ყვითელი ჩაიდანი

 

Girl, you’re just a, a child

– Angus and Julia Stone

1.

რიფერში ვიყავი, 00:00 საათს ველოდებოდი, „ცარიელი დღეების“ ბოლო ნაწილი უნდა დამედო და აღმოჩნდა Wi-Fi არ იჭერდა. ვიფიქრე სახლში წავალ ავტვირთავ და დავბრუნდები-თქო, მარა ანამ მითხრა გაჩერებაზე გადი და Tbilisi Loves You-ს დაიჭერო, ჰოდა, ასე, ცოტა სასაცილოდ გამოვიდა, უკანასკნელი ნაწილი ქუჩიდან ავტვირთე და რიფერში ჩავბრუნდი.

ანა მუშაობას რო მორჩა, გადავწყვიტეთ დიდ გალერიში წავსულიყავით, ოღონდ ცოტა გვშიოდა და მანამდე სმარტში შევიარეთ, ანას მეგობარი მარიამიც ჩვენთან ერთად იყო. სმარტში ვიღაც ბიჭები შეგვხდნენ და ლობიანებზე დაგვპატიჟეს. ამასობაში გოგოებმა კოკის დაურეკეს, თხოვეს გამოსულიყო და გალერიში შევეყვანეთ.

კოკი გარეთ დაგხვდა და შევედით, იქ ცოტა დავლიეთ, კიდე სხვა მეგობრებიც შეგვხდნენ, ვიცეკვეთ, მომწონდა, ანა როგორც ცეკვავდა, გაფრთხილებული ვიყავი, რო ცეკვა მარტო უყვარდა, ამიტომ ვცდილობდი არ შემეწუხებინა, მაგრამ ისეთ დისტანციაზე ვყოფილიყავი, რომ არც ვინმე სხვას შეეწუხებინა. მოკლედ ნორმალურად გავერთეთ და გამოსვლისას აღმოჩნდა რო მასაც მოეწონა, როგორ ვცეკვავდი.

2.

მეორე დღეს ანა არ მუშაობდა და რიფერში ისე წავედით. შევდივართ და რას ვხედავთ… თურმე წინა ღამეს დაბადების დღე ვისაც მივულოცე, იქ არის და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს… ჰოდა, მივედი და ვუთხარი – გილოცავ, ბლოგიდანაც მოგილოცე და აი, პირადადაც გილოცავ-თქო – მადლობაო – მითხრა და დავბრუნდი ბართან.

კარგად ვიყავი – ანასთან ერთად ვიყავი… ცოტა დავლიეთ, ისინი ცეკვავდნენ, მერე ჩვენც მივედით სტუმრებთან ახლოს და ანას ვუთხარი – ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ეხლა 17 ათასი მკითხველია ცოდო, ამ ამბავს თუ ვერ გაიგებენ-თქო.

მოკლედ, მერე იუბილარი და სტუმრები წავიდნენ და ცოტა ხანში ჩვენც Wall-ში ჩავედით, 1-2 ჭიქა დავლიეთ და წავედით ბასიანზე, სადაც ისეთი ჭყლეტა იყო, 2 საათზე მეტი ვერ გავჩერდით და ამ 2 საათიდანაც ნახევარი სკამზე ვიჯექით და ვლაპარაკობდით.

3.

შემდეგ დღეს ანას რიფერში მუშაობის ბოლო დღე იყო, პატარა, ლამაზ, მყუდრო, საყვარელ, კუსკუსა კაფეში Carpe Diem-ში გადაწყვიტა გადასვლა. რიფერში ნათლიაჩემთან ერთად მივედი, კვირა დღე იყო და ბევრი ხალხი არ დაგვხდა, ნათლიაჩემი რაღაც საქმეებზე მელაპარაკა და მალე წავიდა.

მერე მეგობარი მოვიდა, იმასაც რაღაც თავისი ამბები ქონდა მოსაყოლი, თან ვწრუპავდით, სადღაც ერთ საათში ანა მუშაობას მორჩა და მეგობარმა შემოგვთავაზა მანქანით წაგიყვანთო, ანა ყველას გამოემშვიდობა, მერე მანქანაში ჩავსხედით და წავედით და ზუსტად იქ, სადაც ჩვენ მიგვიყვანა და უნდა ჩამოვსულიყავით, პატრულმა გაგვაჩერა, მეგობარმა ჩადით და მე ჩემი პომადიანი ტუჩებით ისე გავუღიმებ, არ დამაჯარიმებენო. ჰოდა წამოვედით.

ცოტა ხანში სმს მივიღე – დამაჯარიმესო – ჰმ, როგორც ჩანს ალკოჰოლმა მაინც გადაფარა პომადა…

4.

გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე არსად გავსულიყავი, მანანას დაბადების დღე იყო, საღამოს სტუმრები მოვიდნენ, სოკოს ვჭამდი გემრიელად, რომელიც ძალიან მიყვარს და პოლიტიკაზე კამათს ვუსმენდი, რაც პირიქით ძალიან არ მიყვარს.

სტუმრები როცა წავიდნენ, ტელევიზორთან ჩავჯექი, რასაც ბოლო დროს იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ჯერ ჩემპიონთა ლიგას ვუყურე, ბაიერნი ბენფიკას ხვდებოდა და ჩემ ბიჭებს დიდად არ გაუჭირდათ თამაში.

მერე ძილის წინ ცივი ყავა გავიკეთე, ტორტის მოზრდილი ნაჭერი მოვიჭერი და ჩემი ცოლის დაქალების სერიები ვნახე.

