ცარიელი დღეები (XVIII ნაწილი)

Featured image

You, you give me something, Something that nobody else can give

– Jamiroquai

1.

მთელი ღამე არ მეძინა და დილის 9 საათზე ჩაძინებისას მომეჩვენა თითქოს სახლი ოდნავ შექანავდა. ვიფიქრე მიწისძვრა იყო-თქო, დავგუგლე და ასეთი ინფო ამომიგდო – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა. – ვერ ვიტან მიწისძვრას, ალბათ არავის უყვარს, მაგრამ მე მათ რიცხვში ვარ, ვინც ეგრევე გარეთ გადის და მერე კაი ხანი აღარ სიამოვნებს სახლში დაბრუნება. ამჯერად რაღაც მარტივად გადავიტანე, დავწექი და დავიძინე.

საღამოს Wall-ში მივედით, ჩემმა ბიძაშვილმა მაისური მაჩუქა, დაბადების დღისთვის უნდოდა, ინტერნეტით გამოუწერია, მაგრამ თურმე რაღაც შეფერხება იყო და გვიან ჩამოვიდა. საკაიფო მაისურია, ასე აწერია: Double Negatives are a NO NO. ერთმა ნაცნობმა მითხრა, რა მაგარია, მეც მინდა ეგეთიო, როგორც ჩანს, ვერ გაიგო რაში იყო მუღამი.

Wall-ში ბევრი კაბიანი კაცი დაგხვდა. არც მასკარადი იყო და არც მამაოები იყვნენ. ლამაზ კილტებში გამოწყობილი, თავიანთი საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოსული შოტლანდიელი ფანები აღმოჩდნენ. კარგ ხასიათზე ჩანდნენ და ილეშებოდნენ. მეორე დღეს სტადიონზე არ წავედი, ჩვენი ნაკრების ნერვები არ მქონდა, მაგრამ ტელევიზორთან თამაშს მაინც ჩავუჯექი, ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 გაიმარჯვეს, რითიც მე სასიამოვნოდ გამაკვირვეს, სკოტებს კი ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გაუფუჭეს.

2.

სამხატვრო აკადემიის მოპირდაპირე მხარეს ბაღში, სადაც ადრე, „ვეფხისტყაოსნის“ დამსურათებელი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ძეგლი იდგა, ეხლა „პომიდორისიმო“ გაუხსნიათ. იქ ვისხედით, მე იქვე დამზადებულ ლიმონათს ვწრუპავდი და თან ვფიქრობდი, ასეთ ლიმონათს ალბათ ტრუმენ კაპოტეს პერსონაჟები სვამენ-თქო. მოკლედ ყველაფერი კარგად იყო, სანამ ხურდის მოტანა არ დააგვიანეს საშინლად, იმდენი ხანი აღარ მობრუნდა ოფიციანტი, უკვე გვეცინებოდა, „ევროტური“ გაგვახსენდა, სასტუმროში ოფიციანტი რო ამბობს – 5 ცენტად ჩემს სასტუმროს გავხსნიო – ხოდა ბოლოს როცა ვიფიქრე, ეტყობა გოგონამ 50 ლარი ჩაიჯიბა და სამსახურიდან წავიდა საკუთარი ბიზნესის ასაწყობად-თქო, როგორც იქნა გამოჩნდა კიდევაც.

საღამოს, სახლში ფილმებს ჩავუჯექით, ჯერ გიორგი დანელიას „Осенний марафон“ ვნახეთ, რომელიც ძალიან მიყვარს, უამრავჯერ მაქვს ნანახი და ვთვლი, რო გენიალური ფილმია. მერე კი რომან პოლანსკის ბოლო ფილმს „ვენერა ბეწვეულში“ ვუყურეთ, ამის წინ რაც გადაიღო, „ჟლეტა“, ძალიან მომეწონა, იქ სულ 4 მსახიობი თამაშობს, ეხლა კი რაოდენობა უფრო შეუმცირებია და ამ ფილმში მარტო 2 მსახიობია. ცოტა მოსაწყენი საყურებელი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რო დამთავრდა, როგორც მიყვარს ხოლმე, ნეტში შევძვერი და ფილმის შესახებ ამბები მოვიძიე.

ქალი მსახიობი პოლანსკის მეუღლე ყოფილა, ხოლო კაცის ბიოგრაფიას რო მივყევი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, თურმე მას პირველი როლი ოთარ იოსელიანის „მთვარის ფავორიტებში“ უთამაშია.

3.

