ცარიელი დღეები (XVI ნაწილი)

Featured image

You made me forget myself, I thought I was, Someone else, someone good

– Lou Reed

1.

მოკლედ, იმის გამო, რო ზოგიერთი მკითხველი დაიბნა და ამ 3 თვის მანძილზე ვერ გაიგო, დავაზუსტებ: მე ვარ ნოდარ (ნონო) ანთაძე, დაბადებული 1977 წლის 10 აგვისტოს ქალაქ თბილისში. მე ვწერ ამ ბლოგს და რადგან არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი, ჩემი ძმა, ნიკოლოზ (ნიკუშა) ანთაძე, დაბადებული 1989 წლის 9 თებერვალს ასევე ქალაქ თბილისში, აზიარებს ჩემს მიერ დაწერილ ბლოგს თავის ფეისბუქზე და თუ ამ აბზაცის წაკითხვის შემდეგ კიდევ ფიქრობთ, რომ ამ ბლოგს ნიკუშა წერს, გირჩევთ მიმართოთ ასოციაციას „ნუმაინცარმჯერადარავქნას“ მისამართზე: ურწმუნო თომას 2.

ცხელოდა და ამ დროს სიცხისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. გამაოგნებლად დიდი წყლის გადასახადი მომივიდა და ქვითარს კარგად რო დავაკვირდი, შევამჩნიე გრაფაში „სულთა რაოდენობა“, როგორც ყოველთვის 1 ადამიანის მაგივრად, 6 ადამიანი იყო მითითებული და ნახევარი წლის მანძილზე, რაც ამ სახლში არ ვცხოვრობდი საკმაოდ სერიოზული თანხა დაგროვილიყო გადასახდელი. ხოდა ცხოვრებაში პირველად მომიწია იუსტიციის სახლში მისვლა. კი მეგონა რო გამაწვალებდნენ, მაგრამ საერთოდ ბიუროკრატიის მწვერვალი დამხვდა. იმის მაგივრად გაერკვიათ საიდან მოხვდა ზედმეტი 5 ადამიანი ჩემთან, მითხრეს ამას ჯერ ვერ გავარკვევთ იმის გამო რო ბინას ნომერი არა აქვს მინიჭებულიო და, როცა ვუთხარი, ბინას ნომერი კარზეც აწერია და ქვითარზეც არის მითითებული-თქო, მიპასუხეს, ამის გარკვევას 1 თვე დაჭირდებაო.

იქიდან შემოსავლების სამსახურში წავედი, საბუთი უნდა ამეღო, გასულ თვეში შემოსავალი რო არ მქონია და სადაზღვევოში მიმეტანა, ბანკის სესხი რო გადაეხადათ. მივედი და საბუთს სამშაბათამდე ვერ მოგცემთო. კი მაგრამ სესხი ორშაბათს უნდა დაიფაროს-თქო ვეუბნები. ვერ მოგცემთო და ან ჯარიმის გადახდა მოგიწევს, ან თავდები გადაიხდისო. მოკლედ, წამოვედი სახლში გინებ-გინებით. თავი კაფკას „პროცესში“ მეგონა, რის შედეგადაც კიდე უფრო მცხელოდა.

2.

ის ბიჭი გვესტუმრა, სალომეს მეგობარი, ბუდისტური სიმშვიდით რო გამოირჩეოდა, ხოდა ჯერ წყნარად და აუღელვებლად მოამზადა უგემრიელესი ვეგეტარიანული შაურმა და მერე დესერტად პირის ჩასატკბარუნებელი ტირამისუც მიაყოლა. ცოტა ღვინოც მოვწრუპეთ და ბევრი ვიჭორავეთ.

