ყვითელი ჩაიდანი

 

Girl, you’re just a, a child

– Angus and Julia Stone

1.

რიფერში ვიყავი, 00:00 საათს ველოდებოდი, „ცარიელი დღეების“ ბოლო ნაწილი უნდა დამედო და აღმოჩნდა Wi-Fi არ იჭერდა. ვიფიქრე სახლში წავალ ავტვირთავ და დავბრუნდები-თქო, მარა ანამ მითხრა გაჩერებაზე გადი და Tbilisi Loves You-ს დაიჭერო, ჰოდა, ასე, ცოტა სასაცილოდ გამოვიდა, უკანასკნელი ნაწილი ქუჩიდან ავტვირთე და რიფერში ჩავბრუნდი.

ანა მუშაობას რო მორჩა, გადავწყვიტეთ დიდ გალერიში წავსულიყავით, ოღონდ ცოტა გვშიოდა და მანამდე სმარტში შევიარეთ, ანას მეგობარი მარიამიც ჩვენთან ერთად იყო. სმარტში ვიღაც ბიჭები შეგვხდნენ და ლობიანებზე დაგვპატიჟეს. ამასობაში გოგოებმა კოკის დაურეკეს, თხოვეს გამოსულიყო და გალერიში შევეყვანეთ.

კოკი გარეთ დაგხვდა და შევედით, იქ ცოტა დავლიეთ, კიდე სხვა მეგობრებიც შეგვხდნენ, ვიცეკვეთ, მომწონდა, ანა როგორც ცეკვავდა, გაფრთხილებული ვიყავი, რო ცეკვა მარტო უყვარდა, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ ისეთ დისტანციაზე ვყოფილიყავი, რომ არც ვინმე სხვას შეეწუხებინა. მოკლედ ნორმალურად გავერთეთ და გამოსვლისას აღმოჩნდა რო მასაც მოეწონა, როგორ ვცეკვავდი.

2.

მეორე დღეს ანა არ მუშაობდა და რიფერში ისე წავედით. შევდივართ და რას ვხედავთ… თურმე წინა ღამეს დაბადების დღე ვისაც მივულოცე, იქ არის და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს… ჰოდა, მივედი და ვუთხარი – გილოცავ, ბლოგიდანაც მოგილოცე და აი, პირადადაც გილოცავ-თქო – მადლობაო – მითხრა და დავბრუნდი ბართან.

კარგად ვიყავი – ანასთან ერთად ვიყავი… ცოტა დავლიეთ, ისინი ცეკვავდნენ, მერე ჩვენც მივედით სტუმრებთან ახლოს და ანას ვუთხარი – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეხლა 17 ათასი მკითხველია ცოდო, ამ ამბავს თუ ვერ გაიგებენ-თქო.

მოკლედ, მერე იუბილარი და სტუმრები წავიდნენ და ცოტა ხანში ჩვენც Wall-ში ჩავედით, 1-2 ჭიქა დავლიეთ და წავედით ბასიანზე, სადაც ისეთი ჭყლეტა იყო, 2 საათზე მეტი ვერ გავჩერდით და ამ 2 საათიდანაც ნახევარი სკამზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით.

3.

შემდეგ დღეს ანას რიფერში მუშაობის ბოლო დღე იყო, პატარა, ლამაზ, მყუდრო, საყვარელ, კუსკუსა კაფეში Carpe Diem-ში გადაწყვიტა გადასვლა. რიფერში ნათლიაჩემთან ერთად მივედი, კვირა დღე იყო და ბევრი ხალხი არ დაგვხდა, ნათლიაჩემი რაღაც საქმეებზე მელაპარაკა და მალე წავიდა.