ისევ Wall-ში მივედით, მაგიდასთან დაახლოებით ათნი ვისხედით და „უსერიოზულეს“ გეგმას ვამუშავებდით, გადავწყვიტეთ წიგნი გამოგვეცა, რომლის სათაური იქნებოდა – „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“ – ყველაფერი დეტალურად უნდა მოგვეფიქრებინა, ჯერ ვურეკავდით ლევან უჩანეიშვილს და ჯონის ნომერს ვთხოვდით, რაზეც უჩანეიშვილი გვპასუხობდა – სად მაქვს მე დეპის ნომერი, ამდენი ხანია მაგის გაგებას ვცდილობ, აბა თქვენ რა გგონიათ, მე აქ რატო ვარო?! – და მერე ჰარისონ ფორდის ნომერს გვატენიდა, რომელსაც ჩვენ არ ვიწერდით. ამასობაში მე წიგნის წერას ვიწყებდი, ერთ-ერთი ჩვენგანი კი, სავარაუდოდ გოგო, ჰოლივუდში მიემგზავრებოდა საცხოვრებლად, იქ ირკვეოდა რო ეს გოგონა ბავშვობაში ინდიანა ჯონსის თაყვანისმცემელი იყო და ამიტომ უჩანეიშვილთან საუბრისას ჰარისონ ფორდის ნომერი ზეპირად დაუმახსოვრებია, ხოდა ის ჯერ ჰარისონს და მერე რაღაც გაურკვეველ ვითარებაში მისი დახმარებით ტიმ ბარტონს უახლოვდებოდა და ნუ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტიმ ბარტონიდან ჯონი დეპამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. მე კი წიგნს უკვე ვამთავრებდი, რომელსაც, როგორც მახსოვს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ვთარგმნიდით-ვბეჭდავდით და შტატებში ჩვენს მეგობარს ვუგზავნიდით. ის ამ დროს უკვე ჰოლივუდის არცერთ აღვირახსნილ ფართის აღარ მაზავდა და ერთ-ერთ ასეთ თავაწყვეტილ წვეულებაზე ჯონის გადაეყრებოდა, უცერემონიოდ მიუახლოვდებოდა, წიგნს ცხვირწინ დაუდებდა და გაქრებოდა. წიგნში მთელი ეს ამბავი კიდევ უფრო დეტალურად იყო მოთხრობილი, ბოლოს კი ზუსტად ამ სცენით მთავრდებოდა, თუ როგორ გადასცემდა ჩვენი გოგო ჯონი დეპს წიგნს და იქვე ტელეფონის ნომერი იყო მიწერილი. მოკლედ ჯონი ამ ნომერზე გადმორეკავდა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. წიგნი კი საოცრად მოთხოვნადი ხდებოდა, მაღალი ტირაჟი, სხვადასხვა ენებზე თარგმანები და რეკორდული გაყიდვები…

ბოლოს ვიღაცას გაახსენდა, რო ჯონი დეპი ჰოლივუდში კი არა, პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მთვრალები და კმაყოფილები ვიყავით.

გვიან „მაჭახელაში“ და გალერიში შევიარეთ, თუმცა არც ერთი დაგხვდა გემრიელი და არც მეორე საცეკვაო.

4.

კვირა დღე იყო. საღამოს 6 საათზე გამეღვიძა. გარეთ გავედი და მიწისქვეშა გადასასვლელში უცებ ვიღაც მომესალმა – პრივეტო – და თითქოს ზრდილობის გამო ტუჩის ქვედა კუთხით გაიღიმა კიდევაც, ან სულაც არა. მე კი იმის გამო რო შორს კარგად ვერ ვხედავ, იმის გამო რო მიწისქვეშ ცუდი განათება იყო და ალბათ იმის გამოც რო ახალგაღვიძებული ვიყავი – პრივეტ – ვუპასუხე ავტომატურად და გაშეშებული თავით ჩავუარე. ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, რომელთანაც ერთად 4 წელიწადი ვიყავი, მართალია ის ამბობს 3 წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამას არც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თანაც მგონია წლების ზუსტად დათვლა არც თუ ისე რთული ამბავია. მოკლედ, თავიდან რაღაცნაირი უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, 2 წელიწადზე მეტია რაც დავშორდით და კაი ხანი იყო არ მენახა, ჰოდა თითქოს ისე გამოვიდა წესიერად არ მივესალმე, მაგრამ მერე დავწყნარდი, გამახსენდა, როგორ არ უყვარდა მსგავსი უხერხული სიტუაციები და ვიფიქრე, რო გავჩერებულიყავი და მეკითხა, როგორ ხარ-თქო? სრულიად ზედმეტი იქნებოდა.

