სისულელეებზე ვილაპარაკეთ და მალე დავიშალეთ. გარკვეული მიზეზების გამო არაფერი არ ხდებოდა, მარა მაინც აუტანლად სასიამოვნო იყო.

ღამე სახლში რო მივედი მეგობარმა გამომიგზავნა ეს ნახეო:

http://tinyurl.com/hfae9tn

ვიღაცის ბლოგი აღმოჩნდა სახელად „სხვისი ამბების დაცარიელება“, სადაც მე და „ცარიელ დღეებიც“ ვართ ნახსენები, თან წერია „ცარიელი დღეები“ წაკითხული არ მაქვსო. ნუ, მე წავიკითხე ეს „სხვისი ამბების დაცარიელება“ და მომეწონა კიდევაც. ჰოდა, რავი, აი ეხლა ზუსტად ამ წამს შეიძლება უკვე თვითონაც კითხულობს „ცარიელ დღეებს“.

3.

„მზესუმზირას“ ფართი იყო არტ-კაფეში, ჩემ ძმას და მეგობრებს დავურეკე, მითხრეს რაღაც კაფეში ვართ, გამოგვიარე და ერთად წავიდეთო, გავუარე და გამახსენდა – ამ კაფეში ერთხელ ვიყავით ნამყოფი მე და „ის“, „ინტერსტელარი“ ვნახეთ „ამირანში“ მეგობრებთან ერთად და მერე შემოვიარეთ გემრიელი შეიკების დასალევად…

მოკლედ, ფიქრებიდან გამოვერკვიე და მივედით „მზესუმზირაზე“. ბევრი ხალხი იყო, სასმელი ავიღე, დავდექი ჩემთვის და ვწრუპავდი. ამ დროს ერთი ნაცნობი მოვიდა და მეკითხება:

– რატო აკეთებ ამას? – თან ეღიმება.

– რას ვაკეთებ? – ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ვიდექი ჩემთვის წყნარად, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად.

– რას აკეთებ და დგახარ და იპრანჭები! – მითხრა სიცილით და მეც გამეცინა, წარმოდგენა არ მქონდა ამის შესახებ. მართლა სასაცილო ფაქტი იყო.

მერე, როგორც ვიცი ხოლმე, DJ-სთან შევძვერი და იქ ვცეკვავდი, თან უკვე ძაან მთვრალი. ბოლო რაც მახსოვს, ერთი ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იმას ვამშვიდებდი და ეგრე იქვე ტახზტე ჩაგვეძინა ერთად. რო წამოვედით, გათენებული იყო.

4.

საღამოს რო გამეღვიძა, HOLMES&WATSON-ში მივედი, საქმეს მალე მორჩნენ და „Rooms”-ში წავედით, პირველად ვიყავი და კარგი იყო, ძალიან ხარისხიანი კოქტეილები გაგვიმზადა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც ბარში მუშაობს, მუსიკაც ძალიან კარგი იყო, მარა მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც იყო ჰაერში მაინც საშინლად უსიამოვნო, სუნამოს გადამეტებულ სურნელთან შეზავებული საშინელი თბილისურ-სნობური განწყობის არომატი. თავისუფლება აკლდა ამ ხალხს, თუნდაც წინა დღეს „მზესუმზირას” ფართიზე მყოფი ადამიანებისგან განსხვავებით.

იქიდან „მოზაიკაში“ შევიარეთ. იქაც გადაჭედილი იყო ყველაფერი. „მოზაიკას“ პატრონმა მომიყვა, გუშინ ვიღაც ტიპი იყო მოსული და ასე ამბობდა, ეს Wall-ი რა გაქაჩულია, მარა აბა რა იქნება, იმდენს ახსენებ „ცარიელ დღეებშიო“. ხოდა, არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, მაგრამ ასე რომ ამბობენ, უკვე ესეც კაია.

მერე მოგვშივდა და იქიდან „სამიკიტნოში“ წავედით. ბიჭებს ვთხოვე, მაშინდელივით იმდენს ნუ შეუკვეთავთ, რო მერე სახლში გამატანოთ კონტეინერებით ნახევარი საჭმელი-თქო და ამჯერად ეტყობა უფრო ფხიზლები იყვნენ და ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს.

5.

მეორე დღეს მამაჩემის ლექციაზე წავედი. 8 ლექცია უნდა წაიკითხოს თემაზე „სახელმწიფო და მაფია“ ჰოდა, ეს პირველი იყო, კარგად ჩაიარა, მსმენელებიც იყვნენ და, რაც მთავარია, ყურადღებით უსმენდნენ. დარბაზში ვიცოდი რო 2 გოგო უნდა ყოფილიყო, დები, რომლებსაც ლექციაც აინტერესებდათ და ამის გარდა დათქმული გვქონდა, რო გაგვეცნო ერთმანეთი, ბლოგის ერთგული მკითხველები იყვნენ. მაგრამ მე სახეზე ვერ ვიცნობდი, ისედაც ცუდი მხედველობა მაქვს და თან რატომღაც დარბაზში Wi-Fi-ც არ იჭერდა. ამიტომ ლექციის დროს ცოტა ხნით ბიბლიოთეკის დარბაზში ჩავედი და მოწერილი დამხვდა:

– რატო გახვედი?

– იმიტო, რო ნეტი არ იჭერს მანდ, ვერ გხედავ, – მივწერე სმაილებით.

– დამაგვიანდა და უკან დავჯექი.

– კაი, შემოვალ ეხლა, – და შევბრუნდი.

ჰოდა, მოკლედ, ლექცია რო მორჩა, როგორც იქნა წესიერად მივესალმე იმას, ვისაც ვწერდი და მის დასაც… და მოვილაპარაკეთ, რო სხვა ლექციებზეც შევხვდებით და მერე სადმე წავალთ ერთად, უფრო კარგად რომ გავიცნოთ ერთმანეთი.

