ცარიელი დღეები (XXIX ნაწილი)

I’m on my way

– Air

1.

გამეღვიძა. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო. ის ამობეჭდილი „ცარიელი დღეები“ ხომ დამიტოვეს და ავიღე. ჰოდა, მეორე დღეს ერთმა ნაცნობმა მომწერა საჩუქარი მაქვს შენთვისო, Wall-ში ვარ-თქო, მოვიდა, გადმომცა და წავიდა. ძაან კაი გასართობი მომიტანა, კერი სმიტის, „არ დაინდო ეს დღიური“, ასეთი წარწერით – ნონოს, რომელიც მჯერა ცარიელ დღეებს აუცილებლად აავსებს. – დღეებს არ ვიცი, მაგრამ ამ დღიურს კი შევავსებდი.

Wall-ში ბევრნი ვიყავით, მეგობარს ვაცილებდით, რომელიც 3 წლით მადრიდში წავიდა. მე ერთ გოგოსთან ერთად ვიყავი, რომელიც ჰელსინკიში სწავლობს, ჰოდა ვიჯექით მთელი საღამო მე და ეს ლამაზი გოგო და ვლაპარაკობდით, ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით და თან იმაზე გვეცინებოდა ეხლა აქ ყველა იფიქრებს, რომ ჩვენს შორის რამე ხდებაო. გვიან დავიშალეთ, ის „ბასიანზე“  წავიდა, მე მეგობრებთან ერთად „ბერნარდში“.

მერე მომწერა, ფეისბუქზე მესიჯები დამხვდა, მეკითხებიან შენ და ნონო ერთად ხართ თუ რა ხდებაო. ძაან სასაცილო იყო, იმიტომ რომ მეც მომივიდა მსგავსი მესიჯი. მოკლედ, თბილისი თავის სტიქიაში იყო.

2.

გამეღვიძა. კიდევ ერთმა მეგობარმა მომწერა, დღეს შევხვდეთ რაღაც მინდა გაჩუქოო. უკვე ძაან მეცინებოდა და ასე ღიმილით წავედი საღამოს Wall-ში, ერთი ნახევარი საათი ველოდე და მერე მივწერე. აღმოჩნდა რომ იმას აერია და მოზაიკაში მიცდიდა. კარგი მოვალ-თქო და გავედი, თან მოზაიკაც ჩემი მეგობრის იყო და არ ვიყავი ნამყოფი. მოკლედ, მივედი მოზაიკაში, ჰოდა ეს ჩემი მეგობარი, გინეკოლოგია და სამსახურში აჩუქეს 200 ცალი საუკეთესო ხარისხის პრეზერვატივი და ნაწილი მე მომიტანა. ვერაფერს ვიტყვი, ესეც მშვენიერი საჩუქარი იყო.

მერე ვილაქლაქეთ, წითელი ღვინო ვწრუპეთ და ტუჩები გავიშავეთ.

გარედან ხმაური შემომესმა და აივანზე გავედი, ჩხუბობდნენ, ბრახ გააქანა და ლეწა ერთმა მეორეს, მეორე წაიქცა, ის კიდე მივიდა და კიდე ლეწა თავში, მეორე დიდად ვერაფერს აკეთებდა, პირველი არ ჩერდებოდა, აწია ეს მეორე და გადააგდო, მანქანაზე მიანარცხა, მივიდა კიდე დაარტყა, კიდე დაარტყა, ამ დროს მესამე მოვიდა იმანაც დაარტყა მეორეს, თან სულ თავში ურტყამდნენ. გაშეშებული ვიდექი, არ უნდა მეყურებინა, მარა გავძეგლდი, უბრალო ჩხუბი არ იყო, ზღვარგადასული და რაც მთავარია ცალმხრივი აგრესია იყო, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რო ასე მოვექცე ვინმეს. ალბათ ჩემთვის საყვარელ ადამიანს თუ მოექცევიან ასე, მერე შევძლებ ასე და ამაზე უარესადაც მოვექცე მე მათ. მაგრამ აქ გამაოგნებელი იყო მიზეზი. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე უმოწყალო-გამეტებულ დარტყმებს, ის ტიპი სულ ერთ წინადადებას ამატებდა ღრიალით – მე უნდა დავიჭირო ბიჭო შენი სიგარეტი? მე უნდა დავიჭირო?! მე უნდა დავიჭირო შენი სიგარეტი??? ჰა, შენი დედა მოვტყან! მე უნდა დავიჭირო სიგარეტი?..

3.

გამეღვიძა. თვალები ფრთხილად გავახილე, აბა დღეს ვინ რას მაჩუქებს-თქო. ფეისბუქზე შევძვერი და ერთი უცნობი მწერდა, რა კარგია, რო ბლოგის წერა გააგრძელეო. გავისაუბრეთ და შეხვედრა გადავწყვიტეთ, ჩემს მიუწვდომლობაზე მითი რომ დამსხვრეულიყო. მგონი კარგად გამოგვივიდა, თან Night Pizza-მ საჩუქარი გამიკეთა და საღამო გემრიელად გავატარეთ, ნახევარ მარგარიტასთან და ნახევარ პეპერონისთან ერთად.

