ცარიელი დღეები (IX ნაწილი)

Featured image

Every me and every you

– Placebo

1.

მეორე დღეა რაც სახლიდან არ გავსულვარ, არც კი განვძრეულვარ. ცხელოდა. ვეღარც ვწერდი. კორტასარის მოთხრობები მახსენდებოდა – სიცხე, მატე, ბუზები.

დავიღალე ამ ასაკზე ლაპარაკით – ვაიმე 24-ის მეგონე, მე 25-ის მეგონა, შეხედე ნუ 27, 27, 27 მაქსიმუმ 29 – კი, კარგი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც მაწუხებდა, მე თვითონ ხო ვიცოდი, რო ერთ თვეში უკვე 38-ის ვხდებოდი.

– და რას აკეთებ? ბლოგს წერ? – მკითხა ოთახის კუთხიდან.

– ხო, – თვალები დახუჭული მქონდა.

– და მერე რა? ბევრი ხალხი კითხულობს? – თითქოს აგდებულად მეკითხებოდა.

– ნუ, საკმაოდ, – ვთქვი ჩუმად.

– დედა, რა საყვარელი ბიჭია! აუ, როგორ უყვარს!  ესე ამბობენ ხო? – აშკარად დამცინავი ტონი შემოაპარა.

– არ ვიცი, – თავის დაცვა მიჭირდა, ასეთ ლაპარაკს მიჩვეული არ ვიყავი.

– იცი… და თან გიხარია! – ხმას აუწია.

როგორც იქნა გავხედე და შემეშინდა. ოთახის იქითა კუთხეშიც მე ვიდექი . გამეღვიძა. ძაან ცხელოდა.

2.

Teatret-ის ჰამაკში ვიწექი, ფეისბუქზე ახალი გასართობი იყო, მანონი მურიას სახით და ამას განიხილავდნენ მხიარულად. როგორც მივხვდი, მანონიში ყველა „მარტო ერთხელ და ცოტა ხნით“ შედიოდა, დაახლოებით ისე, როგორც ციხეში იჯდა ყველა „არაფრის გულისთვის“. მეც ერთხელ შევედი, ვიღაცამ დაწერა, ზღაპარი მომიყევითო, მოვუყევი სპონტანურად, მოეწონა და კიდე მინდაო. მეზღაპრე ხო არ ვარ-მეთქი. მაშინ სხვანაირად ვიკონტაქტოთო. კაი, რამეს მოვიფიქრებ-თქო და ნომერი დავწერე, ნახა და წავშალე ეგრევე, შუაღამე იყო და მეგონა მეტი ვერავინ მოასწრებდა დანახვას. ეგრევე ძმაკაცის sms მომივიდა, ვიცოდი რო შენ ყვებოდი ზღაპარსო. ნუ, ეს კიდე კაი ვარიანტი იყო, თორე უცხოს რო დაენახა ჩემი ნომერი, შეიძლებოდა ბოროტად გამოეყენებინა. ამასობაში ზღაპრების მოყვარულმაც დარეკა, 5 წუთი ვილაპარაკეთ და ისე რო ჯერ არც სახელი იცოდა და არც არაფერი, უცებ მეკითხება.

– შენ ის ხარ, იმ გოგოზე ბლოგს რო წერ?

კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. საოცარ ქალაქში ვცხოვრობდი. ანონიმური ადამიანის იდენტიფიცირება წუთებში იყო შესაძლებელი. მერე აღმოჩნდა რო ჩემს ძმას იცნობდა და ხმით მიმამსგავსა. არ იყო გასაკვირი, ხმებით ისე ვგავართ, უცხო კი არა, მამაჩვენი ვერ გვარჩევს. გაირკვა რო თვითონ ტყუპისცალი და ყავდა, რომელსაც გარეგნობით ნაკლებად, მარა ხმით ისიც გავდა და ამის გარდა თავიანთი კაფე ქონდათ, უფრო სწორედ Anticafe.

3.

ოთახში ვინტილატორის ტრიალმა თითქოს ყველაფერი კიდევ უფრო მონოტონური გახადა. მაინც ცხელოდა. ყურსასმენები გავიკეთე, ჯეი-ჯეი იოჰანსონს ვუსმენდი – Now when she’s gone, I find myself lost, Staring at the wall. Since she’s been gone, there’s nobody here, To catch me when I fall – თან ვუსმენდი, თან ვწერდი. თითქოს ვუკრავდი.

ვიხსენებდი, როდის და რისი შემეშინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ძნელი გასახსენებელი არ იყო, იმის წინა ღამეს მოხდა, როცა იმერეთის ტრასაზე 6 საათი ვიჯექი და გაჩერებასთან დავხვდი. მანამდე 2 დღით ადრე ჯერ თბილისში მინდოდა მენახა და ვერ ვნახე, მეორე დღეს ვიცოდი რო სოფელში აპირებდა წასვლას, ჩავედი, უკვე ბნელოდა, ტყეში, ტალახში ფეხით ვიარე, პირველად მივაგენი სახლს ჩემით, ისე რო გზაში არავინ არ შემომეგება, არც თვითონ სიყვარულით და არც მეზობლის ძაღლი კუდის ქიცინით. და უკვე ეზოსთან რო ვიდექი, გავიგე რო თურმე შემდეგ დღეს ჩამოდიოდა, მომერიდა ბებიამისთან შესვლა და უკან გამოვბრუნდი, გამოვიარე ტყე, ჩამოვედი ტრასაზე და ზესტაფონში წავედი ღამის გასათევად. რაღაც შედარებით ნორმალური სასტუმრო ვიპოვე, ოთახში ჩავიკეტე, ლოგინში ჩავწექი, უძინარი ვიყავი, მციოდა, გვერდითა ნომრიდან მთელი ღამე სექსის ხმა ისმოდა, ეტყობა რაც არ უნდა ნორმალური სასტუმრო ჩანდეს, ეს მაინც აუცილებელი აქსესუარია. ზედიზედ მეორე ღამეს ვათენებდი, ფსიქოდელია იყო. და მაშინ მივხვდი, რო მარტო დავრჩი, რაღაცნაირი შემაძრწუნებელი რეალობით ვიგრძენი ეს შიში, თითქოს 1 წამიანი შეგრძნება იყო, ან 1 საათიანი, ან შეიძლება საერთოდ მთელი ღამე გაგრძელდა, ჰიჩკოკის ფილმივით იყო, ძაან რო გეშინია და ზუსტად რო ვერ ხვდები რა ხდება. იმ ღამის მერე გადავწყვიტე – ასე უნდა ყოფილიყო, მარტო უნდა ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ვებრძოდი შიშებს, სპეციალურად ვაკეთებდი იმას, რისიც მეშინოდა, სანამ შიში არ გამივლიდა ხოლმე. ამასაც მოვერეოდი, ვიქნებოდი მარტო და სულაც არ შემეშინდებოდა.

