ცარიელი დღეები (XXXVII ნაწილი)

Only for You

– Heartless Bastards

1.

Wall-ში ვიდექით – მე, დიანა, მაშო და სანდრო ჯავახიშვილი, გარშემო ბევრი ხალხი იყო, მიდიოდნენ-მოდიოდნენ, ჩვენ კიდე ვიდექით, ვიდექით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით, რაღაც მომენტში დიანამ – ნახეთ რა კაი გოგოაო და ერთ გოგოზე შეგვახედა, მაშოც დაეთანხმა, ჰოდა, მერე კაი ხანი ამ გოგოს ვუყურებდით და მიდიოდა მისი ქება, რო აქ ვინც არის ყველაზე კაი გოგოაო. თან ჰეტერო გოგოები რო გოგოს ასე აქებენ, ესე იგი, მართლა კაი გოგოა. მეც ვეთანხმებოდი, არც სანდროს უთქვამს რამე საწინააღმდეგო. ეს გოგო მანამდეც წინა კვირასაც შემჩნეული მყავდა, მაგრამ მახსოვს, რატომღაც შეგრძნება გამიჩნდა, რო თვითონ დიდად არ დაინტერესდა ჩემით, არ ვიცი, რატო ვიფიქრე ასე, მარა მისი გამოხედვისგან გამომდინარე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჰოდა, მოკლედ, ვიდექით ასე და ვაგრძელებდით მასზე კაი რაღაცეების ლაპარაკს და უცებ იმ გოგომ თავის მეგობარ მეორე გოგოს ხმამაღლა უთხრა – ავტონომია! მერე ერთმანეთს გადახედეს და გაეღიმათ, მერე კიდევ – ავტონომია! და თან ცოტა ეცინებათსავით, მეც ვუყურებ… ავტონომია! თქვა კიდევ უფრო ხმამაღლა და უცებ თავის მეგობარს ეუბნება – აი ამანაც გაიგო და ჩემზე ანიშნებს თვალებით. გავიგე, ხო, და ისიც გავიგე, რო ამან გაიგოო… ჰოდა, მოკლედ ასე გავიცანი ანა, რომელსაც მერე ძაან უნდოდა ჩემთვის სახეზე ბრჭყვიალების შემოყრა და რო ვთხოვე, არ მინდა-თქო, გმირულად შეიკავა თავი და მთელი ღამე ყველას აყრიდა ჩემს გარდა.

სახლში რო მივედი, ფბ-ზე რიქვესთი გავუგზავნე და ის ამბავი მოვუყევი, თავიდან რო მომეჩვენა, რო რაღაც უცნაურად უარყოფითად მიყურებდა და ამის მოყოლა ცოტა ისე გამომივიდა, რაღაცეებს რო იგონებენ ხოლმე იმისთვის, რო საპასუხოდ მოისმინონ სიტყვები: არა, არა, რას ამბობ, ეგრე არ ყოფილა! მარა მოკლედ, ასე იყო თუ ისე, იმ ღამეს ძილის წინ ერთი სიტყვა გამახსენდა.

ავტონომია.

2.

დილა მე და ნიკუშამ ვისკით და ჩემი ცოლის დაქალებით დავიწყეთ. საღამოსკენ პახმელია დამარცხებული იყო, გარეთ ციოდა, ანა თურმე რიფერში მუშაობდა. ეს ფიქრები მქონდა თავში და Wall-ისკენ წასასვლელად ვემზადებოდი, გავედი, ჩანთაში ჩემი ჰუდი ჩავტენე, გზად რიფერში შევიარე და ანას დავუტოვე, რომელსაც, რა თქმა უნდა, თხლად ეცვა და ღამე Wall-ში შესცივდებოდა.