საღამოს როცა წავიდა, ჩემმა მეგობარმა, ისრაელში რო ცხოვრობს, თავისი დოკუმენტური ფილმი Jerusalem Boxing Club გამომიგზავნა, ვუყურე. საერთოდ დოკუმენტურ ფილმებს არ ვუყურებ ხოლმე. მაგრამ ძაან ვისიამოვნე, ძალიან კარგად იყო ისტორია მოყოლილი, მუსიკითაც მშვენივრად იყო შეზავებული და რაც მთავარია, ადამიანურ ურთიერთობებზე იყო საინტერესო ისტორია.

ძილის წინ, უეცრად ერთი ამბავი გამახსენდა, როცა „ის“ გავიცანი, დედაჩემს მოვუყევი და დედაჩემმა მითხრა, ეხლა ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრაო და აღმოჩნდა რომ მისი სახელი, რომელიც უიშვიათესია და მეტი თითქმის არავის ქვია. დედაჩემს ეყენა ფეისბუქის პასვორდათ. სიგიჟე იყო, აღმოჩნდა რო დედაჩემსაც უყვარდა ის ისტორიული პერსონაჟი, როგორც დედამისს და მე რო გოგო ვყოფილიყავი, მეც ამ სახელს დამარქმევდნენ. მოკლედ ასე ვერ შეიკავა დედამ თავი, მითხრა ეს ამბავი და წავიდა პასვორდის გამოსაცვლელად. ისე კი, როცა ასეთი მშვენიერი ნიშნებიც კი ბოლოს ტრაკში მიდის, რისი უნდა გჯეროდეს ადამიანს აღარც კი ვიცი.

4.

გამეღვიძა. გვიანი იყო, მწერლის სახლში წავედი, მამაჩემმა ეროტიკული ტანკები თარგმნა და წიგნის პრეზენტაციაზე უნდა მიმესწრო. დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა და საღამომ კარგად ჩაიარა – სხარტად და საინტერესოდ.

ქუჩაში რო გამოვედი, ვიფიქრე დღეს მაინც სიწყნარეა-თქო, იქვე გარეთ 1 გოგო იდგა, ეწეოდა. მომესალმა, მეც მივესალმე, მე ის ვარო და ფეისბუქიდან შემახსენა თავი. ცოტა გამოველაპარაკე და დავიშალეთ. მერე სახლში როცა მივედი მოწერილი დამხვდა:

კომპლიმენტს გეტყვი – დავრწმუნდი რო ჩვეულებრივი ხარ )) თავმდაბალი და ადამიანური.

ეს გოგო რო წავიდა, ამ დროს მეგობარმა დამირეკა, გამოგივლი და „ამო რამე“-ში წავიდეთო, მოვიდა და წავედით. „ამო რამე“-ში ჩვენი მეგობარი მუშაობდა და 1 საათით შევუსეირნეთ, მოვინახულეთ. მგონი ცოტა გავამხიარულეთ კიდევაც, რაღაც სიგიჟეებს ვყვებოდი და ბევრი ვიცინეთ.

5.

გამეღვიძა. კიდევ ერთი მესიჯი მივიღე, კიდევ ერთი უცნობისგან, შედი ჩემს კედელზე და ნახე სტატუსი რო წერია, ეგ შენ გეძღვნებაო. შევედი და ვნახე. კარგი რაღაცეები ეწერა შავგრემან ბიჭზე… შეხვედრაზე შევთანხმდით, ამჯერად საჩუქრად ქინდერის კვერცხები მივიღე, ვისაუბრეთ, შოკოლადი და ჩაი მივირთვით და მერე საღამოს კიდევ ერთი სტატუსი მომიძღვნა, რომელიც ამჯერად უკვე ამ ჩვენს შეხვედრას ეძღვნებოდა.

მერე გვიან იმ გოგოს შევხვდი, ფინეთში რო ცხოვრობს, ჩემს ერთ მეგობარს მოეწონა და მე და ეს გოგო ერთად დაგვპატიჟა, ცოტა სადმე დავლიოთო, ცოტა არ გამოვიდა, ჯერ Peoples-ში ვიყავით, მერე Warszawa-ში, მერე მოზაიკაში, მერე ბერნარდში, იქიდან უკვე ბათუმში, თურქეთში, ბაჰამებზე, კაზინოში, სტრიპტიზ კლუბში და ბოულინგის სათამაშოდ გვინდოდა მოგზაურობა, საინფორმაციოში ვრეკავდით, რომ გაგვეგო სად იყო ავა გარდნერის საფლავი და მოგვენახულებინა, იქ ძალიან შეწუხდნენ, იწვალეს, ცდილობდნენ დაედგინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამასობაში კი ჩვენ დროულად მივხვდით, რო ეხლა უკვე დასაძინებლად წასვლა აჯობებდა ყველაფერს.

