ცარიელი დღეები (XXXIII ნაწილი)

Call Me When You’re Drunk

– I,m In You

1.

– იცი რა მაინტერესებს, მძიმე კაცი რატო არ გიწვევს? – მკითხა მეგობარმა.

– იმიტომ რომ ის მძიმეა და მე ცარიელი! – ვუპასუხე ულოგიკურესად.

Wall-ში ვიყავით, გარეთ ვისხედით, მე თან ლეპტოპი მქონდა წაღებული და შიგადაშიგ ფეისბუქზე ვიჭყიტებოდი, რასაც ყველა აქტიურად აპროტესტებდა და თვითონ კი ამ დროს აიფონებში იყვნენ ჩამძვრალები.

მერე ჩემმა ძმამ, წამო „ბასიანზეო“, და წავედით სამნი, ჩვენი მეგობარიც წამოვიდა, რომელსაც ძალიან გრძელი ულვაშები აქვს. არცერთი არ ვიყავით მანამდე ნამყოფები და გვაინტერესებდა, რა იყო ეს „ბასიანი“. მივედით და მოკლედ დიდი არაფერი. ნუ, საჩემო არ არის ეს კონცეფცია – ძაან ბნელა და ამიტომ კარგია – მე მიყვარს, მაგალითად, როცა ვხედავ, თუ რა ლამაზად აცვია ადამიანს, ან, სიტყვაზე, როგორი კარგი ვარცხნილობა აქვს. შევიდე „ბასიანზე“ და ეს ყველაფერი დავიკიდო, Come on… მაგისთვის ხარისხიანი დრაგებია საჭირო…

ერთი სასიამოვნო რაც მოხდა, მიუხედავად ამ სიბნელისა, მთელი იქ ყოფნის განმავლობაში სამჯერ გამაჩერეს გოგოებმა და შენ ხარ ნონოო? ჩვენ შენს ბლოგს ვკითხულობთო… ჰოდა, აქამდე თუ ჯერ კიდევ არ მჯეროდა, უკვე თითქმის ვირწმუნე ლეგენდა „ცარიელი დღეების“ პოპულარობასთან დაკავშირებით…

2.

მეორე დღეს გვიან და მძიმედ გამეღვიძა. ბიჭები მოვიკითხე. ერთერთთან იყვნენ სახლში და მეც გავედი. რაღაც წყნარად ვისხედით, ვისკის ვწრუპავდით და მუსიკას ვუსმენდით.

მერე მივხვდით, სადმე უნდა გავსულიყავით და დიდი მიხვედრა იმას არ ჭირდებოდა, რო ეს სადმე Wall-ი იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად დაღლილი დღე იყო და მალე დავიშალეთ.

სახლში რო მოვედი, ერთი გოგოს მოწერილი დამხვდა:

– ნონო, მელაპარაკე, თორე მგონი მართლა დამერხა.

– კაი, აქ ვარ. რა გჭირს ამიხსენი?

…და მომიყვა, რო შინაგანი ძალა გამოელია, ვეღარ უძლებს გარემოებებს, რო ხშირად ყოფილა გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ ადარებს და ხვდება, რომ ყველაზე რთულად ეხლა არის, სტრესშია და ჩემს გარდა არავისთან ლაპარაკის სურვილი არ აქვს.

ვცდილობდი დამემშვიდებინა, ბევრი რამ ვუთხარი, მაგრამ ძალიან რთულია ასეთ დროს ადამიანს მისცე ის, რაც ჭირდება, მაშინ, როდესაც ის შენგან ძალიან შორს, სხვა ქვეყანაში იმყოფება.

3.

მეორე დღეს კიდევ ერთმა გოგომ მომწერა:

– თავს საშინლად ვგრძნობ, არ ვიცი რა და როგორ ავხსნა, არც მინდა შეგაწუხო.

– არ ვწუხდები… მინდა დაგეხმარო, – დეჟა ვუს შეგრძნება მქონდა, ეტყობა რაღაც პერიოდი იყო ასეთი. ისიც საზღვარგარეთიდან მწერდა და შესაბამისად ისევ დისტანცია ართულებდა მდგომარეობას.

საღამოს მეგობართან წავედი, რომელიც უკვე 1 წელია, რაც ახალ ბინაში გადავიდა და ვერაფრით მოვახერხე მომენახულებინა. ბოლოს დაპირებული ვიყავი, თებერვალი სანამ დამთავრდება, აუცილებლად მოვალ-თქო და სიტყვა შევასრულე, 29 თებერვალს ვესტუმრე, ღამე, 10 საათზე. თავის გაკეთებული უგემრიელესი პუდინგი დამახვედრა, რომელიც დიდი სიამოვნებით მივირთვი. ბევრი ვილაპარაკეთ და ცოტა ვისკიც მოვყლურწეთ.

რო გამოვედი, ხელები ჯიბეში ჩავიყავი და ქუჩას ფეხით გავუყევი. უცებ გვერდიდან ნაცნობი ხმა შემომესმა:

– სულ მინდა ერთი რაღაც გკითხო.

– მკითხე, – არც გამიხედავს, ჯადოქარი იყო.

– მაინტერესებს, რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად?

– ჰმმმმ, ყველაზე მეტად… ენერგეტიკა.

– კარგი პასუხია.

– ჰო, ამიტომ არის ყველაზე ლამაზი ჩემთვის და მისი ენერგეტიკის ხარჯზე მივიღე ის, რამაც ყველაზე მეტად შემავსო და გამაბედნიერა.

– გასაგებია, მადლობა.

– არაფრის, – ვუთხარი და მერე არ მახსოვს მე ავუჩქარე ნაბიჯს, თუ თვითონ ჩამომრჩა… გზა ისევ მარტომ გავაგრძელე.

4.

ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ, ახალი მეგობარი გაიჩინეს – ბიგლი, სახელად კილი – ჰოდა, ვესტუმრე და გავიცანი, უსაყვარლესი ვინმე იყო, ცელქი და მოუსვენარი ლეკვი. სულ ტუჩებში ვკოცნეთ ერთმანეთი, ძირსაც ვიგორავეთ და ვითამაშეთ. მერე ფეისბუქზე ფოტო დავდე, რომელსაც ძაან სწრაფად 150 ლაიქი ქონდა. კმაყოფილები იყვნენ პატრონებიც, მეც და, რაც მთავარია, კილიც, რომელიც უკვე ტახტზეც არ მასვენებდა, ამოძვრა და ჩემს თავზე დაძვრებოდა. იმდენი ქნა, სანამ თათით ყური არ გამიკაწრა, თუმცა საშიში არაფერი იყო, ყველა აცრა გაკეთებული აქვსო, მითხრეს და დასაძინებლად წაიყვანეს.

დაახლოებით ათამდე ადამიანი ძალიან მყუდროდ ვისხედით, ცოტას ვსვამდით და თითქოს არაფერი ემუქრებოდა ამ მეგობრულ სიტუაციას. ამ დროს კარი გაიღო და ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ტიპი შემოვიდა. ძალიან მთვრალი და გამაღიზიანებლად აქტიური იყო. არც სხვები იცნობდნენ მაინდამაინც კარგად. ჯერ Gesaffelstein-ი გამორთო და ჩართო „ფრანი“. მერე ერთ-ერთ გოგოს ეძახდა – რიჟა, რიჟა, რიჟა – და თმებზე ხელებს უფათურებდა. მერე ჰკითხა, ვინ გიცავსო? და როდესაც გოგო უხმოდ გაეცალა, მე და ჩემს ძმას შემოგვიტრიალდა, იცავთ ამასო? – ამდენის მოთმენა აღარ შემეძლო და – მე მგონი დაცვა არ ჭირდება-თქო ვუთხარი არააგრესიული, მაგრამ, როგორც ასეთ დროს მჩვევია, მკაფიო და ხაზგასმული ტონით. შეტრიალდა, მოგვშორდა, მარა დარღვეულ სიმყუდროვეს აღარაფერი ეშველებოდა ავდექი და წამოვედი, სხვებიც იშლებოდნენ.