მერე მეგობარი მოვიდა, იმასაც რაღაც თავისი ამბები ქონდა მოსაყოლი, თან ვწრუპავდით, სადღაც ერთ საათში ანა მუშაობას მორჩა და მეგობარმა შემოგვთავაზა მანქანით წაგიყვანთო, ანა ყველას გამოემშვიდობა, მერე მანქანაში ჩავსხედით და წავედით და ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიგვიყვანა და უნდა ჩამოვსულიყავით, პატრულმა გაგვაჩერა, მეგობარმა ჩადით და მე ჩემი პომადიანი ტუჩებით ისე გავუღიმებ, არ დამაჯარიმებენო. ჰოდა წამოვედით.

ცოტა ხანში სმს მივიღე – დამაჯარიმესო – ჰმ, როგორც ჩანს ალკოჰოლმა მაინც გადაფარა პომადა…

4.

გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე არსად გავსულიყავი, მანანას დაბადების დღე იყო, საღამოს სტუმრები მოვიდნენ, სოკოს ვჭამდი გემრიელად, რომელიც ძალიან მიყვარს და პოლიტიკაზე კამათს ვუსმენდი, რაც პირიქით ძალიან არ მიყვარს.

სტუმრები როცა წავიდნენ, ტელევიზორთან ჩავჯექი, რასაც ბოლო დროს იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ჩემპიონთა ლიგას ვუყურე, ბაიერნი ბენფიკას ხვდებოდა და ჩემ ბიჭებს დიდად არ გაუჭირდათ თამაში.

მერე ძილის წინ ცივი ყავა გავიკეთე, ტორტის მოზრდილი ნაჭერი მოვიჭერი და ჩემი ცოლის დაქალების სერიები ვნახე.

5.

ამასობაში როგორც იქნა მუშაობა დავიწყე, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტში, კოპირაიტერის თანამდებობაზე. მოკლედ, მშვენიერი სამსახური აღმოჩნდა.

დედაჩემის და ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო, მივედი მივულოცე, დედაჩემს 3 თეთრი ვარდი ვაჩუქე, როგორც თვითონ მთხოვა, ბაბუას რაღაც კარგი კატალოგი. საღამოს ანას გავუარე Carpe Diem-ში და მუშაობას რო მორჩა ჯერ განახლებული ბაუჰაუსის გახსნაზე წავედით, სადაც ანას მეგობარმა ანიმ დაიწყო მუშაობა და იქიდან გალერიში დაბადების დღეზე, მაგრამ თან უკვე გვიანი იყო, თან ისედაც შუა კვირა და ამიტომ ცოტა ხალხი დაგვხდა, მოკლედ მალე წამოვედით სახლში.

გზაში ლუდი და რაღაც სახრამუნოები ვიყიდეთ, მერე უგემრიელესად დავსხედით, ჯერ გახმაურებული The Lobster ვნახეთ და ცნობილი იაპონური ანიმაცია Sprites Away-ც მივაყოლეთ.

6.

ბაუჰაუსში წავედით, მარიამიც მოვიდა, მერე იქიდან Wall-ში ჩავისეირნეთ, კოჩაროვი და ბაკურა შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ გვებოდიალა, ჯერ წავედით ამქარში, სალიოს კონცერტზე, იქ მახსოვს ვიღაც გოგო მომადგა, მომხედეო მითხრა, მეთქი მარტო არ ვარ Sorry… მერე კიდე ვიღაც მოვიდა მე შენს ბლოგს ვკითხულობო, მეთქი მორჩა ბლოგი-თქო. მოკლედ იქიდან გადავწყვიტეთ რიფერში ჩასვლა და იქ კოჩაროვს ეცა ვიღაც გოგო, მეცნობიო, ნიკა ეუბნება მე არ გიცნობო, ამ დროს მე მივედი, ეს გოგო შემომიტრიალდა და რა საყვარელი ხარ, საყურე რო გიკეთიაო, მეთქი ვაჰ… მე და ნიკა ერთად ვართ-თქო, არ დაიბნა, თუ არ გჯერა აჰა-მეთქი და ტუჩებში ვაკოცე კოჩაროვს, აქ ცოტა უკვე დაიბნა, კაი ხო გეხუმრები-თქო ვუთხარი, აი ეს გოგოა ამის ცოლი-თქო და მარიამზე ვაჩვენე და მე ამათი მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ-თქო, ჰოდა, მოკლედ ამდენი რამის მერე, როგორც იქნა, დაგვანება თავი. მერე მახსოვს ისევ Wall-ში ჩავბრუნდით და ბოლოს ჩემთან მივედით ჩაის დასალევად, მარა აღმოჩნდა ჩაიდანი აღარ მქონდა და უცებ კარადაში აღმოვაჩინე ყვითელი ჩაიდანი, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს სახლში, რომელიც 10 წლის წინ გავყიდეთ, სამზარეულოში იდგა კარადის თავზე და მე ქვემოდან სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, ჰოდა გამოვიღეთ ეს ჩაიდანი და წყალი დავადგით.