ბოლო 2 კვირა იქნება, რაც მარჯვენა მხარე, უფრო მარჯვენა ფეხი მაქვს დამძიმებული. კი არ მტკივა, რაღაცნაირად თითქოს შიგნიდან მაქვს დაჭიმული. როგორც ჩანს ნერვული დაჭიმვაა. ხოდა დავფიქრდი, რის გამო შეიძლეობდა ყოფილიყო. ბევრი ფიქრიც არ დამჭირდა. ფინანსურად ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს, უფულოდ ვარ და ვალებიც დამიგროვდა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რატომ იყო ეს ასე. მიყვარს ფიქრი და სადღაც ღრმად ჩავძვერი. არავისთვის არაფრის გადაბარლება არ მჩვევია, მშვენივრად ვიცი ჩემი მინუსები და ჩემი მთავარი მინუსიც ეგ არის, რო ჩემი მინუსების გამოსწორებას არ ვცდილობ. გამახსენდა ბავშვობაში, სახლში მეუბნებოდნენ, წიგნები იკითხეო და წავიკითხე: გრიმები, ლინდგრენი, სვიფტი, ტვენი, კეროლი, კიპლინგი, ლონდონი, ეგზიუპერი, დიკენსი, ვერნი, სერვანტესი, უაილდი, დიუმა, სიმენონი, კონან დოილი და ა.შ. მერე ცოტა გავიზარდე, სკოლა დავამთავრე,  მითხრეს რო ცოტას ვკითხულობდი, კიდე იკითხეო და კიდე წავიკითხე: ფოლკნერი, მარკესი, ლიოსა, ბორხესი, კორტასარი, აკუტაგავა, ჰამსუნი, ვონეგუტი, ჯოისი, დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ჭილაძე, ჰესე, კაფკა, სარტრი და ა.შ. მერე მარტო გადავედი საცხოვრებლად, სახლიდან ისევ მომაძახეს, ნუ ზარმაცობ, ბევრი იკითხეო. მაგრამ გამოვიდა რო ამ წაკითხულიდან საერთოდ ვერაფერი ვერ მისწავლია, სწორი დასკვნები ვერ გამომიტანია, იმიტომ რომ ორმოცს მიტანებულს აგერ უკვე მეორე კვირაა ფეხი მეჭიმებოდა ნერვიულობისგან, იმის გამო რომ უფულოდ ვიყავი.

ან ამ ყველაფერს ხო არ ჯობდა რამე წამეკითხა, მაგალითად ასეთი სათაურით, „როგორ გავაკეთოთ მილიონი?“, ან თუნდაც „როგორ მქონდეს სექსი ჯონი დეპთან?“.

5.

მუხრანში ვიყავი. ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოვებაზე. ნომინაცია წლის საუკეთესო ბლოგისთვის ჯერ არ არსებობდა, ამიტომ მამაჩემს გავყევი, რომლის „სიცილია გვალვაში“, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

საღამო მსახიობ ნინო კასრაძეს მიყავდა, რომელმაც თავიდან გვამცნო, თუ სად ვიმყოფებოდით, ბატონ დავით მუხრანბატონის სასახლიდან მოგესალმებითო და მერე კიდე მეორედ თქვა, ჩვენ ვიმყოფებით დავით ბაგრატიონ მუხრანის სასახლეშიო და დიდი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც თავისი სიტყვის წარმოთქმისას გვითხრა, რომ ის კაცი დავითი კი არა, ივანე იყო, ივანე მუხრანბატონი.

მერე ნომინაციების გაცემაც დაიწყეს, საუკეთესო პროზაულ კრებულში გამარჯვებულმა, სამადლობელი სიტყვისას რაღაც მართლა კარგად იხუმრა და უცებ ზურგსუკნიდან კომენტარი მომესმა – ჯიგარია რა… აი, ნამდვილი თბილისელია – ბრრრრ, მაჟრიალებს ხოლმე ამ „ჯიგრობაზე“ და „ნაღდი თბილისელობის“ ფენომენზე, ბოლოსკენ, როდესაც „საბა“ საუკეთესო რომანისთვის ახალგაზრდა მწერალს გადასცეს, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს გამარჯვებული იყო იმ „ჯიგრობის” და “ნამდვილი თბილისელობის“ მოტრფიალე.

ამის გარდა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო საპატიო სტუმრების რიგში მალხაზ გულაშვილი იჯდა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ციხეში უფრო უნდა იჯდეს, თანაც სამშობლოს ღალატის მუხლით.

თუმცა კარგი რაღაცეებიც იყო, კარგი იყო ის, რაც ალბათ ამ სასახლეში ყოველთვის  კარგი იყო – უგემრიელესი ღვინო, პირისჩასატკბარუნებელი ჩურჩხელა და მშვენიერი სუფთა ჰაერი… და ჰო! კიდევ მისი 2 მეგობარი გავიცანი, ლუკა და ბექა. როგორც თვითონ იტყოდა: ლა, ლა, ლა…

6.

სალომემ კი თავისი ნივთები დიდ შინდისფერ ჩემოდანში ჩაალაგა და გერმანიაში გაფრინდა. მერე იქიდან მომწერა:

ამათთვის “ზალომე” ვარ )))) სიგარეტს აღარ ვეწევი. აქ სასიამოვნო ჰაერია, სულ სხვა სუნია, სისუფთავის, სიმწვანის და ძალიან ლამაზი გარემოა, ორსართულიანი სახლები სხვენით, მოვლილი ბაღები და წვიმა, რომელიც რატომღაც არ გასველებს. არავინ ყვირის, ხმამაღლა არ ლაპარაკობს და მანქანები არ ასიგნალებენ. ხოდა, რაც არ უნდა ვიღლებოდე ფიზიკურად, მაინც მშვიდად ვარ, რაღაცნაირად აუღელვებლად.

გამახსენდა, როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ზუსტად იგივე რაღაცეებს ვაქცევდი ყურადღებას, იმ სუნს „თავისუფლების სუნს“ ვეძახდი, რაღაცნაირი წყნარი ატმოსფერო იდგა, თითქოს ჰაერი სიმშვიდით იყო გაჟღენთილი. იმასაც ვამბობდი, აქ წვიმა კულტურულია, ჩვენთან წვიმაც კი ასე მოდის – აეე, აბა ეხლა მოვედი და დაგალპობთ სუყველას! – და აქ 2 ხმა არ არსებობს – მანქანის სიგნალის და ძაღლის ყეფის-თქო.

