სარეკლამო დღეები (XXI ნაწილი)

Featured image

And you already know, Yeah, you already know how this will end

– DeVotchKa

1.

ხუთშაბათი გათენდა. ყველანი ბათუმში მიდიოდნენ რეკლამის ფესტივალზე. ვერიდები ხოლმე ამ „ყველას“, მარა როცა გადავითვალე, ჩემი ოჯახის 3 წევრი, 20 მეგობარი და კიდე უამრავი ნაცნობი მიდიოდა, ასე რომ ამ შემთხვევაში რთული იყო არ მეფიქრა, რო „ყველანი“ მიდიოდნენ.

– წამოვიდე მეც? – ვკითხე ჩემ ძმას.

– წამო, ზუსტად 1 ადგილი გვაქვს მანქანაში.

ჰოდა წავედით, თან ვფიქრობდი, ბლოგს გამოადგებოდა ეს ვოიაჟი.

გზაში ცოტა სასაცილო და უცნაური ამბავი შეგვემთხვა, ჩემი ძმა iPhone-ს ვეღარ პოულობდა, მანქანა შუა ტრასაზე გავაჩერეთ, ხუთივენი გადმოვედით, დავძებნეთ ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, მერე კიდევ ერთხელ, მერე ლამის მანქანა დავშალეთ, მერე ისევ ყველგან მოვძებნეთ. მაგრამ საოცრება იყო, iPhone არსად ჩანდა. ბოლოს უკვე ძებნის სახალისო მეთოდებს მივმართავდით, მაგალითად ოთხნი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე ადგილზე ვიდექი და ვუყურებდი იმ ადგილას ხომ არ ეგდო, სადაც მანქანა იყო გაჩერებული. არ დამხვდა. წავედი და მეც ჩავჯექი. რა თქმა უნდა, ხუმრობდნენ, რო ეს ამბავი მე მოვაწყე, იმისთვის რო ბლოგში დამეწერა. ამასობაში კი ყველაზე აბსურდული ვერსიაღა რჩებოდა, იქნებ ფანჯრიდან გადაუვარდა. მანქანა შემოვატრიალეთ და უკან წამოვედით, გზას ვუყურებდით, სადმე ხო არ ეგდო და თან გვეცინებოდა. რაღაც მომენტში მივხვდით, სიგიჟეს ვაკეთებდით, მანქანა ისევ შემოვატრიალეთ და უცებ ბრახ და iPhone საიდანღაც გადმოვარდა, წესიერად ვერც გავიგეთ საიდან, მაგრამ მთავარი იყო, ჩვენ ისევ ბათუმისკენ მივდიოდით, თანაც ყველანაირი დანაკარგის გარეშე. დროს თუ არ ჩავთვლიდით, რაღა თქმა უნდა.

ბათუმში ჩვენი მეგობრის სახლში მივედით, რომელიც თვითონ იტალიაში იყო საქორწინო მოგზაურობაში, ერთ-ერთი ჩვენგანის დაბადების დღე დადგა, ავღნიშნეთ და გვიან დავიძინეთ.

2.

შესაბამისად გვიან გამეღვიძა, ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. მშვენიერი ხედი იყო, ამინდიც გადასარევი. სურამთან ნაყიდი ნაზუქი ჩავკბიჩე, ძაან არ მოუხდა ყავას, ამიტომ კარადაში რაღაც პეჩენია ვიპოვე, რომელსაც NO NO ეწერა და იმით ვისაუზმე.

ქუჩაში რო გავედი, ერთი რამე იყო თვალშისაცემი, მანქანები მოძრაობდნენ ძალიან სახიფათოდ. რამდენიმე ადამიანი კინაღამ ჩემს თვალწინ მისრისეს და ერთმა კინაღამ მეც მიმაჭყლიტა ბორდიურზე. მოკლედ აშკარად თბილისზე უარესი სიტუაცია იყო ამ მხრივ. რედისონამდე მშვიდობით მივაღწიე და სემინარებზე დასასწრებად რეგისტრაცია გავიარე. დარბაზში როცა შევედი, იმდენი ნაცნობი შემხვდა, უცებ ხუმრობით ვიფიქრე, მგონი „რეკლამშიკების“ მეტი მეგობარი არც მყავს-თქო. პირველივე სემინარი, რომელსაც დავესწარი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ევგენი პრიმაჩენკო Copywriter of Wieden + Kennedy, Netherlands გვიზიარებდა თავის მდიდარ გამოცდილებას.