Carpe-ში ხშირად მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები, არეშკა, ლადო, ცავკა, ნატა ჟღენტი, ნათლიაჩემიც იყო რამდენჯერმე, ერთხელ ნიკუშა, კოტე და ლევანიც იყვნენ, დიანა და ელენეც ყოფილან, მარა იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით და თითქმის ყველას მოწონდა. ამის გარდა, ჩვენც ბევრგან დავდიოდით, ერთ დღეს ტოფუ გავსინჯეთ ჩინურში, ერთხელ კივიში ვიყავით, ერთხელ ჩებურეკების საჭმელად, ერთხელ ფრის შაურმა ვჭამეთ გვიან, ერთხელ ვარშავაში ანასგან პატარა ინტერვიუ აიღეს, ერთხელ მზესუმზირის ფართიზეც ვიყავით, ერთხელ მტკვარზეც, ერთხელ Fire Wok-ში, ნელიკოსთანაც ვჭამეთ ბლინები, მერე კინოში ვიყავით „ელვისი და ნიქსონი“ ვნახეთ, მერე ანა ვეგეტარიანელი გახდა და ვენდისში ვეჯი ბურგერის გასასინჯად წავედით და სათამაშო ავტომატებითაც ვითამაშეთ, ცხვირიც გაიხვრიტა და სალონში ფოტოებს ვუღებდი, თუ როგორ გმირულად და ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე გაუძლო ამ ამბავს. მოდა-მოდაშიც ვიყავით, შემომეჭამაში ხინკლის მერე მამალოებიც ვჭამეთ, Night Pizzas ახალი ნუტელიანი პიცაც გავსინჯეთ ბანანებით, კიდე Flea Market-ზე ერთი სამჯერ გამაჩერეს უცნობებმა, შენი ბლოგი მოგვწონსო, მითხრეს და ერხელ საერთოდ ღამე ქუჩაში მოვდიოდით მეგობრებთან ერთად და უცებ თინა ხიდაშელი შემეჩეხა ჯარისკაცებთან ერთად და გამარჯობაო მითხრა, მერე უცებ შემომხედა და ბოდიში ვერ გიცანი, შემეშალეო და მე ვუთხარი, არა უშავს, მე გიცანით-თქო და ყველას ძაან გაეცინა, ჩვენც და ხიდაშელის გარშემო მყოფ ჯარისკაცებსაც. ანამ თქვა ალბათ ესეც შენ ბლოგს კითხულობდაო.

ერთხელაც, ანდერვილშიც წავედით სპრინგ სეტზე, სადაც ჯერ Ten Walls-ი უკრავდა და მერე Tummetott-ი, რომელიც ანას ძალიან მოწონს, ჩვენთან ერთად ასტერიქსი და ობელიქსი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლეს, თუმცა მაინც კარგი იყო, ლამაზად გათენდა, ზემოდან გადმოვხედეთ ქალაქს, საბაგიროთი ჩამოვედით და ვიგრძენი, რო ანა მართლა კმაყოფილი იყო. მანამდე სახლიდან სანამ გამოვიდოდი, Tummetott-ის ანას ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩავრთე ხმამაღლა და ჩართული დავტოვე, ისე დაემთხვა, რო იმ დღეს Tummetott-მა ეგ არ დაუკრა და დილით სახლში რო მივედით, უცებ სიურპრიზად დაგვხვდა ჩართული, უკვე სადარბაზოში ისმოდა ხმა… ანას გაეღიმა.