მე იმ გოგოსთან ერთად გამოვედი და ვეკითხები – ვახ, ეს უზრდელი ვინ იყო, საიდან იცნობდი-თქო? და უცებ მეუბნება, არ ვიცნობდიო! და გამოვშტერდი… მეგონა ახლობელი იყო… დარწმუნებული ვიყავი, თორე ამ „რიჟა, რიჟა ვინ გიცავს“ და თავზე ხელების მოკიდებასაც არ მოვითმენდი. ვერც კი წარმოვიდგინე, რო ასეთი ფამილარობა შეუძლიათ ადამიანებს. ან რა იცოდა იქნებ ჩემი შეყვარებული იყო ეს გოგო და იქვე მოვამტვრევდი იმ ხელს, მიუხედავად იმისა, რო რაგბისტის ჯანზე იყო. მოკლედ რა, გადამრევს ეს უტაქტო ხალხი!..

5.

Wall-ში დაბადების დღეზე შევიკრიბეთ, თბილოდა და ამიტომ გარეთ ვიყავით. ჩემთვის უჩვეულოდ ბევრი დავლიე და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი.

გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც ფეისბუქზე გავიცანი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბლოგს კითხულობდა და რომელმაც ბოლო ნაწილების გამო მისაყვედურა, ამდენ გოგოებს რატომ ხვდებიო. ჰოდა, მას იმისთვის შევხვდი, რო ამეხსნა – არაფერი ცუდი არ იყო ამ ჩემს შეხვედრებში, არავის არ ვატყუებდი, ყველაფერი იყო ღიად და გამჭვირვალედ და აუცილებლად მათი სურვილის გათვალისწინებით. მეტ წილად საერთოდ მათი ინიციატივითაც კი. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი ვიყავი და რა დასკვნები გამოიტანა, მარა ყურადღებით რო მისმენდა, ფაქტია. თვითონ ალკოჰოლზე უარი თქვა, ჩაი დალია და მალე წავიდა.

მე ბარში შევედი და ბარმენებს ვეხმარებოდი. ნუ, ყოველშემთხვევაში, ასე მეგონა, თორე შეიძლება ხელს ვუშლიდი კიდევაც. მერე გვიან სტელაში წავედით და იქ დალევა უკვე სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ ცოტა იქაც დავუმატე. პახმელია გარანტირებული იყო.

6.

სპორტულ რადიოში მივედი გასაუბრებაზე სანდრო ცნობილაძესთან – ხელში ტექსტი მომცეს, თავზე დიდი ყურსასმენები ჩამომაცვეს და მიკროფონთან დამსვეს, მიდი, წაიკითხეო. ჰოდა, წავიკითხე, ცოტა გაციებული ხმა მქონდა და არ ვიცი რა გამოვიდა. პასუხს რამდენიმე დღეში გაგაგებინებთო, მითხრა სანდრომ. თან ძაან კეთილგანწყობილად დამაიმედა, მგონი ყველაფერი კარგად იქნებაო.

რო გამოვედი, სპორტის სასახლესთან ვიდექი, ძაან მზიანი დღე იყო და სახეში სასიამოვნო თბილი ამინდის სუნი მეცა, უცებ გამახსენდა, ამ ადგილას McDonald’s-თან ველოდებოდი ხოლმე. ჰოდა, ვიდექი ეხლა და ამდენი ხნის მერე ისევ ვფიქრობდი – ნეტა ვახსენდები ხანდახან, თუ ფეხებზე ვკიდივარ-თქო – ცოტა თავბრუ დამეხვა და იქვე ჩამოვჯექი…

თვალები დავხუჭე და წამებში მთელმა ურთიერთობამ გამიელვა. ამბობენ ასე სიკვდილის წინ ემართებათ, წარსულის მნიშვნელოვან მომენტებს ერთად ხედავენ ხოლმეო. ბოლო პერიოდში ხშირად მემართებოდა… ნეტა რამდენჯერ მოვკვდი ამ ერთი წლის მანძილზე…..

Advertisements

ცარიელი დღეები (XVII ნაწილი)

Featured image

Have to tell you that I love you so much these days, it’s true

– Gorillaz

1.

ზაფხულში საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრები ჩამოდიან. ყოველ აგვისტოს ასეა. იდეაში მეც არ უნდა ვყოფილიყავი აქ, მაგრამ უკვე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც დავბრუნდი და დავრჩი. Book Corner-ში მივდიოდი, ერთი გერმანიიდან და ერთი ისრაელიდან ჩამოსული უნდა მენახა. მივედი, ჯერ 1-2 სიტყვით ჩვენი ამბები მოვყევით, მერე ადგნენ და 2 საათი ილაპარაკეს – საკონცენტრაციო ბანაკებზე, ოსვენციმზე, ჰოლოკოსტზე, პალესტინაზე, ღაზის სექტორზე. ხოდა მოვიწყინე.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთმა McDonald’s-ში წავიდეთ შეიკის დასალევადო და ამოვისუნთქე. პატარა შეიკი შევუკვეთე და კიდე კაი „საბავშვოაო“ არ მითხრეს. სანამ რიგში ვიდექით, ერთი ისტორია გამახსენდა, ახალი ჩამოსული ვიყავი, McDonald’s-ში შევედი და Veggie Burger-ი მოვითხოვე, რაზეც მიპასუხეს – არ გვაქვს, მარტო ოთხშაბათს და პარასკევს გვაქვს სამარხვოო. ხო, მაგრამ მაგას ხომ Veggie Burger-ი ქვია და არა სამარხვო ბურგერი-თქო. მოიცადეთ ერთი წუთით, ადმინისტრატორს დავუძახებო. მოვიდა ადმინისტრატორი, ვითომ იმაზე უფრო ჭკვიანი და ვეუბნები, საზღვარგარეთ McDonald’s-ებში Veggie Burger-ი ყოველდღე აქვთ ხოლმე-თქო. მიყურებს შუშის თვალებით და უცებ მეუბნება: ააა, ესე იგი საზღვარგარეთ ყოველდღე მარხვააო?!

პატარა პაუზა გავაკეთე. მივხვდი ჩემს, მის, მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს. უხმოდ შემოვტრიალდი და მშიერი წამოვედი.

2.

Wall-ში ვიყავით, მეგობრის დაბადების დღე იყო, ყველამ ბევრი დავლიეთ. მემე მახარაძე შემხვდა:

– შენი ბლოგი წავიკითხე, – მითხრა და ბარში რაღაც შეუკვეთა.

– აჰა, სთარებიც კითხულობენ შენ ბლოგს, – გაიღიმა გვერდით მდგომმა მეგობარმა.

– ძალიან კარგი, – ვუპასუხე ვაჟა ზაზაევიჩის ინტონაციით.

– წავედი, მე მოვფსამ, – თქვა მეგობარმა და წავიდა.

– როგორი აუცილებელი ინფორმაცია მოგვაწოდა, – შემოტრიალდა მემე ღიმილით.

ამ დროს სხვა მეგობარმა ჩაგვიარა.

– შენ მოფსი უკვე? – ვკითხე ინერციით.

ის, რა თქმა უნდა, ამ სულელურ ხუმრობას ვერ მიხვდა, გაგვიცინა და არაფერი გვიპასუხა. მერე მე და მემემ ვთქვით, რომ საერთოდ ადამიანებს შეხვედრისას „როგორ ხარ?“ კი არ უნდა კითხო, ესე უნდა ეკითხებოდე – რას შვები, მოფსი? – მოკლედ, ესე მთვრალურად წავიმხიარულეთ და მალე დავიშალეთ.

– 1 ლუდი მინდა, – გავხედე ბარმენს, რომელსაც აქ მუშაობა ახალი დაწყებული ქონდა და უცებ გაცნობა გადაწყვიტა:

– შენ გეტყობა, რო დიდი ხარ, ნუ ეხლა ჩემზე უფროსი ვერ იქნები, მე 32-ის ვარ… – და მერე აღარ მახსოვს რა მითხრა.

გვიან გალერიში წავედით, სადაც შესასვლელთან 2 გოგო დაგვხვდა. წუწუნებდნენ, Face Control-ი არ გვიშვებს, არასრულწლოვნები ვგონივართო.