საღამოს ჯერ ლიტ-კაფეს გემრიელი ხაჭაპური და ლობიანი შევსანსლე და იქიდან რაგბის საყურებლად “მიუნჰენში” წავედი. გზაში მარინა შემხვდა, ქალი, რომლის ბინასაც 3 ზაფხულის განმავლობაში ვქირაობდი. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და კიდე ჩამოდი ხოლმე ჩემთანო, ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. რაგბი სამწუხაროდ წავაგეთ და სოჰოსკენ გავემართე, სადაც დიდი იმედი მქონდა, რო ნინო ქათამაძეს კონცერტი უკვე დამთავრებული დამხვდებოდა. სოჰოსთან ძალიან საყვარელი, გამხდარი და ულვაშა ძაღლი გავიცანი, რომელთანაც იმდენი დრო გავატარე, ბოლოს ვიღაც ბიჭი მოვიდა და ასე მითხრა, ჩემი ძაღლია და გაჩუქებ, თუ წაიყვანო. ძალიან მიმზიდველი წინადადება იყო, მაგრამ მაინც უარი განვაცხადე. ამ დროს ვიღაცამ თქვა, გონიოში House Party-აო, სასწრაფოდ დაახლოებით 10 ტაქსი გაავსეს და წავიდნენ. თავიდან მეც ვაპირებდი, მარა მერე გამახსენდა რო მეგობრების ნაწილი ჩამოდიოდა და ვიფიქრე, გვიან რო მივიდე სახლში და რომელიმე ახალ ჩამოსული ჩემს ლოგინში ჩაძინებული დამხვდეს, ნერვები მომეშლება-თქო და ასეთი ბებრული და მანიაკური მიზეზის გამო, სხვა რამდენიმე ბათუმში დარჩენილთან ერთად სახლში წავედი პოზიციების გასამაგრებლად. თუმცა, სანამ თბილისიდან ჩამოვიდნენ, მანამდე გონიოში გასართობად წასულები დაბრუნდნენ და გამოვიდა, რო „ფართი“ ტყუილა გავმაზე. მაგრამ მაინც კარგად გავერთეთ, ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღე დადგა, ამჯერად ეს ავღნიშნეთ და ისევ გამთენიისას დავიძინეთ.

3.

გვიან ავდექი, ახალგაღვიძებულები კოღოების ნაკბენებზე წუწუნებდნენ, მე კი მთელი დღის განმავლობაში ისეთი ყურადღებით ვაკონტროლებდი ჩემი საძინებლის კარს, ვერანაირი კოღო ვერ აღწევდა იქ. ყავა დავლიე და სემინარზე გავიქეცი, სადაც, ამჯერად, ასევე ძალიან საინტერესოდ მაიკლ კონრადი President of Berlin School of Creative Leadership, Germany გვესაუბრებოდა.

იქიდან წავედი და ცხოვრებაში პირველად ვჭამე შემწვარი მწვანე ლობიო სოკოთი. რაც უგემრიელესი კერძი ყოფილა. გვერდით მაგიდასთან დიმა ობოლაძე იჯდა და მანჩესტერის თამაშს ერთად ვუყურეთ. მერე საღამოს მე და ჩემმა ძმაკაცმა ველოსიპედები ვიქირავეთ და 1 საათი სეირნობით უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ჩამოღამდა და ლამაზად განათებულ სანაპიროს გზაზე ხან სწრაფად ჩავიქროლებდით და ხანაც ნელა მივგორავდით ლაპარაკ-ლაპარაკით.

ღამე Iveria Beach-ში მივედით, სადაც ფესტივალის ფართი იყო, მხიარული ატმოსფერო იდგა, ვცეკვავდით, ვსვამდით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, მოკლედ ძალიან კარგი იყო კონკრეტულად იქ და მთლიანობაში ფესტივალზეც. მე კი ამ ყველაფერს კიდევ ერთი დადებითი ელემენტი დავუმატე, დინამიკთან მოვკალათდი, ლეპტოპი გავხსენი და იმ ძალიან ლამაზ გოგოს ვესაუბრებოდი, წინა კვირას Wall-ში რო გავიცანი. ამ მიზეზის გამო ისედაც ყველგან გაშლილი მქონდა ლეპტოპი, სემინარებზე, თუ ლიტ-კაფეში, მაგრამ, როგორც ჩანს, შუაღამისას კლუბში დინამიკთან უკვე მეტისმეტი იყო. ჰოდა, მეგობრები მოდიოდნენ და ლეპტოპში იჭყიტებოდნენ, რას აკეთებო, ნუთუ აქაც ბლოგს წერო და გადამეტების გარეშე ვამბობ, რომ მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ხედავნენ რო fb-ზე ვიყავი შესული და ვიღაცას ვეჩატავებოდი. პირველ რიგში, ყველას ის გვერდი ახსენდებოდა, ჩემს facebook-ზე დაბრუნებას რო ითხოვდნენ და, ამის გარდა, აინტერესებდათ ვინ იყო ჩატის იქითა მხარეს. მოკლედ ამ გართობაში მოგვშივდა და ის ღამე „მაჭახელაში“ დავამთავრეთ.

4.

შემდეგ დილას „პორტო ფრანკოში“ წავედით, აჭარული ხაჭაპურის საჭმელად. იქიდან კი, როგორც იქნა, მოვიცალეთ და ზღვაში საცურაოდ გავემართეთ. ნუ, სხვები საცურაოდ და მე უბრალოდ დასასველებლად.

