ცარიელი დღეები (XX ნაწილი)

Featured image

The music sounds better with you

– Stardust

1.

ფერდინან სელინის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ დავამთავრე და, როგორც იქნა, მეგობარს დავუბრუნე.

– მოგეწონა?

– კი, ძალიან, – ნამდვილად სასიამოვნო საკითხავი იყო.

– ეხლა რას კითხულობ?

– ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელას“, მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე.

– კარგი, მერე დავილაპარაკოთ ფერდინანდზე.

– ჰო, აუცილებლად.

მართლა მშვენიერი რომანი აღმოჩნდა, სელინიც საკუთარ თავზე ყვებოდა, პირდაპირ და დაუფარავად, თავის მოგზაურობაზე, პრობლემებზე, მატერიალურ თუ სულიერ გაჭირვებაზე.

მე კი ერთ რამეზე ვფიქრობდი, იმის გამო რომ იდეალისტი და ამავე დროს რადიკალისტი ვარ: ან ისეთი ბედნიერი ვიქნები, როგორიც მის გვერდით ვიყავი, ან საერთოდ აღარ ვიქნები არავისთან. ნაკლებ განცდაზე, ნაკლებ გრძნობაზე, ნაკლებ სიხარულზე არ დავთანხმდები. უკან გადადგმული ნაბიჯები არ მიყვარს.

2.

Wall-ში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა, DJ რაღაცნაირ მხიარულ მუსიკას უკრავდა, თითქოს ისეთს, როგორიც არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ კარგი განწყობა იყო, ყველანი ცეკვავდნენ. უცებ პატრული მოვიდა და ყველაფერი მოსპო, საბუთი წარმოადგინეს, სადაც ეწერა, რო 23:00 საათის შემდეგ ხმაური აღარ შეიძლება, უიკენდზეც კი. DJ შიგნით შევიდა, მაგრამ ისეთი თბილი ამინდი იყო, შენობაში შესვლის სურვილი არავის გვქონდა და ესე გააფუჭეს საღამო.

ერთი ლამაზი გოგო გავიცანი, რომელსაც ვუთხარი – ჩემი მოკრძალებული და კომპეტენტური აზრით, ისეთი გოგო ხარ, მგონია ტანსაცმელს მარტო Naf Naf-ში ყიდულობ და ბათუმში მარტო Fanfan-ში დადიხარ-თქო. სილამაზესთან ერთად, იუმორის გრძნობაც აღმოაჩნდა და ჩემი კომპლიმენტ-კალამბური ნორმალურად აღიქვა. მოკლედ სასაცილო იყო. ისე, ეს „სასა“ რა შუაშია ვერ გავიგე, „ჰაჰა“ ასე ვიცინით და ამიტომაც მგონი ამ სიტყვას „სასაცილო“ კი არა, „ჰაჰაცილო“ უნდა ერქვას.

მერე დავლიე და ქუჩაში მეგობრებთან ერთად ფეხით მივსეირნობდი, ვიღაც ნაცნობის ნაცნობებს ვუხსნიდი, მე ალკოჰოლი არ მიყვარს-თქო, თუმცა საშინლად არადამაჯერებლად გამოვიყურებოდი, რადგანაც ერთ ხელში ჭიქა „ვოდკა რედ ბული“ მეჭირა და მეორეში გაუხსნელი ბოთლი „Finlandia”.

3.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, ჩვენების თამაშს ვუყურე, მაგრად ითამაშეს და ძაან გამახარეს, ტონგას ძლიერ ნაკრებს მოუგეს 17:10.