– აბა ეს რამდენი წლის არის? – კითხა Schrüte-მ და ჩემზე ანიშნა.

– რავი, მე ალბათ 21-ის იქნება, – ზედმეტი მოუვიდა კართან ატუზულ გოგოს.

– ეხლა შენ წინ ვდგავარ და17 წელი შეგეშალა, ხოდა Face Control-ს კამერის იქიდან 1-2 წელი თუ ეშლება, ნუ გაგიკვირდება-თქო, – ვუთხარი ასაკის შესაფერისი ტონით და კლუბში შევედი.

3.

დილით რო გავიღვიძე, მშიოდა, თანაც ეტყობა ძალიან, იმიტო რო 3 უბნის იქით წავედი საჭმლის მოსატანად. სოლოლაკში დადიანზე გაიხსნა პატარა ჩინური Fast Food რესტორანი სახელად Fire Wok.

საზღვარგარეთ გემრიელად ჭამისას არაერთხელ გვინატრია, ნეტა ჩვენთანაც იყოს ასეთი ადგილი – სადაც მიხვალ, იქვე შენს თვალწინ მოგიმზადებენ და პატარა ყუთში ჩაგიყრიან ბრინჯს ბოსტნეულთან ერთად, როგორც ჩემ შემთხვევაში, ან ხორცთან ერთად, თუ გიყვარს. უგემრიელეს ტკბილ-ცხარე სოუსებსაც მოგისხამენ. ეგრეთწოდებულ ჩინურ ჩხირებსაც მოგცემენ და პლასტმასის ჩანგალსაც, რომლითაც უფრო გეხერხება, იმით რო მიირთვა და მოკლედ 5 წუთში გამოგიშვებენ კმაყოფილს.

მარა ჩემი საყვარელი ტოფუ არ ქონდათ, ესე მითხრეს, მალე ვაკეში უფრო დიდი რესტორანი გაიხსნება და იქ გვექნებაო, ხოდა ტოფუსთვის სხვაგან წავედი, აღარ მშიოდა, მარა მაინც. მაცივარში შევაგდე და კარგიც ვქენი. გამთენიისას გაგვეღვიძა, გავაცხელეთ, ვჭამეთ და ისევ დავიძინეთ.

4.

– იცი, ხანდახან უბრალოდ ცარიელი დღეები კი არა, მძიმე ცარიელი დღეები მაქვს. მაგალითად მივდივარ ქუჩაში და თვალში სულ ის ადგილები მხვდება, სულ ამაზე მეფიქრება: აი, აქ შევხვდი. აი, აქ ველოდებოდი. აი, აქ გამოიქცა და ჩამეხუტა. აი, აქ გავაცილე. აი, აქ ვისხედით. აი, აქ ვიცინეთ.

– რას ბოდავ? – ჩამესმა უცებ ბოხი ხმა.

ოთახში მარტო ვიყავი, სავარძელში ვიჯექი და წარმოსახვით მეგობარს ვესაუბრებოდი ხმამაღლა, ამიტომ დაფეთებული შევხტი და ზევით ავიხედე.

– ზევით რატო იყურები, ეს ათეისტი კაცი? – ბოხ ხმას ირონია შეეპარა თბილად.

– უცხოპლანეტელების მჯერა და იმიტომ, – გავეცი ღირსეული პასუხი.

– კაი და რას ლაპარაკობდი? – ამ დროს მივხვდი რო ხმა ზემოდან კი არა სამზარეულოდან გამოდიოდა.

– რა გინდა? – როგორც იქნა, ავდექი, რო მენახა, ვის ვესეუბრებოდი.

– რა მინდა და ისე ბოდავდი, როგორც რომანტიულ-კომედიებში თინეიჯერებზე, – თქვა და გაზის მრიცხველიდან მონაცემები ჩაიწერა.

– კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? – მაია იყო, რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს, ის უკვე რამოდენიმე წელია, თვეში ერთხელ მხოლოდ კარში გაჩრილ ტელეფონის ნომერს მიტოვებს, მერე მე ვურეკავ და მონაცემებს ვაწერინებ.

– ჩემი წარმოსახვა გამოვიყენე, – მიპასუხა და გაქრა.

გამეღვიძა.

5.

ბავშვობაში ჩემთვის 1 სექტემბერი სწავლის დაწყებასთან არ ასოცირდებოდა. 1 სექტემბერს დედას კინოში მივყავდი ხოლმე. არ ვიცი რატომ გვქონდა ასეთი ტრადიცია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია სახალისო იყო.

მთელი დღე სახლში ვიჯექი, სალომე საქმეებზე დარბოდა, წასასვლელად ემზადებოდა. ვიფიქრე რამეს სისულელეს ვუყურებ-თქო და ტელევიზორი ჩავრთე და ისეთი ვიპოვე, რო ამაზე სულელურს ვერც ინატრებდა ადამიანი – Asterix and Obelix: God Save Britannia ვნახე. საღამოს სალომე რო მოვიდა, ერთად ახალ ფილმს ვუყურეთ Hector and the Search for Happiness ნორმალური ფილმი აღმოჩნდა. მოკლედ მაინც ისე გამოვიდა, რო 1 სექტემბერი ფილმებს დავუთმე და გვიან დედაჩემის sms მივიღე – დედა! კინოში, რომ არ წაგიყვანე დღეს….:* – ჰმ, თვითონაც ახსოვდა.

ამასობაში ძილის წინ შევამჩნიე, Google-ს ლოგო შეუცვლია, არ მომეწონა, ვერ მივხვდი, რას ერჩოდნენ ძველს. მე ხომ გულის სიღრმეში კონსერვატორი ვარ და ყველანაირი სიახლის მიღება მიჭირს.

6.

PSP-ს გათამაშების ბილეთები მქონდა, პირდაპირი ეთერის ყურება დამავიწყდა და გამარჯვებულების სანახავად მათ საიტზე შევედი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩემი სახელი და გვარი არ დამხვდა.

სამაგიეროდ უცებ მამაჩემისგან მივიღე მშვენიერი სიურპრიზი, შენი ფლეშკა მომეცი, რაღაც უნდა ჩაგიწეროო, მივეცი და ჩამიწერა 3 პატარა ფილმი, რომლებშიც მე ვთამაშობდი. ნუ, „ვთამაშობდი“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მარა თურმე 4 წლის რო ვიყავი, გადაუღია და მე არც კი მახსოვდა, მოკლედ ძაან საყვარლობა იყო. ერთს აქაც დავდებ, 3 წუთიანია და თუ გაინტერესებთ როგორი მსახიობი ვიყავი, შეგიძლიათ უყუროთ.

ისე, რაც მაგ პერიოდიდან მამაჩემთან დაკავშირებით მახსოვდა, ის იყო, რო ერთხელ თმა გადამხოტრეს და ძალიან განვიცდიდი, მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი, როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს ამბავი სამსახურში მყოფ მამაჩემს ამცნო, ხოდა საღამოს, როდესაც მამა სახლში მოვიდა, კარი გავაღეთ, ის ეშმაკურად იღიმოდა, მე ალბათ თავს ვმალავდი, არ მახსოვს, მან კი უეცრად ქუდი მოიხადა და ჰოპ! აღმოჩნდა რო თმა მასაც ბოლომდე გადაუხოტრავს. გამიხარდა და ალბათ მაშინ პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავდა სოლიდარობა.

[To be continued]

ცარიელი დღეები (XVI ნაწილი)

Featured image

You made me forget myself, I thought I was, Someone else, someone good

– Lou Reed

1.