Wall-ში ქეთოს დაბადების დღე იყო, რო მივედი, ცოტა ხანში მამაო ტორტით გამოვიდა, ერთი ნაჭერი მეც მერგო და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა, მერე მე და მარიამი ვისხედით, რაღაცეებს ვჭორაობდით და ამასობაში ანაც მოვიდა ჩემი ჰუდით, მოკლედ, კლასიკური საყვარლობა გამოვიდა – გოგოებს რო ბიჭების ცოტათი დიდი ზომის ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე.

ბევრი ხალხი არ იყო, სულ ასე ხდება, თუ პარასკევს ბევრი ხალხია, შაბათს ცოტაა, ან პირიქით. ჰოდა, ეს მოწყენილობა რო გადამეფარა, ფურცელი და პასტა ავიღე და მე და ანამ სიტყვობანა ვითამაშეთ, ნუ, ამან, რა თქმა უნდა, დიდი მხიარულება არ მოგვიტანა, მარა რაღაც მაინც იყო საკაიფო.

3.

ორნი იდგნენ, მაღალი და დაბალი.

– ეს რა პლანეტაა? – კითხა დაბალმა.

– დედამიწა, – უპასუხა მაღალმა.

– რას წარმოადგენენ?

– საკმაოდ უცნაური არსებებით არის დასახლებული, ძირითადად უხილავი ძალების ჯერათ…

– მაგალითად?

– მაგალითად, სიყვარულის, ან ღმერთის…

– ჰმ, ჩვენი?

– ჩვენი ნაკლებად.

– ჰაჰჰაჰ, ხო არ დავაჯეროთ…

– ჯერ ადრეა, ისედაც მაგარი აჭრილები არიან და თან ხო გეუბნებით, იმის უფრო ჯერათ, რასაც ვერ ხედავენ…

– კაი, ჰო, სად მცალია ამათთვის, – თქვა დაბალმა და ცაში ჩაიხედა.

გამეღვიძა.

4.

რიფერში დათო ლომიძის კონცერტი და დაბადების დღე იყო, კოჩაროვს მივწერე, ხო არ მოხვალ-თქო და, კიო. მივედით, დათო უკრავდა, მე და კოჩაროვი დავჯექით და დავიწყეთ ლაპარაკი სიყვარულზე, მერე სანდრო მოვიდა სულაქველიძე და ცოტა ხანი ალკოჰოლზე ვილაპარაკეთ, მარა არაფერი არ გამოვიდა და ისევ სიყვარულზე გავაგრძელეთ.

მერე ანაც მოვიდა, ლამაზი იყო – ვიწრო შავი ჯინსები და მოხსნილსაყელოიანი თეთრი „საროჩკა“ ეცვა, იმ დღეს არ მუშაობდა და ცოტა გავერთეთ. მე ლუდი დავლიე, ანამ არა, მუსიკას ვუსმენდით, რატომღაც ცოტა ხალხი იყო და ამიტომ რიფერისთვის დამახასიეთებელი სიგარეტის ბუღი და გაუსაძლისი სიტუაცია არ იდგა.

მერე ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა ტორტით, ჯერ ანას აძალებდა, მერე ანას დაქალს, ორივემ რო უარი უთხრა, შემომიტრიალდა – შენ შეჭამე, თორე ამათ ვაჭმევო… და მე, რა თქმა უნდა, როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, პირი გავაღე და არც თუ ისე გემრიელი ტორტის ნაჭერი ჩამტენა.

5.

მეორე დღეს შრუტემ მომწერა, რას შვებიო, მეთქი რავის. ჰოდა, შევხვდით და წავედით რიფერში, 2-2 კათხა ლუდი დავლიეთ, თუ შეიძლება, რო პლასტმასის ჭიქაზე კათხა ვთქვა, და თან ანასაც გამოველაპარაკეთ, რო არ მოეწყინა, თორე დიდი არაფერი ხდებოდა, 3 კაცი შემოვიდა მოსაფსმელად და კოჩაროვმა შემოიარა ცოტა ხნით. თუმცა შეიძლება ანას სულაც არ ჭირდებოდა ეს გართობა და ამ სიწყნარეში მეცადინეობა ერჩივნა, მაგრამ მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე და ნუ, თან ბოლო-ბოლო უკვე ცოტა ხალხიც იწყებდა მოსვლას.