დილით წავედი და იმ გაჩერებაზე დავჯექი. როცა ჩამოვიდა ვუთხარი რისი თქმაც მინდოდა და ისიც ვუთხარი, ამის სათქმელად 3 დღე გაუჩერებლად მოვდიოდი და გეძებდი-თქო.

– როგორ გაწვალდი ეს დღეები:(( – მომწერა sms, რო წამოვედი.

არაფერი არ ვუპასუხე.

4.

გავიღვიძე, საბანაოდ შევედი, რაღაცნაირად სულელურად აჟიტირებული ვიყავი, საშხაპე კაბინის რადიო ჩავრთე, Reamonn-ის პაპსა სიმღერა დაიწყო და მეც ავყევი – Cause she’s a Super girl and Super girls just fly. სანამ სარკე დაიორთქლებოდა, მოვასწარი დანახვა, რო ყველაფერი რიგზე იყო – შხაპის ტელეფონი ნამდვილი მიკროფონივით მეჭირა.

რო გამოვედი, ეზოდან 90’-ების ხმა შემომესმა.

– რეიზა დაპირდი სიმონ, დავლიოთ ბაზარი არააო? ყლე ხარ ძმაო, სიტყვას შესრულება უნდა, დავაი გააჯვი ეხლა აქედან. – ნეტა რა პერფორმანსია-თქო, ფანჯარაში გავიხედე და გაოგნებული დავრჩი. ტიპი რომელიც ამ ყველაფერს ლაპარაკობდა ინვალიდის სავარძელში იჯდა. ვა, მეთქი როგორ ცხელა.

მერე ჩემ ძმას დავურეკე, ეს დღეები სად დაიკარგე-თქო? – ჯეისონ ფლემინგი ჩამოვიყვანეთ, რეკლამაში ვიღებთ. – ისეთი პასუხი იყო, ნამდვილად ქონდა დაკარგვის უფლება.

გარეთ გამოვედი, ცარიელ ქუჩაში მარტო მეზობელი მღვდელი იდგა და მანქანას აკურთხებდა… ვაჰ, მეთქი ცხელა, ცხელა, ცხელა.

საელჩოში მივედი, პასპორტი დამიბრუნეს, გავხსენი – შიგნით ვიზა დამხვდა!

მეგობართან წავედი სტუმრად, ზღურბლზევე  მხიარულად შემხვდა – იცი, დღეს ერთმა ნაცნობმა მითხრა, რაც „ცარიელი დღეებს“ ვკითხულობ, წერა მომინდაო. – მიხაროდა, მართლა მიხაროდა.

5.

Birdy-ში ვუკრავ, მოდი, დამირეკა ბარსელონიდან ჩამოსულმა მეგობარმა, 6 თვე იყო ნანახი არ მყავდა, მივედი, ბევრი ვილაპარაკეთ. შედარებით აგრილდა და ბოდიალის ხასიათზე დავდექი, Anticafe-ში წავედი, „სიმართლე თუ მოქმედება?“ ვითამაშე, სულ სიმართლეს ვირჩევდი, რა უნდა დამემალა, ან სად მქონდა მოქმედების თავი. იქიდან გალერიში მოვხვდი, მერე Warszawa-ში და Drunken Bassment-ში ვსვამდი და ბოლოს „მასპინძელოში“ აღმოვჩნდი. დილით სახლში რო მოვდიოდი, ტაქსიში Jon Lajoie მღეროდა – I am just a regular everyday normal guy… – გამიკვირდა.

ამასობაში, მთელი ღამის განმავლობაში ჯერ ერთმა მომწერა – რას შვები? – მერე მეორემ – როგორ ხარ? – მესამემ – სად ხარ? – მერე კიდე ერთმა – გნახავ? – კიდე სხვამ – შევხვდეთ? – არ ვიცი აქამდე როგორ მივედი, თავი ნაშა მეგონა. სახლში შემოსვლისთანავე აბაზანაში ჩავიკეტე, სარკეში ჩავიხედე, თვალებში ვიყურებოდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი, მახსენდებოდა მისი თმა, სუნი, ხმა, გემო, ფერი, მისი პატარაობის ფოტოები. რატო ვფიქრობდი?.. არ შემეძლო არფიქრი! თვალები გავაფართოვე, კბილები ერთმანეთს მოვუჭირე, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე.

ამბობენ რო მარტო ყოფნა რთულია, მაგრამ გაცილებით ცუდი შეგრძნებაა, როდესაც ყველანაირი საშუალება გაქვს არ იყო მარტო და მაინც მარტო ხარ.

6.

შარშან ზაფხულში მასთან სოფელში აივნის იატაკზე ვისხედით. გარშემო ყველაფერი იმ ფერებში იყო, კაკაბაძე რო ხატავდა, იმერეთის ულამაზესი მთების პეიზაჟს და კიდე უფრო ლამაზ თვალებს ვუყურებდი. ამ დროს, მეზობლის ეზოში დიდი ჯიპი გაჩერდა და ძალიან ხმამაღლა ჩართეს ყველაზე მდარე ხარისხის ქართული სიმღერები, კინაღამ გული შეგვიწუხდა და უცებ ერთ-ერთი ასეთი სიმღერის მერე ბრაიან მოლკოს ხმა გავიგეთ. გამოვშტერდით, შეუძლებელი იყო, იმ მანქანის პატრონს, იმ მანქანაში, იმ სიმღერების მერე Placebo ქონოდა ჩაწერილი, ყურებს არ ვუჯერებდით, მაგრამ ფაქტი იყო.

ბევრი ვიცინეთ და მერე სასაცილოდ ვიხსენებდით ხოლმე ამ ისტორიას. ეხლაც მეცინება, ოღონდ უკვე სევდიანად. ასე დაწვრილებით მახსოვს ჩვენი სახალისო ამბები, ერთად გატარებული თითოეული დღე, ყველა მისი გამოხედვა, გაცინება და ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რო თვითონ მგონი აღარაფერი ახსნედება.

ჰოდა, აი დღეს სახლში ვიჯექი და აქვე ახლოს Placebo-ს Live იყო.

[To be continued]

Advertisements

ცარიელი დღეები (VIII ნაწილი)

Featured image

Express Yourself

– Charles Wright

1.