მოკლედ, იმის გამო, რო ზოგიერთი მკითხველი დაიბნა და ამ 3 თვის მანძილზე ვერ გაიგო, დავაზუსტებ: მე ვარ ნოდარ (ნონო) ანთაძე, დაბადებული 1977 წლის 10 აგვისტოს ქალაქ თბილისში. მე ვწერ ამ ბლოგს და რადგან არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი, ჩემი ძმა, ნიკოლოზ (ნიკუშა) ანთაძე, დაბადებული 1989 წლის 9 თებერვალს ასევე ქალაქ თბილისში, აზიარებს ჩემს მიერ დაწერილ ბლოგს თავის ფეისბუქზე და თუ ამ აბზაცის წაკითხვის შემდეგ კიდევ ფიქრობთ, რომ ამ ბლოგს ნიკუშა წერს, გირჩევთ მიმართოთ ასოციაციას „ნუმაინცარმჯერადარავქნას“ მისამართზე: ურწმუნო თომას 2.

ცხელოდა და ამ დროს სიცხისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. გამაოგნებლად დიდი წყლის გადასახადი მომივიდა და ქვითარს კარგად რო დავაკვირდი, შევამჩნიე გრაფაში „სულთა რაოდენობა“, როგორც ყოველთვის 1 ადამიანის მაგივრად, 6 ადამიანი იყო მითითებული და ნახევარი წლის მანძილზე, რაც ამ სახლში არ ვცხოვრობდი საკმაოდ სერიოზული თანხა დაგროვილიყო გადასახდელი. ხოდა ცხოვრებაში პირველად მომიწია იუსტიციის სახლში მისვლა. კი მეგონა რო გამაწვალებდნენ, მაგრამ საერთოდ ბიუროკრატიის მწვერვალი დამხვდა. იმის მაგივრად გაერკვიათ საიდან მოხვდა ზედმეტი 5 ადამიანი ჩემთან, მითხრეს ამას ჯერ ვერ გავარკვევთ იმის გამო რო ბინას ნომერი არა აქვს მინიჭებულიო და, როცა ვუთხარი, ბინას ნომერი კარზეც აწერია და ქვითარზეც არის მითითებული-თქო, მიპასუხეს, ამის გარკვევას 1 თვე დაჭირდებაო.

იქიდან შემოსავლების სამსახურში წავედი, საბუთი უნდა ამეღო, გასულ თვეში შემოსავალი რო არ მქონია და სადაზღვევოში მიმეტანა, ბანკის სესხი რო გადაეხადათ. მივედი და საბუთს სამშაბათამდე ვერ მოგცემთო. კი მაგრამ სესხი ორშაბათს უნდა დაიფაროს-თქო ვეუბნები. ვერ მოგცემთო და ან ჯარიმის გადახდა მოგიწევს, ან თავდები გადაიხდისო. მოკლედ, წამოვედი სახლში გინებ-გინებით. თავი კაფკას „პროცესში“ მეგონა, რის შედეგადაც კიდე უფრო მცხელოდა.

2.

ის ბიჭი გვესტუმრა, სალომეს მეგობარი, ბუდისტური სიმშვიდით რო გამოირჩეოდა, ხოდა ჯერ წყნარად და აუღელვებლად მოამზადა უგემრიელესი ვეგეტარიანული შაურმა და მერე დესერტად პირის ჩასატკბარუნებელი ტირამისუც მიაყოლა. ცოტა ღვინოც მოვწრუპეთ და ბევრი ვიჭორავეთ.

სტუმარი წავიდა, სალომემ დაიძინა, შუაღამე იყო, საშინლად გაწვიმდა, აივანთან ფაქტიურად შიშველი ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. თითქოს ხილიანზე კი არა, სადმე კონგოს რესპუბლიკაში ვიყავი, ტროპიკული წვიმების პერიოდში და პატარა ქოხიდან თავსხმას მივშტერებოდი. სიმყუდროვით რაღაცას გავდა ეს შეგრძნება და გამახსენდა პატარაობისას, ძილის წინ თავზე საბანს ვიფარებდი და წარმოვიდგენდი, რო გარშემო ბევრი ხალხი იყო, მე კი ვითომ კარავში ვიწექი და ასე ვიძინებდი ხოლმე.

წვიმამ გადაიღო, დავწექი და ზოოპარკიდან ლომის ღრიალი გაისმა, როგორც ჩანს მინიმუმ 1 ლომი გადარჩენილა. ისე კი ძაან უცნაურია, საბურთალოზე, ძილის წინ ასეთი აფრიკული ხმა როცა ჩაგესმის…

3.

კინოთეატრ ამირანის ახალ დარბაზში ვუდი ალენის „ირაციონალური ადამიანი“ ვნახეთ. სათაური საჩემო იყო და სიუჟეტიც მომეწონა, რა თქმა უნდა არ დავასპოილერებ, უბრალოდ ყოველთვის მომწონდა, როცა ესე 1 წამში ბრახ და შენს ცხოვრებაში, რაღაც წარმოუდგენელი სიგიჟე ძალიან ბუნებრივი ხდება. მოკლედ, მთლიანობაში დიდი არაფერი ფილმია, თუმცა მშვენივრად გავერთე. ვუდი ალენის გენიალურობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ხომ ის არის, რო შეუძლია დიდი არაფერი ფილმი გააკეთოს, მაგრამ მაინც არ იყოს ცუდი. ის არასოდეს არის ცუდი ალენი.

თან ფილმში კირკეგორიც იყო ნახსენები, რითიც საბოლოოდ მოიგო ჩემი გული. კინოდან რო გამოვდიოდით გამახსენდა ერთხელ ამსტერდამში Magna Plaza-ში ვნახე, ლურჯი ფერის მაისური ვუდის პორტრეტით და რაღაცნაირად განსაკუთრებით ჩამრჩა, რო არ ვიყიდე, ალბათ იმიტო, რო საკუთარი თავისთვის ძირითადად არაფრის ყიდვის სურვილი არ მაქვს.

მეორე დღეს რუსთაველში წავედით The Man from U.N.C.L.E.-ზე, როგორც ჩანს გაი რიჩიმ თავისი ხიბლი საბოლოოდ დაკარგა, ზოგ ეპოზოდებში 5 წამით ვასწრებდი პერსონაჟებს, თუ რა ფრაზას იტყოდნენ, რაც სალომესთვის კარგი გასართობი კი იყო და იდეაში მეც უნდა გამხარებოდა, კინომანისთვის დამახასიათებელ ასეთ გუმანს და ალღოს რო ვავლენდი, მაგრამ აშკარად ორივეს გვერჩივნა ფილმი ყოფილიყო მოულოდნელობებით აღსავსე და ერთი სიტყვით უკეთესი.

4.

დილით მეილი შევამოწმე და ჩემს მეგობარს, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მოუწერია:

ეხლა წავიკითხე ბლოგი, ქუჩაში დავიწყე კითხვა, მერე სადარბაზოში რო შემოვედი 3 გოგონა დამხვდა, ველოსიპედებს აყენებდნენ და Hola მითხრეს, ერთ-ერთი განსაკუთრებით მომეწონა. მანამდე მთელი საღამო გერმანელ კოლეგასთან გავატარე, 40 წლის ქალია, შარშან დაშორდა თავის 9 წლის სიყვარულს და კინაღამ გადაყვა. ხოდა გავუზიარეთ ერთმანეთს ყველაფერი. ეხლა ჰაშიშს მოვწევ და დავიძინებ. გკოცნი..

მე ვუპასუხე:

რა კაი მეილია, რაღაცნაირი განწყობით.. ქუჩაში კითხვა, ველოსიპედიანი გოგოების Hola რო გვიხარია, გერმანელი კოლეგა თავის ტკივილებით და ბოლოს ჰაშიშიანი ძილი ^^ love you

აი, ასეთი სენტიმენტალური მიმოწერაც შეიძლება ქონდეთ 40-ს მიტანებულ ბავშვობის მეგობრებს.