საღამოს ჯერ HOLMES&WATSON-ში წავედი და იქიდან ყველანი Wall-ში, შედარებით ცოტა ხალხი იყო, ალბათ იმიტო, რომ იმ დღეს დიღომში Apparat-ი უკრავდა. საკმაოდ ბევრი დავლიეთ და რო თენდებოდა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, საჭმელად წასვლა ავიტეხეთ, „სამიკიტნოში“ მივედით, ერთ-ერთმა მენიუ მოიმარჯვა და მიმტანს მიმართა: მოგვიტანეთ – ღორის მწვადი, ქათმის მწვადი, ჩაქაფული, კიტრი-პომიდორის სალათა, ღომი, სოკო კეცზე სულგუნით, 2 პორცია კარტოფილი, დიდი აჭარული ხაჭაპური 3 კვერცხით… ჩვენ გვეცინებოდა, იმიტომ რომ სულ ოთხნი ვიყავით და გვეგონა რო ხუმრობდა, ის არ ჩერდებოდა და კიდე და კიდე უკვეთავდა და რაც მთავარია, რო მორჩა, ოფიციანტს ასე უთხრა – დანარჩენს ბიჭები გეტყვიანო. ძაან სასაცილო იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემმა ძმამ კიდე შეუკვეთა ლობიო, ჭადი, ფხალი, ბადრიჯანი და კიდევ აღარ მახსოვს რა აღარ და თვითონ დაიძინა, ისე რო სანამ არ წამოვედით, არც გაუღვიძია და, შესაბამისად, პირიც არაფრისთვის დაუკარებია, დანარჩენს ორს გვეყო საღი აზრი და მეტი აღარ შევუკვეთეთ. ნახევარი, ბუნებრივია, ისედაც ვერ შევჭამეთ და წამოსვლისას ვთხოვე ვეგეტარიანული რაც არის, კონტეინერებში ჩამილაგეთ და გამატანეთ-თქო. იმდენი იყო, რო ნაწილი დღემდე მაცივარში მაქვს.

მოკლედ სახლში ესეთი დახუნძლული რო მივედი, უკვე თენდებოდა და დროზე უნდა მომესწრო გამოძინება, მეორე დღეს ჩემი მეგობრის ქორწილი იყო.

4.

გვიან გამეღვიძა და სწრაფად დავიწყე მოწესრიგება. წავედი, ახალი „ბრიტვა“ ვიყიდე, გავიპარსე, კარადიდან ღია ფერის „საროჩკაც“ გამოვაძვრინე. საჩუქარზეც ვიზრუნე, როგორც ხელმოკლე ხელოვანებმა იციან ხოლმე, ჩემი ნახატი ამოვაბეჭდინე, შუშაში და ჩარჩოში ჩავსვი და უკან მისალოცი წარწერაც გავუკეთე. ნახატი, რა თქმა უნდა, თემატურად შევარჩიე, ჩახუტებული წყვილის.

ქორწილი „ტერასაზე“ იყო, ძალიან მშვიდ, წყნარ და მყუდრო გარემოში, ისეთში, როგორშიც იდეაში უნდა იყოს ყველა ქორწილი და ანუ ისეთში, როგორშიც თითქმის არასოდეს არის ხოლმე ქართული ქორწილები.

შამპანურს ვწრუპავდი, მაგიდაზე რაც კი ზეთისხილი იყო, სულ შევსანსლე და მერე, როგორც მჩვევია, პატარა ბავშვივით ველოდებოდი, როდის დაჭრიდნენ ტორტს. ამასობაში სიძემ იმღერა, რაზეც სტუმრები წამოიშალნენ და იცეკვეს, ცოტა მეც გავმოძრავდი, მარა მალე დავბრუნდი მაგიდასთან და ხილს და თხილს მივეტანე. ძალიან მიხარია, როდესაც ბედნიერ წყვილს ვხედავ, მითუმეტეს, თუ ისინი ჩემი ახლობლები არიან. საერთოდ ჩემს თვისებებზე არ ვგიჟდები და ალბათ ამიტომ გამორჩეულად მიყვარს ჩემში ეს თვისება – ძალიან მიხარია ხოლმე სხვებთან იმის დანახვა, რაც მეც მინდა და არ გამომდის.

5.

ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ისრაელში რო ცხოვრობს, ისევ რამდენიმე დღით ჩამოსულა და შევხვდეთ გავისეირნოთო. შევხვდი, შვილთან ერთად იყო, ძალიან მაგარი ბიჭი ყავს, უკვე დიდია, მგონი 14 წლის. ერთად ვისეირნეთ კუს ტბაზე, მზესუმზირას ვაკნატუნებდით, თან ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, ჭკვიანური სახით და ათას ჭკვიანურ რამეზე, სულელურით.

მერე მოგვშივდა და „რეტროში“ წავედით, აჭარული ხაჭაპური და ნაღების ლიმონათი შევუკვეთეთ და ასეთ უბრალო დროის ტარებაში, რაღაც იყო ძალიან კარგი, მეგობრული და განსაკუთრებული.