სახლში რო მივედი, „ფრენდ რექუესთი“ დამხვდა, დავაკონფირმე და ფოტოები დავათვალიერე, ისეთი გოგო იყო, მეგონა ჟურნალ VOGUES-ს ვათვალიერებდი. მერე გამოველაპარაკე, აღმოჩნდა რო გერმანიაში ცხოვრობს, მერე ლაპარაკი საკაიფოდ ავაწყეთ, მერე ბევრი ვიცინეთ, მერე მოგვეჩვენა რო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობდით და მერე მოგვინდა, რო ერთმანეთს ვიცნობდეთ. რაღაც ხდებოდა, რაღაც სასიამოვნო. არა, თავში კი არ ამივარდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო ყველაფერმა და ცოტათი მაინც უცნაური იყო.

6.

გამეღვიძა. სამზარეულოში გავედი, ყავის მოსამზადებლად. შემეშინდა, მაგიდასთან ვიღაცეები ისხდნენ, შუქი ავანთე და ჯადოქარი დამხვდა, მეორე კი ის უცნაურად ლამაზ თვალებიანი ბავშვი იყო Wall-ის ეზოდან. ისხდნენ და ჩემი ვეგეტარიანული პაშტეტით საუზმობდნენ.

– აჰ, ესე იგი, თქვენ ერთად ხართ, ხო? – ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი.

– ყოჩაღ! ძნელი მისახვედრი იყო, შერლოკ? – ლუკმით პირში მიპასუხმა ჯადოქარმა და ამომხედა.

– რა გინდათ, რატო მიძვრებით სახლში? – ვეცადე დამეძაბა სიტუაცია.

– სახლში არა, თავში… და საერთოდ როგორც შენს ლექსში იყო – შენი სახლის გასაღები იმას აქვს, ვინც არასოდეს მოვა – მოკლედ, შენ ვინც არ გინდა, თავში ვერ შემოგიძვრება. უი, და აი ეს გამომართვი, – ჯადოქრის დაძაბვა, როგორც ჩანს, სულაც არ იყო ადვილი საქმე. ჯიბიდან პატარა დაკეცილი ფურცელი ამოიღო და მომაწოდა.

გამოვართვი, გავშალე და ხმამაღლა წავიკითხე:

რამე მინდა ვნახო პირველად, ისეთი რამე რაც არ მინახავს

ის მინდა ვნახო

ის ხომ გინახავს?

მის დაბრუნებას ვნახავ პირველად

– იხვეწება ნელ-ნელა, ხო იცი, – უთხრა ბავშვს ჯადოქარმა. ბავშვმა შემომხედა, ლამაზი თვალები და საჭმლით გამოტენილი პირი ქონდა.

– რა არის ეს, რატომ გადამეკიდეთ ამ გოიმური ლექსებით? – წამოვიყვირე მე და ფურცელი მოვისროლე.

– ოოჰ, ეს რა ესთეტია რა, – თქვა ბავშვმა და გაიცინეს.

– კი არ გადაგეკიდეთ, ჩვენ გირჩევთ, შეეშვა ამ უაზრობას, ანუ ბლოგისგან გამოწვეული ინტერესით თავით ტკბობას და აქ დარჩე ჩვენთან. თან სიმართლე რო გითხრა, აქ მეტი შანსი გაქვს შეხვდე, – მითხრა, პირი მოიწმინდა და როგორც იცის ხოლმე, თვალი ჩამიკრა ღიმილით.

– არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა, ეგრე არ მინდა, – ვიმეორებდი, მაგრამ მივხვდი რო უბრალოდ ვფიქრობდი, პირი მოკუმული მქონდა…

გამეღვიძა.

 

Advertisements

ცარიელი დღეები (საახალწლო სპეც-გამოშვება)

I wish it was Christmas today

– Julian Casablancas

1.

შემხვდა.

ამ 10 თვის მანძილზე პირველად შემხვდა. ოთხშაბათი იყო, 6 იანვარი, ღამის 10 საათი, მამაჩემთან ვიყავი, არსად გასვლას არ ვაპირებდი. უცებ, დიდი ხნის უნახავმა ნაცნობმა მომწერა – რას შვები, ხომ არ გამოხვალო? – გავედი, პეკინზე მარშუტკა გავაჩერე, ავედი და პირველივე სკამზე იჯდა.