ისე, ამ დღეებში უკვე 2 მეგობარი მელაპარაკა სუიციდის შესახებ, თან ეს სულაც არ იყო თინეიჯერული ახირება, ეს უფრო საშუალო ასაკის კრიზისის დეპრესიას გავდა. მათი არ ვიცი და მე პირადად არაერთხელ მქონია ამ საზეიმო აქტის რეალურად ჩატარების სურვილი, თუმცა მცდელობა არცერთხელ, ზუსტად ვიცი რო ამას არ გავაკეთებ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რო მეშინია. ჩემი გზა უფრო რთულია. ვინც ბლოგს ყურადღებით კითხულობთ, შეამჩნევდით, მე სიღრმისეულად და ბოლომდე უნდა ვიტანჯო. სხვანაირად არ შემიძლია და ვისაც გონია, რო ეს ჩემი არჩევანია, ძალიანაც ცდება. მე უბრალოდ რეალობას ვიღებ, არ გავურბივარ ათასგვარი ტყუილებით და როდესაც ცუდად ვარ, ბევრისგან განსხვავებით სულაც არ მესირცხვილება ამის აღიარება. მეორე საქმეა რეალობის შეცვლას რო არ ვცდილობ. ეგ ფაქტია, ნებისყოფა მაკლია, მაგრამ თან ისიც მესმის, რო რეალობა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული და მის შეცვლა-არშეცვლაზე გარემო პირობებიც დიდ გავლენას ახდენენ.

5.

McDonald’s-ში შევედით:

– 1 პატარა კარტოფილი, – დავიწყე შეკვეთის მიცემა.

– პატარა კარტოფილი არ გვაქვს, გვაქვს საბავშვო კარტოფილი, საშუალო და დიდი, – ჩამეჩარა პერსონალი, ნამეცადინები, გაშეშებული ღიმილით.

– ანუ, პატარა რომელიც არის, ის მინდა, – ვუთხარი და მშვიდი ღიმილით ვუპასუხე.

– ანუ საბავშვო, – და ისე გაიღიმა, ცოტათი დავეჭვდი, რობოტი ხომ არ არის-თქო.

– ანუ ზომით რომელიც არის პატარა, ის, – ვუპასუხე და სახეზე უკვე მეც პლასტმასის ღიმილი გამომესახა.

იქიდან Wall-ში წავედით, სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა იყო ჩართული, პატრული მოვიდა, თქვენმა მეზობელმა დაგვირეკა, ვერ იძინებსო.

– დეციბელები გაზომეთ და მერე ჩავუწევთ, – კანონიერი ქმედებისკენ ვუბიძგე პოლიციელს.

– დეციბელებზე კანონი სექტემბრიდან შედის ძალაში, – მიპასუხა ოდნავ მოწყენილმა.

– ესე იგი სექტემბრამდე შეგვიძლია არ ჩავუწიოთ, – ვცადე ამ უპირატესობის გამოყენება.

– მე შემიძლია ადმინისტრაციული ჯარიმა გამოვწერო დაუმორჩილებლობის საფუძველზე, – გადაწყვიტა კუნთები ეჩვენებინა.

მოკლედ, მერე აღარ მაცალეს გართობა, სხვები გაესაუბრნენ და ჩემსავით პინგ-პონგის თამაში კი არ დაუწყეს, ღიმილით უთხრეს, რო აბა რა, ეხლავე ჩაუწევდნენ, ჩაუწიეს და წავიდა თუ არა, ისევ აუწიეს, რის გამოც პატივცემულ პატრულს კიდევ ერთხელ მოუწია მოსვლა, ჩვენც კიდევ ერთხელ ჩავუწიეთ და, რაღა თქმა უნდა, რო წავიდა, ისევ ავუწიეთ. ხოდა, მეტი აღარ მოსულა, ეტყობა მეზობელმა დაურეკა და უთხრა Wake Me Up When September Ends-ო.

6.

YouTube-ზე შევედი და მარიო გოტცეს არგენტინის კარში გატანილ გოლს ვუყურე. 1 წელია ესე უცებ მომინდებოდა და ვნახულობ ამ გოლს და ყოველ ჯერზე ისევ ისე მიხარია, როგორც პირველად, და ბოლო დროისთვის უჩვეულოდ და იშვიათად კარგ განწყობაზე ვდგები. ხანდახან კი ბრაზილიის კარში გატანილ 7 გოლსაც მივაყოლებ ხოლმე.

ვიდეოებში ვიძრომიალე, სპორტიდან მუსიკაზე გადავედი და უცებ ძაან მაგარი რაღაც აღმოვაჩინე…

თურმე ჩემმა მეგობარმა, თავის შეყვარებულს, რომელიც ჰამბურგში ცხოვრობს, სიმღერა დაუწერა. ჩავრთე და ძაან მაგარი აღმოჩნდა, სიმღერაც და მეგობარიც. ნუ, გოგო რო მაგარი ყავს, ეგ ისედაც ვიცოდით. იმათმაც იცოდნენ, როგორ მიყვარდა მე და თავიდანვე გულშემატკივრობდნენ ჩემ ისტორიას, ეხლა კი, მე მათი სიმღერა შემიყვარდა. აი, ეხლა ვწერ და ვუსმენ, უკვე მერამდენედ… თქვენც მოუსმინეთ:

[To be continued]

ცარიელი დღეები (XIV ნაწილი)

Featured image

I feel fantastic, you make me feel majestic

– Ian Brown

1.

ცარიელი პარკები. ასეთი თეორია მაქვს, ცარიელი პარკების, ანუ ცარიელი ცელოფნის პარკების და როგორც ყველა სხვა ჩემი თეორია, ესეც სახუმაროა. ცხოვრობს თუ არა ადამიანი სახლში, პარკების მიხედვით უნდა დაადგინო. სამზარეულოში ერთი კალათა მაქვს, რომელშიც ცარიელ პარკებს ვდებ ხოლმე და როდესაც ამ სახლში არ ვცხოვრობდი, ეს კალათა სულ გამოცარიელებული იყო და ეხლა გადმოვედი თუ არა გაივსო. გახვალ მაღაზიაში – რაღაცას შემოიტან, წახვალ შენებთან – რამეს გამოგატანენ, მოვა სტუმრად ვინმე – რაღაცას მოიტანს და ასე სწრაფად ივსება კალათა ცარიელი პარკებით.

McDonald’s-ში ვერანდაზე ვისხედით და ამ პარკებზე ვფიქრობდი. ზურგსუკან წყვილი იჯდა. გოგონა წვრილი ხმით ისეთ სისულელეებს როშავდა, ვერ ვხდებოდი, მართლა ასეთი სულელი იყო, თუ სპეციალურად უშლიდა ნერვებს ბოხხმიან ბიჭს, რომელიც ისე გამოდიოდა მწყობრიდან, რო თუ გაპათოლოგდებოდა, რისი პოტენციალიც ნამდვილად გააჩნდა, დიდი შანსი იყო, ელემენტარული დისტანციური სიახლოვის გამო მეც დავზარალებულიყავი.

– გული გამომიგზავნა და ნუ, რავი რა, მირონის ნათესავია მაინც, – ასეთ წინადადებებს აბრეხვებდა გოგო წიწკვინა ხმით და, რაღა თქმა უნდა, ნაივური ტონით.

– აუ მაგას მოვუ..ნავ, აუ, შენ მოგი..ნავ, აუ შენ გოგო საერთოდ ხვდები ეგ რა დონის ნაბი..ვარია, მაგას უნდა მოვუ..ნა! ნუ გამაგიჟებ გოგო! – ბიჭი ხურდებოდა, გარშემო მყოფები კი თვალებს ჭყეტდნენ, კისრებს აშეშებდნენ და ბურგერები ყელში ეჩხირებოდათ.

2.

Lisi Lounge-ში ავედით, მე შევუკვეთე პიტნის ლიმონათი და ჩემმა მეგობარმა კენკრის ცივი ჩაი, მოგვიტანეს ზუსტად ერთნაირ ჭიქებში, ზუსტად ერთნაირი სითხე, უბრალოდ ჩემი იყო მწვანე და მისი წითელი. საინტერესო იყო, მე რო შემეკვეთა კენკრის ლიმონათი და იმას პიტნის ცივი ჩაი, ალბათ უბრალოდ იმ ჭიქას მე მომიტანდნენ და ჩემსას იმას. ამასობაში გვერდით მაგიდასთან საერთო მეგობარი შევნიშნეთ, რომელიც პერიოდულად 2 წუთით გადიოდა და ბრუნდებოდა ხოლმე.

– ისე გადის ალბათ მოსაწევის პონტია, – დაასკვნა მეგობარმა.

