ცარიელი დღეები (II ნაწილი)

Featured image

It Starts And Ends With You

– Suede

1.

პატარა მოთხრობა დავწერე, დღიურის სტილში. მამაჩემს წავაკითხე და სელინჯერივით იკითხებაო. სასიამოვნო კომპლიმენტი იყო. მაგრამ აი, სად დამჭირდა facebook-ი, დავდებდი, სხვებიც წაიკითხავდნენ. რამე უნდა მექნა, ხოდა WordPress-ზე  ბლოგი გავაკეთე და მერე ჩემმა ძმამ, ბლოგის ლინკი დადო თავის facebook-ზე.

მოკლედ სანამ ხალხი ალაიქებდა და აკომენტებდა, ვიჯექი, მაგიდაზე  ნივთებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, 21-ე საუკუნეში ნივთებს შეიძლება გაუჩნდეთ უნარი, ერთმანეთისგან თვისებები გადაიღონ. მაგალითად, საფერფლემ გამოუშვას ისეთი ხმა, როგორსაც მობილური ტელეფონი უშვებს ვიბრაციის დროს… მივხვდი მეძინებოდა და დავიძინე.

დამესიზმრა ვითომ Durex-ის სლოგანი მოვიფიქრე და მთელ ქალაქში ბილბორდებზე და ავტობუსებზე ეწერა – „არ დაიკიდო. გაიკეთე.“. გამეღვიძა. ძაან მომწონდა. მარა რეალობას დავუბრუნდი. ჩემი სლოგანი თოლიასი იყო – „სიგრილე რომელიც გათბობს“. არც ეს იყო ცუდი და WordPress-ზე ამასობაში 500-ზე მეტი მნახველი იყო დაფიქსირებული, მათ შორის ტაივანიდანაც კი.

2.

მეორე დღეს ყველა 4GB-ზე მიდიოდა, აი თითქმის მართლა საერთოდ ყველა. მე არ ვაპირებდი და ერთი გენიალური იდეა გამიჩნდა. ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ გვინდოდა ექს-ებთან გადაკვეთა, უნდა წავსულიყავით სადმე სხვაგან და მაგარი ფართი გაგვეკეთებინა. ბლომად ხალხი შევგროვდებოდით და თან შეკრებისთვის სასაცილო მიზეზიც გვექნებოდა. მარა უფრო სასაცილო ის იქნებოდა, ისიც იგივე მიზეზით არ წასულიყო 4GB-ზე და ერთმანეთს ამ ფართიზე შევხვედრილიყავით. თუმცა რომელ ფართიზე ვლაპარაკობ, ასეთი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა და სამწუხაროდ ალბათ სასაცილოც არაფერი იქნებოდა. 4GB-ზე კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რო არ წავედი, სწორად მოვქცეულვარ.

საღამოს მეგობარი ვნახე, რომელიც მიყვებოდა, თუ როგორ ეჩეტავებოდა წინა ღამეს ვიღაც ფილიპინელ ბოზს კანადიდან. ის თურმე დათვრა და ამის ბავშვობის მეტსახელს იძახდა სასაცილოდ, ჩატში Nickname-ად რაც აქვს დაყენებული. მოკლედ ვერ ვიტყვი რო სექსუალური ისტორია იყო, მარა კი გამეცინა.

მერე მთელი ღამე მესიზმრებოდა, რო სახლში რუსი ჯარისკაცები შემოვარდნენ, ბოლოს ქალმა ჯარისკაცმა ოთახში ყუმბარა შემომიგდო, კაც ჯარისკაცს გადახედა და წყნარი ხმით უთხრა – Oн сейчас умрет! – ბებიათქვენისამ-თქო ვიფიქრე და აფეთქებამდე გავიღვიძე. საათს დავხედე, 9 მაისი იყო.

3.

დილით ავდექი და ესპანეთიდან ახალჩამოსულ მეგობარს შევხვდი, რომელიც ჩამეხუტა და გაღიმებულმა მკითხა.

-ჰა, აბა მოყევი რა ხდება?

-ვარ რა, შენ მოყევი რა ხდებოდა, – ჩვეულებრივად ვუპასუხე მე.

-ამბობენ გამოვიდა დეპრესიიდანო, – განაგრძობდა ეშმაკური ღიმილით.