ათასჯერ მიფიქრია, თუ რა უნდა მექნა და როგორ მოვქცეულიყავი, როცა შემხვდებოდა და მგონი ყველაფერი გავაკეთე, ათასჯერ ნაფიქრის გარდა. ჩარლი ჩაპლინივით ვიქცეოდი. ჯერ მივესალმე, ცოტა შეცბა, ან მომეჩვენა რო შეცბა, ან არ მომეჩვენა და მეც შევცბი. ყურებიდან „ნაუშნიკები“ გამოიღო. გილოცავ-თქო ვუთხარი. ნუ, ახალი წელი ვიგულისხმე ალბათ, თუ ყველაფერი, თუ როგორც არის. მადლობაო. მერე წავედი უკან დავჯექი. ვიფიქრე მალე ჩავიდოდა სპორტის სასახლესთან, ამიტომ ცოტა რო გავიარეთ ავდექი და გავაჩერებინე მარშუტკა, მძღოლს 2-ის ფული მივეცი, გადახდილია-თქო ვუთხარი და ჩავედი, შემოვტრიალდი, ხურდას ველოდებოდი, უცებ კურტკა გავიხსენი, ჯემპრი ავიწიე და მაისური დავანახე, მისი ნაჩუქარი მაისური მეცვა, ერთადერთი ნივთი რაც მისგან დამრჩა და რომელიც ზუსტად იმდღეს მეცვა. ძაან გაეცინა, თან ისე როგორც იცის ხოლმე, ძაან კეთილად. ამ დროს მძღოლმა ხურდა დამიბრუნა. საშინლად ლამაზი იყო, კოცნა გავუგზავნე, კარი დავხურე და გზა ფეხით გავაგრძელე.

2.

ყავა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ქუჩაში დაფქვილი ყავის მძაფრი არომატი ვიგრძენი და მესიამოვნა. უცებ 1 სიზმარი გამახსენდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დამესიზმრა.
ტელევიზორი ჩავრთე და ეკრანზე გამოვჩნდი, პირს მორგანთან ვიჯექი სტუდიაში.
– So, what about her? – აბა, რას ფიქრობ მასზე? – მკითხა პირსმა.
– I think, she knows, how to be good, but she is not ready for this, – მე მგონი მან იცის, თუ როგორ უნდა იყოს კარგი, მაგრამ ის უბრალოდ ჯერ მზად არ არის ამისთვის, – ვუპასუხე ღიმილით.
– Well… & what about you? – და შენზე რას იტყვი? – განაგრძო პირსმა.
– You know, I have bright sides & dark sides… & I try a lot to be good… – მე მაქვს ნათელი და ბნელი მხარეები და ბევრს ვცდილობ იმისთვის, რომ ვიყო კარგი, – ვთქვი მე და ყავა მოვსვი, რომელსაც ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა, როგორიც ეხლა ვიგრძენი ქუჩაში.

მეგობართან ავედი, რომელმაც უეცრად მომწერა გამოდიო და რომელიც ბლოგს წერდა და თურმე რომ არა ჩემი ბლოგი, არ დაწერდა. სასიამოვნო ინფორმაცია იყო. აი ლინკიც:

http://tinyurl.com/hut8fc6

ცოტა დავლიე და კანუდოსში წავედით, რო მივედით მაგიდასთან 1 ბიჭი და 4 გოგო ისხდნენ, არცერთს არ ვიცნობდი და უცებ მითხრეს ჩვენ შენს ბლოგს ვკითხულობდითო. ესეც კიდევ 1 მოულოდნელი სიურპრიზი… იქიდან მტკვარზე წავედი. სიხა უკრავდა, როგორც „ასეთ დროს“ ფილმებში აკეთებენ ხოლმე, ძაან დავთვერი და დილამდე იქ ვიყავი.

3.

მეორე დღეს სიხას კონცერტი იყო რიფერში. ამჯერად მღეროდა. პეკინზე ტაქსი გავაჩერე:

– ოპერასთან 3 ლარად გამიყვან?
– მმმმ… სადაა ოპერა?

მეთქი რუსთაველზე და წავედით. რიფერში ბევრი ხალხი იყო, კონცერტი დაწყებული დამხვდა. სიხამ დაახლოებით 1 თვის წინ რაღაც ვიდეო დადო ფეისბუქზე, შარშანაც ქონდა აქ კონცერტი და იმის ნაწყვეტი იყო. მივაჭირე, YouTube-ზე გადავედი, ვუყურე და მერე გვერდით დავინახე სხვა ნაწყვეტებიც იდო იმ კონცერტიდან, კიდე მივაჭირე ერთს და უცებ რას ვხედავ: სიხა სცენაზეა, წინ ბევრი ხალხი დგას, მე სცენის კუთხესთან ვარ, ჯიბიდან მობილურს ვიღებ და SMS-ს ვაგზავნი – მოდი, სცენასთან ვდგავარ – ნუ, ეს ტექსტი არ ჩანს, მაგრამ, ხომ მახსოვს რაც დავწერე. მერე, უცებ ის შემოდის კადრში, ხალხს აქეთ-იქით წევს და ჩემთან მოდის, მკოცნის, ყურში რაღაცას მეუბნება, ვიცინით, მეხუტება, ცოტა ლუდს ვსვამთ, სიხას ვუსმენთ, ვცეკვავთსავით. ბოლოს სიმღერა მთავრდება, ხელს მკიდებს, ამ ხალხში ვძვრებით და კადრიდან გავდივართ. 5 წუთიანი სცენაა. არც ვიცოდი ვიდეოს თუ იღებდნენ.

