ცარიელი დღეები (XXXV ნაწილი)

But you’re walking away

– Suede

1.

საბანაოდ შევედი, საშხაპო კაბინის რადიო ჩავრთე და მასეო პლექსის სეტი ჩაირთო. როგორ ვიბანავე არ მახსოვს, როგორ გავიმშრალე, არც ეგ მახსოვს, საერთოდ სწრაფად ვბანაობ და დიდი ხანი კაბინიდან რო ვერ გამოვდიოდი, აი ეგ კი დამამახსოვრდა. ბანაობის დროს სიმღერაზე ბევრი მსმენია, ცეკვა კი ნამდვილად სიახლე იყო.

Wall-ში წავედი, სადაც ძალიან კარგი ამბები დამხვდა. 12 საათზე ჩემი მეგობრის მარიამის დაბადების დღე დგებოდა და მისმა შეყვარებულმა, ასევე ჩემმა მეგობარმა მემარნამ, საჩუქრად საქორწინო ბეჭედი აჩუქა. მარიამის გარდა ყველანი გაფრთხილებულები ვიყავით და 12-ზე ბართან შევიკრიბეთ, რომ ის ღირშესანიშნავი მომენტი არ გამოგვრჩენოდა. ჰოდა, მოკლედ ასეთი სახალისო ამბავი შედგა. ბედნიერება ვუსურვეთ, ჩავეხუტეთ და გავაგრძელეთ გართობა.

მე ჯერ ჩემს ბავშვობის ძმაკაცთან ერთად ვიჯექი, ცოტას ვწრუპავდი და მერე ერთ ახალგაცნობილ გოგოს ვუხსნიდი, რო ნიკუშა და ანდრო არიან ჩემი ძმები, ლადო კი ჩემი ბიძაშვილი, მარა ლადო არ არის ნიკუშას და ანდროს ბიძაშვილი და სანდრო არის ლადოს ძმა, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი არ არის. მერე ამას დავუმატე ის, რო ანა ლადოს დაა, ხოლო სანდროს და ლიზაა. ნატა და ანდრია კი სანდროს დეიდაშვილები არიან. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვებოდი, რომ ესენი ყველანი იქ იყვნენ. გოგომ, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაიგო. ნუ, ვერავინ ვერასოდეს იგებდა ჩვენი ოჯახის ამ რთულ სქემას. მაგრამ, მაინც აინტერესებდათ ხოლმე და ესენი ყველანი კი იქვე ბარში იყვნენ, მარა ერთად ვერ შევკრიბავდი, ამიტომაც ვცადე მაგიდაზე მყოფი ნივთების მეშვეობით ამეხსნა – აი, ეს ვარ მე, მოვკიდე ხელი ჭიქას, ეს არის… და ხელში საფერფლე ავიღე… მოკლედ, 4-5 ნივთის ერთ კუთხეში დახვავების შემდეგ სიტუაცია კვლავ ბუნდოვანი გახდა და ბოლოს მახსოვს, თუ როგორ ვხატავდი ფურცელზე დიდ ხეს.

2.

დილით, რო გავიღვიძე, გამახსენდა ღამე Wall-ში სულ რაღაც 1 წამით ის ლამაზი გოგოც ვნახე, სათამაშოების მაღაზიაში რო შევხვდი და როგორც ყველაფერი გარშემო, თვითონაც ფერადი რო იყო. აქვე ჩავიარე, დაგინახე და შემოვედიო, მომესალმა და წავიდა, ერთადერთი რაც მოვასწარი, ჯიბიდან პატარა სათამაშო ამოვიღე და ვაჩუქე.

საღამოს ნათლიაჩემთან ავედი, ისევ მუსიკალური ვიდეოს სინჯებისთვის მთხოვდა ვინმე შემარჩევინეო და ერთად ვეძებდით კანდიდატებს ჩემს ფრენდებში.

ღამე სად წავიდოდი?..  მართალია – Wall-ში. მაგრამ, ციოდა და ცოტა ხალხი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ არტ-კაფეში ასვლა, იქაურობა გადატენილი იყო, თავიდან შესვლისას დაცვამ ცოტა ნერვები მომიშალა – რაღაც აქ ნუ დადგები-იქით დადექი სისულელე ბაზარით, მარა მალე გადავიტანე ყურადღება ერთ ფერად-ტატუებიან გოგოზე და ნერვებიც დამიწყნარდა, დავლიეთ-ვიცეკვეთ და მერე ეს გოგო ძაან ცუდად გახდა და ბოლოს მაინც გართობის მაგივრად გამოვიდა ზრუნვა. მაგრამ, არა უშავს, ეგეც კარგად გამომდის. სამაგიეროდ, მე დამრჩა იქ ჟაკეტი, მარა დავრეკე და ჩვენ გვაქვსო, ჰოდა მივალ ამ დღეებში და წამოვიღებ.

3.

– შენ ხარ ბლოგსტარი! – მითხრა მეგობარმა და ვიცინეთ.

– უი, სტარზე გამახსენდა, ბეგბედერზე არ მიდიხარ? – ვკითხე და ნაყინში ბანანი ჩავაჭერი, ცივ საუზმეს ვამზადებდი.

– არა, მაგარი ჭყლეტვა იქნება, მარა, თან ყველა ეგრე იფიქრებს და არავინ არ მივა.