– უჰუ, ეტყობა, – დავეთანხმე მე.

ცოტა ხანში საერთო მეგობარი ჩვენთან გადმოჯდა და ისეთი შენელებული, გაღიმებული და ამღვრეული თვალები ქონდა, აშკარად მართლები ვიყავით. მაინც გადავამოწმეთ და დაადასტურა კიდევაც.

იქიდან Wall-ში წავედით, სადავ ჩვენმა მეგობარმა Heineken-ის გათამაშებაში ლუდის ჭიქა მოიგო, მარა ეტყობა დიდად არ გაუხარდა იმიტო რო წამოსვლისას რჩებოდა და მე გავახსენე წაიღე-თქო.

– Wall-ში ასე ხშირად რატო დადიხარ? – მკითხა და თან ჭიქას ჩანთაში ტენიდა.

– რავი, მგონი უკვე ავტომატურად მოვდივარ ხოლმე, იმიტო რო ვიცი ჩემი მეგობრები იქნებიან აქ და ამის გარდა კიდევ ერთი პატარა ფსიქოლოგიური კომფორტი აქვს, რადგანაც ჩემი მეგობრის არის, რაღაცნაირად თავისუფლად ვარ, ანუ არა როგორც სტუმარი, მაგალითად შემიძლია 2 საათი ისე ვიჯდე, რო თუ არაფრის დალევა არ მინდა, არაფერი არ დავლიო და ამის გამო უხერხულად არ ვიგრძნო თავი, – ისე ამომწურავად და მომზადებულმა ვუპასუხე, რო აშკარა იყო, უკვე ნაფიქრი მქონდა ამ თემაზე.

3.

გავიღვიძე თუ არა, ჩემ ძმასთან წავედი ოფისში, ჩემი დაბადების დღის Event Page უნდა გამეკეთებინა მისი ფეისბუქიდან. ხოდა, ჯერ აი ეს ტექსტი დავწერე:

„10 აგვისტოს, ორშაბათს, 21:00 საათზე! ნონო თავის მეგობრებს და უცნობ მკითხველებს გეპატიჟებათ 38-ე დაბადების დღეზე! Wall-ში – ოფიციალური, ტაქსისთვის სათქმელი მისამართია: ბარათაშვილის პროსპექტი 17. თუ მაინც ვერ აგნებთ, ურეკავთ ნონოს.

იუბილარი იქნება „პლავკებში“ ))) და მისი თხოვნაა, რომ ბიჭები მოვიდნენ შორტებში მაინც, სიმბოლურად მხარზე მოგდებული პირსახოცით, სასურველი იქნება: ზღვის ფეხსაბურავითაც, საცურაო ქუდებით, წყლის სათვალით, ლასტებით, სამაშველო რგოლებით, აკვალანგის მილით და ხელში პატარა, რეზინის, ყვითელი იხვის ჭუკით. გოგოები ასევე საცურაო კოსტუმებით და კომფორტისთვის და სილამაზისთვის შეუძლიათ მოიხვიონ ფერად-ფერადი ზღვის სანაპიროსთვის განკუთვნილი ნაჭრები, ან ბოლო-ბოლო საზღვაო ჭრელი სარაფნები მაინც ჩაიცვან. მოკლედ ისე როგორც Pool Party-ს შეესაბამება, ოღონდ აუზის გარეშე : )))))

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი: მუსიკას რთავს მხოლოდ იუბილარი. (ერთი დღე აიტანეთ) : ) შეგიძლიათ მოიყვანოთ ბავშვები და ცხოველები. ოღონდ Wall-ის ტერიტორიაზე თუ ისინი გადააწყდებიან, მაგალითად მოალერსე გოგონათა წყვილს, ან ტუალეტში მოსაწევად ჩაკეტილ ბიჭებს, ჩვენ მსგავს ინციდენტებზე პასუხს არ ვაგებთ. მოკლედ, ნონოს მეგობრებს გისურვებთ იმხიარულოთ და გაერთოთ და უცნობ მკითხველებს, თუ ასეთები იქნებით, მოგიწოდებთ ჯერ გაიცნოთ იუბილარი და შემდეგ ასევე იმხიარულოთ და გაერთოთ ^^“

და ამ ტექსტის დაწერის შემდეგ, სტუმრების დაპატიჟებას შევუდექი. ამ დროს ვიღაცამ ჩემ ძმას დაუწერა – ამხელა ტექსტებს ნუ წერ. წერა რო იცი მაგიტომო. – რაზეც ჩემმა ძმამ მითხრა, თავიდან ზოგს ხო ეგონა რო ბლოგს მე ვწერდი, ეხლა ამ ტექსტზეც ეგრე გონიათ და საერთოდ არ გამიკვირდება, ზოგს ისიც ეგონოს რო ჩემი დაბადების დღეაო.

საღამოს, იქიდან გალერიში გავედი, არაფერი არ ხდებოდა, არავინ არ უკრავდა, სულ 5 კაცი იყო, აქედან 1 ჩემი მეგობარი ბარსელონაში მიდიოდა დიდი ხნით და მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი. მერე Warszawa-ში შევიარე, სადაც ძველი ნაცნობი შემხვდა, რომელმაც თავისი არაადეკვატურობით, ცოტა ნერვები მომიშალა, უბრალოდ რაღაც მომენტში ვიფიქრე, უი, რამ დამავიწყა, ეს ხო ცნობილი სირია, ამაზე როგორ უნდა გავღიზიანდე-თქო და მალევე დავწყნარდი.

4.

დილით რო გავიღვიძე, გამახსენდა, ერთი წლის წინ, ამ დღეს 9 აგვისტოს დავმეგობრდით……….

ხოდა ეხლაც, როგორც მაშინ, ჩემი „დაბადების დღეები“ მოდიოდა, ჰო, აი ასე მრავლობით ფორმაში, „ახალი წლების“ პონტში. ღამე გავჩნდი 12 საათზე, 11 რიცხვი როცა დადგა მაგრამ დაბადების მოწმობაში და პასპორტში 10 მეწერა, ასე რომ თამამად შემეძლო ორივე დღეს აღმენიშნა.

ავდექი და თმის შესაჭრელად წავედი, ჩემ პარიკმახერს ვუთხარი, შენთვის კარგი კლიენტი ვარ, ხანდახან თუ რამე არასტანდარტულ ვარცხნილობაზე გიფიქრია, შეგიძლია ექსპერიმენტი ჩემზე ჩაატარო-თქო. მიუხედავ ჩემი თამამი განცხადებისა, არაფერი ორიგინალური არ მოუფიქრებია, თუმცა კარგად კი შემჭრა.

ამ დროს ჩემი ძმის შეყვარებულმა დამირეკა, რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გკითხოო, მზად ვარ-თქო ვუთხარი, ძაღლი რო გაჩუქო დაბადების დღეზე, რა აზრის ხარ, ვიცი რო გიჟდები ძაღლებზეო. ხოდა მე ვუთხარი, დიდი მადლობა, ძაან მაგარი იქნებოდა და კი ვგიჟდები, მარა კიდე კაი მკითხე, ეხლა ნაღდად არ მაქვს ამხელა პასუხისმგებლობის აღების თავი-თქო… და ეეჰ, კაიო, ხო იცი, მეც როგორ მიყვარს ძაღლები და თვითონ რო ვერ ვახერხებ აყვანას, სხვას მაინც მინდა ხოლმე რო ვაჩუქოო.

საღამოს Wall-ში მივედით, 2 ლუდი ავიღეთ, თან გვშიოდა, ტოსტები შევუკვეთეთ, რომელსაც Frie მოყვებოდა და მე რატომღაც კიდე მექსიკური კარტოფილიც ვუთხარი და ეს ყველაფერი 20 ლარი დაჯდა, მეთქი რა დემოკრატიული ფასებია-თქო, მარა დემოკრატია კი არა, როგორც ასეთ დროს ჩემი ბავშვობის მეგობარი იტყოდა, უკვე კომუნიზმი გამოდიოდა ისეთი იაფი იყო. თან ორივენი გამხდრები და ისეთი ცოტას მჭამელები ვართ, რო ბოლომდე ამ ყველაფერს ვერც მოვერიეთ და დავტოვეთ.