ავიჭერი… ამ ვიდეომ ამრია.

ჰოდა, ეხლაც წავედი და იმ კუთხეში დავდექი… კონცერტი რო მორჩა, ცოტა დავლიეთ და მალე დავიშალეთ. სიხამ, ხვალ არტ-კაფეში ვუკრავო და მოდიო.

4.

მივედი. მაგარი ჭყლეტა იყო, ხალხი წუწუნებდა, სასმელი გვინდა და ბარებთან ისეთი ამბავია, ვერ ვყიდულობთო.

რაღაც მომენტში, 3 უცხო ბიჭი მაჩერებს:
– აუ, აუ, აუ, აუ! – ამბობს ერთი, მეორეს ყურში რაღაცას ეუბნება და თავს ჩემსკენ იქნევს.
– ვააახ, კი, ტო… – ამბობს მეორე, მესამეს ყურში რაღაცას ეუბნება და თავს ჩემსკენ იქნევს.
– ეე, მართლა ჩემი კაი, – ამბობს მესამე და სამივენი მიყურებენ.
რა უნდათ ვერ გავიგე, მუსიკა ძაან ხმამაღლაა. მე ვიღიმი, ვუყურებ და ველოდები, ფხიზელი ვარ, სიკეთის რეჟიმი მაქვს ჩართული.
– ირაკლის გავხარ ძმაო ძაან მაგრად ჩარკვიანს!.. – როგორც იქნა მითხრა პირველმა.
– აა, ჰო, ვიცი, ხშირად მეუბნებიან, – დავუქნიე თავი.
– ხო, მარა შენ დიდხანს იცოცხლე ძმაო! – დაამატა მეორემ და მხარზე ხელი მეგობრულად დამიტყაპუნა.
– გაიხარეთ! – ვუთხარი კოდური სიტყვა, რომელიც ასეთ დროს უნდა იხმარო ხოლმე და გზა გავაგრძელე.

ბუგი-ვუგიში შევიხედე, არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, უკან დავბრუნდი, ცოტა ვიცეკვე და სახლში წამოვედი. მშიოდა და რა უნდა ქნას ადამიანმა, ღამე თუ მოშივდება… ღამე კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ნორმალურ ადამიანს შივდება, რა უნდა ქნას და Night Pizza უნდა გამოიძახოს, ხოდა დავრეკე 591 21 00 06 და შევუკვეთე მარგარიტა. მომიტანეს, გემრიელად მივირთვი, პარალელურად ცოტა ფეისბუქიც ვსქროლე, #NBAVote Zaza Pachulia დავწერე და დავიძინე.

5.

ჩემს ძველ სამსახურში მივედი, Windfor’s-ში, წელს შეკრების პირველი დღე ქონდათ, ეზოში მწვადებს და სოსისებს წვავდნენ, რის გამოც მე მხოლოდ თონის პური და მჟავე კიტრი მერგო. მაგრამ ცოტა დავლიე, რაც მთავარია მეგობრები მოვინახულე და, მოკლედ, მაინც კარგი დრო გავატარე.

იქიდან HOLMES&WATSON-ში შევიარე, იქაურებიც მოვინახულე, ცოტა იქაც დავლიე, 2 ლეკვი ყავთ, იმათაც მოვესიყვარულე და ღამე მივედი სიხასთან, რომელიც გაცივდა და სახლში იჯდა. ჩაი დაასხა, მურაბა მოიტანა და დავიწყეთ ლაპარაკი… შუა საუბრის დროს დავაფიქსირეთ, რო ძალიან სასაცილოდ ვლაპარაკობდით, მგონი წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა ასეთი მანერა. ის თავის ამბავს ყვებოდა, მე ჩემსას, ოღონდ დიალოგის ფორმა ქონდა ამ ყველაფერს და რაღაცნაირად გამოდიოდა, რო 2 თემაზე ვლაპარაკობდით ერთდროულად, მარა თან მაინც ერწყმოდა ეს ყველაფერი ერთმანეთში.

სახლში გვიან მივედი და გავიგე, რო დევიდ ბოუი გარდაიცვალა. ძალიან მეწყინა. ჩემი ბავშვობის სიყვარულებიდან ერთი კურტ ვონეგუტი მეწყინა ასე და ეხლა ეს.

6.