მოკლედ ასე, სალომე წავიდა. ჩემზე, თუ უფრო ჩემს ბლოგზე, პოსტი გამოაქვეყნა და წავიდა. მისი ნაწერი თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ, აი აქ:

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=282

[To be continued]

Advertisements

ცარიელი დღეები (X ნაწილი)

Featured image

You’re killing me again, Am I still in your head?

– Archive

1.

10 ივლისს 60 წელი გახდა, რაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ერთად არიან. ვშტერდები ამ ფაქტზე. ასეთი იდეალის შემყურეს, ცხოვრების მანძილზე 4-ჯერ მქონდა მცდელობა მსგავსი ურთიერთობა შემექმნა. არ გამოვიდა. ეხლა უკვე აღარც ვცდილობ. ან რაღას უნდა ვეცადო, 60 წლის მერე 97 წლის “ვიქნები”.

ხოდა მომინდა  განსაკუთრებულად მიმელოცა, ასეთი დღე შენს გარშემო ან ერთხელ აქვთ, ან საერთოდ არცერთხელ. უშედეგოდ ვცდილობდი ორიგინალობას – წავედი და ყვავილები ვაჩუქე.

ამის გარდა, ამ დღეს მამაჩემის დაბადების დღეც იყო, ბებიაჩემის დის და ჩემი ბიძაშვილის – ყველას მივულოცე. კიდე რაღაცები უნდა მომესწრო, მეორე დღეს მივფრინავდი. სახლიდან ჩემს ძმასთან ერთად გამოვედი და უკვე მერამდენედ მანქანა პატრულმა ჩამოგვართვა. მერე მე Anticafe-ში მივედი, ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი პოსტერი მივუტანე, გავაკარით და საჩუქრების კუთხეს მოუხდა. მერე „მელნიკოვაში“ მივედი მეგობრები მოვინახულე, ერთ-ერთმა მითხრა შენ ბლოგს Twitter-ზე ვანთავსებ ხოლმეო. მერე ძმაკაცმა დამირეკა Summer Set-ზე არ წამოხვალო? მეთქი რა დროს ეგ არის…

2.

აეროპორტში ვიჯექი. ჩემი მეგობრები ქუთაისიდან მიფრინავდნენ, მე მარტო მივფრინავდი თბილისიდან. ტელეფონი სახლში დავტოვე და უცებ დავაფიქსირე რო 2 კვირანახევარი უსაათოდ ვიქნებოდი. არადა მთელი ცხოვრება სულ დროს დავყურებდი. გული არ დამწყდა, ვიფიქრე, რო ასე ერთგვარი ექსპერიმენტი იქნებოდა. ძაან მეძინებოდა, 3 ღამე იყო წესიერად არ მძინებია, ფრენაზეც დიდად არ ვგიჟდებოდი და თან რო მოვედი, პასპორტის კონტროლზე მითხრეს, ქარია გამოცხადებულიო. ასე იყო თუ ისე, 3 წელია არსად არ გავსულვარ და რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც კარგი იქნებოდა.

თვითმფრინავის ფრთასთან მდებარე ფანჯარასთან მოვთავსდი, აღმოჩნდა რო საავარიო ფანჯარა იყო, რის გამოც განსაკუთრებული მოწიწებით ამიხსნეს, თუ რა უნდა მექნა კატასტროფის შემთხვევაში. უზარმაზარ თეთრ ღრუბლებში როცა გავეხვიეთ, ფანჯარას ფარდა ჩამოვაფარე, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე, წყალი მოვითხოვე და ვალიუმი დავლიე. ერთი კბილის ექიმთან ვიზიტის მეშინოდა და მეორე – ფრენის. ზემოთ ვიყავი, არ მიყვარდა ასე ზემოთ ყოფნა, მაგრამ მგონი პირველი შემთხვევა იყო როდესაც ქვემოთ დაბრუნების არანაირი მოტივაცია არ მქონდა. აბსოლუტურად სავსე თვითმფრინავში კი, ჩემს გვერდით სკამზე არავინ იჯდა, რაც საკმაოდ სიმბოლური იყო.

მალე საჭმელი მოიტანეს, რაც ჩემთვის, ფრენის დროს, ყველაზე კაი გასართობია. Turkish Airlines-ი კარგი კვებით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაფერი შევჭამე, ლორის გარდა რაღა თქმა უნდა. აღმოჩნდა რო ვეგეტარიანული მენიუ თუ მინდოდა ბილეთის ყიდვისას წინასწარვე უნდა შემეკვეთა. მერე ცოტა ხნით თითქოს დამეძინა და გამეღვიძა სტამბოლში როცა ვჯდებოდი, სადაც 15 წლის წინ 1 კვირით ვიყავი, ეხლა კი Gokcen-ის აეროპორტში მხოლოდ 1 საათი მქონდა იმისთვის, რო მეორე თვითმფრინავში გადავმჯდარიყავი. ჩემებიც სადღაც აქვე იყვნენ, მოლაპარაკებული გვქონდა პიცერია Sbarro-სთან უნდა შევხვედრილიყავით. Sbarro-ში 3 თვე მიმუშავია, პიცას ვაცხობდი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და თანაც ამსტერდამში.