5.

სარკესთან ვიდექი და ტექსტს ვამზადებდი:

– ძვირფასო სტუმრებო… არა, ეს ძაან ოფიციალურია… მეგობრებო… არც ეს ვარგა… უფ, რა, რათ უნდა ეს მიმართვა… პირდაპირ დავიწყებ… გთხოვთ, ერთი წამით მომისმინოთ! – ყველამ ჩემსკენ გამოიხედა – ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ, ნუ ზოგისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ზოგისთვის ნაკლებად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რო გადავწყვიტე „ცარიელი დღეების“ წერა შევწყვიტო!.. – მუსიკა შეწყდა, გაკვირვებულები მიყურებდნენ, სკამზე ვიყავი ამძვრალი, უცებ ვიფიქრე, რო მუსიკა ხო მანამდე მე უნდა გამომეთიშა, თორე ასეთ ხმაურში როგორ გაიგებდნენ რას ვამბობდი-თქო და ამ დროს გამეღვიძა.

ძმაკაცმა დამირეკა, მესი ჩამოვიდა შენ დაბადების დღეზეო. მეთქი ბარემ დავპატიჟებ, Dress Code-შიც კარგად ჩაჯდება-თქო. ეგ არ ვიცი. მარა თუ გინდა, ბილეთს გაჩუქებ და ხვალ თამაშზე წავიდეთო. არა მადლობა-თქო და გამოვიდა რო უკვე მეორე კარგ საჩუქარზე ვთქვი უარი.

ავდექი და ისევ HOLMES&WATSON-ში წავედი, კიდე ვინც გავიხსენე, დავპატიჟე, მერე Wall-ში ჩავედი, ჩემი ლეპტოპი დინამიკებში შევაერთე და ხმას ვამოწმებდი, მუსიკა რო წესრიგში ყოფილიყო, თან როგორც წესი და რიგი იყო, „პლავკები“ მეცვა. ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო მოსვლა. ზოგმა მოთხოვნა გაითვალისწინა და საცურაო კოსტუმებში მოვიდნენ, წყლის სათვალეებიც ქონდათ და რეზინის ქუდებიც კი. საჩუქრებსაც ვიღებდი, სადაც საწერი კალმები ისე ჭარბობდა, თითქოს წელს პულიცერის პრემია მქონდა აღებული. ასე 100 სტუმარი შეგროვდა, ან ცოტა მეტიც და თუ იმას გავითვალისწინებთ, რო ორშაბათი იყო, შეიძლება ითქვას, მშვენივრად გაერთნენ, ცოტა იცეკვეს, ცოტა დალიეს და ასე შემდეგ. მე და სალომე კი ძირითადად წყალს ვსვამდით, იმიტო რო „განსაკუთრებული საჩუქარი გვქონდა მიღებული“. მოკლედ 3 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი გამოვრთეთ, საჩუქრებს ხელი დავავლეთ, შემორჩენილ კმაყოფილ სტუმრებს დავემშვიდობეთ და სასიამოვნოდ დაღლილები სახლში წამოვედით.

6.

მეორე დღეს, ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ორივენი ვისვენებდით და დღის 5 საათამდე ვიძინეთ.

ხმაურიანი ღამის შემდეგ, მინდოდა ეს დღე ყოფილიყო წყნარი და მყუდრო, ამიტომაც საღამოს რამდენიმე ადამიანი ჩემებთან დავპატიჟე, პატარა სუფრასთან 12-ნი ვისხედით, ცოტა ალკოჰოლს ვწრუპავდი და ვფიქრობდი კიდე 1 სტუმარი თუ მოვა საიდუმლო სერობად გადავიქცევით-თქო, თუმცა ქრისტეს ასაკს უკვე დიდი ხანი იყო, რაც გავცდი. ამ დღესაც მივიღე საჩუქრები, ეხლა უკვე საწერი კალმები არა, მაგრამ ბლოკნოტი მაჩუქეს, რომელსაც ეწერა: ცარიელი დღეები – ნონო ანთაძე.

რაღაც მომენტში სასმელი მომეკიდა, მუსიკას ჩავუწიე და სკამზე ავედი:

– გთხოვთ, ერთი წამით მომისმინოთ! – ყველამ ჩემსკენ გამოიხედა…

[To be continued]

ცარიელი დღეები (XIII ნაწილი)

Featured image

Im so happy i could die

– Easter

1.

სახლში დავბრუნდი, გადავიხადე ელექტროენერგიის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონის გადასახადები და დავბრუნდი.

მიუხედავად იმისა, რო საღამო იყო, მაინც არანორმალურად ცხელოდა, ისე რო ოთახში ნათურის ანთებასაც ვერიდებოდი და ლაპარაკიც გვეზარებოდა. წამოწოლილები ვიყავით, ეწეოდა, უცებ სახეში შემაბოლა. თითქოს დაუფიქრებლად არ უქნია, მაგრამ თან უცნაური იყო, იმიტო რო მანამდე 2 დღე მეკითხებოდა, აქ რო ვეწევი, ხო არ წუხდებიო. მოკლედ, გამიკვირდა, თორე კი არ მეწყინა, მე რო მაწყენინო, საკმაოდ რთულია, თუმცა პრინციპში ზოგმა ესეც კარგად შეძლო.

– რამე მინდა გავიკეთო, – სიგარეტი ჩააქრო და სიცხისგან ჩამოწოლილი სუჩუმე დაარღვია.

– რა?

– კიდევ 1 ტატუ.

– კაი, მოდი მე ცხვირზე გავიკეთებ სათვალეს და კისერზე შარფს და მერე შენ გაიკეთე ჰარი პოტერის ტატუ.

გავჩუმდით, არ ჩანდა, მარა ორივე ვიღიმოდით.

– წამო რა McDonald’s-ში, ცოტა მშია და თან იქ გრილა.

– ოუკეი, წამო მე შეიკს დავლევ, – ვთქვი და სხეული ძლივს გავასწორე სქელ ჰაერში.

2.

უიკენდი დადგა და Wall-ში მივედით, ძაან ბევრი ხალხი იყო. გვიანობამდე ვიყავით და იქიდან Warszawa-ში ავიარეთ, მეგობრები უნდა გაგაცნოო, ერთი გოგო და ერთი ბიჭი. ორივენი კარგები იყვნენ, გოგო ცოტა ნასვამი იყო და იმ საღამოსთვის ურთიერთობის აგრესიული სტილი ქონდა არჩეული, ცხვირგატეხილს, რომელიც ამასობაში სულაც აღარ იყო ცხვირგატეხილი, ეუბნებოდა ეგოსიტი ხარო, ამას ცოტა წყინდა მაგრამ არ პასუხობდა. ბიჭი კი  შიგადაშიგ იუმორით და ბუდისტური სიმშვიდით ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას. მე ამ დროს ჩემთვის ვფიქრობდი, აბა რანაირი ეგოისტია-თქო, როცა რაც ჩამოვედი მეოთხე დღეა, სადაც არ მივდიოდით, ყველგან ჩემს ბლოგზე იყო ლაპარაკი და დღეს საღამოს სახლიდან გამოსვლისას შემთხვევით აღმოვაჩინე რო 2 დღის წინ თვითონ დაუწერია პოსტი და არც უთქვამს, აი ნაწყვეტი:

„დღეს თუ არა ხვალ მოგვიწევს, წავიდეთ სამხრეთ აფრიკაში რომელიმე სოციალური პროგრამით ან უბრალოდ, ქარაფშუტულად შევხვდეთ თითქმის უცნობ ბიჭს შუა ვაკეში, რომელიც იმაზე მაგარი ბიჭი აღმოჩნდება, ვიდრე მანამდე გვეგონა.“

არადა ჩემზე ეწერა, თანაც ძალიან სასიამოვნოდ.

3.