WordPress-მა მეილი გამომიგზავნა – “ცარიელი დღეები” იმდენმა ადამიანმა წაიკითხა, სიდნეის ოპერას გაავსებდნენ 13-ჯერო, 42 ქვეყანაში კითხულობდნენო და სულ ასეთი კარგი რამეები ეწერა!..

ზუსტად 2 თვენახევარია, რაც აღარ ვწერდი და ამ ხნის მანძილზე, ჯერ არცერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რომ დაახლოებით 10 ვიზიტორი მაინც არ დაფიქსირდეს. ანუ, ამ ხნის მანძილზე კიდევ 800-მა ადამიანმა წაიკითხა. ჰოდა, ასე გამოდის მთელი ეს პერიოდი ცოცხალი იყო ბლოგი, სუნთქავდა…

ამასობაში კი სრულიად უცნობმა ადამიანმა, მომწერა რომ თურმე “ცარიელი დღეები“ ამოუბეჭდავს, აუკინძავს და გაუვრცელებია. ჰოდა, ფოტოც გამომიგზავნა ამ ყველაფრის დასტურად. ამ ფიქრებში ძველი ახალი წლის აღსანიშნავად გაშვებული ფეიერვერკის ფონზე ჩამეძინა:

უცებ დიკაპრიო შემოვიდა ოთახში, სავარძელში ჩაჯდა და მითხრა:

– იცი, წავიკითხე ეს შენი საახალწლო ბლოგი და ისეთი კარგი არ იყო, როგორც ძველები, – თან ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა.

– ოჰ, ეგრე საახალწლო შერლოკზეც ამბობენ, დიდი ამბავი ეხლა, – გავეცი მომზადებული პასუხი და ლოგინში ცოტა წამოვიმართე.

-არ ვიცი, მე შერლოკს არ ვუყურებ, – წამოდგა და სარკმელი გამოაღო.

-ნწ, გაჩერდი ეხლა იცოდე, თორე ოსკარს არ მოგცემენ, – ვუთხარი სიცილით.

-…

-ეგრე ნუ მიკეთებ თვალებს, ლედი გაგა კი არ ვარ, – და ორივეს გაგვეცინა.

გამეღვიძა… უფ, ლეო დამესიზმრა-თქო, გავიფიქრე და უცებ თავთან პატარა მაგიდაზე რაღაცამ გაიბრწყინა, მობილური მივანათე და ოსკარის ქანდაკება დავინახე… ვაჰ, ჯერ ვიფიქრე, იმას დარჩა-თქო, მერე გამახსენდა რო იმას არ აქვს და ამ დროს წარწერას კარგად მივანათე და – აკადემიის ჯილდო, ნონო ანთაძეს საუკეთესო ბლოგისთვის „ცარიელი დღეები“ – ეწერა, მეთქი ვუა, ჩემი კაი… ჰოდა, გადავტრიალდი და გავაგრძელე ძილი… ძილი კი არა და წერა…..

 

ცარიელი დღეები (XV ნაწილი)

Featured image

If you don’t want my love, why are you talking on the phone?

– Standish/Carlyon

1.

რაღაც მომენტში სასმელი მომეკიდა, მუსიკას ჩავუწიე და სკამზე ავედი:

– გთხოვთ, ერთი წამით მომისმინოთ! – ყველამ ჩემსკენ გამოიხედა…

– ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ, ნუ ზოგისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ზოგისთვის ნაკლებად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რო გადავწყვიტე „ცარიელი დღეების“ წერა შემეწყვიტა!.. მაგრამ გადავიფიქრე და გავაგრძელებ!

თავიდან, ერთი წამით ცოტა გაოცებული სახეები ქონდათ, მერე გაეცინათ და ბოლოს ყველა მეუბნებოდა, რო აბა რა, დიახაც წერა უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ მათ გარდა უამრავი, უცხო ადამიანი კითხულობს, იმიტომ რომ ზოგს წერის სურვილიც გაუჩნდა, იმიტომ რომ იმდენად კარგად იკითხება, ამის შესახებ კომუნიკატორშიც კი თქვეს და ასე შემდეგ…

– რა ვიცი, რა ვიცი – ჩავიბურტყუნე სწრაფ-სწრაფად, როგორც მჩვევია, როდესაც გამოთქმულ აზრს თითქოს ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ არც არაფერი მაქვს ხოლმე დიდად საწინააღმდეგო და გულის სიღრმეში კი მხარდაჭერისგან სასიამოვნოდ გაბღენძილი ჩამოვხტი სკამიდან.

2.