იქიდან დედაჩემთან წავედი, ღამემდე იქ ვიყავი, 2 ეკლერი მაქვს და თუ გინდა ჩაი დალიეო, კი მინდოდა, მარა, არა მაიტა თან წავიღებ-თქო, ვუთხარი და წავედი ერთ მეგობართან სამსახურში, რომელიც გვიანობამდე მუშაობს და ვიფიქრე ესიამოვნებოდა, მარა აღმოჩნდა დიეტაზე და მაინც მე ვჭამე. რას მოიგონებენ ხოლმე ეს ლამაზი გოგოები ამ დიეტებს არ მესმის. ნუ, თუმცა ისე მგონია, რომ ეკლერების გარეშეც ესიამოვნა ჩემი ვიზიტი და ცოტა გავამხიარულე.

6.

დილით გამეღვიძა და კბილი მომტყდა, თან საღამოს ჩემი ძმის დაბადების დღე იყო და სასწრაფოდ რო არ გამეკეთებინა, დაბადების დღეზე კი არა, საერთოდ არსად არ წავიდოდი ესე არასოდეს. ჰოდა, მივედი ექიმთან, თან ჩემი ექიმი ისვენებდა იმ დღეს, მარა ესეც დავიკიდე, ვალიუმიც კი არ დამილევია და 2 საათი ვიჯექი პირღია, რაღაც კოშმარებს მიკეთებდნენ, კბილებში რკინები ჩამიდგეს, ღრძილებში თოკები და ბოლო-ბოლო ყველაფერი დროულად და კარგად გამიკეთეს. რო გამოვდიოდი, ექიმმა კონსულტანტ გოგოზე მითხრა, ისე რო იცოდე, ბებიამისიც ანთაძეაო. ვაჰ-თქო, შევიცხადე ხმამაღლა და ემოციურად და არ ვიცი, იმათმა რა იფიქრეს, მაგრამ ჩემი რეაქცია იმით იყო გამოწვეული, რომ „იმის“ ბებიაც ანთაძეა.

იქიდან სალონში წავედი, მივედი, დავჯექი და როცა ჩემს პარიკმახერს „თმები შემჭერის“ მაგივრად, „თმები გამიკეთე“ ვუთხარი, აი მანდ დავეჭვდი, მართლა ნაშა ხო არ ვარ-თქო, ძმის დაბადების დღის ფართიზე წასვლამდე ფაქტიურად მარტო ვარცხნილობის დასაყენებლად რო წავედი საპარიკმახეროში.

დაბადების დღეზე ძაან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი სასმელი და ძალიან ბევრი მუსიკა იყო. ერთი Blind date-ც მქონდა, თუმცა ამ fb-ს გადამკიდე მთლად Blind აღარც გამოდის. მოკლედ, მოვიდა ერთი მშვენიერი გოგო, მარა ამდენი უცხო ადამიანი რო ნახა, ცოტა უხერხულად იგრძნო თავი და მალე წავიდა, იმ პირობით, რო კიდე შევხდებოდით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. მე აბსენტს ვსვამდი და ნელ-ნელა ყველაფერი ბუნდოვანი ხდებოდა, მთავარი იყო, იგრძნობოდა, რო ხალხი გადასარევად ერთობოდა და ყველას ნასიამოვნები გამომეტყველება ქონდა.

დასაძინებლად როცა დავწექი, ვიღაცამ სქრინშოთი გამომიგზავნა სადაც 1 საათიანი ტრეკი ჩანდა, ჩავრთე და გამახსენდა, რო ჯადოქარი კაი ხანია არ გამოჩენილა, თითქოს მომენატრასავით…..

ცარიელი დღეები (XIII ნაწილი)

Featured image

Im so happy i could die

– Easter

1.

სახლში დავბრუნდი, გადავიხადე ელექტროენერგიის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონის გადასახადები და დავბრუნდი.

მიუხედავად იმისა, რო საღამო იყო, მაინც არანორმალურად ცხელოდა, ისე რო ოთახში ნათურის ანთებასაც ვერიდებოდი და ლაპარაკიც გვეზარებოდა. წამოწოლილები ვიყავით, ეწეოდა, უცებ სახეში შემაბოლა. თითქოს დაუფიქრებლად არ უქნია, მაგრამ თან უცნაური იყო, იმიტო რო მანამდე 2 დღე მეკითხებოდა, აქ რო ვეწევი, ხო არ წუხდებიო. მოკლედ, გამიკვირდა, თორე კი არ მეწყინა, მე რო მაწყენინო, საკმაოდ რთულია, თუმცა პრინციპში ზოგმა ესეც კარგად შეძლო.

– რამე მინდა გავიკეთო, – სიგარეტი ჩააქრო და სიცხისგან ჩამოწოლილი სუჩუმე დაარღვია.

– რა?

– კიდევ 1 ტატუ.

– კაი, მოდი მე ცხვირზე გავიკეთებ სათვალეს და კისერზე შარფს და მერე შენ გაიკეთე ჰარი პოტერის ტატუ.

გავჩუმდით, არ ჩანდა, მარა ორივე ვიღიმოდით.

– წამო რა McDonald’s-ში, ცოტა მშია და თან იქ გრილა.

– ოუკეი, წამო მე შეიკს დავლევ, – ვთქვი და სხეული ძლივს გავასწორე სქელ ჰაერში.

2.