ბავშვობის მეგობარს ვესტუმრე, ერთ ამბავში იყო, კიდევ თავიდან ჩავარდნილა გაუგებრობაში თავისი მომავალი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ისე ძაან აღარ ნერვიულობდა, რაღაცეები იკვეთებოდა დროთა განმავლობაში და ახლო მომავალში არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ბიჭსა და გოგოს შორის. როცა დეტალებს კარგად გავეცანი და საქმეში ღრმად ჩავიხედე, ჩემი პროგნოზიც გამოვაცხვე – ამ ეტაპზე გოგო გაიმარჯვებდა და ნუ სადღაც ნახევარ წელიწადში ურთიერთობა ამოიწურებოდა. მაინცდამაინც არავინ შემეწინააღმდეგა, ამ სფეროში საკმარისი ნდობით ვიყავი აღჭურვილი.

მეგობრისგან გამოვედით და Cafe La France-ში მივედით:

– სოკოს კრემ-სუპი მინდა, – მითხრა და გემრიელი სახე მიიღო.

– მე რამე ტკბილი, – წავედი დავათვალიერე და შოკოლადის კრუასანი ამოვარჩიე.

გამოსვლისას ვუთხარი, ხურდის აღება არ დაგავიწყდეს-თქო და გაეცინა, რა დაუკვირვებელი ხარ, ბარათით გადავიხადეო. მერე ტაქსიში ჩავსვი, მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა და უცებ სიცილით მირეკავს, ეხლა ასეთი SMS მივიღეო:

გამარჯობა სალომე, შენი visa ბარათი Cafe La France-შია, როცა მოიცლი შეგიძლია წაიღო, არ ინერვიულო, ყავაც დავალევინეთ და ფუნთუშაც მიირთვა, თუ ხვალე დილამდე არ მოხვალ აუზზეც წავიყვან :DDDD

ჰმ, აშკარა იყო მომსახურე პერსონალს იუმორის და ფლირტის კურსები წარმატებით ქონდა დამთავრებული. მოკლედ მე ჯერ იქვე ახლოს ვიყავი და მიუხედავად იმისა, რო როგორც ჩანს ჩემი მისვლა ნაკლებად გაუხარდებოდათ, მივბრუნდი და ბარათი წამოვიღე.

4.

ცხელოდა.

– მიდი გადაივლე, მერე მეც შევალ და გავიდეთ.

– კაი, – შევედი და 5 წუთში გამოვედი.

– მიდი შედი.

– კაი, – შევიდა და ნახევარ საათში გამოვიდა.

– მგონი მე კიდე უნდა გადავივლო. – ვიხუმრე, მარა თან აშკარად სიმართლის მარცვლებით.

სახლიდან გასვლა ძალიან ჭირდა.

– ნეტა რას ვიზამდით, ეხლა აგვისტო რო არ იყოს და რო ციოდეს?

– იგივეს, არა? – ეტყობა სიცხისგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

– არა, ზამთარში განსხვავებულად ურთიერთობენ, ანუ სხვა რამეები უნდებათ ხოლმე.

როგორც იქნა გავეტიეთ. მიუხედავად იმისა, რო საღამოს 8-ის ნახევარი იყო, გარეთ 35 გრადუსი დაგხვდა.

– მგონი ტაქსი უნდა გამოგვეძახა, – ჩავილუღლუღე მე.

– მოიცა ერთი წამი სიგარეტს ვიყიდი, – მაღაზიაში შევიდა და მარტო დავრჩი მზეში, უცებ ზურგსუკან კაცმა ჩაახველა და მთელი სამყაროს მრავალსაუკუნოვანი შეკითხვა სრულიად უცერემონიოდ მაჯახა.

– ღმერთი არსებობს?

ნელა შევტრიალდი, მივხვდი, რო სიცხისგან არ მეჩევენებოდა, იმასაც მივხვდი, რო სრულ ჭკუაზე ვერ იყო და ეხლა მთავარი იყო ის მიმეხვედრებინა, რო ადრესატის არჩევანში ღრმად შეცდა.

– კაი რა, ხო ხედავ როგორ ცხელა.

ვერ ვიტყვი რო პასუხით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მთავარი იყო წავიდა, თანაც ჩაფიქრებული.

5.

ისევ Wall-ში ვიყავი, ამჯერად ნაკლები ხალხი იყო და როცა ვიკითხე, რა ხდება-თქო, მითხრეს, GEM fest დაიწყო და ანაკლიაში წავიდნენო. უცებ რაღაც გამახსენდა:

– ბიჭო, იქ რო ვიყავით, ბოლოს იცი რა დაგვავიწყდა? – გადავხედე გვერდით მჯდომ მეგობარს რომელიც სიცხისგან შეწუხებულ სახეზე ყინულს იდებდა.

– რა?

– Yann Tiersen-ის კონცერტზე წასვლა.

– აუ, Tiersen-ი კი არა, ბოლოს უკვე ისე ვიყავით, კიდე კაი აეროპორტში წასვლა არ დაგვავიწყდა.

რთული იყო არ დავთანხმებოდი.

– ის ტიპი გახსოვს? იახტებთან როცა ჩავიარეთ, საყვირზე რა მაგრა უკრავდა?

– მაგ ტიპზე Talented Mr.Ripley გამახსენდა. იქ არის ეგეთი ფრაზა, I’d pay that fellow a hundred dollars right now to shut up. – საერთოდ ჩასაბერი ინსტრუმენტები არ მიყვარს, დასარტყამებს ვანიჭენ უპირატესობას და მგონი ეს ეპიზოდი ფილმიდან მაშინ იქაც გავიხსენე.

ცოტა გვიან მზესუმზირას ფართიზე ავედით ლისზე, იქაც ძაან ცოტა ხალხი იყო. ვიღაცამ შემომთავაზა, მოგაწევინებო და თანხმობის მერე ტუალეტისკენ რო გამიძღვა, მანდ უფრო კარგად ვიგრძენი სამშობლოში დაბრუნება.

6.

აუზთან ვისხედით, ჩვენი მეგობრის დის ქორწილი იყო და ყველანი გამოვცხადდით თეთრ პერანგებში და მუქ სათვალეებში. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, აუზში ჩასვლა აკრძალული იყო და თუ ვინმე მაინც გადაწყვეტდა გაგრილებას, 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

გადასარევი სუფრა იყო და მე ქართულ კერძებს მონატრებულმა მშვენივრად ვისიამოვნე. ბიჭებს ბევრი არ უფიქრიათ ღვინო დაელიათ თუ არაყი, სწრაფადვე მეორე ამოირჩიეს, ალკოჰოლი მეზარებოდა და ლიმონათს ვწრუპავდი. ყოველ 5 წუთში ყინულების მოტანას ვთხოვდით ოფიციანტებს და ბოლოს, როგორც ტკბილეულობის დიდი მოყვარული, სულმოუთქმელად ველოდი ტორტის გაჭრას, რომელმაც გაამართლა, ნაყინით იყო, რაც იმ სიცხეში საუკეთესო გადაწყვეტილებად მივიჩნიე. ისე გემრიელად ვჭამე, რო გვერდით მჯდომებმა, რომლებმაც თავიდან ტორტზე უარი თქვეს, ჩვენც მოგვანდომეო და თავიანთი კუთვნილი ნაჭრები უმალ უკან მოითხოვეს.

ჩამოღამდა და შეუმჩნევლად, ბალიშებიან რბილ ადგილას გადავჯექი, გვერდითა მაგიდიდან ჩემი ნაცნობების ჩუმი დიალოგი შემომესმა:

– ნონოს ბლოგის ბოლო ნაწილები წაიკითხე?

– კი.

– ის ვინ არის, ხო არ იცი? ცხვირგატეხილს რო ახსენებს…..

– აუ, ეგ არ მიკითხავს.

– ნეტა გოგოა თუ ბიჭი?..

მერე სუსტი და ერთი წამით ამოვარდნილი ნიავი ჩადგა და ხმამ ჩემამდე ვეღარ მოაღწია. აუზს გავხედე, მეთქი რავი… იქნებ გავგრილდე… ეჰ… მარა თან ეს 500 ლარი და თან ისედაც ცურვა არ ვიცი… ჰუჰ!

[To be continued]