3.

შევხვდით, გაგვიხარდა, ყველანი დაღლილები ვიყავით. მე მალე გამოვფრინდი და ნახევარ საათში ისინიც წამოვიდნენ. მეორე თვითმფრინავშიც რო ავედი, სალონი გადაჭედილი დამხვდა და ჩემს გვერდით სკამი ისევ ცარიელი. გამეცინა. ნეტა ჩემი ქვეცნობიერი ორ-ორ ბილეთს ხო არ ყიდულობდა, ისე რო მე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა.

აქ ისედაც უხორცო მენიუ მოიტანეს, თავი ჭამით გავირთე და მერე როგორც იქნა კარგადაც ჩამეძინა. მოკლედ ჩამოვედი და პასპორტის კონტროლზე მაგრად მაყურყუტეს, სად უნდა მეცხოვრა მისამართი არ ვიცოდი, ვეუბნები მეგობრებს უნდა შევხდე, იმათმა იციან ეხლა მალე ჩამოვლენთქო, კაი დაველოდოთო, დაველოდეთ და აღმოჩნდა რო ისინი სხვა ტერმინალიდან გავიდნენ. მოკლედ ავცდით და სანამ პოლიციელის კომპიუტერიდან ჩემებს მანონის საშუალებით არ მივწერე, მისამართი მომწერეთქო, არ გამომიშვეს. პოლიციისგან განსხვავებით ქალაქი კარგად დამხვდა. ძალიან ბევრი მოტოციკლეტი იყო, ბევრი უცნაური ჯიშის ძაღლი. ავტობუსი შუქნიშანზე რო ჩერდებოდა მანქანებში ვიყურებოდი და ხალხი მღეროდა, ლამის ცეკვავდნენ. ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა ვაღიარებ – ეიფორიული და აჟიტირებული.

ჩემებს შევხვდი. სახლში მოვედი. ძაან გადაღლილი ვიყავი.

4.

მეორე დღეს გავიღვიძეთ და Day Party-ზე წავედით. ისე ცხელოდა, რო არ ვიცი, თბილისში სიცხეზე კორტასარის მატე და ბუზები რა ნამუსით გამახსენდა. მივედით და სანგრია დავლიე –  Drink sangria in the park. ძალიან ბევრი ლამაზი, ქერა, შავთმიანი, რიჟა, შავკანიანი, პირსინგიანი, დიდმკერდიანი გოგოები და ძალიან სიმპატიური, თესლთვალებიანი, დრედებიანი, მაღალი, წვერიანი, დაკუნთული, ტატუებიანი ბიჭები იყვნენ. შეზლონგში ჩავჯექი, ვუყურებდი და ძალიან მარტივად გასაგები ფაქტი იყო, რო ყველა შენი ვერ იქნება, ბევრად მაგარია როცა ერთს ირჩევ, იმის გამო რო მისი ყველა წერტილი გიყვარს… მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერ ყველას არ ესმოდა.

ცოტა რამე გამომდის ისე კარგად როგორც პინგ-პონგის თამაში. მაგიდასთან მივედი და აქეთ მხარეს დიდი ხანი ვიდექი, იქითკენ კი როგორც ხდება ხოლმე, სულ იცვლებოდნენ. მოკლედ მშვენივრად გავერთე. სახლში ისეთი დაღლილი მივედი, რაღაც იყო საჭირო, კარგი და ახალი, ხოდა სხვა რა უნდა ყოფილიყო თუ არა White Lady.

ძილის წინ Morrissey-ს Everyday Is Like Sunday ჩავრთე, ვუყურებდი და გავდა, განსაკუთრებით ჩაცმულობით…..

5.

დილით პარკში წავედით, ბალახზე წამოვწექით, მოვწიე. მერე ჩინურ რესტორანში ჩემი საყვარელი ტოფუ ვჭამე. საღამოს სახლში მოვედი და ჩამეძინა, დამესიზმრა ვითომ ქუჩაში ვიდექი ქალაქს ვათვალიერებდი, უცებ  ავტობუსმა ჩაიარა, რომელსაც დიდი პოსტერი ქონდა გადაკრული წარწერით DIAS VACIOS. რო გავიღვიძე ნეტა რას ნიშნავს-თქო ვიფიქრე, ტრანსლეიტში ჩავწერე და აღმოჩნდა: DIAS VACIOS – ცარიელი დღეები.

როცა დაღამდა ჯერ სასეირნოდ წავედით, მერე კლუბში მივედით, ძალიან ბევრი ვიცეკვე და ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი წყალი დავლიე. რო გათენდა ზღვაზე გავედით, ქვიშაზე ვიდექი და ფეხებზე ხმელთა შუა ზღვა მეხებოდა. მოკლედ კარგი იყო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ზღვიდან მზე ამოვიდა, აქამდე მხოლოდ ჩასვლა მქონდა ნანახი.