– ნწ, ჭყლეტვა მაინც იქნება და მაგ ჭყლეტვაში მყოფები მიხვდებიან, რო, კიდე კაი, ზოგმა ეგრე იფიქრა და არ მივიდნენ, თორე მერე იქნებოდა დედის ჭყლეტვა…

– ხალხს კიდე ესიზმრები?

– კი, იმის მერე კიდე სამმა მომწერა.

მერე რაგბი დაიწყო, ტელევიზორი ჩავრთეთ, საქართველო ხვდებოდა რუსეთს და რა თქმა უნდა, ჩვენებმა მოიგეს და გაგვახარეს.

ღამე ფეისბუქს ჩავუჯექი და რაღაც საგიჟეთი ხდებოდა. თურმე რომელიღაც პოლიტიკოსს ვიღაც ნაგვებმა  ფარული კამერით გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველო კადრები აუტვირთეს და ამაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი. ამის გარდა თსუ-ში იყო სტუდენტებს შორის რაღაც შეხლა-შემოხლა და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა ოდიოზური პიროვნება ლევან ვასაძე, რომელიც ბოდავდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჯერ თქვა – გულთგონთხართაო. მერე – ლიბერი იყო რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთიო. მოკლედ, რომ ვთქვა – ოპალა ისარიგა ომენესი გარიგა!.. მერე კიდევ უკვირთ, ღამე რატომ არ გეძინება ხოლმეო.

4.

ქუჩაში მივსეირნობდი ღამე, უცებ დიდი ყვავი მოფრინდა და ცდილობდა თავში ჩაენისკარტებინა, ხელით ვცდილობდი მომეშორებინა.

– ჰომო, ურბანიკუს ჰედონიკუს! – გავიგე ხმა ზურგს უკან, შემოვტრიალდი და უცნაურთვალებიანი ბავშვი იდგა.

– შენ არასოდეს არ გძინავს, ხო? – ვკითხე და ზემოთ ავიხედე, ყვავი აღარსად იყო.

– მადლობა მაინც გეთქვა.

– ჰო, კაი მადლობა და რატო არ გძინავს? – ვუთხარი და თმებზე ხელი მოვუთათუნე.

– ჰო, კაი არ მინდა შენი მადლობა… როცა შენ გძინავს, მე არ მძინავს… წავედი ეხლა უნივერსიტეტში, თვითმმართველობის კანცლერი გაფრინდაშვილიც უნდა გავაქრო ყვავივით, – და სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა გზა.

მე კიდე კაი ხანი ვიდექი გაკვირვებული, ვუყურებდი, სანამ თვალს მოეფარებოდა, მერე ცოტა ხანი თვალებიც დავხუჭე.

5.

რო გამეღვიძა, კარგი ამბავი დამხვდა, ბიძაჩემის დიზაინით გაკეთებულმა განახლებულმა ლარმა წლის საუკეთესო ევროპული ბანკნოტის ჯილდო მიიღო.

მთელი დღე სახლში ვიყავი, გარეთ ისევ აცივდა. ვფიქრობდი იმაზე, ჩემზე….. ჩვენზე არ ვფიქრობდი, „ჩვენ“ – ასეთი ცნება აწმყოში აღარ არსებობდა. ვფიქრობდი, რა ხდებოდა მანამდე მის ცხოვრებაში და ჩემსაში. რა მოხდებოდა მერე ჩემს ცხოვრებაში და მისაში. ამ ყველაფერზე ხომ ისედაც ათასჯერ მქონდა ნაფიქრი და ზოგი მირჩევდა შემეწყვიტა. არ ვიცი, შეიძლება მართლებიც იყვნენ, თუმცა სხვების აზრი დიდად არ მაინტერესებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი და ამიტომაც ბუნებრივად მეფიქრებოდა.

ღამე ფეხბურთს ვუყურე, ბაიერნმა მანერვიულა, იუვენტუსთან აგებდნენ, მარა ბოლოს სასურველი შედეგი დააფიქსირეს და კმაყოფილმა დავიძინე.

6.

22 იანვარს Suede-ს ახალი ალბომი გამოსულა. ჰოდა, ერთ-ერთი სიმღერის ახალი ვიდეო ვნახე და დააკვდა ჩემს ბლოგს!.. მაისის მერე ვწერ და ამ ვიდეოს ნახვის მერე ვიფიქრე, რო ამდენი თვეა მეც ესე ვარ, უბრალოდ მიკროფონის მაგივრად ლეპტოპი მიჭირავს და თქვენ კი არ მისმენთ, კითხულობთ. ისე Suede-მ ყოველთვის ასე იცოდა, პირველივე აკორდიდან გულის გადაშლა.

ამ ფიქრებში გართული აბაზანაში შევედი წვერის გასაპარსად. თაროდან ბრიტვა და ქაფი ავიღე და უცებ ნაცნობი ხმა შემომესმა:

– როდემდე უნდა წერო ბლოგი?

– არ ვიცი, რატომ მეკითხები? – შემოვტრიალდი, მაგრამ ვერსად დავინახე.

– იმიტომ, რომ, მგონი, უნდა მორჩე.

– რატომ? – გამიკვირდა. უფრო ის, რომ მარტო ხმა მესმოდა.

– იმიტომ, რომ რამენაირად უნდა მიხვდე, ხანდახან რაღაცეები მთავრდება, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ეს ჩვენ.

ამ დროს ხელსაბანთან მივედი და სარკეში ჯადოქარი დავინახე, ოღონდ მის გარდა იქ მეტი არავინ იყო. ხელში ბრიტვა და ქაფი ეჭირა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.