სტუმარი წავიდა, სალომემ დაიძინა, შუაღამე იყო, საშინლად გაწვიმდა, აივანთან ფაქტიურად შიშველი ვიდექი და გარეთ ვიყურებოდი. თითქოს ხილიანზე კი არა, სადმე კონგოს რესპუბლიკაში ვიყავი, ტროპიკული წვიმების პერიოდში და პატარა ქოხიდან თავსხმას მივშტერებოდი. სიმყუდროვით რაღაცას გავდა ეს შეგრძნება და გამახსენდა პატარაობისას, ძილის წინ თავზე საბანს ვიფარებდი და წარმოვიდგენდი, რო გარშემო ბევრი ხალხი იყო, მე კი ვითომ კარავში ვიწექი და ასე ვიძინებდი ხოლმე.

წვიმამ გადაიღო, დავწექი და ზოოპარკიდან ლომის ღრიალი გაისმა, როგორც ჩანს მინიმუმ 1 ლომი გადარჩენილა. ისე კი ძაან უცნაურია, საბურთალოზე, ძილის წინ ასეთი აფრიკული ხმა როცა ჩაგესმის…

3.

კინოთეატრ ამირანის ახალ დარბაზში ვუდი ალენის „ირაციონალური ადამიანი“ ვნახეთ. სათაური საჩემო იყო და სიუჟეტიც მომეწონა, რა თქმა უნდა არ დავასპოილერებ, უბრალოდ ყოველთვის მომწონდა, როცა ესე 1 წამში ბრახ და შენს ცხოვრებაში, რაღაც წარმოუდგენელი სიგიჟე ძალიან ბუნებრივი ხდება. მოკლედ, მთლიანობაში დიდი არაფერი ფილმია, თუმცა მშვენივრად გავერთე. ვუდი ალენის გენიალურობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ხომ ის არის, რო შეუძლია დიდი არაფერი ფილმი გააკეთოს, მაგრამ მაინც არ იყოს ცუდი. ის არასოდეს არის ცუდი ალენი.

თან ფილმში კირკეგორიც იყო ნახსენები, რითიც საბოლოოდ მოიგო ჩემი გული. კინოდან რო გამოვდიოდით გამახსენდა ერთხელ ამსტერდამში Magna Plaza-ში ვნახე, ლურჯი ფერის მაისური ვუდის პორტრეტით და რაღაცნაირად განსაკუთრებით ჩამრჩა, რო არ ვიყიდე, ალბათ იმიტო, რო საკუთარი თავისთვის ძირითადად არაფრის ყიდვის სურვილი არ მაქვს.

მეორე დღეს რუსთაველში წავედით The Man from U.N.C.L.E.-ზე, როგორც ჩანს გაი რიჩიმ თავისი ხიბლი საბოლოოდ დაკარგა, ზოგ ეპოზოდებში 5 წამით ვასწრებდი პერსონაჟებს, თუ რა ფრაზას იტყოდნენ, რაც სალომესთვის კარგი გასართობი კი იყო და იდეაში მეც უნდა გამხარებოდა, კინომანისთვის დამახასიათებელ ასეთ გუმანს და ალღოს რო ვავლენდი, მაგრამ აშკარად ორივეს გვერჩივნა ფილმი ყოფილიყო მოულოდნელობებით აღსავსე და ერთი სიტყვით უკეთესი.

4.

დილით მეილი შევამოწმე და ჩემს მეგობარს, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მოუწერია:

ეხლა წავიკითხე ბლოგი, ქუჩაში დავიწყე კითხვა, მერე სადარბაზოში რო შემოვედი 3 გოგონა დამხვდა, ველოსიპედებს აყენებდნენ და Hola მითხრეს, ერთ-ერთი განსაკუთრებით მომეწონა. მანამდე მთელი საღამო გერმანელ კოლეგასთან გავატარე, 40 წლის ქალია, შარშან დაშორდა თავის 9 წლის სიყვარულს და კინაღამ გადაყვა. ხოდა გავუზიარეთ ერთმანეთს ყველაფერი. ეხლა ჰაშიშს მოვწევ და დავიძინებ. გკოცნი..