უიკენდი დადგა და Wall-ში მივედით, ძაან ბევრი ხალხი იყო. გვიანობამდე ვიყავით და იქიდან Warszawa-ში ავიარეთ, მეგობრები უნდა გაგაცნოო, ერთი გოგო და ერთი ბიჭი. ორივენი კარგები იყვნენ, გოგო ცოტა ნასვამი იყო და იმ საღამოსთვის ურთიერთობის აგრესიული სტილი ქონდა არჩეული, ცხვირგატეხილს, რომელიც ამასობაში სულაც აღარ იყო ცხვირგატეხილი, ეუბნებოდა ეგოსიტი ხარო, ამას ცოტა წყინდა მაგრამ არ პასუხობდა. ბიჭი კი  შიგადაშიგ იუმორით და ბუდისტური სიმშვიდით ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას. მე ამ დროს ჩემთვის ვფიქრობდი, აბა რანაირი ეგოისტია-თქო, როცა რაც ჩამოვედი მეოთხე დღეა, სადაც არ მივდიოდით, ყველგან ჩემს ბლოგზე იყო ლაპარაკი და დღეს საღამოს სახლიდან გამოსვლისას შემთხვევით აღმოვაჩინე რო 2 დღის წინ თვითონ დაუწერია პოსტი და არც უთქვამს, აი ნაწყვეტი:

„დღეს თუ არა ხვალ მოგვიწევს, წავიდეთ სამხრეთ აფრიკაში რომელიმე სოციალური პროგრამით ან უბრალოდ, ქარაფშუტულად შევხვდეთ თითქმის უცნობ ბიჭს შუა ვაკეში, რომელიც იმაზე მაგარი ბიჭი აღმოჩნდება, ვიდრე მანამდე გვეგონა.“

არადა ჩემზე ეწერა, თანაც ძალიან სასიამოვნოდ.

3.

ბავშვობის მეგობარს ვესტუმრე, ერთ ამბავში იყო, კიდევ თავიდან ჩავარდნილა გაუგებრობაში თავისი მომავალი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ისე ძაან აღარ ნერვიულობდა, რაღაცეები იკვეთებოდა დროთა განმავლობაში და ახლო მომავალში არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ბიჭსა და გოგოს შორის. როცა დეტალებს კარგად გავეცანი და საქმეში ღრმად ჩავიხედე, ჩემი პროგნოზიც გამოვაცხვე – ამ ეტაპზე გოგო გაიმარჯვებდა და ნუ სადღაც ნახევარ წელიწადში ურთიერთობა ამოიწურებოდა. მაინცდამაინც არავინ შემეწინააღმდეგა, ამ სფეროში საკმარისი ნდობით ვიყავი აღჭურვილი.

მეგობრისგან გამოვედით და Cafe La France-ში მივედით:

– სოკოს კრემ-სუპი მინდა, – მითხრა და გემრიელი სახე მიიღო.

– მე რამე ტკბილი, – წავედი დავათვალიერე და შოკოლადის კრუასანი ამოვარჩიე.

გამოსვლისას ვუთხარი, ხურდის აღება არ დაგავიწყდეს-თქო და გაეცინა, რა დაუკვირვებელი ხარ, ბარათით გადავიხადეო. მერე ტაქსიში ჩავსვი, მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა და უცებ სიცილით მირეკავს, ეხლა ასეთი SMS მივიღეო:

გამარჯობა სალომე, შენი visa ბარათი Cafe La France-შია, როცა მოიცლი შეგიძლია წაიღო, არ ინერვიულო, ყავაც დავალევინეთ და ფუნთუშაც მიირთვა, თუ ხვალე დილამდე არ მოხვალ აუზზეც წავიყვან :DDDD

ჰმ, აშკარა იყო მომსახურე პერსონალს იუმორის და ფლირტის კურსები წარმატებით ქონდა დამთავრებული. მოკლედ მე ჯერ იქვე ახლოს ვიყავი და მიუხედავად იმისა, რო როგორც ჩანს ჩემი მისვლა ნაკლებად გაუხარდებოდათ, მივბრუნდი და ბარათი წამოვიღე.

4.

ცხელოდა.

– მიდი გადაივლე, მერე მეც შევალ და გავიდეთ.

– კაი, – შევედი და 5 წუთში გამოვედი.

– მიდი შედი.

– კაი, – შევიდა და ნახევარ საათში გამოვიდა.

– მგონი მე კიდე უნდა გადავივლო. – ვიხუმრე, მარა თან აშკარად სიმართლის მარცვლებით.

სახლიდან გასვლა ძალიან ჭირდა.

– ნეტა რას ვიზამდით, ეხლა აგვისტო რო არ იყოს და რო ციოდეს?

– იგივეს, არა? – ეტყობა სიცხისგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

– არა, ზამთარში განსხვავებულად ურთიერთობენ, ანუ სხვა რამეები უნდებათ ხოლმე.

როგორც იქნა გავეტიეთ. მიუხედავად იმისა, რო საღამოს 8-ის ნახევარი იყო, გარეთ 35 გრადუსი დაგხვდა.

– მგონი ტაქსი უნდა გამოგვეძახა, – ჩავილუღლუღე მე.

– მოიცა ერთი წამი სიგარეტს ვიყიდი, – მაღაზიაში შევიდა და მარტო დავრჩი მზეში, უცებ ზურგსუკან კაცმა ჩაახველა და მთელი სამყაროს მრავალსაუკუნოვანი შეკითხვა სრულიად უცერემონიოდ მაჯახა.

– ღმერთი არსებობს?

ნელა შევტრიალდი, მივხვდი, რო სიცხისგან არ მეჩევენებოდა, იმასაც მივხვდი, რო სრულ ჭკუაზე ვერ იყო და ეხლა მთავარი იყო ის მიმეხვედრებინა, რო ადრესატის არჩევანში ღრმად შეცდა.

– კაი რა, ხო ხედავ როგორ ცხელა.

ვერ ვიტყვი რო პასუხით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მთავარი იყო წავიდა, თანაც ჩაფიქრებული.

5.

ისევ Wall-ში ვიყავი, ამჯერად ნაკლები ხალხი იყო და როცა ვიკითხე, რა ხდება-თქო, მითხრეს, GEM fest დაიწყო და ანაკლიაში წავიდნენო. უცებ რაღაც გამახსენდა:

– ბიჭო, იქ რო ვიყავით, ბოლოს იცი რა დაგვავიწყდა? – გადავხედე გვერდით მჯდომ მეგობარს რომელიც სიცხისგან შეწუხებულ სახეზე ყინულს იდებდა.