True Detective-ს მეორე სეზონის ყურება დავიწყე, ამ სერიალების ეპოქაში, სერიალებს საერთოდ არ ვუყურებდი, ეტყობა ბავშვობაში როცა გავიგე Santa Barbara და Isaura ცუდიაო, სიტყვა სერიალი უარყოფით მოვლენად ჩამრჩა. თუმცა ფაქტია, ასე აღარ იყო…

მოკლედ, ერთადერთი Lie to Me მქონდა ნანახი ტიმ როტის ხათრით და ისე მომეწონა, მერე მისი პროტოტიპის პოლ ეკმანის ძალიან საინტერესო წიგნიც წავიკითხე. ნუ, ამის გარდა ჩემ საყვარელ Sherlock-ს ვუყურებდი, მაგრამ ეს არც იყო სტანდარტული გაგებით სერიალი. ხოდა, აი წელს უცებ გადავწყვიტე და ჯერ Fargo ვნახე და მერე True Detective, პირველი ბილი ბობ ტორნტონის გამო და მეორე ვუდი ჰარელსონის და მეტიუ მაკკონაჰის. თუმცა ეხლა მეორე სეზონში ესენი აღარ დამხვდნენ, მაგრამ კოლინ ფარელიც მაკმაყოფილებდა. ანუ, სერიალში ერთი კარგი კინომსახიობი მაინც უნდა ყოფილიყო იმისთვის, რო მეყურებინა და პლუს სასურველია 32-ე სეზონი არ ყოფილიყო და 247 სერია არ მქონოდა სანახავი.

ჰო, კიდე House of Cards-იც პირველი სერიასაც ვუყურე კევინ სპეისის პონტში, თან ფინჩერის გადაღებული იყო, თუმცა თემამ არ დამაინტერესა და ეგრევე შევეშვი.

3.

სალომე ფეისბუქს სქროლავდა და აღმოჩნდა, ერთმა მისმა ნაცნობმა ჩემზე დაასტატუსა, რა Product placement-ია, Wall-ის დირექტორი ხო არ არის, ბლოგში სულ ამ ბარს რო ახსენებსო.

ხოდა მეორე დღეს Wall-ში რო მივედით, უცებ ეს ნაცნობი იქ დაგვხვდა. სალომემ გამაცნო და ვუთხარი – აი, ხო ხედავ როგორ მუშაობს რეკლამა, მარა დირექტორი არ ვარ-თქო. – იმედია დამიჯერა. ისე სხვებმაც მითხრეს, რო ბლოგიდან გაიგეს ამ ბარის შესახებ და ჩემი აზრით არაფერი ცუდი არ იყო ამაში. მგონი ადრე რამდენჯერმე Teatret-ი რო ვახსენე, იქაც ეგრე მოხდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემს მეგობარს, ბარის მეპატრონეს ვუთხარი – წილი არა, მარა უფასო სასმელი მაინც მეკუთვნის-თქო – იმან კიდე – უფასო სასმელი არა, მარა მაგიდას დაგიბრონავ ხოლმეო.

ამ დროს sms მივიღე მეგობრისგან – იცი, გუშინ ქუჩაში მივდიოდი და შენ გნახე, ოღონდ 70 წლის, ჭაღარა, ცოტათი მოხრილი და გვერდით ძაან საყვარელი ბებია მოგყვებოდა კოპლებიან კაბაში… ისე გგავდა, რო დავინახე, გავჩერდი და გაშტერებული ვუყურებდი და რო გამცდნენ, შევტრიალდი და კიდევ გავხედე… შენი სიბერე მაქვს ნანახი)))) – ვა, კაია, საკაიფო ისტორიაა! უბრალოდ ვფიქრობ არანაირი კოპლები არ იქნება – ვუპასუხე მე…

4.

გამეღვიძა. 16 აგვისტო იყო.

ზუსტად ამ დღეს შარშან პირველად შევხვდით ერთმანეთს, არასოდეს მანამდე მსგავსი სილამაზის არც ვინმე და არც რამე არ მინახავს და ასეთი მძლავრი ემოცია რამენაირად რომ დამემალა, ავდექი და დაბნეულობისგან და სიხარულისგან ცხვირით კისერში ჩავეკარი. რამდენიმე წამი ვიყავით ასე და მერე ძალიან ხშირად ვიხსენებდით ხოლმე ამ მომენტს. ახლა კი როგორც ჩანს, ის შეგრძნება მარტო ცხვირს ახსოვდა… კისერმა ყველაფერი დაივიწყა.

ძაან ცხელოდა. გამახსენდა, როგორ არ უყვარდა სიცხე. გამახსენდა, როგორ გრილოდა საღამოობით მასთან სოფელში, როგორ ვბანაობდი თხილის ხის ქვეშ, როგორ დავლიე რძე და მიხვდა, რო არ მიყვარდა, როგორ ვისხედით მდინარესთან, როგორ ავუტანე თერმოსით მაყვალი და მერე დედამისმა უთხრა, გაფუჭდაო და თურმე თვითონ შეჭამა, როგორ მეძინა თრიებთან ერთად…

მერე ავდექი. აბაზანაში შევედი და ცხელი ფიქრები ჩამოვიბანე.

5.