მე ვუპასუხე:

რა კაი მეილია, რაღაცნაირი განწყობით.. ქუჩაში კითხვა, ველოსიპედიანი გოგოების Hola რო გვიხარია, გერმანელი კოლეგა თავის ტკივილებით და ბოლოს ჰაშიშიანი ძილი ^^ love you

აი, ასეთი სენტიმენტალური მიმოწერაც შეიძლება ქონდეთ 40-ს მიტანებულ ბავშვობის მეგობრებს.

ისე, ამ დღეებში უკვე 2 მეგობარი მელაპარაკა სუიციდის შესახებ, თან ეს სულაც არ იყო თინეიჯერული ახირება, ეს უფრო საშუალო ასაკის კრიზისის დეპრესიას გავდა. მათი არ ვიცი და მე პირადად არაერთხელ მქონია ამ საზეიმო აქტის რეალურად ჩატარების სურვილი, თუმცა მცდელობა არცერთხელ, ზუსტად ვიცი რო ამას არ გავაკეთებ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რო მეშინია. ჩემი გზა უფრო რთულია. ვინც ბლოგს ყურადღებით კითხულობთ, შეამჩნევდით, მე სიღრმისეულად და ბოლომდე უნდა ვიტანჯო. სხვანაირად არ შემიძლია და ვისაც გონია, რო ეს ჩემი არჩევანია, ძალიანაც ცდება. მე უბრალოდ რეალობას ვიღებ, არ გავურბივარ ათასგვარი ტყუილებით და როდესაც ცუდად ვარ, ბევრისგან განსხვავებით სულაც არ მესირცხვილება ამის აღიარება. მეორე საქმეა რეალობის შეცვლას რო არ ვცდილობ. ეგ ფაქტია, ნებისყოფა მაკლია, მაგრამ თან ისიც მესმის, რო რეალობა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული და მის შეცვლა-არშეცვლაზე გარემო პირობებიც დიდ გავლენას ახდენენ.

5.

McDonald’s-ში შევედით:

– 1 პატარა კარტოფილი, – დავიწყე შეკვეთის მიცემა.

– პატარა კარტოფილი არ გვაქვს, გვაქვს საბავშვო კარტოფილი, საშუალო და დიდი, – ჩამეჩარა პერსონალი, ნამეცადინები, გაშეშებული ღიმილით.

– ანუ, პატარა რომელიც არის, ის მინდა, – ვუთხარი და მშვიდი ღიმილით ვუპასუხე.

– ანუ საბავშვო, – და ისე გაიღიმა, ცოტათი დავეჭვდი, რობოტი ხომ არ არის-თქო.

– ანუ ზომით რომელიც არის პატარა, ის, – ვუპასუხე და სახეზე უკვე მეც პლასტმასის ღიმილი გამომესახა.

იქიდან Wall-ში წავედით, სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა იყო ჩართული, პატრული მოვიდა, თქვენმა მეზობელმა დაგვირეკა, ვერ იძინებსო.

– დეციბელები გაზომეთ და მერე ჩავუწევთ, – კანონიერი ქმედებისკენ ვუბიძგე პოლიციელს.

– დეციბელებზე კანონი სექტემბრიდან შედის ძალაში, – მიპასუხა ოდნავ მოწყენილმა.

– ესე იგი სექტემბრამდე შეგვიძლია არ ჩავუწიოთ, – ვცადე ამ უპირატესობის გამოყენება.

– მე შემიძლია ადმინისტრაციული ჯარიმა გამოვწერო დაუმორჩილებლობის საფუძველზე, – გადაწყვიტა კუნთები ეჩვენებინა.

მოკლედ, მერე აღარ მაცალეს გართობა, სხვები გაესაუბრნენ და ჩემსავით პინგ-პონგის თამაში კი არ დაუწყეს, ღიმილით უთხრეს, რო აბა რა, ეხლავე ჩაუწევდნენ, ჩაუწიეს და წავიდა თუ არა, ისევ აუწიეს, რის გამოც პატივცემულ პატრულს კიდევ ერთხელ მოუწია მოსვლა, ჩვენც კიდევ ერთხელ ჩავუწიეთ და, რაღა თქმა უნდა, რო წავიდა, ისევ ავუწიეთ. ხოდა, მეტი აღარ მოსულა, ეტყობა მეზობელმა დაურეკა და უთხრა Wake Me Up When September Ends-ო.