რო გაფრინდა, მივწერე – ძაან კაი იყო ის დღე კუს ტბაზე და მერე ხაჭაპურები ; ) რაღაცნაირად კარგად დამამახსოვრდა. მიყვარხარ! და შენს არაჩვეულებრივ შვილზეც ვგიჟდები : )

6.

ოთხაშაბათია, მთელი დღე სახლში ვზივარ და ვფიქრობ, რა არ მიყვარს, ერთხელ, მახსოვს, ჩამოვთვალე კიდევაც, ხოდა ეხლა ვიხსენებ, არ მიყვარს – ფენოვანი ხაჭაპური რო მეფხვნება, დიდ-ჩანთიანი გოგოები, მთვრალები, კაცებს რო ფეხბურთი არ უყვართ, წვიმა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, სიგარეტის კვამლი, ტრანსპორტში კონდიციონერისგან ცხვირში რო გასრუტუნებს (თუმცა უფრო მეტად არ მიყვარს ეს კონდიციონერი თუ გაფუჭებულია), იაფფასიანი სუნამოს სუნი, სნობები და თავხედები, ინტერნეტი რო ჭედავს, სიცხე და სიცივე, ბიჭებს თუ კატები ძაღლებზე მეტად უყვართ, როცა ვინმე ახველებს, მანქანების სიგნალი, 09-ში რო არავინ პასუხობს, სანადიროდ რო დადიან, შეკითხვა: ტაქსი ხო არ გინდათ? – და ალბათ კიდევ ათასი რამ, რაც ეხლა ვერ გავიხსენე.

ჩამეძინა და რო გამომეღვიძა, ვიფიქრე, ეს ნაწილი პატარა გამოვა-თქო, ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ შედარებით ცარიელი დღეები იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ეხლა ვწერ. ამ აბზაცს დავამთავრებ და ეგრევე უნდა ავტვირთო, თან ჩაის ვსვამ, ტყის ხილის ჩაის, ეს ჩაი ერთად ვიყიდეთ. თითქმის ნახევარი წელია, რაც აღარ მინახავს, მე კიდე ვზივარ და ჯერ კიდევ ტყის ხილის ჩაის მივირთმევ.

უჰუ, აი იმ ჩაის, მე და შენ ერთად რომ ვიყიდეთ…

[To be continued]

Featured image

ცარიელი დღეები (V ნაწილი)

Featured image

Why Does My Heart Feel So Bad?

– Moby

1.

– ვიცი არსად არ დადიხარ, მარა აქციაზე მაინც წამოდი. – დამირეკა ძმაკაცმა.

– რა აქციაზე? – მართლა ვერ მივხვდი.

– არ დაიჭირო-ზე! მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შეჩემა! – აღშფოთდა ჩემი გულგრილობით.

– როგორც ქეთი დევდარიანმა თქვა – ყველა დაიჭირეთ ნახუი! – თან ხო იცი, მოსაწევი არ მევასება. აი, LSD-ს დეკრიმინალიზაციაზე წამოვიდოდი. – ვიხუმრე, ნახევრად.

– აუფ, ატრაკებ რა… კაი, ხო… – გამითიშა, ვითომ ნაწყენმა.

ცოტა ხანში, მეგობარმა გამომიარა და წავედით სტუმრად, სადაც უგემრიელესი მარწყვის შეიკი გაამზადეს. ვერანდაზე ვისხედით.

–  იცი, შენი ბლოგის მესამე ნაწილის, ბოლო მონაკვეთი ძალიან მომეწონა და fb-ზე დავდე. მერე დავწექი, დავიძინე და დილით დამხვდა 35 ლაიქი, 8 გულის ამაჩუყებელი კომენტარი და ვიღაცამ Google+ ზეც წაიღო. მგონი ხალხს ცნობილი მწერალი გონიხარ. – მითხრა მასპინძელმა.

– მე კიდე ამოვბეჭდე და შეხვედრაზე ვკითხულობდი. ვითომ რაღაც საქმის მასალები იყო. – თქვა მეგობარმა.

– ჰაჰაჰ, მაგარია, – მოვწრუპე შეიკი გაღიმებულმა.