– რა?

– Yann Tiersen-ის კონცერტზე წასვლა.

– აუ, Tiersen-ი კი არა, ბოლოს უკვე ისე ვიყავით, კიდე კაი აეროპორტში წასვლა არ დაგვავიწყდა.

რთული იყო არ დავთანხმებოდი.

– ის ტიპი გახსოვს? იახტებთან როცა ჩავიარეთ, საყვირზე რა მაგრა უკრავდა?

– მაგ ტიპზე Talented Mr.Ripley გამახსენდა. იქ არის ეგეთი ფრაზა, I’d pay that fellow a hundred dollars right now to shut up. – საერთოდ ჩასაბერი ინსტრუმენტები არ მიყვარს, დასარტყამებს ვანიჭენ უპირატესობას და მგონი ეს ეპიზოდი ფილმიდან მაშინ იქაც გავიხსენე.

ცოტა გვიან მზესუმზირას ფართიზე ავედით ლისზე, იქაც ძაან ცოტა ხალხი იყო. ვიღაცამ შემომთავაზა, მოგაწევინებო და თანხმობის მერე ტუალეტისკენ რო გამიძღვა, მანდ უფრო კარგად ვიგრძენი სამშობლოში დაბრუნება.

6.

აუზთან ვისხედით, ჩვენი მეგობრის დის ქორწილი იყო და ყველანი გამოვცხადდით თეთრ პერანგებში და მუქ სათვალეებში. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, აუზში ჩასვლა აკრძალული იყო და თუ ვინმე მაინც გადაწყვეტდა გაგრილებას, 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

გადასარევი სუფრა იყო და მე ქართულ კერძებს მონატრებულმა მშვენივრად ვისიამოვნე. ბიჭებს ბევრი არ უფიქრიათ ღვინო დაელიათ თუ არაყი, სწრაფადვე მეორე ამოირჩიეს, ალკოჰოლი მეზარებოდა და ლიმონათს ვწრუპავდი. ყოველ 5 წუთში ყინულების მოტანას ვთხოვდით ოფიციანტებს და ბოლოს, როგორც ტკბილეულობის დიდი მოყვარული, სულმოუთქმელად ველოდი ტორტის გაჭრას, რომელმაც გაამართლა, ნაყინით იყო, რაც იმ სიცხეში საუკეთესო გადაწყვეტილებად მივიჩნიე. ისე გემრიელად ვჭამე, რო გვერდით მჯდომებმა, რომლებმაც თავიდან ტორტზე უარი თქვეს, ჩვენც მოგვანდომეო და თავიანთი კუთვნილი ნაჭრები უმალ უკან მოითხოვეს.

ჩამოღამდა და შეუმჩნევლად, ბალიშებიან რბილ ადგილას გადავჯექი, გვერდითა მაგიდიდან ჩემი ნაცნობების ჩუმი დიალოგი შემომესმა:

– ნონოს ბლოგის ბოლო ნაწილები წაიკითხე?

– კი.

– ის ვინ არის, ხო არ იცი? ცხვირგატეხილს რო ახსენებს…..

– აუ, ეგ არ მიკითხავს.

– ნეტა გოგოა თუ ბიჭი?..

მერე სუსტი და ერთი წამით ამოვარდნილი ნიავი ჩადგა და ხმამ ჩემამდე ვეღარ მოაღწია. აუზს გავხედე, მეთქი რავი… იქნებ გავგრილდე… ეჰ… მარა თან ეს 500 ლარი და თან ისედაც ცურვა არ ვიცი… ჰუჰ!

[To be continued]

ცარიელი დღეები (VIII ნაწილი)

Featured image

Express Yourself

– Charles Wright

1.

ღამის პირველ საათზე, მეშვიდე ნაწილი WordPress-ზე ავტვირთე და ჩემს ძმას დავურეკე, შეგიძლია უკვე facebook-ზე დადო-თქო. ვერ დავდებ, იმ უცნაური მიზეზის გამო რო სადაც ვარ, შუქი არ არისო. ხოდა, ცოტა ცუდ გუნებაზე დავდექი, არ მიყვარს, როცა რაღაც მაქვს დაგეგმილი და არ გამოდის. მერე დავფიქრდი – რატო ვწერდი, საერთოდ რაზე ვწერდი და ვიფიქრე, რო არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა როდის დავდებდი, დავდებდი თუ არა, დავწერდი თუ არა.

ჩავწექი. დეპრესიაში ჩავწექი. ვერ ვიძინებდი.

თითქოს რაღაც თამაში მოვიგონე, „ვითომ არ არსებობდა“. fb გავაუქმე, ფოტოები რო არ მენახა. თითქმის არსად არ დავდიოდი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ვხედავდი-ვერ ვხედავდი. მაგრამ ამ თამაშს მაინც ვაგებდი. ის და ყველაფერი მის გარშემო, იმდენად დიდი და ძლიერი იყო, ჩემს მიერ ხელოვნურად და ილუზორულად შექმნილი ბარიერები ვერ აკავებდნენ. თვალების დახუჭვაც არ მჭირდებოდა  იმის დასანახად, თუ როგორ იჯდა ეხლა თავის ლეპტოპთან და გამოცდებისთვის ემზადებოდა.

2.