მერე დავიძინეთ და საღამოსკენ მოვედით ხოდზე, ისევ კლუბში მივდიოდით, ამ დროს თბილისიდან მეგობარმა მომწერა – ცხვირი გავიტეხე, ღია ჭრილობა მაქვს, სისხლს ვერ მიჩერებენ, თაბაშირი დამადეს, ნემს არ ვაკეთებინებ, არავის არ უშვებენ, ოპერაცია დაგჭირდებაო, ნეტა შენ იყო აქ. – რა უნდა მექნა, ვინერვიულე მარა აქედან რას გავაკეთებდი, კლუბში შესვლის წინ ქუჩიდან მივწერე – ვღელავ შენზე, იცოდე როცა დაგჭირდები ყოველთვის დაგეხმარები, უბრალოდ ეხლა ესე ცუდად დაემთხვა რო აქ ვარ. – სახლში რო მოვედი პასუხი დამხვდა – ნაკერები დამადეს, დასიებული ვარ, ვერ ვსუნთქავ, მარა მოტეხილობა არ არის, ნეტა სულ არ მეთქვა, მაპატიე რო დაგაპანიკე – ხოდა… ძალიან ლამაზი, გრძელი ცხვირი აქვს, ასე რომ ვაპატიე.

6.

ოთხდღიან მუსიკალურ ფესტივალზე წასასვლელად ვემზადებიდით – Blur, Portishead, Prodigy, Kaiser Chiefs, Noel Gallagher-ის ახალი ბენდი, Franz Ferdinand-ის ახალი პროექტი და Florence + The Machine – აი ასეთი სიამოვნება გველოდა წინ.

მოკლედ აქ ძალიან, ძალიან კარგი იყო და საშინლად მინდოდა ისიც გვერდით ყოფილიყო, ამდენი პოზიტიური ემოცია რომ ერთად გვეგრძნო. სულ იმაზე ვფიქრობდი, რამდენი რამე მოეწონებოდა. და თან როგორი ბუნებრივი, ნამდვილი, ლამაზი ემოციით იცოდა დადებითი მოვლენების მიღება, აღქმა და შეფასება.

როგორ მიყვარდა….. როგორ მიყვარდა, მისი გახარება.

[To be continued]

ცარიელი დღეები (IX ნაწილი)

Featured image

Every me and every you

– Placebo

1.

მეორე დღეა რაც სახლიდან არ გავსულვარ, არც კი განვძრეულვარ. ცხელოდა. ვეღარც ვწერდი. კორტასარის მოთხრობები მახსენდებოდა – სიცხე, მატე, ბუზები.

დავიღალე ამ ასაკზე ლაპარაკით – ვაიმე 24-ის მეგონე, მე 25-ის მეგონა, შეხედე ნუ 27, 27, 27 მაქსიმუმ 29 – კი, კარგი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც მაწუხებდა, მე თვითონ ხო ვიცოდი, რო ერთ თვეში უკვე 38-ის ვხდებოდი.

– და რას აკეთებ? ბლოგს წერ? – მკითხა ოთახის კუთხიდან.

– ხო, – თვალები დახუჭული მქონდა.

– და მერე რა? ბევრი ხალხი კითხულობს? – თითქოს აგდებულად მეკითხებოდა.

– ნუ, საკმაოდ, – ვთქვი ჩუმად.

– დედა, რა საყვარელი ბიჭია! აუ, როგორ უყვარს!  ესე ამბობენ ხო? – აშკარად დამცინავი ტონი შემოაპარა.

– არ ვიცი, – თავის დაცვა მიჭირდა, ასეთ ლაპარაკს მიჩვეული არ ვიყავი.

– იცი… და თან გიხარია! – ხმას აუწია.

როგორც იქნა გავხედე და შემეშინდა. ოთახის იქითა კუთხეშიც მე ვიდექი . გამეღვიძა. ძაან ცხელოდა.

2.

Teatret-ის ჰამაკში ვიწექი, ფეისბუქზე ახალი გასართობი იყო, მანონი მურიას სახით და ამას განიხილავდნენ მხიარულად. როგორც მივხვდი, მანონიში ყველა „მარტო ერთხელ და ცოტა ხნით“ შედიოდა, დაახლოებით ისე, როგორც ციხეში იჯდა ყველა „არაფრის გულისთვის“. მეც ერთხელ შევედი, ვიღაცამ დაწერა, ზღაპარი მომიყევითო, მოვუყევი სპონტანურად, მოეწონა და კიდე მინდაო. მეზღაპრე ხო არ ვარ-მეთქი. მაშინ სხვანაირად ვიკონტაქტოთო. კაი, რამეს მოვიფიქრებ-თქო და ნომერი დავწერე, ნახა და წავშალე ეგრევე, შუაღამე იყო და მეგონა მეტი ვერავინ მოასწრებდა დანახვას. ეგრევე ძმაკაცის sms მომივიდა, ვიცოდი რო შენ ყვებოდი ზღაპარსო. ნუ, ეს კიდე კაი ვარიანტი იყო, თორე უცხოს რო დაენახა ჩემი ნომერი, შეიძლებოდა ბოროტად გამოეყენებინა. ამასობაში ზღაპრების მოყვარულმაც დარეკა, 5 წუთი ვილაპარაკეთ და ისე რო ჯერ არც სახელი იცოდა და არც არაფერი, უცებ მეკითხება.