HOLMES&WATSON-ში შევიარე და იქიდან ყველანი Wall-ში წავედით, მაგიდასთან რვანი ვისხედით.

– რაღაც თამაში მოვიგონე და ვითამაშოთ, შენ მოგეწონება, – ვთქვი და ჩემ ძმას გავხედე.

– ტვინის ჭყლეტვა არ შემიძლია ამ სიცხეში, – დაიკნავლმა ერთ-ერთმა.

– არაფერი ინტელექტუალური არ არის, უბრალოდ ვცადოთ, იქნებ გავერთოთ, – დავაწყნარე დასიცხული.

– მიდი, აბა ახსენი რა თამაშია? – უმეტესობა მაინც ინტერესით მოეკიდა.

– მაგალითად მე დავწერ, რომელია ჩემი აზრით ყველაზე მაგარი სიგარეტი, – დავიწყე წესების ახსნა, მარა ეგრევე შემაწყვეტინეს.

– მაგარი რას ნიშნავს?

– აუ, ეხლა ნუ გაატრაკებთ, მაგარი სლენგზე ნიშნავს, კარგს. წვრილმანებზე ნუ გამომეკიდებით, – სერიოზული ტონი შევურიე და გაჭრა.

– ჰო, კაი, მეთქი მეტი ნიკოტინი რომელსაც ქონდა, მერე?

– მერე გადავკეცავ ფურცელს, ისე რო არ გამოჩნდეს, რა დავწერე და მოგცემ შენ, შენც უნდა დაწერო შენი აზრით ყველაზე კარგი სიგარეტის ბრენდი რომელია, გადაკეცო და გადააწოდო შემდეგს და ესე. აზრი იმაშია, ნეტა რამე ისეთი ბრენდი თუ არსებობს, რო ყველამ ერთიდაიგივე დავწეროთ. ნუ რაც უფრო მეტი თამაშობს, მით უფრო რთული იქნება, მარა 8 ადამიანი მგონი კაი რაოდენობაა.

– დავაი, დავიწყეთ, გააძრეთ ფურცელი და პასტა. – გასცა ბრძანება ჩემმა ძმამ.

გავაძრეთ და პირველი ხელი სიგარეტებზე ვითამაშეთ, ფურცელი გავშალეთ და დაგვხვდა: 6 Marlboro, 1 Camel-ი და 1 Parliament-ი. დასაწყისისთვის არ იყო ცუდი. მეორე პარტია, მანქანებზე, სრული კრახით დასრულდა, ფურცელზე ეწერა: Mercedes; Porsche; Ferrari; Lamborghini; Jaguar; Bentley; Bugatti; Rolls-Royce. წარმოუდგენელი იყო რანაირად მოხდა ასე, ყველამ რო სხვადასხვა დავწერეთ?! მესამე ხელი ენერგეტიკულ სასმელებზე ვცადეთ, მეგონა ეხლა მაინც გამოვიდოდა, ფურცელი გავხსენით და: 7 Red Bull-ი და….. 1 XL-ი.

– XL-ი ვინ დაწერა? – ვიკითხე სევდიანად.

– მე.

– მერე რა XL-ი ბიჭო? – ცოტა აღვშფოთდი, ძაან მიყვარს Red Bull-ი.

– ვა, იაფია და საერთოდ გემოთიც მომწონს, რა გინდა?..

რა უნდა მეთქვა, ზოგს ხარისხიანი რაღაცეები მოწონს, ზოგს უნიჭო მიმსგავსება.

და ბოლოს პრეზერვატივებზე ვითამაშეთ, ფურცელი გავასწორე და რვავე მოთამაშეს ეწერა: Durex. თამაში შედგა. როგორც ასეთ დროს მჩვევია, ბავშვივით კმაყოფილი ვიყავი.

6.

მეგობართან ერთად ახალ გახსნილ Citron-ში ვიჯექი.

– ხატავ კიდე? – მკითხა და ცივი კამპოტი დამისხა.

– აღარ, ეხლა ვწერ.

– მე ის ნახატი მომწონს ყველაზე მეტად, გოგო და ბიჭი რო არიან ნაქსოვ რაღაცეებში.

– ჰო, ეგ ბევრს მოწონს, ვაღიარებ კარგი გამომივიდა.

– როგორ იცი ხოლმე შეფერება.

– როგორც შემეფერება.

ჩუმად გაგვეცინა.

– სალომე რას შვება?

– გერმანიაში მიდის სასწავლებლად, 1 წლით.

– რა უნდა ისწავლოს?

– არქეოლოგია.

– ჰმმმ… ძველი, იშვიათი, სამუზეუმო ექსპონატები. მშვენიერია, ყოველთვის მაინტერესებდა.

– აჰა, ძველისძველი ნივთები, მუმიები… მეც ხო მაგ პონტში გავდივარ…

ეხლა უკვე ხმამაღლა გავიცინეთ.

[To be continued]

Featured image