დილიდან ძაან ცხელოდა, ვიზაზე საბუთები შევიტანე და მეგობართან წავედი, უკვე 1 წელია Cafe Teatret-ში მუშაობდა და როგორც იქნა ვესტუმრე. თინა ალექსიშვილის კაფე აღმოჩნდა, გავიცანი და მოვუყევი – რამდენი თინა დალაქიშვილს ვნახავ, რომელიც შეჩვეულია, რო ეუბნებიან მომწონხარო, მე იმდენი ვეუბნები დედაშენი მომწონს-თქო და გარშემო მყოფები იბნევიან, ვერ ხვდებიან რო „ჩემი ცოლის დაქალებზე“ ვლაპარაკობ-თქო. – თინამ მომისმინა, კარგ ხასიათზე იყო, ხელი აწია და ჩაკაო მითხრა. მეც ჩავკარი, 2 ჭიქა ცივი ლიმონათი დავლიე და ამასობაში მეგობრებიც შემოგვემატნენ.

– რას შვება Reality Show? – მკითხა ერთ-ერთმა.

– რომელი?!

– შენი ბლოგი. ყველა ოთხშაბათს ელოდება, ჩასაფრებულები ვართ, გავიგოთ, როგორ ხარ? სად იყავი? რა ქენი? – მითხრა სიცილით.

სიტყვა „ყველა“ იყო აქ მნიშვნელოვანი. კი, უკვე 2400 ადამიანი კითხულობდა და ჩვენი ინტერნეტ სივცრისთვის მშვენიერი რაოდენობა იყო, მარა მაინც ქართველი პოლიტიკოსები გამახსენდნენ, რომლებსაც გამოსვლა და მთელი ერის სახელით საუბარი უყვართ.

– facebook-ზე წავაწყდი, ვიღაცას ეწერა არ მომწონსო, – ჩაერთო საუბარში მეორე ოდნავ აღშფოთებული ტონით.

აი, ამას ველოდებოდი. თორე უკვე, შემაშინებლად და უინტერესოდ, მარტო კარგი მესმოდა. არმოწონება, თანაც იმდენად, რო ამას აღნიშნავდნენ,  უკვე სულ სხვა ლეველი იყო.

3.

– „ჩაის თემა“-ში ვუყურე ლევან გიგინეიშვილს და შენ გამახსენდი, – მომწერა იმ გოგომ, რომელთან ერთადაც პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით ვსვამდი ხოლმე ყავას.

მეც ჩავრთე და გავიგე – რო ფილოსოფია არ ყოფილა სტერილური ცოდნა და ტერმინების რახა-რუხი, ფილოსოფია მამარდაშვილის თქმით ყოფილა მარტოობის გაბედვა, დარჩე მარტო საკუთარ თავთან, გქონდეს ჩვევა მარტო დარჩენის და გაბედო იფიქრო შენი ფიქრი და არ იფიქრო ის ფიქრი, ყველა რო ფიქრობს ინერციით. საკუთარი ფიქრები დაბადო და მარტოობის სიღრმე გამოიმუშავო.

ინგლისელი მწერალი ჯილბერტ ჩესტერტონი ამბობდა – რატომ არ ვართ რეალურად ერთად? იქნებ იმიტომ რომ საკმარისად მარტოხელები არ ვართ, ნამდვილი ერთობა მათ შორისაა, ვინც საკმარისად მარტოხელა არისო.

ნამდვილი გამარჯვება ასეთ ერთობას მოყვება, როდესაც ადამიანი ეჩვევა მარტოობის კულტურას, თავის თავში იღრმავებს საკუთარ ხედვას, ბედავს დაბადოს საკუთარი აზრები რეალობაზე. – ამ სიტყვებით მთავრდებოდა 10 წუთიანი მონოლოგი.

– კარგად გაგხსენებივარ, საკმარისად მარტოხელა ვარ, – მივწერე პასუხი ჩემს Coffee Partner-ს.

4.

Drunken Bassment-ში, მართალია, გვიან მივედი, მარა მაინც უცნაურად ცოტა ხალხი დამხვდა. ცოტა და ძალიან მთვრალი. არც ლაპარაკის ხასიათზე ვიყავი და არც დალევის, ამიტომ ოთახში დავჯექი და მუსიკას ვუსმენდი.  – თხლაშ! თხლაშ! თხლაშ! – გავიგე უცებ ხმა, ეზოში გავიხედე და ვისკის ცარიელ ბოთლებს კედელზე ამსხვრევდნენ. თუმცა აგრესიისგან გამოწვეული მოქმედება არ იყო, რაღაც სიმთვრალეში მოზღვავებულ ეპატაჟს უფრო გავდა, ამიტომ არ გავედი და ისევ წყნარად გავაგრძელე ოთახში მარტოობა. ტახტზე ჩამეძინა და დილით აღმოვაჩინე, რო სხვებიც დარჩენილან.

ავიზლაზნეთ, ზოგს თავი ტკიოდა, ზოგს პირი ქონდა გამშრალი. ჩაი, ყავა, ნაბეღლავი და დავიშალეთ. მე გოგოებს გავყევი, Teatret-ი უნდა გაეხსნათ. მთელი დღე ჰამაკში გავატარე გრილად. ბევრი ხალხი არ მოსულა, სამაგიეროდ ამირანი სეირნობდა ამაყად, ამირანი იქაურობის სიმბოლო იყო, ბებერი, გაქუცული კატა. ცოტა კარტი ვითამაშეთ, 1 პატარა ნახატის დახატვაც მოვასწარი და როცა დაღამდა, კაფე დავხურეთ და ლისზე, მზესუმზირას ეზოში ავედით. საკმაოდ ბევრ მსგავს Event-ზე ვყოფილვარ საზღვარგარეთ და სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან თვალშისაცემია, რო ადამიანებს შინაგანი კულტურა აკლიათ. ასეთ ადგილებში, სადაც ფხიზელი არავინ არის, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. კი, რა თქმა უნდა, უზრდელები ყველგან არიან, მაგრამ არა ასე მასიურად. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა, უბრალოდ აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი და დაკვირვებისთვის ბევრი დრო მქონდა.