ღამის პირველ საათზე, მეშვიდე ნაწილი WordPress-ზე ავტვირთე და ჩემს ძმას დავურეკე, შეგიძლია უკვე facebook-ზე დადო-თქო. ვერ დავდებ, იმ უცნაური მიზეზის გამო რო სადაც ვარ, შუქი არ არისო. ხოდა, ცოტა ცუდ გუნებაზე დავდექი, არ მიყვარს, როცა რაღაც მაქვს დაგეგმილი და არ გამოდის. მერე დავფიქრდი – რატო ვწერდი, საერთოდ რაზე ვწერდი და ვიფიქრე, რო არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა როდის დავდებდი, დავდებდი თუ არა, დავწერდი თუ არა.

ჩავწექი. დეპრესიაში ჩავწექი. ვერ ვიძინებდი.

თითქოს რაღაც თამაში მოვიგონე, „ვითომ არ არსებობდა“. fb გავაუქმე, ფოტოები რო არ მენახა. თითქმის არსად არ დავდიოდი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ვხედავდი-ვერ ვხედავდი. მაგრამ ამ თამაშს მაინც ვაგებდი. ის და ყველაფერი მის გარშემო, იმდენად დიდი და ძლიერი იყო, ჩემს მიერ ხელოვნურად და ილუზორულად შექმნილი ბარიერები ვერ აკავებდნენ. თვალების დახუჭვაც არ მჭირდებოდა  იმის დასანახად, თუ როგორ იჯდა ეხლა თავის ლეპტოპთან და გამოცდებისთვის ემზადებოდა.

2.

დილიდან ძაან ცხელოდა, ვიზაზე საბუთები შევიტანე და მეგობართან წავედი, უკვე 1 წელია Cafe Teatret-ში მუშაობდა და როგორც იქნა ვესტუმრე. თინა ალექსიშვილის კაფე აღმოჩნდა, გავიცანი და მოვუყევი – რამდენი თინა დალაქიშვილს ვნახავ, რომელიც შეჩვეულია, რო ეუბნებიან მომწონხარო, მე იმდენი ვეუბნები დედაშენი მომწონს-თქო და გარშემო მყოფები იბნევიან, ვერ ხვდებიან რო „ჩემი ცოლის დაქალებზე“ ვლაპარაკობ-თქო. – თინამ მომისმინა, კარგ ხასიათზე იყო, ხელი აწია და ჩაკაო მითხრა. მეც ჩავკარი, 2 ჭიქა ცივი ლიმონათი დავლიე და ამასობაში მეგობრებიც შემოგვემატნენ.

– რას შვება Reality Show? – მკითხა ერთ-ერთმა.

– რომელი?!

– შენი ბლოგი. ყველა ოთხშაბათს ელოდება, ჩასაფრებულები ვართ, გავიგოთ, როგორ ხარ? სად იყავი? რა ქენი? – მითხრა სიცილით.

სიტყვა „ყველა“ იყო აქ მნიშვნელოვანი. კი, უკვე 2400 ადამიანი კითხულობდა და ჩვენი ინტერნეტ სივცრისთვის მშვენიერი რაოდენობა იყო, მარა მაინც ქართველი პოლიტიკოსები გამახსენდნენ, რომლებსაც გამოსვლა და მთელი ერის სახელით საუბარი უყვართ.

– facebook-ზე წავაწყდი, ვიღაცას ეწერა არ მომწონსო, – ჩაერთო საუბარში მეორე ოდნავ აღშფოთებული ტონით.

აი, ამას ველოდებოდი. თორე უკვე, შემაშინებლად და უინტერესოდ, მარტო კარგი მესმოდა. არმოწონება, თანაც იმდენად, რო ამას აღნიშნავდნენ,  უკვე სულ სხვა ლეველი იყო.

3.

– „ჩაის თემა“-ში ვუყურე ლევან გიგინეიშვილს და შენ გამახსენდი, – მომწერა იმ გოგომ, რომელთან ერთადაც პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით ვსვამდი ხოლმე ყავას.

მეც ჩავრთე და გავიგე – რო ფილოსოფია არ ყოფილა სტერილური ცოდნა და ტერმინების რახა-რუხი, ფილოსოფია მამარდაშვილის თქმით ყოფილა მარტოობის გაბედვა, დარჩე მარტო საკუთარ თავთან, გქონდეს ჩვევა მარტო დარჩენის და გაბედო იფიქრო შენი ფიქრი და არ იფიქრო ის ფიქრი, ყველა რო ფიქრობს ინერციით. საკუთარი ფიქრები დაბადო და მარტოობის სიღრმე გამოიმუშავო.

ინგლისელი მწერალი ჯილბერტ ჩესტერტონი ამბობდა – რატომ არ ვართ რეალურად ერთად? იქნებ იმიტომ რომ საკმარისად მარტოხელები არ ვართ, ნამდვილი ერთობა მათ შორისაა, ვინც საკმარისად მარტოხელა არისო.

ნამდვილი გამარჯვება ასეთ ერთობას მოყვება, როდესაც ადამიანი ეჩვევა მარტოობის კულტურას, თავის თავში იღრმავებს საკუთარ ხედვას, ბედავს დაბადოს საკუთარი აზრები რეალობაზე. – ამ სიტყვებით მთავრდებოდა 10 წუთიანი მონოლოგი.

– კარგად გაგხსენებივარ, საკმარისად მარტოხელა ვარ, – მივწერე პასუხი ჩემს Coffee Partner-ს.

4.

Drunken Bassment-ში, მართალია, გვიან მივედი, მარა მაინც უცნაურად ცოტა ხალხი დამხვდა. ცოტა და ძალიან მთვრალი. არც ლაპარაკის ხასიათზე ვიყავი და არც დალევის, ამიტომ ოთახში დავჯექი და მუსიკას ვუსმენდი.  – თხლაშ! თხლაშ! თხლაშ! – გავიგე უცებ ხმა, ეზოში გავიხედე და ვისკის ცარიელ ბოთლებს კედელზე ამსხვრევდნენ. თუმცა აგრესიისგან გამოწვეული მოქმედება არ იყო, რაღაც სიმთვრალეში მოზღვავებულ ეპატაჟს უფრო გავდა, ამიტომ არ გავედი და ისევ წყნარად გავაგრძელე ოთახში მარტოობა. ტახტზე ჩამეძინა და დილით აღმოვაჩინე, რო სხვებიც დარჩენილან.