მოკლედ, ცოტა ხანში მე და შრუტე Wall-ში ჩავედით, სადაც რეზის დაბადების დღე უნდა ყოფილიყო, მარა ამის მაგივრად ისეთი სიცივე დაგხვდა, რო ეგრევე ყველანი მანქანებში გავნაწილდით, დიდი დინამიკებიც თან წავიღეთ და წავედით HOLMES&WATSON-ში, მერე მე რაღაც მომენტში დავთვერი, ჩავხტი ტაქსიში, ანას რიფერში გავუარე და ამოვბრუნდით უკან და მიუხედავად იმისა, რო ეს ყველაფერი ძალიან ოპერატიულად, სულ რაღაც 10 წუთში გავაკეთე, აღმოჩნდა, რო ამასობაში მეზობლებმა იჩივლეს, ხმაურიაო, პატრული მოვიდა და ყველანი ისევ Wall-ში ბრუნდებოდნენ. აი ასე ებრძოდა რეზის დაბდღეს ხან კლიმატი და ხან კანონი.

როგორც ჩანს, ალკოჰოლმა იმოქმედა და Wall-ში ხალხს თითქოს ისე აღარ ციოდა, თუმცა მე და ანა მაინც სკამზე დავდექით და გამათბობელთან ყველაზე ახლოს მოვხვდით – ანა, ხელში ჩაის ჭიქით და მე ვისკის, ზუსტად ამ მომენტში ელენემ ჩვენი პირველი ფოტოც გადაგვიღო. დიანამ ჩუმად მითხრა – შოკში ვარო. ამ დროს ბენჯერამ Night Pizza გამოიძახა ისე, ვერც მიხვდა, რო ანდროს ელაპარაკებოდა, თითო ნაჭერი ჩვენც გვერგო და მერე ანამ, მე წავედი ეხლა, სანამ დავიძინებ ცოტა უნდა ვიმეცადინოო, და წავიდა. ჩვენც მალე დავიშალეთ, უბრალოდ, სტელაში შევიარეთ და ცოტა კიდე ვჭამეთ.

6.

მაგიდასთან ვიჯექი და ნიუს ფიდს ვსქროლავდი, ტახტზე ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იჯდა და ტვ-ში რაღაც ფილმს უყურებდა.

– იცი დამესიზმრა, თანაც ორჯერ? – ვუთხარი და ნაუშნიკები მოვიხსენი.

– მერე?

– რავი, მერე არაფერი…

– რა არაფერი, მოყევი რა ხდებოდა სიზმრებში?

– ნუ, არაფერი არ ხდებოდა, ერთხელ დედამისთან ერთად დამესიზმრა და მეორედ სავარძელში იჯდა, მე ვუყურებდი და ბოლოს თვითონაც შემომხედა…

– როგორ შემოგხედა?

– უემოციოდ.

– ჰმმ…..

– მერე გამეღვიძა და მივხვდი, რო ბლოგის წერას უნდა მოვრჩე, თუ ძაან მომინდება სხვა ბლოგს დავწერ, სხვა სათაურით.

მეგობარმა თავი დამიქნია და ფილმს მიუბრუნდა. მე კიდე საათს დავხედე – 00:00. ცარიელი დღეების ვორდის ფაილი გავხსენი და უკანასკნელი აბზაცი მივაწერე:

2 აპრილი დადგა – გილოცავ დაბადების დღეს!.. ყოველგვარი პათეტიკის და დრამის გარეშე, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე თავს ბედნიერად ვგრძნობ და შენც სიყვარულს გისურვებ!

მხრებზე ჩამოსრიალებული ნაუშნიკებიდან Heartless Bastard-ის ვოკალისტის ხმა გამოდიოდა – Only for Youuuu….. და ეს იყო ცარიელ დღეებში პირველი სიმღერა, რომელიც მას არ ეძღვნებოდა.