ცოტა ხნით ტბასთან გავედით, რომელშიც დიდი მთვარე ირეკლებოდა, Teatret-იდან წამოღებული პლედი დავაფინეთ და მყუდროდ წამოვგორდით. უკან როცა ვბრუნდებოდით, ფეიერვერკი გაუშვეს, ვიდექი, ვუყურებდი განათებულ ცას და რატომღაც ვიფიქრე, რო ფეირვერკი ერთ-ერთ ყველაზე ყალბი სილამაზეა დედამიწაზე. ვიგრძენი, რო ძალიან დავიღალე ცუდად ყოფნისგან, მთავარი იყო ეს გრძნობაც ყალბი არ ყოფილიყო, მაგრამ ფხიზელი ვიყავი, ამიტომ ვენდობოდი ჩემს შეგრძნებებს და არ მერიდებოდა ჩემი ცუდად ყოფნის. არ მრცხვენოდა, რო ამას 2399 და ის 1 ადამიანი გაიგებდა, არც ის მადარდებდა თუ იფიქრებდნენ, რო სუსტი ვარ და არც იმის მეშინოდა, რო სუსტები არ უყვართ.

5.

დილის 6 საათზე, ქუჩაში ფეხით მივსეირნობდი, აღარ ბნელოდა, მაგრამ გარეთ ჯერ არავინ არ იყო გამოსული. მოკლედ იდეალური დრო იყო სასეირნოდ და ვფიქრობდი იმაზე, რაზეც მეფიქრებოდა:

ნუთუ არ ჯეროდა ჩემი ემოციის? არა! წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ერთად ყოფნისას ხო ხედავდა, ხო ზუსტად გრძნობდა და შეუძლებელი იყო ეხლაც არ ცოდნოდა რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი. უბრალოდ ასე ერჩივნა, ასე აწყობდა, ასე უფრო მშვიდად იყო. ფიქრთან ახლოსაც კი აღარ იკარებდა ჩემს ინტენსიურ შეგრძნებებს…

ბებიაჩემის დაბადების დღე თენდებოდა, 29 ივნისი. მარკეტში შევედი და ერთი კოლოფი ბელგიური შოკოლადი ვიყიდე. ნელ-ნელა მივდიოდი სახლისკენ, ვიცოდი რვის ნახევარზე იღვიძებდა, რო მივედი მითხრა დღეს შვიდის ნახევარზე ავდექიო. ვაკოცე, შოკოლადი მივეცი და ძილის წინ ვიფიქრე, facebook-ი რო მქონდეს ეხლა ფოტოს დავდებდი და დავაწერდი – 79 წლის გახდა-თქო.

6.

მამაჩემის წიგნის პრეზენტაციაზე მივედი, სანამ ხალხი იკრიბებოდა, ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი, გვერდით მეგობარი მომიჯდა.

– რა გჭირს ნონ? – მკითხა ჩურჩულით.

– რა მჭირს?

– რაღაცნაირი მოღუშული სახე გაქვს?

– ესე მეტყობა?

– კი. რაზე ფიქრობ?

– დარწმუნებული ხარ რო გინდა მოსმენა?

თავი დამიქნია.

– რაზე ვფიქრობ და ძალიან მოწონდა ჩემს გარშემო ყველაფერი, საკმაოდ ყურადღებიანი იყო და არაერთხელ დაუფიქსირებია თავის აზრი, თუ როგორ აფასებდა და მოწონდა, სიტყვაზე, დედაჩემი, ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი ძმები ან მაგალითად, უთქვამს, რა ბედნიერებაა ამდენი და ასეთი კარგი მეგობარი რო გყავსო. აქეთა მხრიდანაც ყველას შეუყვარდა და ნელ-ნელა ეს დიდი და დადებითი აურა მისი ნაწილიც ხდებოდა. და უცებ ერთ წამში გააქრო ეს ყველაფერი თავის ცხოვრებიდან. იმიტო რო მთავარი ობიექტი მე ვიყავი, მე აღარ ვაინტერესებდი და შესაბამისად ჩემს ანტურაჟსაც აღარ ქონდა მნიშვნელობა. აი, ამაზე ვფიქრობდი – გავხედე მეგობარს, რომელსაც უკვე ჩემსავით რაღაცნაირად მოღუშული სახე ქონდა.

მერე ღამე Teatret-ში ვიჯექი მეგობრებთან ერთად, მოახლოებულ Open Air-ზე ლაპარაკობდნენ, ყველანი აპირებდნენ წასვლას.

წინ 5 დღიანი ასკეტიზმი მელოდა…

[To be continued]

4

79 წლის გახდა ❤

ცარიელი დღეები (VI ნაწილი)

Featured image

Once I had a love and it was divine

– Blondie

1.

ტელეფონმა დარეკა. ავიღე.

– უნდა გაცინო.

– მაცინე.

– გუშინ საღამოს კაფეში ვიყავით გოგოები და ძირითადი თემა ქონდათ შვილების დღის განრიგი, მე რა თქმა უნდა ამ თემაში არ ვერეოდი და მერე უცებ ერთ-ერთმა „ცარიელი დღეებიო“ და აყვა დანარჩენი ხუთიც.

– ჰაჰაჰ, ვინები იყვნენ? უთხარი რო მიცნობ?

– არ იცი შენ… კი, ვუთხარი, თან ცოტა ამაყადაც.

– და რას ამბობდნენ, კაიაო?

– ხო, აბა!

რო გავთიშე, ვიფიქრე რაღაცნაირად კარგად წაიღო და საკაიფოდ შეიძლებოდა ამ ყველაფრის განვითარება. არადა, 1 ადამიანისთვის დავიწყე წერა, მერე 50-მდე მეგობარს მოეწონა და ეხლა უკვე 1600 მკითხველი ყავდა.

2.

ქუჩაში მეგობრებს ველოდებოდი, ცოლ-ქმარს. ცხელოდა.