ავიზლაზნეთ, ზოგს თავი ტკიოდა, ზოგს პირი ქონდა გამშრალი. ჩაი, ყავა, ნაბეღლავი და დავიშალეთ. მე გოგოებს გავყევი, Teatret-ი უნდა გაეხსნათ. მთელი დღე ჰამაკში გავატარე გრილად. ბევრი ხალხი არ მოსულა, სამაგიეროდ ამირანი სეირნობდა ამაყად, ამირანი იქაურობის სიმბოლო იყო, ბებერი, გაქუცული კატა. ცოტა კარტი ვითამაშეთ, 1 პატარა ნახატის დახატვაც მოვასწარი და როცა დაღამდა, კაფე დავხურეთ და ლისზე, მზესუმზირას ეზოში ავედით. საკმაოდ ბევრ მსგავს Event-ზე ვყოფილვარ საზღვარგარეთ და სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან თვალშისაცემია, რო ადამიანებს შინაგანი კულტურა აკლიათ. ასეთ ადგილებში, სადაც ფხიზელი არავინ არის, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. კი, რა თქმა უნდა, უზრდელები ყველგან არიან, მაგრამ არა ასე მასიურად. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა, უბრალოდ აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი და დაკვირვებისთვის ბევრი დრო მქონდა.

ცოტა ხნით ტბასთან გავედით, რომელშიც დიდი მთვარე ირეკლებოდა, Teatret-იდან წამოღებული პლედი დავაფინეთ და მყუდროდ წამოვგორდით. უკან როცა ვბრუნდებოდით, ფეიერვერკი გაუშვეს, ვიდექი, ვუყურებდი განათებულ ცას და რატომღაც ვიფიქრე, რო ფეირვერკი ერთ-ერთ ყველაზე ყალბი სილამაზეა დედამიწაზე. ვიგრძენი, რო ძალიან დავიღალე ცუდად ყოფნისგან, მთავარი იყო ეს გრძნობაც ყალბი არ ყოფილიყო, მაგრამ ფხიზელი ვიყავი, ამიტომ ვენდობოდი ჩემს შეგრძნებებს და არ მერიდებოდა ჩემი ცუდად ყოფნის. არ მრცხვენოდა, რო ამას 2399 და ის 1 ადამიანი გაიგებდა, არც ის მადარდებდა თუ იფიქრებდნენ, რო სუსტი ვარ და არც იმის მეშინოდა, რო სუსტები არ უყვართ.

5.

დილის 6 საათზე, ქუჩაში ფეხით მივსეირნობდი, აღარ ბნელოდა, მაგრამ გარეთ ჯერ არავინ არ იყო გამოსული. მოკლედ იდეალური დრო იყო სასეირნოდ და ვფიქრობდი იმაზე, რაზეც მეფიქრებოდა:

ნუთუ არ ჯეროდა ჩემი ემოციის? არა! წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ერთად ყოფნისას ხო ხედავდა, ხო ზუსტად გრძნობდა და შეუძლებელი იყო ეხლაც არ ცოდნოდა რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი. უბრალოდ ასე ერჩივნა, ასე აწყობდა, ასე უფრო მშვიდად იყო. ფიქრთან ახლოსაც კი აღარ იკარებდა ჩემს ინტენსიურ შეგრძნებებს…

ბებიაჩემის დაბადების დღე თენდებოდა, 29 ივნისი. მარკეტში შევედი და ერთი კოლოფი ბელგიური შოკოლადი ვიყიდე. ნელ-ნელა მივდიოდი სახლისკენ, ვიცოდი რვის ნახევარზე იღვიძებდა, რო მივედი მითხრა დღეს შვიდის ნახევარზე ავდექიო. ვაკოცე, შოკოლადი მივეცი და ძილის წინ ვიფიქრე, facebook-ი რო მქონდეს ეხლა ფოტოს დავდებდი და დავაწერდი – 79 წლის გახდა-თქო.

6.

მამაჩემის წიგნის პრეზენტაციაზე მივედი, სანამ ხალხი იკრიბებოდა, ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი, გვერდით მეგობარი მომიჯდა.

– რა გჭირს ნონ? – მკითხა ჩურჩულით.

– რა მჭირს?

– რაღაცნაირი მოღუშული სახე გაქვს?

– ესე მეტყობა?

– კი. რაზე ფიქრობ?

– დარწმუნებული ხარ რო გინდა მოსმენა?

თავი დამიქნია.

– რაზე ვფიქრობ და ძალიან მოწონდა ჩემს გარშემო ყველაფერი, საკმაოდ ყურადღებიანი იყო და არაერთხელ დაუფიქსირებია თავის აზრი, თუ როგორ აფასებდა და მოწონდა, სიტყვაზე, დედაჩემი, ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი ძმები ან მაგალითად, უთქვამს, რა ბედნიერებაა ამდენი და ასეთი კარგი მეგობარი რო გყავსო. აქეთა მხრიდანაც ყველას შეუყვარდა და ნელ-ნელა ეს დიდი და დადებითი აურა მისი ნაწილიც ხდებოდა. და უცებ ერთ წამში გააქრო ეს ყველაფერი თავის ცხოვრებიდან. იმიტო რო მთავარი ობიექტი მე ვიყავი, მე აღარ ვაინტერესებდი და შესაბამისად ჩემს ანტურაჟსაც აღარ ქონდა მნიშვნელობა. აი, ამაზე ვფიქრობდი – გავხედე მეგობარს, რომელსაც უკვე ჩემსავით რაღაცნაირად მოღუშული სახე ქონდა.

მერე ღამე Teatret-ში ვიჯექი მეგობრებთან ერთად, მოახლოებულ Open Air-ზე ლაპარაკობდნენ, ყველანი აპირებდნენ წასვლას.

წინ 5 დღიანი ასკეტიზმი მელოდა…

[To be continued]

4

79 წლის გახდა ❤

ცარიელი დღეები (VII ნაწილი)

Featured image

There’s intense gravity in you, I’m just your satellite

– Spoon

1.

შარშან ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე იყო, როდესაც მასთან ერთად ზოოპარკში წავედი. დირექტორთან მივედით და პატარა ვეფხვებთან შესვლა ვთხოვეთ, ძალიან კეთილშობილი კაცი ჩანდა, სწრაფად დაგვთანხმდა და ბოკვერებთან შეგვიყვანა, რომლებიც მოგვახტნენ, გვეთამაშებოდნენ. ნამდვილი, პატარა, ულამაზესი ვეფხვები ხელში გვეჭირა, ვკოცნიდით, ფოტოებს ვუღებდით და ცოტას ვაწუხებდით. უბედნიერესები წამოვედით და მთელი კვირა დადებითი ემოციის და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. ეხლა ის ვეფხვები, როგორც ჩანს, ცოცხლები აღარ იყვნენ, ერთმა ადამიანიც კი შეჭამა და საერთოდ ზოოპარკი აღარ არსებობდა. სამაგიეროდ არსებობდნენ გოგოები და ბიჭები, რომლებსაც უყვარდათ თავიანთი ქალაქი, ცხოველები, ადამიანები, ერთმანეთი და რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო, ქონდათ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

საღამოს ერთ-ერთმა მათგანმა მომწერა – ამ წამს მოვედი მზიურიდან სახლში, ვზივარ მურიანი და შენს ბლოგს ვკითხულობ.