მოკლედ, როგორც ერთმა საყვარელმა ბიჭმა თქვა – რაც მოხტა, მოხტა!

 

 

 

ცარიელი დღეები (XXXVI ნაწილი)

I just can’t leave it alone

– The Last Shadow Puppets

1.

ლიტ-კაფეში მივედი. ნათლიაჩემს გადაღებისთვის გოგოები რო ავარჩევინე, ერთ-ერთს უნდა შევხვედროდით. ყველაზე პუნქტუალური მე აღმოვჩნდი. ცოტა ხანში ის გოგოც მოვიდა და ბოლოს ნათლიაჩემიც. დავსხედით, ჩაი შევუკვეთეთ, გადაღებაც დაიწყო, მე რაღაც სისულელეებს ვხუმრობდი, ქასთინგზე მოსულს ვაცინებდი და არც კი ვიცი, ამითი ვეხმარებოდი, თუ პირიქით, შეიძლება ხელს ვუშლიდი მუშაობაში. იქიდან არტ-კაფეში გავიარეთ, ჩვენი „მსახიობი“ იქ დავტოვეთ, მე ჟაკეტი ავიღე, რომელიც წინა კვირას დამრჩა და მე და ნათლიაჩემი „ლინვილში“ ჩავედით, სადაც მეორე გოგო გველოდებოდა, რომელსაც მართლა ქონდა მსახიობის გამოცდილება. მე ისევ არ დავჯერდი უბრალო დამკავშირებლის როლს და რაღაცეებს ვმაიმუნობდი, სიტუაცია უფრო არაოფიციალური რო ყოფილიყო გადაღებისთვის, თუმცა საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, ეს ვინმეს ჭირდებოდა თუ არა.

მოკლედ, გადაღებას რო მოვრჩით, HOLMES&WATSON-ში შევიარე და იქიდან ყველანი ერთად წავედით მტკვარზე, სადაც მზესუმზირას ფართი იყო. პატარა ოთახში რატი უკრავდა, ხელს არ შეგიშლი-თქო, ვუთხარი, როგორც მიყვარს ხოლმე შევძვერი და მის გვერდით ვცეკვავდი, რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის, რო უჩემოდ იქ არავის არაფერი დააკლდებოდა, მაგრამ მგონია, რო სულ ცოტათი მაინც ვხოდავ ხოლმე სიტუაციას, ამის დასტურად, 1 საათის მერე როცა გამოვძვერი, ეკა ყიფიანმა მითხრა – ოდესმე DJ-ის გვერდით მოცეკვავე ბიჭს თუ დავხატავ, აუცილებლად შენ იქნებიო.

მერე ერთი ნაცნობი შემეფეთა, ეხლა აქ დამელოდე, ბოთლს მოვიტან და მოვწიოთო, შეტრიალდა თუ არა, ეგრევე გავქრი. მოსაწევი არ მევასება! მერე კიდევ ერთმა ნაცნობმა რაღაც აბსოლუტურად საეჭვო სახელწოდების ნახევარი აბი ჩამიდო ხელში და მითხრა, მაგრა ადუნებსო. სულ არ მინდოდა მოდუნება, მოსახოდი და საერთოდაც ხარისხიანი დრაგები მიყვარს, ამიტომ ეგ აბი სხვას მივეცი და დიდ ოთახში გავედი. სადაც ერთი გოგო შემხვდა, მკერდი გავიდიდე და უნდა გაჩვენოო, მაისური გაიწია და მაჩვენა, მეთქი ვა.. კაია-თქო! – ერთ ნახევარ საათში ისევ მოვიდა – იცი მკერდი გავიდიდე უნდა გაჩვენოო, – კაი გოგო იყო, მკერდიც კარგი ქონდა, მარა ვუთხარი, უკვე მაჩვენე-თქო, ეტყობა ძაან წესიერი ვარ, თორე ხო ნახავდა სხვა იმ მკერდს მეორეჯერაც. მოკლედ, ასე გავერთე და 8-ის ნახევარზე წამოვედი სახლში. რო დავწექი, წვიმის ხმა გავიგე და რაღაცნაირად მყუდროდ ჩამეძინა.