საღამოს შერატონში მივედით, სადაც დაჯილდოვების ცერემონია იმართებოდა და ერთადერთი, რაც ამ დღეების მანძილზე ცუდი იყო, ეს იყო ამ ცერემონიის წამყვანი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში შეურაცხყოფის ზღვარზე ხუმრობდა, სცენიდან ქსენოფობიურ ფრაზებს ისროდა და საერთოდ იუმორინას დონეზე დაეშვა. ჩვენ მის მაგივრად გვრცხვენოდა და დისკომფორტს განვიცდიდით. როცა გამარჯვებულები გამოაცხადეს, დამსწრე საზოგადოება მოეშვა, ზოგიერთი იმდენად, რო ბასეინში პირდაპირ ტანსაცმლიანად ჩახტა, რის გამოც დაცვა მოვიდა და მათ ამოყვანას შეუდგა. მე კი იქიდან ჩემებთან ერთად ჯერ ზღვის სანაპიროზე გავედი და მერე ერას მოედანზე, სადაც მთელი ღამე გავატარეთ, ბევრი ხალხი იყო, რაღაც მომენტში ორგანიზატორები და ჟიურის წევრებიც მოვიდნენ. ვიღაცას გიტარაც ქონდა, უკრავდნენ, მღეროდნენ. მე ვუსმენდი და ფრისბის ვთამაშობდი. მოკლედ კარგი გასართობი იყო.

დილისკენ სახლში წავედით, ერთ-ერთმა მეგობარმა სპაგეტი გაამზადა სოკოთი და ამითი ყველა ბედნიერი იყო. ბიჭები თუ საჭმელს ამზადებენ, ძალიან გემრიელი გამოსდით ხოლმე. შემჩნეული გექნებათ, რომ მსოფლიოში ყველა ცნობილი მზარეული მამაკაცია.

5.

გავიღვიძე. უკრაინულ რესტორანში 20 ცალი კარტოფილის ვარენიკი შევუკვეთე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამდენს როგორ შეჭამო, რა ვიცი, მშვენივრად გავუმკლავდი.

იმ საღამოს თბილისში ვბრუნდებოდით. მანამდე კი NASA-ს განცხადებას მოვუსმინეთ – მარსზე თხევადი წყალი აღმოვაჩინეთო. ეს აღმოჩენა მარსზე სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის, რის გამოც ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მგონი სრულიად საფუძვლიანად დამეუფლა შეგრძნება, რო განსაკუთრებულ ეპოქაში ვცხოვრობთ.

მანქანებში გადავნაწილდით და დავიძარით, ასეთი 4 დღის შემდეგ საკმაოდ გადაღლილები ვიყავით და ალბათ ამიტომ მთელი გზა მუსიკა გვქონდა ხმამაღლა ჩართული და ოთხივენი ტომ იორკთან ერთად ვმღეროდით. სამტრედიაში შევისვენეთ, Lavazza-ში ყავა დავლიეთ, გემრიელი ქადა ქონდათ და თან იაფი იყო, Wi-Fi-ც დავიჭირე და ეგრევე ლეპტოპი ამოვიღე, ლამაზ გოგოს მივწერე, ჩამოვდივარ და ხვალ შევხვდეთ-თქო, ლამაზ გოგოს, რომელსაც ლამაზი სახელიც ერქვა – თაშო.

6.

ციტრონში ვიჯექით, თეთრ ღვინოს ვწრუპავდით და ვლაპარაკობდით, მგონი, უფრო მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდა, რაღაც ძველ ამბებს ვიხსენებდი, როგორც ვიცი ხოლმე, ისე ვყვებოდი საკუთარ ისტორიებს, თითქოს მოთხრობა ან ფილმი ყოფილიყოს და არა ის, რაც მართლა გადამხდა. ზოგიერთი ეპიზოდი ისეთი სასაცილო იყო, მე თვითონ მიკვირდა.

იქიდან Wall-ში გადავინაცვლეთ, ისევ ღვინო შევუკვეთეთ და მე ისევ ვლაქლაქებდი, თაშო კი მისმენდა, მიყურებდა და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რო ცარიელი დღეები მთავრდებოდა…

ჰო!.. რეკლამაზე გამახსენდა, 1 თვის წინ Wieden + Kennedy São Paulo-ს სააგენტომ ჩემი ძმის ბავშვობის ფოტო გამოიყენა Old Spice-ის რეკლამაში, რომელიც აი აქვე შეგიძლიათ იხილოთ:

http://www.blurfilms.tv/en/work/babyface-cute-moms/

[To be continued]

თაშო ^^

Featured image

13 thoughts on “სარეკლამო დღეები (XXI ნაწილი)

  1. თქვენი ბლოგის ახალი მკითხველი.

    P.S. ლამაზი გოგოს მეგობარი.

    Like

Leave a comment