მერე დედაჩემის მეგობარმა დამირეკა.

– ბიჭო, სერგი გვარჯალაძესგან უნდა ვგებულობდე შენ ამბებს?

– ჰო, რავი, – ვითომ შემრცხვა მე.

– მე იმაზე ვკაიფობ, ფილმს როცა გადაიღებენ, მთავარი გმირის შემსრულებელი სულ ტანჯვაში რო იქნება.

ფილმი კი არა, ბლოგს რო ვწერ, წესიერად ჯერ ამასაც ვერ ვაცნობიერებდი. ძილის წინ კიდე 1 sms მივიღე – სოფელში ვარ, ინტერნეტი სახლში ცუდად იჭერს და ეხლა სერზე ავედი წასაკითხად.

2.

მეორე დღეს მეგობარმა მითხრა, ნორვეგიელი და ბელარუსი სტუმრები მყავს და Corner House-ში მოდი, საინტერესო ადამიანი მინდა გავაცნოო, არ ვიცი რამდენად საინტერესო ვიყავი, მაგრამ მაინც მივედი. ისე, წარმოდგენა არ მაქვს როგორი ვარ, მარტო ის ვიცი, სხვები როგორც მახასიათებენ, ვიღაცისთვის საინტერესო ვარ, ვიღაცისთვის შეიძლება მოსაწყენი. დავაგვიანე და რო მივედი ყველანი ცეკვავდნენ და მღეროდნენ. დავჯექი და დავლიე.

ღამე 3 საათზე გამოვედი და ფეხით გადავწყვიტე სახლში წასვლა, ჯერ კოსტავაზე ჩავიარე, მერე ზოოპარკთან. გზაში პატარა ძაღლი ამედევნა, ალბათ ასეთ დროს, არც ის გრძნობდა თავს დაცულად, მეც ისე გამიხარდა, თითქოს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ პირველ საფეხურზე ვიყავი. მერე გამახსენდა, ამასწინათ არაფხიზელ მდგომარეობაში იმას მივხვდი, თუ რატომ მიყვარს მუსიკასთან ერთად ვოკალი, როგორც ჩანს „შეხება“ მაკლია. ოღონდ იდეაში ვერ ვიტან შეხებას, მარტო ერთის შეხება მინდა ხოლმე…

მოკლედ, საშიში მონაკვეთი მშვიდად გამოვიარე და უცებ ეზოში დიდი ძაღლი მეცა. ასეთ შეხებას ნამდვილად არ ვგულისხმობდი, დიდი ქვით შევაშინე და სადარბაზოში შევედი.

3.

ფიზიკურად ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ. სულიერად კი, მაგრამ ეხლა უკვე ესეც საეჭვო იყო. ტალახში ვიდექი. უნდა გამერკვია – პირდაპირ, თუ გადატანითი მნიშვნელობით? მეძინა თუ მეღვიძა? მესიზმრებოდა თუ არა? კი თუ არა? კი თუ არა? უკან ტალახიანი მეგობრები იდგნენ, „შენ ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ!“ მომდიოდა მათგან sms-ები. მე მაინც ჩვეული სიჯიუტით და სკეპტიციზმით ვუყურებდი ამ გამხნევებას, მეგონა ეს ფსიქოლოგიური თვითდაცვა იყო, უბრალოდ თავის მოტყუება. კარგად კონცენტრირებული ჩავძვერი ჩემს გონებაში, მუცელში, გულში.

მენატრებოდა. მენატრებოდა ბანანის წვენი. საშინელებათა ფილმების ყურებისას, შიშნარევი ინტერესით, ეკრანს მოუშორებელი ფართოდ გახელილი თვალები. Second hand-ში ნაყიდი, უხმარი, ლამაზი ფეხსაცმელები. ახალი ნაწერების წაკითხვა და მერე გადაშეარება. სამსახურიდან სახლში ერთამოსუნთქვაზე მისვლა და ის შეგრძნება, ჩემს საშინაო ტანსაცმელში გამოწყობილი რომ მხვდებოდა.

ეს იყო ჩემში არსებული რეალობა და მეძინა თუ მეღვიძა მნიშვნელობა აღარ ქონდა.

4.

საბუთებზე დავრბოდი, ლისაბონში და ბარსელონაში მინდოდა მეგობრებთან ერთად წასვლა. დილით ტურისტულში ვიყავი, მერე ბანკში, მერე საშემოსავლოში, მერე ფოტო გადავიღე, მერე ისევ ბანკში.

საღამოს იმ მეგობართან მივედი, ორიენტაციის შეცვლას რო ცდილობდა. აღმოჩნდა, ექსპერიმენტი წარუმატებლად დამთავრდა, თავის ბიჭს დაუბრუნდა და პრინციპში დიდად უხასიათოდ და იმედგაცრუებულადაც არ გამოიყურებოდა.

– შენ როგორ ხარ? – მკითხა თავის ამბების განხილვის შემდეგ.

და ვუთხარი:

რო ვყოფილვარ ცუდად, ძალიან ცუდადაც, მაგრამ ასე არა. რო მთელი ცხოვრება ველოდებოდი კონკრეტულ იდეალურ ურთიერთობას და როდესაც პრაქტიკაში ზუსტად ის მივიღე, რაც ყოველთვის ასე მინდოდა, ვიყავი უბედნიერესი. ხოლო ამის დაკარგვის შედეგად და მითუმეტეს ასეთი ფორმით, ბუნებრივია, კარგად ვერ ვიქნებოდი.

5.

უიკენდიც დადგა. საღამომდე სახლში ვიყავი, მეგობარმა დამირეკა – წამო Cavea-ში „Jurassic World”-ზეო. მეზარებოდა, ამიტომ ცოტა ვისკი ჩავურტყი და Drunken Bassment-ში გავედი, ყველანი არაყს სვამდნენ, მე 1 ბოთლი შამპანური დავლიე და წავედით მეგობრის ჯერ არ გახსნილ კაფეში, იქ უკვე არაყი და შამპანური შევურიე. მერე უცებ წამოვხტი, Heaven-ში დაბადების დღეზე მივდივარ-თქო, ხელში დიდი ერთჯერადი ჭიქა მეჭირა, ტაქსი გავაჩერე და ჩავხტი.