მართლა ბედნიერი ვიყავი.

 

 

Advertisements

ცარიელი დღეები (XVII ნაწილი)

Featured image

Have to tell you that I love you so much these days, it’s true

– Gorillaz

1.

ზაფხულში საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრები ჩამოდიან. ყოველ აგვისტოს ასეა. იდეაში მეც არ უნდა ვყოფილიყავი აქ, მაგრამ უკვე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც დავბრუნდი და დავრჩი. Book Corner-ში მივდიოდი, ერთი გერმანიიდან და ერთი ისრაელიდან ჩამოსული უნდა მენახა. მივედი, ჯერ 1-2 სიტყვით ჩვენი ამბები მოვყევით, მერე ადგნენ და 2 საათი ილაპარაკეს – საკონცენტრაციო ბანაკებზე, ოსვენციმზე, ჰოლოკოსტზე, პალესტინაზე, ღაზის სექტორზე. ხოდა მოვიწყინე.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა McDonald’s-ში წავიდეთ შეიკის დასალევადო და ამოვისუნთქე. პატარა შეიკი შევუკვეთე და კიდე კაი „საბავშვოაო“ არ მითხრეს. სანამ რიგში ვიდექით, ერთი ისტორია გამახსენდა, ახალი ჩამოსული ვიყავი, McDonald’s-ში შევედი და Veggie Burger-ი მოვითხოვე, რაზეც მიპასუხეს – არ გვაქვს, მარტო ოთხშაბათს და პარასკევს გვაქვს სამარხვოო. ხო, მაგრამ მაგას ხომ Veggie Burger-ი ქვია და არა სამარხვო ბურგერი-თქო. მოიცადეთ ერთი წუთით, ადმინისტრატორს დავუძახებო. მოვიდა ადმინისტრატორი, ვითომ იმაზე უფრო ჭკვიანი და ვეუბნები, საზღვარგარეთ McDonald’s-ებში Veggie Burger-ი ყოველდღე აქვთ ხოლმე-თქო. მიყურებს შუშის თვალებით და უცებ მეუბნება: ააა, ესე იგი საზღვარგარეთ ყოველდღე მარხვააო?!

პატარა პაუზა გავაკეთე. მივხვდი ჩემს, მის, მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს. უხმოდ შემოვტრიალდი და მშიერი წამოვედი.

2.

Wall-ში ვიყავით, მეგობრის დაბადების დღე იყო, ყველამ ბევრი დავლიეთ. მემე მახარაძე შემხვდა:

– შენი ბლოგი წავიკითხე, – მითხრა და ბარში რაღაც შეუკვეთა.

– აჰა, სთარებიც კითხულობენ შენ ბლოგს, – გაიღიმა გვერდით მდგომმა მეგობარმა.

– ძალიან კარგი, – ვუპასუხე ვაჟა ზაზაევიჩის ინტონაციით.

– წავედი, მე მოვფსამ, – თქვა მეგობარმა და წავიდა.

– როგორი აუცილებელი ინფორმაცია მოგვაწოდა, – შემოტრიალდა მემე ღიმილით.

ამ დროს სხვა მეგობარმა ჩაგვიარა.

– შენ მოფსი უკვე? – ვკითხე ინერციით.

ის, რა თქმა უნდა, ამ სულელურ ხუმრობას ვერ მიხვდა, გაგვიცინა და არაფერი გვიპასუხა. მერე მე და მემემ ვთქვით, რომ საერთოდ ადამიანებს შეხვედრისას „როგორ ხარ?“ კი არ უნდა კითხო, ესე უნდა ეკითხებოდე – რას შვები, მოფსი? – მოკლედ, ესე მთვრალურად წავიმხიარულეთ და მალე დავიშალეთ.