– როგორ სიამოვნებს კომპლიმენტები – გადახედეს ერთმანეთს სიცილით.

– კიდე მინდა შეიკი! – ვთქვი კმაყოფილმა.

2.

დილით, რო გავიღვიძე, ერთი მეგობარი გამახსენდა, რომელიც წინა დღეს ქალაქგარეთ აპირებდა გასვლას.

– როგორ დროს ატარებ? – გავაგზავნე sms. რაც fb აღარ მქონდა, ყველასთან sms-ებით ვკონტაქტობდი.

– გუშინ მანქანა დავლეწეთ, ლიფით მივამაგრეთ ფარი, ეხლა ევაკუატორზეა და ჩვენც შიგნით ვართ, უცნაური შეგრძნებაა, თითქოს „ზადნით პროწივზე“ მივდივარ ))) – მივიღე პასუხი.

ჰმ, მივხვდი. კარგ დროს ატარებდა.

საღამოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, იუვენტუსი vs ბარსელონა, ბარსას მოგებაზე ფული დავდე და მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სახლიდან გავედი, ქუჩაში ვიღაც ბიჭი იდგა ბარსელონას მაისურით, კარგად მენიშნა. ფეხით მივსეირნობდი და უცებ იუვეს მაისურიანმა ბიჭმა ჩამიარა სწრაფი ნაბიჯით. 1:1-თქო ვიფიქრე, არ მაწყობდა. იმედით ვაცეცებდი ცრუმორწმუნე თვალებს, ვინმე რო დამენახა ბარსას შარფით, კეპით, ქოლგით მაინც, მაგრამ უკვე საერთოდ ძალიან ცოტა ხალხი იყო ქუჩაში. სპეციალურად ისეთ ადგილას მივედი, სადაც თამაშს ვერ ვუყურებდი. არცერთი გუნდი არ იყო “ჩემი” და ისე ნერვიულობის თავი არ მქონდა. დაახლოებით პირველ საათზე sms-ები მივიღე – გილოცავ! 3:1! – და გასაგები გახდა, 300 ლარი მოვიგე.

ღამის 4 საათზე სახლში რო დავბრუნდი, მაცივარში შევძვერი, 5 კილოიანი ნაყინის ყუთი გამოვიღე და გაურკვეველი რაოდენობით მივირთვი.

3.

მეორე დღეს, ჩემი ძმა გვიან მოვიდა, უკვე დაძინებას ვაპირებდი.

– წამო ჩაი დავლიოთ, კაი რამეები უნდა მოგიყვე.

– წამო, – გამოვფხიზლდი მე. ჩაი გავამზადეთ და სამზარეულოში დავსხედით.

– ჯერ ეს ნახე, მეგობარმა დამიდო კედელზე, – მომაჩეჩა iPhone:

„მაგრამ მაინც, 20 წლის გოგომ მიმახვედრა უბრალო რამეს – სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია, მიხედო საკუთარ თავს.“ 20 წლის ცოტა ხნის წინ ვიყავი და ასეთი აზრი თავში არ მომსვლია. მადლობა შენს ძმას და იმ 20 წლის გოგონას: )

– ვა, რაღაც ინტერაქტიური ბლოგი გამომდის, – ვთქვი და ცხელი ტოსტი ჩავკბიჩე.

– ეს OK და ამის გარდა, გუშინ ერთმა გოგომ დამამატა, თან დიდი წერილი გამომიგზავნა. დაახლოებით 2 თვის წინ, Salve-ში ვუკრავდიო, უცებ პოლიცია მოვიდა, მუსიკას ჩაუწიეთო, ამ დროს ვიღაცამ მითხრა აუწიეო, პოლიციამ ჩაუწიეო და ასე, ერთი 10-ჯერ ავუწიე-ჩავუწიე, ვერ მივხვდი რა მექნა და ბოლოს ერთი ბიჭმა მითხრა, დაიკიდე, გააგრძელე და მარტო Wendy რასაც გეტყვის, ის გააკეთეო…

– უი, ეგ მე ვიყავი, – მეცნო ამბავი.