–  ნუ გეშინია არ გადაგისხამ, – ვუთხარი მძღოლს და ეგრევე გადამესხა.

მივედი გავიხედე-გამოვიხედე, ყველა ბიჭს წვერი ქონდა, აბა, თუ ტრაკი აქვთ, გაპარსულები გამოიყურებოდნენ სიმპატიურად-თქო გავიფიქრე და ჩემი საყვარელი კიტრის კოქტეილი მოვწრუპე. მალე უკან მეგობრის კაფეში დავბრუნდი. მერე ბანკომატთან კაი ხანი დამჭირდა იმის გასარკვევად, რო თურმე შიგნით ბანკის ბარათის მაგივრად Unicard-ის ბარათს ვტენიდი. მერე ჩემი მეგობარი დაკეტილ მაღაზიასთან იდგა და აკაკუნებდა, საიდანაც პოლიციელმა გამოიხედა – რა გინდაო? – და ამან – დამლაგებლად მინდა მუშაობის დაწყებაო – მიანიშნა იქვე გამოკრულ განცხადებაზე. ამხელა ხალხი დეგენერატებივით ვხითხითებდით. მერე მეგობართან სახლში ავედით, იქ უკვე ჭიქების რაოდენობა აღარ მახსოვს. ამ დროს ვიღაცამ მომწერა, გალერიში მოდიო, მარა წავედი Canudos-ში, მინდოდა ზუსტად გამერკვია, რა არ მომწონდა, მივედი და პრინციპში მალევე მივხვდი. შესული არ ვიყავი ვიღაც თეთრსაროჩკიანმა ტიპმა მკითხა.

– ძმაო რა უბნელი ხარ?

დდშვც-თქო ვიფიქრე და – რა მნიშვნელობა აქვს-თქო? – ვუთხარი.

– არა, ისე, ყველას ვეკითხებიო.

მივხვდი რო სოციოლოგიურ კვლევას ატარებდა. მოკლე პასუხი გავეცი და წავედი მტკვარზე. იქ აშკარად უკეთ დამხვდნენ, ვიღაც უცნობი გოგო მომაშტერდა და მკითხა.

– ნონო ანთაძე ხო?

ჯარმუშის Dead Man-ი გამახსენდა, ჯონი დეპს ეკითხებიან:

– You William Blake?

– Yes, I am. Do you know my poetry?

კიდე დავლიე და გამთენიისას რო გამოვდიოდით, მახსოვს ვიღაცამ რაღაც წაუზრდელება სცადა, დიდად ყურადღება არ მივაქციეთ და მანქანაში როცა ვჯდებოდი, დავინახე იმ ტიპს დაცვა როგორ მიათრევდა. თვალები დავხუჭე და გავითიშე. დამესიზმრა, დაცვა ჩემთან მოვიდა, მომაშტერდა და მკითხა.

– „უაზრო დღეები“ ხო?

მეორე დღეს თვალები რო გავახილე, პახმელიისგან თავი მძვრებოდა. მამაჩემმა რაღაც მომაწოდა. დავხედე და მოსაწვევზე ეწერა – 30 ივნისი. 19:00. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება მიხეილ ანთაძის წიგნის „სიცილია გვალვაში“ პრეზენტაცია. – ზემოთ აწეული ცერა თითი ვაჩვენე. ხმას ვერ ვიღებდი.

6.

მთელი დღე სახლში გავატარე. ცოტა ხნით მეგობარმა შემომიარა, მომიყვა, თუ როგორ მიწერა ჩატში დეიდაშვილმა რაღაც ფრაზა ჩემი ბლოგიდან და ამას როგორ გაუკვირდა – საერთოდ არ მეგონა თუ კითხულობდა, საშინლად დაკავებული ტიპიაო.

რო წავიდა, მთელი საღამო ვფიქრობდი, როგორც ასეთ დროს ხდება, ყველაფერზე და არაფერზე. ძალიან ცოტა თვისება მომწონს ჩემში, ერთ-ერთი ეს არის, დიდხანს შემიძლია ჩუმად ყოფნა. პირმოკუმული, ერთ წერტილში ვიყურებოდი.

როცა ამბობ „მიყვარს“, აუცილებლად გამოხტება ვინმე ჭკვიანი და გისვამს კითხვას – შენ, ან საერთოდ ვინმემ რა იცით, რა არის სიყვარული? – მე ვიცოდი. 5 წლის ვიყავი, ოთახში ისე შევედი, დიდმა ბებია მარგომ ვერ შემამჩნია, ბუხართან იჯდა და ჩურჩულებდა – ლადიკო, წამიყვანე შენთან, მალე წამიყვანე – ჩემი დიდი ბაბუა ლადო ახალი გარდაცვლილი იყო და ბებია მას თხოვდა, ისევ ერთად ყოფილიყვნენ. გავშეშდი. იმის მერე გაშეშებული ვარ და ვიცი რაც მინდა, როგორც მინდა.

ზუსტად ვიცოდი – მეც ასე მინდოდა.

[To be continued]

ცარიელი დღეები (IV ნაწილი)

Featured image

When Did Your Heart Go Missing?

– Rooney

1.

მესამე ნაწილი ავტვირთე და დომინოს პრინციპით დაიწყო – ძალიან კარგია* – მოვიდა sms. – ნუ მატირებ! – მივიღე მეორე. – წავიკითხე, არ უნდა გეთქვა რო დადე?:) – მომწერა კიდევ ერთმა. – მიყვარხარ<3 – იქვე, ბლოგის ქვემოთ გაჩნდა ვიღაცის კომენტარი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა – ბიჭო, მისმინე, შენი მოთხრობა გავუგზავნე ნაცნობს, ნახავს, სცენარისტი ჭირდებათ და შეიძლება აგიყვანონ – სწრაფად მომაყარა მეგობარმა. – მეთქი მადლობა. – გამიხარდა ჩემზეც რო წერია, უკვე გაგრძელებას ველოდები^^ – მოვიდა მორიგი მესიჯი.

– თამთა ცხვიტავამ დაალაიქა, – შემოვიდა ოთახში ჩემი ძმა, ლეპტოპით ხელში.

– ვინ არის თამთა ცხვიტავა?

– მომღერალი როა, არ იცი? – და ფოტო მაჩვენა.