– 1 ლუდი მინდა, – გავხედე ბარმენს, რომელსაც აქ მუშაობა ახალი დაწყებული ქონდა და უცებ გაცნობა გადაწყვიტა:

– შენ გეტყობა, რო დიდი ხარ, ნუ ეხლა ჩემზე უფროსი ვერ იქნები, მე 32-ის ვარ… – და მერე აღარ მახსოვს რა მითხრა.

გვიან გალერიში წავედით, სადაც შესასვლელთან 2 გოგო დაგვხვდა. წუწუნებდნენ, Face Control-ი არ გვიშვებს, არასრულწლოვნები ვგონივართო.

– აბა ეს რამდენი წლის არის? – კითხა Schrüte-მ და ჩემზე ანიშნა.

– რავი, მე ალბათ 21-ის იქნება, – ზედმეტი მოუვიდა კართან ატუზულ გოგოს.

– ეხლა შენ წინ ვდგავარ და17 წელი შეგეშალა, ხოდა Face Control-ს კამერის იქიდან 1-2 წელი თუ ეშლება, ნუ გაგიკვირდება-თქო, – ვუთხარი ასაკის შესაფერისი ტონით და კლუბში შევედი.

3.

დილით რო გავიღვიძე, მშიოდა, თანაც ეტყობა ძალიან, იმიტო რო 3 უბნის იქით წავედი საჭმლის მოსატანად. სოლოლაკში დადიანზე გაიხსნა პატარა ჩინური Fast Food რესტორანი სახელად Fire Wok.

საზღვარგარეთ გემრიელად ჭამისას არაერთხელ გვინატრია, ნეტა ჩვენთანაც იყოს ასეთი ადგილი – სადაც მიხვალ, იქვე შენს თვალწინ მოგიმზადებენ და პატარა ყუთში ჩაგიყრიან ბრინჯს ბოსტნეულთან ერთად, როგორც ჩემ შემთხვევაში, ან ხორცთან ერთად, თუ გიყვარს. უგემრიელეს ტკბილ-ცხარე სოუსებსაც მოგისხამენ. ეგრეთწოდებულ ჩინურ ჩხირებსაც მოგცემენ და პლასტმასის ჩანგალსაც, რომლითაც უფრო გეხერხება, იმით რო მიირთვა და მოკლედ 5 წუთში გამოგიშვებენ კმაყოფილს.

მარა ჩემი საყვარელი ტოფუ არ ქონდათ, ესე მითხრეს, მალე ვაკეში უფრო დიდი რესტორანი გაიხსნება და იქ გვექნებაო, ხოდა ტოფუსთვის სხვაგან წავედი, აღარ მშიოდა, მარა მაინც. მაცივარში შევაგდე და კარგიც ვქენი. გამთენიისას გაგვეღვიძა, გავაცხელეთ, ვჭამეთ და ისევ დავიძინეთ.

4.

– იცი, ხანდახან უბრალოდ ცარიელი დღეები კი არა, მძიმე ცარიელი დღეები მაქვს. მაგალითად მივდივარ ქუჩაში და თვალში სულ ის ადგილები მხვდება, სულ ამაზე მეფიქრება: აი, აქ შევხვდი. აი, აქ ველოდებოდი. აი, აქ გამოიქცა და ჩამეხუტა. აი, აქ გავაცილე. აი, აქ ვისხედით. აი, აქ ვიცინეთ.

– რას ბოდავ? – ჩამესმა უცებ ბოხი ხმა.

ოთახში მარტო ვიყავი, სავარძელში ვიჯექი და წარმოსახვით მეგობარს ვესაუბრებოდი ხმამაღლა, ამიტომ დაფეთებული შევხტი და ზევით ავიხედე.

– ზევით რატო იყურები, ეს ათეისტი კაცი? – ბოხ ხმას ირონია შეეპარა თბილად.

– უცხოპლანეტელების მჯერა და იმიტომ, – გავეცი ღირსეული პასუხი.

– კაი და რას ლაპარაკობდი? – ამ დროს მივხვდი რო ხმა ზემოდან კი არა სამზარეულოდან გამოდიოდა.