– შენ ის ხარ, იმ გოგოზე ბლოგს რო წერ?

კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. საოცარ ქალაქში ვცხოვრობდი. ანონიმური ადამიანის იდენტიფიცირება წუთებში იყო შესაძლებელი. მერე აღმოჩნდა რო ჩემს ძმას იცნობდა და ხმით მიმამსგავსა. არ იყო გასაკვირი, ხმებით ისე ვგავართ, უცხო კი არა, მამაჩვენი ვერ გვარჩევს. გაირკვა რო თვითონ ტყუპისცალი და ყავდა, რომელსაც გარეგნობით ნაკლებად, მარა ხმით ისიც გავდა და ამის გარდა თავიანთი კაფე ქონდათ, უფრო სწორედ Anticafe.

3.

ოთახში ვინტილატორის ტრიალმა თითქოს ყველაფერი კიდევ უფრო მონოტონური გახადა. მაინც ცხელოდა. ყურსასმენები გავიკეთე, ჯეი-ჯეი იოჰანსონს ვუსმენდი – Now when she’s gone, I find myself lost, Staring at the wall. Since she’s been gone, there’s nobody here, To catch me when I fall – თან ვუსმენდი, თან ვწერდი. თითქოს ვუკრავდი.

ვიხსენებდი, როდის და რისი შემეშინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ძნელი გასახსენებელი არ იყო, იმის წინა ღამეს მოხდა, როცა იმერეთის ტრასაზე 6 საათი ვიჯექი და გაჩერებასთან დავხვდი. მანამდე 2 დღით ადრე ჯერ თბილისში მინდოდა მენახა და ვერ ვნახე, მეორე დღეს ვიცოდი რო სოფელში აპირებდა წასვლას, ჩავედი, უკვე ბნელოდა, ტყეში, ტალახში ფეხით ვიარე, პირველად მივაგენი სახლს ჩემით, ისე რო გზაში არავინ არ შემომეგება, არც თვითონ სიყვარულით და არც მეზობლის ძაღლი კუდის ქიცინით. და უკვე ეზოსთან რო ვიდექი, გავიგე რო თურმე შემდეგ დღეს ჩამოდიოდა, მომერიდა ბებიამისთან შესვლა და უკან გამოვბრუნდი, გამოვიარე ტყე, ჩამოვედი ტრასაზე და ზესტაფონში წავედი ღამის გასათევად. რაღაც შედარებით ნორმალური სასტუმრო ვიპოვე, ოთახში ჩავიკეტე, ლოგინში ჩავწექი, უძინარი ვიყავი, მციოდა, გვერდითა ნომრიდან მთელი ღამე სექსის ხმა ისმოდა, ეტყობა რაც არ უნდა ნორმალური სასტუმრო ჩანდეს, ეს მაინც აუცილებელი აქსესუარია. ზედიზედ მეორე ღამეს ვათენებდი, ფსიქოდელია იყო. და მაშინ მივხვდი, რო მარტო დავრჩი, რაღაცნაირი შემაძრწუნებელი რეალობით ვიგრძენი ეს შიში, თითქოს 1 წამიანი შეგრძნება იყო, ან 1 საათიანი, ან შეიძლება საერთოდ მთელი ღამე გაგრძელდა, ჰიჩკოკის ფილმივით იყო, ძაან რო გეშინია და ზუსტად რო ვერ ხვდები რა ხდება. იმ ღამის მერე გადავწყვიტე – ასე უნდა ყოფილიყო, მარტო უნდა ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ვებრძოდი შიშებს, სპეციალურად ვაკეთებდი იმას, რისიც მეშინოდა, სანამ შიში არ გამივლიდა ხოლმე. ამასაც მოვერეოდი, ვიქნებოდი მარტო და სულაც არ შემეშინდებოდა.

დილით წავედი და იმ გაჩერებაზე დავჯექი. როცა ჩამოვიდა ვუთხარი რისი თქმაც მინდოდა და ისიც ვუთხარი, ამის სათქმელად 3 დღე გაუჩერებლად მოვდიოდი და გეძებდი-თქო.

– როგორ გაწვალდი ეს დღეები:(( – მომწერა sms, რო წამოვედი.

არაფერი არ ვუპასუხე.

4.

გავიღვიძე, საბანაოდ შევედი, რაღაცნაირად სულელურად აჟიტირებული ვიყავი, საშხაპე კაბინის რადიო ჩავრთე, Reamonn-ის პაპსა სიმღერა დაიწყო და მეც ავყევი – Cause she’s a Super girl and Super girls just fly. სანამ სარკე დაიორთქლებოდა, მოვასწარი დანახვა, რო ყველაფერი რიგზე იყო – შხაპის ტელეფონი ნამდვილი მიკროფონივით მეჭირა.