ვიცოდი. გამიკვირდა. იმიტო რო ქართველი მომღერლები საერთოდ არ ვიცი. მაგრამ ეს თან კარგად მღეროდა და თან მისი სიმღერის ფონზე, მოროშკინამ „არტილერიაში“ ჩაარტყა ვიღაცას ჩანგალი. სანამ ფოტოს ვუყურებდი, ჩემმა ძმამ სიმღერაც ჩართო და „წარმატების საათის“ პროდიუსერმა, მიმის უფროსმა ბექამაც დაალაიქა. ამ დროს WordPress-ზე შეტყობინება მოვიდა – Your stats is booming! Blog is getting lots of traffic. ვირუსული გასართობი იყო. ვაღიარებ, ძალიან ვხალისობდი.

2.

დილიდან ნერვები მომეშალა, ჯერ კიდე მარტის ხელფასი უნდა ამეღო და არ მაღირსეს. ლიტ-კაფეში გავედი და სანამ მეგობარს ველოდებოდი, წერა გავაგრძელე. მალე მოვიდა.

– ჩანთა გაქვს დასვრილი, – შემოვიდა თუ არა, მითხრა თავის დაკვირვებული თვალით.

– ვიცი, სტენსილს რო ვაკეთებდი, მაშინ დამესვარა, – ხელი გადავუსვი საღებავიან ადგილს და 2 ჩაი შევუკვეთე.

– აქაც წერ ხო, დაგირეკა ფინჩერმა? – მკითხა სიცილით.

– ხო, ეხლა იცოდე ამასაც ჩავწერ და მერე ფინჩერი შენც გადაგიღებს. – გამეღიმა მეც.

– ფინჩერი არ ვიცი, მარა ლიფონავა მგონი უკვე მართლა დაგირეკავს. – მითხრა და კიდევ უფრო გაეცინა.

ჩაის ბოლო ყლუპი რო დავლიე, ჩემმა ძმამ დარეკა, რაღაც ფართიზე ვარ, მოდიო, სად მოვიდე, რა მისამართზე-თქო ვკითხე და… დედამოტყნულის 1-შიო!

მივედით. მახსოვს ბევრი დავლიე და მეგობარს მივაშტერდი.

– რა იყო? – მიხვდა, რაღაცის თქმა მინდოდა.

– რა და როცა ვინმე რამეს ძალიან გვაწყენინებს, იმ ადამიანზე ადვილია თქმა, რო ბოროტია და ცუდად მოიქცა.

– უჰუ, – თვალები დახუჭა თანხმობის ნიშნად.

– როგორც წესი, ამ შეფასებით მთავრდება ყველაფერი და არავის არ უნდა ზედმეტი ენერგიის და დროის ხარჯვა  იმის გასარკვევად, თუ რამ ჩაადენინა ასეთი საქციელი. მითუმეტეს რო ამ მიზეზის ძიებამ, შეიძლება არც გამოიღოს არანაირი შედეგი.

– მერე? – მკითხა ცოტა დაღლილად, პატარა პაუზის შემდეგ.

– ხოდა, მე მინდა გარკვევა, –  ვთქვი და ოთახი მოვათვალიერე, ბევრი ხალხი და ნეონის განათება იყო. ყველას ტანსაცმელი თეთრად ანათებდა, მარტო მე მეცვა მუქ ფერებში. რის გამოც, ჩემს მაისურზე, პატარა ზომის თეთრი წარწერა  „IN OFF”, განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანდა.

3.

მეორე დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა. საერთოდ არ მერომანტიულება წვიმა, ამსტერდამში შემძულდა. მოკლედ, მთელი დღე სახლში ვიჯექი. არა, ვიწექი. ვიფიქრე, რამე ამინდის შესაფერისი უნდა გამეკეთებინა და დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, ამერიკელი ფსიქოლოგის სოლომონ აშის ექსპერიმენტზე. ოთახში 8 ადამიანი შეყავდათ, თეთრ ბურთს აჩვენებდნენ და ეკითხებოდნენ, რა ფერის არისო? 8-დან 7 გაფრთხილებული იყო, რო ეთქვათ შავი ბურთიაო. ბოლო ადამიანი, სოციალური კონფორმიზმის მსხვერპლი ხდებოდა და ქათქათა თეთრ ბურთზე, ისიც ამბობდა შავიაო. ამის შემხედვარემ, ვინერვიულე და ზოგადად ადამიანი ისე შემეცოდა, კინაღამ ვიტირე. ჰუჰ, ბოლო დროს, რაღაც, ძალიან სენსიტიური გავხდი.

ცოტა ხანში ნაცნობმა მომწერა – სად ხარ, რას შვები? – სახლში, ვწერ – ვუპასუხე სხარტად. – აუუუ, მაგიდასთან ზიხარ და წერ, სადაც ბევრი ფურცლები და ბიჩოკებით სავსე საფერფლე დევს, მეც მინდა მანდ ვიყო – დახატა კლასიკური მწერლის, რომანტიული სურათი. – სიგარეტს არ ვეწევი, ლეპტოპში ვწერ, ტახტზე ვზივარ და ამიტომ მაგიდაზე მარტო ფეხები მიდევს – მივწერე სიმართლე. – მე ვენაში ვარ. ხვალ ბავშვებთან ფრანკფურტში, ზეგ ნიუ-იორკში. ამაზე არ დაწერო, თორე დაგაჭრი ყურებს! – nice try ვიფიქრე ჩემთვის, აკრძალული ხილის პრინციპით მომიდგა და მიზანსაც მიაღწია.

სამზარეულოდან ბიჭების სიცილის ხმა გამოდიოდა. ცოტა ხანში გამომძახეს, გამო კანაფის ლუდი დავლიოთო, გავედი და ჩემმა ძმამ მომიყვა, ვიღაცას მიუწერია – „ცარიელ დღეებს“ ვკითხულობ, კარგია, მაგრამ მოწყენილი ხომ არ ხარო? – ჩემ ძმას უთქვამს – არა, ეგ მე არ ვარ, ჩემი ძმა არისო – და იმან – აა, შენ ძმაზე წერო?..

4.