ახალგაზრდა გოგომ ჩაიარა, მაისურზე ჟაკეტი ეცვა და ყელზე თხელი შარფი ქონდა მოხვეული. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედამისსაც ასევე ეცვა, დეიდამისსაც და მამიდამისსაც. მინიმუმ 3 მაგალითი უნდა ქონოდა იმისათვის, რომ ასე ჩაეცვა. ეს იყო  45-55 წლის თბილისელ ინტელექტუალთა  ცოლების Dress code და ეს გოგო ვერ ხვდებოდა, რომ ზაფხულში უბრალოდ მაისურის ჩაცმას არაფერი ჯობდა.

ამასობაში ცოლი მოვიდა, ქმარი არა და ამ უაზრო, ცხელი ფიქრებიდან გამოვერკვიე.

– რა ვქნათ? – ვიკითხე მე.

– გინდა Canudos-ში წავიდეთ? და მერე ისიც იქ მოვა.

– აი, მომკალი თუ გინდა და ეს Canudos-ი არ შემიძლია.

– რატო? – ცოტა გაუკვირდა.

– რაღაცნაირად არ შემიძლია რა, არაფერს არ ვერჩი, მარა როგორც შარდენი არ შემიძლია, ეგრე არ შემიძლია Canudos-ი, ანუ მეორე უკიდურესობაა, იქით ბურჟუები და აქეთ პროლეტარები, მე ვარ სადღაც შუაში.

– სად შუაში? – მკითხა და გაეღიმა.

– ნუ, არ ვიცი, მაგალითად ლიტ-კაფეში, ან Althaus-ში.

– ა, შენ ხო ალკოჰოლი არ გიყვარს, შე ხანდაზმულო, უჟმურო. ოღონდ ეს Canudos-ზე ბლოგში არ დაწერო, იცოდე ფანებს დაკარგავ.

– ო, რა გახდა ეს ბლოგი, მალე პატარებს შეაშინებენ „კარგად მოიქეცი, თორე ნონო ბიძია შენზე დაწერს, ცუდი ბავშვიაო“. რამეს კი არ ვერჩი, უბრალოდ მე არ მომწონს.

– კაი, კაი, ხო გავიგე, წამო ლიტ-კაფეში.

უცებ, ორსული ბოშა ქალი შემოგვეფეთა, ერთი ბავშვი ხელში ეჭირა, მეორე ზურგზე ყავდა, მესამე კისერზე, კიდე 2 იღლიაში, 3 ფეხებში ებლანდებოდნენ და ძვლივს მოვიშორეთ თავიდან.

– იცი სულ რა მაინტერესებს?

– რა? – ვკითხე და ტაქსის ხელი დავუქნიე.

– ესენი ბავშვებს ვისგან აჩენენ? მთელი ცხოვრება ვხედავ ორსულ ბოშა ქალებს ბევრი ბავშვებით და ბოშა კაცი არასოდეს მინახავს.

ტაქსიში სიცილით ჩავჯექი.

3.

საპარიკმახეროში ვიყავი. ჩემს რიგს ველოდებოდი და მძულდა ეს ადგილი. ბოლო დღეს აქ ვიყავით ერთად, თმები შეიჭრა. თმები შეიჭრა და წავიდა. ხოდა ეხლა ვიჯექი და ყველა და ყველაფერი მძულდა, საპარიკმახეროში და მის გარეთაც და მიუხედავად ამისა, ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ არ ვიყავი გაბოროტებული, დაბოღმილი, ან აგრესიული. იმიტომ რომ რეალურად არავინ არ მძულდა ჩემი თავის გარდა, დანარჩენი იყო შიში, შიში იმის, რო სხვებს ეს საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი არ შეემჩნიათ.

ასეთი განწყობის შედეგად საღამოს ის პრინციპი ამიმუშავდა, როცა უხასიათოდ ვარ, იმას რო ვაკეთებ, რაც არ მინდა და მტკვარზე წავედი. პირველი იანვრის მერე არ ვყოფილვარ. მაშინ ერთად ვიყავით, ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი, იმიტომ რომ სიცხე მქონდა 40. მანამდე 5 დღე ვიწექი, ნორმალური ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იქ არ მივიდოდა, მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი მიხაროდა და ახალი წლის ღამეს ცოტა ხნით მაინც გავერთეთ. მერე კიდე 5 დღე ვიწექი. ამ 10 დღის განმავლობაში, არცერთი წამით არ მომშორებია. მივლიდა, ღამე სიცხიანს, როცა ვბოდავდი და დღისითაც, როცა ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი, ნერწყვსაც კი ვერ ვყლაპავდი, ნემსებს და გადასხმებს ვიკეთებდი და 5 კილო დავიკელი. ჰოდა, აღფრთოვანებული ვიყავი 20 წლის გოგოს სიძლიერით, როგორი სიყვარულით, ენერგიით, თავდადებით და, რაც მთავარია, თავისი ინიციატივით ზრუნავდა ჩემზე, თორე მე ასეთი მოთხოვნები არ მახასიათებს. და როდესაც ამ ისტორიიდან სულ რაღაც 2 კვირაში საპარიკმახეროში წავედით, მით უმეტეს შოკისმომგვრელი იყო ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

მტკვარზე, რა თქმა უნდა, ბლოგს ვერ ავცდი.

– იცი, ვიღაც მიყვებოდა, თურმე შენი ბლოგის საშუალებით ძველი მეგობარი იპოვა. – ჩამყვირა ყურში ერთმა არც თუ ისე ახლო ნაცნობმა.

– რაა? რანაირად?!

– შენმა ძმამ ბლოგი ხო დადო, ამას დაუკომენტებია და მერე იქვე, კიდე ვიღაცამ რაღაც დაწერა. ხოდა, ამან, უი, შენ ის არ ხარო?.. იმან, კიო… და ვა, რა მაგარია, მოდი დაგამატოო… და ესე.