– რა გინდა? – როგორც იქნა, ავდექი, რო მენახა, ვის ვესეუბრებოდი.

– რა მინდა და ისე ბოდავდი, როგორც რომანტიულ-კომედიებში თინეიჯერებზე, – თქვა და გაზის მრიცხველიდან მონაცემები ჩაიწერა.

– კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? – მაია იყო, რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს, ის უკვე რამოდენიმე წელია, თვეში ერთხელ მხოლოდ კარში გაჩრილ ტელეფონის ნომერს მიტოვებს, მერე მე ვურეკავ და მონაცემებს ვაწერინებ.

– ჩემი წარმოსახვა გამოვიყენე, – მიპასუხა და გაქრა.

გამეღვიძა.

5.

ბავშვობაში ჩემთვის 1 სექტემბერი სწავლის დაწყებასთან არ ასოცირდებოდა. 1 სექტემბერს დედას კინოში მივყავდი ხოლმე. არ ვიცი რატომ გვქონდა ასეთი ტრადიცია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია სახალისო იყო.

მთელი დღე სახლში ვიჯექი, სალომე საქმეებზე დარბოდა, წასასვლელად ემზადებოდა. ვიფიქრე რამეს სისულელეს ვუყურებ-თქო და ტელევიზორი ჩავრთე და ისეთი ვიპოვე, რო ამაზე სულელურს ვერც ინატრებდა ადამიანი – Asterix and Obelix: God Save Britannia ვნახე. საღამოს სალომე რო მოვიდა, ერთად ახალ ფილმს ვუყურეთ Hector and the Search for Happiness ნორმალური ფილმი აღმოჩნდა. მოკლედ მაინც ისე გამოვიდა, რო 1 სექტემბერი ფილმებს დავუთმე და გვიან დედაჩემის sms მივიღე – დედა! კინოში, რომ არ წაგიყვანე დღეს….:* – ჰმ, თვითონაც ახსოვდა.

ამასობაში ძილის წინ შევამჩნიე, Google-ს ლოგო შეუცვლია, არ მომეწონა, ვერ მივხვდი, რას ერჩოდნენ ძველს. მე ხომ გულის სიღრმეში კონსერვატორი ვარ და ყველანაირი სიახლის მიღება მიჭირს.

6.

PSP-ს გათამაშების ბილეთები მქონდა, პირდაპირი ეთერის ყურება დამავიწყდა და გამარჯვებულების სანახავად მათ საიტზე შევედი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩემი სახელი და გვარი არ დამხვდა.

სამაგიეროდ უცებ მამაჩემისგან მივიღე მშვენიერი სიურპრიზი, შენი ფლეშკა მომეცი, რაღაც უნდა ჩაგიწეროო, მივეცი და ჩამიწერა 3 პატარა ფილმი, რომლებშიც მე ვთამაშობდი. ნუ, „ვთამაშობდი“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მარა თურმე 4 წლის რო ვიყავი, გადაუღია და მე არც კი მახსოვდა, მოკლედ ძაან საყვარლობა იყო. ერთს აქაც დავდებ, 3 წუთიანია და თუ გაინტერესებთ როგორი მსახიობი ვიყავი, შეგიძლიათ უყუროთ.

ისე, რაც მაგ პერიოდიდან მამაჩემთან დაკავშირებით მახსოვდა, ის იყო, რო ერთხელ თმა გადამხოტრეს და ძალიან განვიცდიდი, მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი, როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს ამბავი სამსახურში მყოფ მამაჩემს ამცნო, ხოდა საღამოს, როდესაც მამა სახლში მოვიდა, კარი გავაღეთ, ის ეშმაკურად იღიმოდა, მე ალბათ თავს ვმალავდი, არ მახსოვს, მან კი უეცრად ქუდი მოიხადა და ჰოპ! აღმოჩნდა რო თმა მასაც ბოლომდე გადაუხოტრავს. გამიხარდა და ალბათ მაშინ პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავდა სოლიდარობა.

[To be continued]