უიკენდზე როგორც ყოველთვის Drunken Bassment-ის ეზოში მივედი, დაბადების დღე იყო. უკვე კაი მთვრალები დამხვდნენ და უცნაურ სიჩუმეში ისხდნენ, მუსიკა ქონდათ გამორთული, აღმოჩნდა მეზობელს გაუპათოლოგებია. მეგობარს მივუჯექი, თან ვლაპარაკობდით და თან მისი ტელეფონიდან ცალ-ცალი ყურსასმენით მუსიკას ვუსმენდით. ერთი საათი ასე ეგოისტურად ვერთობოდით და მერე მითხრა, უნდა წავიდეო, მეთქი okay, კარამდე გაგაცილებ-თქო, ავდექით და კიბესთან მივედით. ამდენ ახლობლებში ერთი უცხო ტიპი იყო, უცებ მაინცდამაინც ის ადგა და – მოდი აქო – დაუძახა. – მეგობარმა – მეჩქარებაო. – იმან კიდე – ეე, გოგო, რო გეუბნები მოდი აქო! – მოკლედ, კიბეზე ასვლისას მაინც დავაზუსტე – ის შენი ნაცნობია, რო დაგიძახა-თქო? – არა, დღეს პირველად ვნახეო. – ჰოდა, გავაცილე, ჩავბრუნდი, აუღელვებლად მივადექი და კულტურული ტონით ვუთხარი – მე მგონი, გოგოს, „ოე, მოდი აქ“, ესე რო უყვირი, არაეთიკური და უზრდელური საქციელია-თქო. – ჭკუას მასწავლიო? – გადმოყარა თვალები. – რა პრობლემაა-თქო? – გავაგრძელე წყნარად. – მე მეკითხები რა პრობლემააო? – მეთქი ხო, რა პრობლემაა, რო გკითხო რა პრობლემაა-თქო? – გავურთულე შეკითხვა. ამაზე წამოხტა და – მე, ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ მეტყვის, სად, რა და როგორ უნდა ვთქვაო! – მეთქი თუ საჭირო იქნება, ყველგან და ყოველთვის გეტყვი-თქო – აქ უკვე ყველანი წამოიშალნენ. მოკიდეს ხელი, გაიყვანეს ქუჩაში და გაუშვეს სახლში. დაძაბულობის მოსახსნელად, ხმამაღლა ვთქვი, ახალი ბლოგისთვის მასალა მჭირდებოდა და ეს სკანდალი სპეციალურად მოვაწყე-თქო, ყველას გაეცინა. ოთახში შევედი, ტელევიზორთან ჩავიარე, ვიღაცეებს ჩცდ-ს ახალი სერია ქონდათ ჩართული – ქალს ჩემი თანდასწრებით ესე ნუ ეხები – მშვიდად და მკაცრად თქვა „გმირმა კოტემ“.

5.

ფსიქოლოგთან კაბინეტში ვიჯექი, ოთახს ვათვალიერებდი. მაგიდის თავზე, პოსტერზე ეწერა – „უყვარდე ყველაზე მეტად, ნამდვილი სიყვარულით. უმაღლესი სიამოვნებაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დედამიწაზე განიცადო“ – სიორენ კირკეგორი.

– ხანდახან რაღაცეები მახსენდება მწარედ. – ვთქვი და ფანჯარაში გავიხედე. თავსხმა წვიმა იყო.

– მაგალითად რა გახსენდებათ?

– „მე ეს ურთიერთობა ამოვწურე“ – საყვარელი ადამიანისგან ამის გაგონება საკმაოდ მტკივნეული იყო. მითუმეტეს, როდესაც ის ჩემთვის ძალიან საინტერესო, ღრმა და ამოუწურავია.

– კონკრეტულად რა შეგრძნება გქონდათ იმ სიტყვების გაგონებისას?

– თვალებში დამიბნელდა. მაგრამ, მგონი არაფერი შემტყობია, თითქოს სახე გამიშეშდა. მარტო ხელები ამიკანკალდა და მაგიდის ქვემოთ დავმალე. შიგნით კი ყველაფერი ჩამწყდა. თან ეს ამდენი ემოცია ერთ წამში განვიცადე და პლუს მახსოვს, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი.

– თავმოყვარეობაზე შეგეხოთ?

– კი, იმიტომ რო არ მეგონა, თუ ასე მალე შეიძლებოდა ჩემი ამოწურვა.

– გინდოდათ გაგღვიძებოდათ?

– დიახ, ალბათ.

– ჰოდა გაიღვიძეთ… გა-იღ-ვი-ძეთ!

თვალები გავახილე. ფსიქოლოგთან სავარძელში ვიჯექი.

– ბოდიში, – ვთქვი და წამოვიწიე.

– მე რას მებოდიშებით, უბრალოდ სეანსის დრო გავიდა, 1 საათია გძინავთ, ძილში რაღაცას ბურტყუნებდით, მაგრამ ვერაფერი გავიგე. შემდეგში გამოძინებული მობრძანდით. – მითხრა სწრაფად და გამომისტუმრა.

გამოვედი, გარეთ მშვენიერი მზიანი ამინდი დამხვდა.

6.

Britain’s Got Talent-ის ფინალს ვუყურე, ძაღლმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა იხუმრა, ყველაზე ნიჭიერი მაინც მე გამოვდივარ, ადამიანებშიო. ამ დროს მეგობრებმა დამირეკეს Lisi Wood-ზე ამოდიო. ხო იცით, არსად არ დავდივარ, ვუპასუხე მე და შარშანდელი Lisi Wood-ი გამახსენდა.

ერთად ვიყავით, ხელის გულზე ორად გაყოფილი Extasy მედო, ერთმანეთს ვუყურებდით, არასდროს მინახავს ასეთი მეტყველი თვალები. გადავყლაპეთ. მერე მახსოვს ცეკვავდა, ზურგს უკან ვიდექი საშინლად ბედნიერი. ჩემს გვერდით მისი დაქალი შევნიშნე, რომლისკენაც გადავიხარე და ყურში ჩავყვირე.

– რაღაცას გეტყვი და მინდა რო კარგად დაიმახსოვრო. – ვგრძნობდი, მეხსნებოდა.

– გისმენ. – იყვირა იმანაც.

– ხო შენი უახლოესი მეგობარია და იცოდე რო ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და მინდა სულ ასე იყოს. ოღონდ იმიტო არ გეუბნები რო უთხრა. უბრალოდ, შენ იცოდე, როგორც მისმა საუკეთესო მეგობარმა, თორე თვითონ ისედაც იცის, რო ვგიჟდები მაგაზე. – ერთ ამოსუნთქვაზე და გაბრწყინებულმა ვთქვი მე.

– კარგი, არ ვეტყვი და დავიმახსოვრებ, – დააქნია თავი გაღიმებულმა.

ეხლაც, ალბათ, ერთად იყვნენ Lisi Wood-ზე.

ნეტა, თუ ახსოვდა რაც ვუთხარი.

[To be continued]