– მდაა, ახალ ფუნქციებს იძენს ბლოგი-თქო. – ვიფიქრე და Vodka Red Bull-ი შევუკვეთე.

4.

მეორე დღეს დედაჩემის ზარმა გამაღვიძა.

– პირველ არხზე, გადაცემა კომუნიკატორი ჩართე, შენ ბლოგზე ლაპარაკობენ!

ჩავრთე და თქვეს რო fb-დან გავქრი, გავაკეთე საინტერესო და კარგად წასაკითხი ბლოგი „ცარიელი დღეები“, სასიყვარულო ისტორიაზე, რომელიც ისე არ გაგრძელდა, როგორც მე მინდოდა და ბოლოს თქვეს, ალბათ წიგნადაც გამოიცემაო.

ძალიან სასიამოვნო იყო და თან უცნაური, გამეცინა, იმიტომ რო თითქოს არაფერს ვაკეთებდი საამისოდ. უბრალოდ მიყვარდა, მეტი არაფერი.

როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა – „My life is like a game of chess when you have lost your queen“ – ძალიან კარგი ნათქვამი იყო და აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჩემს მდგომარეობასაც.

ის საღამო სასაცილოდ მახსოვს – „სუპერსტარი ხარ ჩემ თვალში!“, „i,m proud of you”, “ძაან პოპულარული ხარ)))“, „ჰაჰაჰა, ცნობილი ნონო“, „იმენა ჰიტი გახდი <3“, „მალე კოსმოსიდან ჩაკრულოს დააბრუნებენ და შენს ბლოგს გაუშვებენ : ))“. – მომდიოდა sms-ები მეგობრებისგან.

5.

მეექვსე ნაწილის წერის დროს, გადავწყვიტე ყველა ნაწილი გადამეკითხა, მომინდა  მეპოვა, ის, რის გამოც საერთოდ დავიწყე ამ მოთხრობის წერა.

და ვიპოვე კიდევაც:

ყველაზე საზარლად ის წამი მახსენდება, როდესაც პირველად, გაყინული და უცხო ხმით მითხრა.

– მე ასე გადავწყვიტე და ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ.

აბსოლუტური შეგრძნება მქონდა, რო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ელექტრო სკამზე მიმათრევდა და ცივი ხმით მეუბნებოდა.

– მე ასე გადავწყვიტე და ნუ პანიკობ!.. შენ ხომ ძლიერი ხარ.

6.

უიკენდზე, წელს პირველად გადავწყვიტე რაღაც Event-ზე წასვლა და დღისით ლისის ტბაზე ავედი, მზესუმზირას ეზო-ფართი იყო. ბევრი ნაცნობი ვნახე – სად ხარ დაკარგული? შენ ბლოგს ვკითხულობ! – მოვისმინე ალბათ ასჯერ, რაც სულაც არ იყო მომაბეზრებელი. მერე ერთი მეგობარი შემხვდა, თვალი ჩამიკრა და ცოტა MDMA მომცა, მალე რაღაც ვიგრძენი. ცოტა ხანში კიდე ერთი თვალჩაკრული ახლობელი მომიახლოვდა, ამჯერად Dr. Hofmann-ი მიწილადეს, ეს უკვე სერიოზული საჩუქარი იყო, მივიღე და უცებ ძლიერი წვიმაც დაიწყო, იმის გამო, რო დასველება საშინელ დისკომფორტს მიქმნის, დიდი ქოლგის ქვეშ დავდექი, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი იდგა, წვიმა გადაღებას არ აპირებდა და ასე ვიდექი 4 საათი. ამასობაში კი, წყალმა ქალაქში სახლები წაიღო, ხალხი დაიხოცა, ქუჩაში ჰიპოპოტამი, ლომები, დათვები და ვეფხვები დარბოდნენ, რომლებსაც სპეცნაზი ხოცავდა. არ ვიცი ამ სიურეალისტურ ტრაგედიას ფხიზელი როგორ აღვიქვამდი, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც ფაქტიურად კოსმოსში ვიყავი, განსაკუთრებით უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. აპოკალიფსის მასშტაბი გავზარდე და წარმოვიდგინე, რო ვაკეში სახლების გარდა, მონმარტრზე ეიფელის კოშკიც ცურავდა, გმირთა მოედანზე ბეჰემოთს აძინებდნენ და ტრაფალგარზე ლოხ-ნესის ურჩხულს ნატოს არმია ებრძოდა.

დილით როცა უკვე მდგომარეობიდან გამოვდიოდი, Cavea Cinemas-ში წავედი და ვნახე „Inside Out”, ძალიან კარგი 3D ანიმაცია, 5 ემოციაზე, რომლებიც ადამიანის თავში ცხოვრობენ, ბედნიერება, შიში, ზიზღი, ბრაზი და სევდა. თან დავასკვენი რო ეტყობა სტრესის დროს ეს მშველის ხოლმე, იმიტო რო ამსტერდამში, ანა ფრანკის მუზეუმიდან რო გამოვედი, ისე მძიმედ ვიყავი, ეგრევე კინოთეატრში გავიქეცი „მადაგასკარზე“.

მოკლედ, მერე სახლში მივედი და გავითიშე, 30 საათიანი უძილობის შემდეგ 20 საათი მეძინა. როცა გავიღვიძე, ტელევიზორი ჩავრთე და დანგრეულ ქუჩებში საცობები დამხვდა, ცაში ვერტმფრენები, ხილიანზე ჩემს სახლთან 6 მგელი. მივხვდი უდროო და არაადეკვატური იყო ჩემი Trip-ი და ძილიც, მაგრამ რა მექნა, ასე დაემთხვა, თითქოს ჯუმანჯის ყუთი ვიპოვე და ვითამაშე.

ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ხდებოდა თბილისში და რამე ხომ არ ხდებოდა რუსთავში…

[To be continued]