– ძირითადად მძინავს, თან ისე მაგრად, რო მესიზმრება, რო მძინავს, – ვთქვი გულახდილად.

-მე კიდე მითხრეს მაგრა მოიხოდაო, – ბოლომდე თავისას აწვებოდა.

-რას გულისხმობ? – გულწრფელად დავინტერესდი.

-გოგოებს, შეჩემა.

-ა, ხო…

-რა, არა? – და ისე გაიცინა, ვიფიქრე დილიდან დალევა მოუსწრია-მეთქი.

-კი. სამს ვხვდები სტაბილურად, მეოთხესთან უბრალოდ ყავას ვსვამ, მეხუთესთან ერთად ჯერ მარტო ჟუაჩკას ვღეჭავ და ესე – როგორც იქნა, გავიღიმე მეც.

-ხოდა კაია, მაგარია ბიჭო! – აშკარად გაუხარდა.

-არა!… ხუთივემ იცის სიმართლე…..

ღიმილი გაუქრა. თვალებში შემომხედა. მიხვდა, რომ ჩემი მოხოდვის ამბავი ჭორი იყო და მხარზე ხელი დამადო. ის ნამდვილი, მთვრალი მეგობარი იყო.

4.

საღამოს ლიტ-კაფეში წავედი, მეგობრებს შევხვდი, ცოტა ნეიტრალურ თემებზე ვილაპარაკეთ, მერე ჩუმად ვისხედით და ბოლოს ერთ-ერთმა მკითხა.

-როდის უნდა გახდე ეხლა კარგად?

-კაი რა, – დამეზარა მე.

-როცა ვირი ხეზე ავა? – ჩაერთო მეორე.

-ავა გარდნერი რო ავა, – ვთქვი მე და ყველას გაგვეცინა.

ამ დროს ვიღაც თბილისურად გაპრანჭული ბიჭი შემოვიდა, გამყიდველ გოგოს მიუახლოვდა და კითხა.

-კერუაკი გააქვთ?

-მმმ… – დაიბნა გოგონა და ნამცხვრებს გადახედა.

უხერხული პაუზა იყო.

იქიდან გალერიში მივედით და ვიღაც უცხო ხალხს, ბოლო დროის ჩემი საყვარელი თამაში „აბა გამოიცანით, რამდენი წლის ვარ” ვეთამაშე. 23-დან 30-მდე მერყეობდნენ, ვიღაცამ 35 გარისკა, უმრავლესობა 27-ზე შეთანხმდა, ერთმა 17-იო, სამწუხაროდ ფხიზელი ჩანდა, ანუ დებილი აღმოჩნდა. ბოლოს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირადობის ამოღებით დამთავრდა. დილით რო გამოვედით, ჩემი ძმა საჭესთან ნასვამი დაჯდა, პატრულმა მანქანა წაართვა და მაგარი ტვინის ბურღვა იყო, ეს გადახტა, სულ მუნდირი და ღარიბაშვილ-ივანიშვილ-პუტინი აგინა, ძვლივს დავამშვიდე, თორე უკვე ხელბორკილებს ადებდნენ.

მოკლედ ასეთი ფორმულა ყალიბდებოდა: ცარიელი დღეები + სავსე ღამეები = ბედნიერება ნოლი.

5.

რო გავიღვიძე, ბაბუაჩემი ნერვიულობდა, ბებიაშენი კაი ხანია წასულია და მობილური არა აქვს თან წაღებულიო. მეთქი, ბაბუ, მოთხრობა დავწერე და თუ გინდა წაგაკითხებ-თქო. მოთხრობა უკვე  წავიკითხე ფეისბუქზე და კარგიაო. ჰმ, ნეტა მე თუ ვიქნები 50 წლის მერე ასეთი პროგრესული. თუმცა 50 წლის მერე პროგრესული კი არა, ალბათ საერთოდ აღარ ვიქნები. ამასობაში ბებიაჩემიც მოვიდა და როცა ვკითხე, ამდენი ხანი სად იყავი-თქო, ასე მითხრა ძნელია სიბერეო, როდიდან იწყება-თქო, ცოტა ჩაფიქრდა და 75 წლიდანო მიპასუხა. მოკლედ აი ასეთი დასაფიქრებელი დილა მქონდა.