რო გამოვედი, ეზოდან 90’-ების ხმა შემომესმა.

– რეიზა დაპირდი სიმონ, დავლიოთ ბაზარი არააო? ყლე ხარ ძმაო, სიტყვას შესრულება უნდა, დავაი გააჯვი ეხლა აქედან. – ნეტა რა პერფორმანსია-თქო, ფანჯარაში გავიხედე და გაოგნებული დავრჩი. ტიპი რომელიც ამ ყველაფერს ლაპარაკობდა ინვალიდის სავარძელში იჯდა. ვა, მეთქი როგორ ცხელა.

მერე ჩემ ძმას დავურეკე, ეს დღეები სად დაიკარგე-თქო? – ჯეისონ ფლემინგი ჩამოვიყვანეთ, რეკლამაში ვიღებთ. – ისეთი პასუხი იყო, ნამდვილად ქონდა დაკარგვის უფლება.

გარეთ გამოვედი, ცარიელ ქუჩაში მარტო მეზობელი მღვდელი იდგა და მანქანას აკურთხებდა… ვაჰ, მეთქი ცხელა, ცხელა, ცხელა.

საელჩოში მივედი, პასპორტი დამიბრუნეს, გავხსენი – შიგნით ვიზა დამხვდა!

მეგობართან წავედი სტუმრად, ზღურბლზევე  მხიარულად შემხვდა – იცი, დღეს ერთმა ნაცნობმა მითხრა, რაც „ცარიელი დღეებს“ ვკითხულობ, წერა მომინდაო. – მიხაროდა, მართლა მიხაროდა.

5.

Birdy-ში ვუკრავ, მოდი, დამირეკა ბარსელონიდან ჩამოსულმა მეგობარმა, 6 თვე იყო ნანახი არ მყავდა, მივედი, ბევრი ვილაპარაკეთ. შედარებით აგრილდა და ბოდიალის ხასიათზე დავდექი, Anticafe-ში წავედი, „სიმართლე თუ მოქმედება?“ ვითამაშე, სულ სიმართლეს ვირჩევდი, რა უნდა დამემალა, ან სად მქონდა მოქმედების თავი. იქიდან გალერიში მოვხვდი, მერე Warszawa-ში და Drunken Bassment-ში ვსვამდი და ბოლოს „მასპინძელოში“ აღმოვჩნდი. დილით სახლში რო მოვდიოდი, ტაქსიში Jon Lajoie მღეროდა – I am just a regular everyday normal guy… – გამიკვირდა.

ამასობაში, მთელი ღამის განმავლობაში ჯერ ერთმა მომწერა – რას შვები? – მერე მეორემ – როგორ ხარ? – მესამემ – სად ხარ? – მერე კიდე ერთმა – გნახავ? – კიდე სხვამ – შევხვდეთ? – არ ვიცი აქამდე როგორ მივედი, თავი ნაშა მეგონა. სახლში შემოსვლისთანავე აბაზანაში ჩავიკეტე, სარკეში ჩავიხედე, თვალებში ვიყურებოდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი, მახსენდებოდა მისი თმა, სუნი, ხმა, გემო, ფერი, მისი პატარაობის ფოტოები. რატო ვფიქრობდი?.. არ შემეძლო არფიქრი! თვალები გავაფართოვე, კბილები ერთმანეთს მოვუჭირე, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე.

ამბობენ რო მარტო ყოფნა რთულია, მაგრამ გაცილებით ცუდი შეგრძნებაა, როდესაც ყველანაირი საშუალება გაქვს არ იყო მარტო და მაინც მარტო ხარ.

6.

შარშან ზაფხულში მასთან სოფელში აივნის იატაკზე ვისხედით. გარშემო ყველაფერი იმ ფერებში იყო, კაკაბაძე რო ხატავდა, იმერეთის ულამაზესი მთების პეიზაჟს და კიდე უფრო ლამაზ თვალებს ვუყურებდი. ამ დროს, მეზობლის ეზოში დიდი ჯიპი გაჩერდა და ძალიან ხმამაღლა ჩართეს ყველაზე მდარე ხარისხის ქართული სიმღერები, კინაღამ გული შეგვიწუხდა და უცებ ერთ-ერთი ასეთი სიმღერის მერე ბრაიან მოლკოს ხმა გავიგეთ. გამოვშტერდით, შეუძლებელი იყო, იმ მანქანის პატრონს, იმ მანქანაში, იმ სიმღერების მერე Placebo ქონოდა ჩაწერილი, ყურებს არ ვუჯერებდით, მაგრამ ფაქტი იყო.

ბევრი ვიცინეთ და მერე სასაცილოდ ვიხსენებდით ხოლმე ამ ისტორიას. ეხლაც მეცინება, ოღონდ უკვე სევდიანად. ასე დაწვრილებით მახსოვს ჩვენი სახალისო ამბები, ერთად გატარებული თითოეული დღე, ყველა მისი გამოხედვა, გაცინება და ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რო თვითონ მგონი აღარაფერი ახსნედება.

ჰოდა, აი დღეს სახლში ვიჯექი და აქვე ახლოს Placebo-ს Live იყო.

[To be continued]