6.

YouTube-ზე შევედი და მარიო გოტცეს არგენტინის კარში გატანილ გოლს ვუყურე. 1 წელია ესე უცებ მომინდებოდა და ვნახულობ ამ გოლს და ყოველ ჯერზე ისევ ისე მიხარია, როგორც პირველად, და ბოლო დროისთვის უჩვეულოდ და იშვიათად კარგ განწყობაზე ვდგები. ხანდახან კი ბრაზილიის კარში გატანილ 7 გოლსაც მივაყოლებ ხოლმე.

ვიდეოებში ვიძრომიალე, სპორტიდან მუსიკაზე გადავედი და უცებ ძაან მაგარი რაღაც აღმოვაჩინე…

თურმე ჩემმა მეგობარმა, თავის შეყვარებულს, რომელიც ჰამბურგში ცხოვრობს, სიმღერა დაუწერა. ჩავრთე და ძაან მაგარი აღმოჩნდა, სიმღერაც და მეგობარიც. ნუ, გოგო რო მაგარი ყავს, ეგ ისედაც ვიცოდით. იმათმაც იცოდნენ, როგორ მიყვარდა მე და თავიდანვე გულშემატკივრობდნენ ჩემ ისტორიას, ეხლა კი, მე მათი სიმღერა შემიყვარდა. აი, ეხლა ვწერ და ვუსმენ, უკვე მერამდენედ… თქვენც მოუსმინეთ:

[To be continued]

20 thoughts on “ცარიელი დღეები (XVI ნაწილი)

  1. და სიმღერაც და გოგოც და პოსტიც!
    გერმანული ფეხბურთის ხსენების გარდა ყველაფერი მომეწონა ))
    მადლობა ❤

    Like

  2. “ზოგ ეპოზოდებში 5 წამით ვასწრებდი პერსონაჟებს, თუ რა ფრაზას იტყოდნენ” წავიკითხე და გამეცინა, 2 კვირის წინ, მეთოთხმეტე თავზე რო ვლაპარაკობდით, მეგობარს ვუთხარი, საინტერესოა მაგრამ ალბათ სუსტია და ნებისყოფა აკლიათქო, და აი თურმე მეც 2 თავით დაგასწარი პერსონაჟს ))))))

    Like

    • ეს სიტყვა “სუსტი” ნებისყოფსთან მიმართებაში იგივეა, რაც გამოგონილი ტერმინი “საბავშვო კარტოფილი”, სინამდვილეში ვინც სუსტი არ არის, ისინი ფსიქოლოგიური თვითდაცვის, ანუ თავის მოტყუების ხარჯზე არიან გაძლიერებულები;))

      Like

      • ნონო, მე უბრალოდ “დაგასწარი”, და რატომღაც ეს ავღნიშნე, სხვა დატვირთვა არ ქონია კომენტარს :))

        Like

      • კარგი, მაშინ შენ მკითხველისთვის დამახასიათებელი გუმანით და ალღოთი ყოფილხარ დაჯილდოვებული 😉

        Like

  3. ღამე დავიწყე კითხვა და დილით მობილურით ხელში გამეღვიძა.ძილმა მძლია მაინც … დილით გავაგრძელე და სანამ დანიშნულების პუნქტამდე და ნერე უკან სახლში მოვბრუნდი ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია.
    დავამთავრე და არ მეყო.
    შენ ბლოგზე შევჯექი მგონი.
    არამარტო ინსომნია და მისთანანი გბრალდება, არანედ განარკომანებაც.
    შტო პაძელაეშ …

    Like

  4. რა კარგი განწყობა მოიტანე. სალომეს სძინავს. სიმყუდროვე. ველოდები მე17 ნაწილს ❤

    Like

Leave a comment