საღამოს Schrüte-მ დამირეკა, Bonobo-ზე წამოდი, ბილეთი მაქვს შენთვისო. მეთქი მადლობა, გამიხარდა! მაგრამ ვერა-თქო. მიხვდა. უმეტესობას არ ესმის, რატომ ვიქცევი ასე. არავის არ ვემალები, უბრალოდ ვიცი ჩემი თავი და ვუფრთხილდები. საკმაოდ ემოციური აღქმები მაქვს, ხოდა როდესაც გულგრილი არ ვარ, რამე რო იყოს, შეიძლება ძალიან მტკივნეულად შემეხოს, მძაფრი განცდები კი ნამდვილად არ მაკლია.

იმ ღამეს ცოტა უხასიათოდ ვიყავი და ქუჩაში ფეხით მივსეირნობდი, კედლებზე რაღაც უშნო, გაურკვეველი პოსტერი იყო გაკრული. თინეიჯერები იდგნენ და ეწერა, აიფონის თაობა. აიფონის თაობა არა ტრაკი. ეს არის თაობა, რომელიც პარასკევს და შაბათს გალერიში ათენებს და დილით სახლში რო მიდიან, ჩაძინებამდე ჩემი ცოლის დაქალებს უყურებენ. პოსტერის გვერდით კიდე დიდად ეწერა, ბექა კრიმინალი არ არის! აბა რა ჩემი ფეხებია-თქო ვიფიქრე და დალევა მომინდა, მარა დამეზარა და დასაძინებლად წავედი.

6.

ერთი დღე მახსენდება ხშირად: იმერეთში, ტრასაზე, გაჩერებაზე 6 საათი ვიჯექი, თან 2 ღამის უძინარი ვიყავი. გარშემო საერთოდ არავინ იყო. მარტო ზამთრის მზე მათბობდა. როგორც იქნა მარშუტკა გაჩერდა, გადმოვიდა, დამინახა და წამის მეასედით თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, საერთოდ არ მელოდებოდა იმ მომენტში, იმ წერტილში. მეთქი, პირველად აქ გნახე, ამ გაჩერებაზე, მაშინ შენ მელოდებოდი, ხოდა ბოლოსაც აქ გნახავ, ეხლა მე დაგხვდი-თქო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს მომენტები, როცა ხვდები, ისე კი არ იქცევი, როგორც კინოში გაქვს ნანახი, ისე იქცევი, როგორც მერე გადაიღებენ კინოში.

დღეს ღამე ქუჩაში რო მივდიოდი, უცებ მომეჩვენა, რო უფრო ძლიერი ვიყავი, ვიდრე წინა ცხოვრებაში. ცოტა უფრო პროჭი და ცოტა მეტად თესლი. ცოტათი ნაკლებ სითბოს გავცემდი. თუმცა ჩემი ნაკლები სითბო ზოგისთვის საკმარისი იყო. მაგრამ მაინც, 20 წლის გოგომ მიმახვედრა უბრალო რამეს – სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია, მიხედო საკუთარ თავს.

[To be continued]

10 thoughts on “ცარიელი დღეები (II ნაწილი)

  1. NoNo, საოცრება ბიჭი ხარ, საოცარი გრძნობებით 🙂 შენი ყოფილი ფბ მეგობარი

    Like

  2. “მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს მომენტები, როცა ხვდები, ისე კი არ იქცევი, როგორც კინოში გაქვს ნანახი, ისე იქცევი, როგორც მერე გადაიღებენ კინოში.” – ჰაჰა, რა მაგარია, მაგას ვაკვირდები ხოლმე მეც:)))

    ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება!:)

    Like

  3. მაგრად მწყდება გული იმის გამო, რომ მთელი ორი წლით დავაგვიანე! ჯერ მხოლოდ ორი ნაწილი მაქვს წაკითხული და ძალიან მიხარია, რომ ბეეევრი წინ! არ ვიცი თავად როგორ აღიქვამ, მაგრამ მე რომ მწერენ ასეთ რაღაცეებს ძალიან მიხარია, ჰოდა ამიტომ გწერ ასე პირდაპირ და გიჟივით, გეგონება მაგრად გიცნობ 🙂

    Like

Leave a comment