– მაცადე. მოკლედ, პოლიცია წავიდა და გვიანობამდე ვუკრავდიო. ჰოდა მეორე დღეს Heaven-ში, ერთი ბიჭი მეცნო, მარა ვერ გავიხსენე და თვითონ მომესალმა, როგორ ხარ? გუშინ რა კარგად დაუკარიო! და კიდე ძალიან ბევრი თბილი, იმედისმომცემი, გამამახნევებელი და გულის გასახარებელი, შეფასებები და კომპლიმენტები მითხრა და დაკვრის პონტში ასეთი მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, მაგრამ თან იქით მეგობრები მელოდებოდნენ და იმათთან მინდოდა გასვლაო. მოკლედ, ისე დავემშვიდობე, წესიერი მადლობა ვერ ვუთხარი და ცოტა ხანში ვინანე, რო უხეშად გამომივიდა, მაგრამ ვეღარ მოვძებნე უკვე წასული იყოო.

– ვაჰ, – ვთქვი მე.

– მოიცა, ჯერ სად ხარ. რამდენიმე დღეში Heaven-ში დაკვრა შემომთავაზეს, დავთანხმდი და ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, ის ბიჭი მენახა, რო ჩემი უხეში საქციელი გამომესწორებინა, თორე მრცხვენოდა, ნორმალურად მადლობა რო ვერ გადავუხადე, მაგრამ იმდღეს არ მოვიდა და მოკლედ მერე ეს ამბავი გადამავიწყდაო. ხოდა, ეხლახანს მეგობარმა რაღაც დაალაიქა, გადავედი და ვიღაც ნონოს ბლოგი აღმოჩნდა, წავიკითხე, ძალიან მომეწონაო და უცებ გუშინ სხვა მეგობარმა ფოტო დადო, რომელზეც ნონო ეწერაო. მივაზუმე და მივხვდი რო Heaven-ის ბიჭი და რო მომეწონა, იმ ბლოგის ავტორი ერთი ადამიანი იყოო. მერე შენ დაგამატე და იმაზე ვფიქრობდი როგორ მომეყოლა ეს ამბავი, ისე რო სტალკერი და მანიაკი არ გეგონოო.

– Wow, სიგიჟეა. თვითონ უნდა დაეწერა ბლოგი „სტალკერი და Heaven-ის ბიჭი“.

– და ბოლოს მითხრა თუ შანსი მოგეცემა, შენ ძმას ეს ამბავი გაახსენე და უთხარი, დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვისო. ხოდა, აი მომეცა შანსი!.. და მოგიყევი – დაამთავრა ჩემმა ძმამ.

– და შენ რა უთხარი?

– რა უნდა მეთქვა, საყვარელი ისტორიაა და გადავცემ-თქო.

– ჰო, საყვარელი ისტორიაა და საყვარელი გოგო.

– ნამდვილად.

ასე დავეთანხმეთ ერთმანეთს და დავიძინეთ.

4.

დილით მეილი შევამოწმე, ბარსელონიდან  მეგობარი მწერდა – შემდეგი ნაწილი მინდა აბა ჰა! Game of Thrones-ივით ველოდები. – საკაიფო შეგრძნება იყო, რაღაც ისეთს ვაკეთებდი, რასაც კარგი Feedback-ი ქონდა, თანაც არამარტო ახლობლებში, WordPress-ის სტატისტიკა უკვე 1300 უნიკალურ ვიზიტორს აჩვენებდა. მაგრამ ყველაზე მეტად ეს თვითრეალიზაციის ფაქტორი კი არ მახარებდა, უფრო ის მომწონდა, ასეთი ფორმა რო მოვიგონე ურთიერთობის, თუნდაც ცალმხრივი.