2.

დილით, ძილში ხმა ჩამესმა, მამაჩემი ლაპარაკობდა ტელეფონზე:

– ჰო, კაია ძაან ეს პორნოგრაფიის პროექტი, კი, კი ხო იცი ახალგაზრდებს აინტერესებთ ეხლა ეს პორნოგრაფიის ამბები…

მეთქი ვახ… რა ხდება?! გამოვფხიზლდი და შევეცადე გამეგო რა ბაზარი იყო.

– ხო, ხო მოკლედ წარმატებები, აბა შენ იცი მიაწექი მაგ ფოტოგრაფიის პროექტს.

უჰ, მეთქი აი თურმე რა ხდება.. ამოვისუნთქე, თავში პახმელიის ფიქრები დავალაგე და ავდექი.

კაი ხანი ვერაფერი ვჭამე, მე და ჩემი ძმა ვისკით ვიწყებდით შაბათ დღეს, რო დაღამდა და Wall-ში წასვლის დრო მოახლოვდა, ვიფიქრე ვისადილებ-თქო და წიწიბურას მივაყოლე წიწიბურას კატლეტი და ყველაფერი რო შევჭამე, მერე გავიაზრე რაც გავაკეთე.

Wall-ში რო მივედი, ჯერ ვიღაც კაცი ინგლისურად გამომელაპარაკა, ლოს-ანჯელესიდან ვარო და უცებ მის გვერდით მდგომი ბიჭი, რომელიც მანამდე მეგონა რო ამასთან ერთად იყო, მეუბნება:

– აუ, ძმაო გატყუებს ეგ, მე წეღან მითხრა კალიფორნიიდან ვარო!

რა უნდა მეთქვა, ერთი გავხედე და უჰუ-თქო თავი დავუქნიე. მერე ლოს-ანჯელესელი კაცი წავიდა და ამან არ მომასვენა, მე ტელევიზორშიც გნახე და მინდოდა მეკითხა, რაღაც მაწუხებდა და შენ მაინც, როგორც ნაცნობი ექიმი მირჩევდი რამესო, – მეთქი მდაააა…

– ეხლა ხო უკეთ ხარ-თქო? – ვკითხე. – კიო, – ჰოდა, ვსო!.. დღეს შაბათია, გავერთოთ მეთქი. მარა იმდღეს გართობა მაინც არ გამოვიდა, ორმა უცხო და ნეგატიურმა ტიპმა ჯერ ნაცნობ გოგოებს შეუჭამეს ტვინი და მერე ჩვენ რო ჩავერიეთ, გადმოერთნენ და 1 საათი ატყდა რაღაც უაზრო საუბრები. მე არ ვერეოდი, იმიტომ, რო ჩემი ძმა და მეგობრები ერთობიან და კრეატიულად პინგ-პონგს ეთამაშებიან ხოლმე ეგეთებს, მე კიდე ნერვები არ მყოფნის, მინდა მივიდე და ვუთხრა – ე, ბიჭო, მოგიტყნავ ეხლა დედის ტრაკს, შაბათია, კარგ ხასიათზე ვართ და შენ ტვინს რატო გვიბურღავ! – და მერე მე გამოვალ ფსიხი და პათოლოგი. ჰოდა, ამიტომაც ვიყავი ჩუმად. ნუ ბოლოს, როგორც იქნა, მოვიშორეთ ესენი და წავედით საჭმელად „სტელაში“. ცოტა ხანში შევამჩნიეთ, რო გვერდით მაგიდასთან გოგო იჯდა მარტო და ძაან უცნაური იყო, ღამე 5 საათზე მარტო რატო იყო რესტორანში. ამიტომ მეგობარს ვთხოვე, მიდი გადაჯექი და გაარკვიე-თქო, გადაჯდა და მალე დაბრუნდა, iPhone დავტოვე მაგიდაზე და ეხლა შენ მიდი წამოსაღებადო, წავედი, აღმოჩნდა, რო გალერიში არ შეუშვეს ბიჭი, რომელთანაც ერთადაც იყო და მერე ის ბიჭი სახლში წავიდა, ამას შიოდა და მოვიდა აქ, ნუ, ცოტა მაინც უცნაური იყო, მაგრამ დავიკიდე. რაღაც მომენტში ლაპარაკის დროს ვუთხარი, ამსტერდამში ვსწავლობდი მეთქი, რაზეც მიპასუხა – ჰო, კაია გერმანიაო, – მეგობრის iPhone-ს ხელი დავავლე და ეგრევე ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდი.