საღამოს ერთი ძველი ნაცნობი მესტუმრა, თვეზე მეტი იყო რაც მოსვლა უნდოდა და ძლივს მოვახერხეთ შეხვედრა. ფერდინან სელინის მოთხრობა „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ მომიტანა, წაიკითხე და იდენტიფიკაციას მოახდენ საკუთარ თავთანო. დიდი ხანი ვისაუბრეთ, ჩემზე, მასზე, წარსულზე, მომავალზე, ფილოსოფიაზე. შიგადაშიგ მეკითხებოდა თავს ხომ არ გაწყენო, არ ვიცი ასე რატომ ეგონა, საინტერესო იყო მასთან ლაპარაკი. – გზები არ იწყება და არ მთავრდება, გზები იკვეთება და თუ ვინმე მართლა შენიანთან ერთად მიდიოდი და ჩამოგრჩა, შენი გზა გააგრძელე და სადმე მაინც წამოგეწევაო. – მოკლედ როცა ამ ეგზისტენციალიზმს მოვრჩით, HOLMES&WATSON-ში წავედით, პარასკევი იყო, საქმეები მომთავრებული ქონდათ და გართობას აპირებდნენ, ანუ დალევა დავიწყეთ, მერე ქუჩაში ვსვამდით, მერე მანქანაში, მერე მახსოვს Gallery-სთან, რაღაც მომენტში შევამჩნიე, ჩემი ძმა მაგარი მთვრალი იყო და ბოლო მომენტი, რაც დავაფიქსირე, მისი მანქანა ისევ პატრულმა წაიყვანა.

რო ვიძინებდი, უკვე თენდებოდა.

5.

Althaus-ში აივანზე ვიჯექი, ბავშვობის მეგობრებს უნდა შევხვედროდი, ჯერ ერთი შემოვიდა, აჟიტირებული ჩანდა და ამიტომ სწრაფად ვკითხე:

– რა ხდება?

– დაჯექი!

– მე ვზივარ, შენ დაჯექი…

– კარგად დაჯექი!

– კაი, ხო, მიდი თქვი.

– მგონი ლესბოსელი ვარ, ჩემ ბიჭს დავშორდი და გოგოს ვხვდები.

-What?!

ამ დროს მეორეც მოვიდა. შემოდგომის მერე არ მყავდა ნანახი.

– როგორ ხარ? – გულწრფელად აინტერესებდა.

– რავი, ბლოგში როგორც წერია ისე, – ვცადე გამოძრომა.

– ბლოგი კი არა, თვალები გაქვს ჩამქვრალი.

– ვიცი.

მოკლედ, ბევრი ვილაპარაკეთ, ძირითადად მაინც მეგობრის ორიენტაციის შეცვლის პერსპექტივებზე და, რა თქმა უნდა, ვერაფერი ახალი ვერ დავასკვენით, იმ ტრივიალური ჭეშმარიტების გარდა, რო მთავარია ბედნიერი იყოს და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს.

6.

შუაღამისას, ძალიან მთვრალი, ქუჩაში სკამზე ვიჯექი და სუპერმარკეტში შესულ ძმაკაცს ველოდებოდი. უცებ, უცხო ნომრიდან sms მომივიდა – ******-მ თმები იასამნისფრად შეიღება და წარბი გაიხვრიტა – მარტო ეს ეწერა. ისე ავნერვიულდი კინაღამ გული ამერია, სუნთქვა შემეკრა, იმ უცხო ნომერზე ისტერიულად ვრეკავდი, გამორთული იყო – ვინ ხარ? რატო მწერ? – ვყვიროდი გამწარებული და ტელეფონს ვლეწავდი.

– ნონ, გაჩერდი, ნონო!!! – ვიგრძენი მხარზე ძმაკაცის ხელი.

ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექით. ძვლივს ამოვიღე ხმა.

– ჩემი ნაწილია და რო აღარ არის ჩემთან, ამიტომ ვარ ცარიელი, – დავიწყე ახსნა.

– თუ აღარ არის შენთან, ესე იგი, აღარ არის შენი ნაწილი, – ლოგიკურად შეეცადა დაწყნარებას.

– ხო, რო იყო და აღარ არის მაგიტომ. მინდა რო ისევ იყოს.

– მინდა კაია, ბავშვი ხარ ამხელა კაცი?!

– ხანდახან ისეთი რამე მინდა, ბლოგშიც ვერ დავწერ.

– რა გინდა?

– რო მოვკვდე.

– მოკვდები. წამო ეხლა დაიძინე, ხვალ შეგრცხვება ეგ პათეტიური გოიმობა რო მითხარი. მარა ისე არა უშავს, ხანდახან ყველას გვინდა ხოლმე.

ძილის წინ გავიფიქრე, აბა, ვნახოთ ხვალ თუ შემრცხვება-თქო.

ჯერ არ ვიცი. ჯერ მძინავს.

[To be continued]