3.

მთელი დღე სახლში ვიყავი. ფბ-ზე დავძრებოდი. ჯერ ვიღაც ინგლისელი მოდელი მიამსგავსეს შოთა რუსთაველს და ამაზე გადაირია ერი, მაგრამ მერე ბიძინამ ხე ამოიღო, გემზე შემოდო და ამ ისტორიამ ყველა სხვა გადაფარა.

მერე აღმოვაჩინე, რო იმ გოგოს, ლიტ-კაფეში რომელიც იყო გადაღებაზე, ბლოგის წერა დაუწყია და მეც მომიხსენია, როგორც – ბლოგის სუპერსტარი. აი, ლინკი და ნახეთ, ყოველთვის ვავრცელებ ბლოგებს, სადაც მე ან „ცარიელი დღეებია“ ნახსენები, იქნებ იმითაც დაინტერესდეთ და ისიამოვნოთ:

https://maryaustinblog.wordpress.com/

4.

მეორე დღეს ქუჩაში გავედი, თბილოდა და გავისეირნე.

ვიღაც ტიპმა, რომელიც პლასტმასის უცხოპლანეტელს გავდა, ხელში ბუკლეტი შემომაჩეჩა, დავხედე და ეწერა – დასრულდება ოდესმე ტანჯვა? – ამ დროს ქუჩის იქითა მხრიდან ხმა გავიგე – What the hell am I doing here? I don’t belong here… – გავიხედე, ვიღაც ბიჭს გიტარა დინამიკებში ქონდა შეერთებული და მღეროდა. გამეღიმასავით – ეს წარწერა/მე/და ეს ნაწყვეტი Creep-დან – ნებისმიერ ინდი ფილმს დაამშვენებდა, ისეთი კადრი იყო.

მაგრამ მერე ბუკლეტი ურნაში ჩავაგდე, აღარც სიმღერა ისმოდა, მარშუტკა გავაჩერე და სახლში დავბრუნდი. მორჩა კინო.

5.

ანტრეში ვიჯექი – ყავა და დიდი ხნის უნახავი მეგობარი იყვნენ ჩემს წინ, გვერდით კი ტრადიციულად ყველგან გაშლილი ჩემი ლეპტოპი – ნოთიფიქეიშენი მომივიდა.

– უი, მერაბ ნინიძემ დამილაიქა „ცარიელი დღეეები“.

– მერაბს ფეისბუქი აქვს?

– კი, ოღონდ თავისი სახელი და გვარით არა.

– აუ, იცი რა გამახსენდა, ბავშვობაში ბიძაშენთან რო მოდიოდა სტუმრად და შენ ავტოგრაფებს ართმევდი და მერე გოგოებს ურიგებდი ხოლმე.

– ჰაჰჰაჰ, ხო… – ვუთხარი მე და ასეთ ლაპარაკში მოსაღამოვდა. დავიშალეთ.

სახლში რო მივედი, The Last Shadow Puppets-ის ახალი ვიდეო ვნახე და ისევ, როგორც წინა კვირას Suede-ს ვიდეოზე, ეხლაც სურვილი გამიჩნდა მე ვყოფილიყავი იქ, მე მემღერა სილაში ნიჩბით ხელში. მერე ამის გამო იმაზე დავფიქრდი, რო ეტყობა ბოლო დროს ემოციები, რომელიც დამიგროვდა, ბლოგში აღარ მეტევა-თქო და, როგორც მჩვევია, ვცადე თავი დამეწყნარებინა და საკუთარ კანში ჩავტეულიყავი.

6.

Wall-ში ბევრი ხალხი იყო, ბართან ვიდექი, უცებ მოვიხედე და ჩემს გვერდით ჯადოქარი იდგა.

– სულ მინდა რაღაც მოგიყვე და მავიწყდება, – ვუთხარი ისე, რო მიხვდა, მისი უცაბედი გაჩენა-გაქრობები აღარ მაკვირვებდა.

შემომხედა და თავი ამიქნია – გისმენო.

– რო გავიცანი, იმ ზაფხულს ერთ-ერთ ღამეს მასთან სოფელში აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით.

– გინდა რამე ვითამაშოთ? – ვკითხე მე.

– კი!

– მოდი, მე დავწერ სიტყვას და შენ უნდა გამოიცნო, მარტო პირველ და ბოლოს ასოებს გაჩვენებ და ეს პირველი და ბოლო ასოები სადმე შუაშიც თუ მეორდება, იქაც ჩავწერ, ჰოდა, მერე შენ ასოები უნდა მითხრა, ოღონდ ათჯერ თუ შეგეშლება წააგებ.

– მიდი დაწერე…

დავწერე და ფურცელი მივაწოდე, რომელზეც ეწერა: კ – – – ი – – – კ – – ი

დაახლოებით 2 წუთი უყურებდა ფურცელს.

– რას უყურებ, ასოები უნდა მითხრა და ნელ-ნელა გამოიცნობ, ან თუ შეგეშლება წააგებ, – ვცადე დამეჩქარებინა.

უცებ ფურცელი გაბრწყინებული სახით დამიბრუნა და თქვა:

– კალეიდოსკოპი!

გამოვშტერდი! ვერ გავიგე, ესე პირდაპირ რანაირად გამოიცნო!

– რაა? როგორ მიხვდი? – თან მეცინებოდა, თან მართლა ძაან გამიკვირდა.

თვითონაც კვდებოდა სიცილით, გაუხარდა, მარა თავის თავში დარწმუნებულიც ჩანდა.

– ვაახ, მოიცა კიდევ დავწერ რამეს, – ვუთხარი და ფურცელი ისევ დავუბრუნე, რომელზეც ამჯერად ეს ეწერა: ა – – – – ა – – – ა

ისევ უყურა ფურცელს უყურა, მე ცოტა სასიამოვნოდ დავიძაბე, მეთქი ეხლა კიდე თუ გამოიცნო გადავირევი-თქო.

– მიდი რა თქვი ასოები, ესე არ შეიძლება, – ერთხელაც ვცადე ჩვეულებრივად გვეთამაშა.

ამ დროს ფურცელი მომაწოდა, უკვე ძაან ეცინებოდა და მითხრა:

– აკრობატიკა!

ცოტა შემეშინდა, ვერაფერს ვხვდებოდი, შეუძლებელი იყო, სიცილის მეტი არაფერი შემეძლო, გიჟივით მარტო იმას ვიმეორებდი, როგორ აკეთებ ამას-თქო? თვითონ ოთახში შევარდა და იქ იცინოდა.

მეტი თამაში ვეღარ გავბედე. მაშინ ჩავთვალე, რო საოცრება იყო.

– კი, საოცრება იყო! – გაიმეორა ჯადოქარმა და თვალი თვალში გამიყარა. დიდ ხანს ვერ გავუძელი და თვალი მოვარიდე.

იმ ღამეს მე და ჯადოქარს მეტი აღარ გვილაპარაკია. უბრალოდ ორივენი მაგრად დავთვერით.