5.

ამასობაში როგორც იქნა მუშაობა დავიწყე, საქართველოს ბანკის ბრენდის მართვის დეპარტამენტში, კოპირაიტერის თანამდებობაზე. მოკლედ, მშვენიერი სამსახური აღმოჩნდა.

დედაჩემის და ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო, მივედი მივულოცე, დედაჩემს 3 თეთრი ვარდი ვაჩუქე, როგორც თვითონ მთხოვა, ბაბუას რაღაც კარგი კატალოგი. საღამოს ანას გავუარე Carpe Diem-ში და მუშაობას რო მორჩა ჯერ განახლებული ბაუჰაუსის გახსნაზე წავედით, სადაც ანას მეგობარმა ანიმ დაიწყო მუშაობა და იქიდან გალერიში დაბადების დღეზე, მაგრამ თან უკვე გვიანი იყო, თან ისედაც შუა კვირა და ამიტომ ცოტა ხალხი დაგვხდა, მოკლედ მალე წამოვედით სახლში.

გზაში ლუდი და რაღაც სახრამუნოები ვიყიდეთ, მერე უგემრიელესად დავსხედით, ჯერ გახმაურებული The Lobster ვნახეთ და ცნობილი იაპონური ანიმაცია Sprites Away-ც მივაყოლეთ.

6.

ბაუჰაუსში წავედით, მარიამიც მოვიდა, მერე იქიდან Wall-ში ჩავისეირნეთ, კოჩაროვი და ბაკურა შემოგვიერთდნენ და გადავწყვიტეთ გვებოდიალა, ჯერ წავედით ამქარში, სალიოს კონცერტზე, იქ მახსოვს ვიღაც გოგო მომადგა, მომხედეო მითხრა, მეთქი მარტო არ ვარ Sorry… მერე კიდე ვიღაც მოვიდა მე შენს ბლოგს ვკითხულობო, მეთქი მორჩა ბლოგი-თქო. მოკლედ იქიდან გადავწყვიტეთ რიფერში ჩასვლა და იქ კოჩაროვს ეცა ვიღაც გოგო, მეცნობიო, ნიკა ეუბნება მე არ გიცნობო, ამ დროს მე მივედი, ეს გოგო შემომიტრიალდა და რა საყვარელი ხარ, საყურე რო გიკეთიაო, მეთქი ვაჰ… მე და ნიკა ერთად ვართ-თქო, არ დაიბნა, თუ არ გჯერა აჰა-მეთქი და ტუჩებში ვაკოცე კოჩაროვს, აქ ცოტა უკვე დაიბნა, კაი ხო გეხუმრები-თქო ვუთხარი, აი ეს გოგოა ამის ცოლი-თქო და მარიამზე ვაჩვენე და მე ამათი მეჯვარე და შვილის ნათლია ვარ-თქო, ჰოდა, მოკლედ ამდენი რამის მერე, როგორც იქნა, დაგვანება თავი. მერე მახსოვს ისევ Wall-ში ჩავბრუნდით და ბოლოს ჩემთან მივედით ჩაის დასალევად, მარა აღმოჩნდა ჩაიდანი აღარ მქონდა და უცებ კარადაში აღმოვაჩინე ყვითელი ჩაიდანი, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს სახლში, რომელიც 10 წლის წინ გავყიდეთ, სამზარეულოში იდგა კარადის თავზე და მე ქვემოდან სულ ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, ჰოდა გამოვიღეთ ეს ჩაიდანი და წყალი დავადგით.

Carpe-ში ხშირად მოდიოდნენ ხოლმე მეგობრები, არეშკა, ლადო, ცავკა, ნატა ჟღენტი, ნათლიაჩემიც იყო რამდენჯერმე, ერთხელ ნიკუშა, კოტე და ლევანიც იყვნენ, დიანა და ელენეც ყოფილან, მარა იმ დღეს ჩვენ არ ვიყავით და თითქმის ყველას მოწონდა. ამის გარდა, ჩვენც ბევრგან დავდიოდით, ერთ დღეს ტოფუ გავსინჯეთ ჩინურში, ერთხელ კივიში ვიყავით, ერთხელ ჩებურეკების საჭმელად, ერთხელ ფრის შაურმა ვჭამეთ გვიან, ერთხელ ვარშავაში ანასგან პატარა ინტერვიუ აიღეს, ერთხელ მზესუმზირის ფართიზეც ვიყავით, ერთხელ მტკვარზეც, ერთხელ Fire Wok-ში, ნელიკოსთანაც ვჭამეთ ბლინები, მერე კინოში ვიყავით „ელვისი და ნიქსონი“ ვნახეთ, მერე ანა ვეგეტარიანელი გახდა და ვენდისში ვეჯი ბურგერის გასასინჯად წავედით და სათამაშო ავტომატებითაც ვითამაშეთ, ცხვირიც გაიხვრიტა და სალონში ფოტოებს ვუღებდი, თუ როგორ გმირულად და ყოველგვარი გამაყუჩებლების გარეშე გაუძლო ამ ამბავს. მოდა-მოდაშიც ვიყავით, შემომეჭამაში ხინკლის მერე მამალოებიც ვჭამეთ, Night Pizzas ახალი ნუტელიანი პიცაც გავსინჯეთ ბანანებით, კიდე Flea Market-ზე ერთი სამჯერ გამაჩერეს უცნობებმა, შენი ბლოგი მოგვწონსო, მითხრეს და ერხელ საერთოდ ღამე ქუჩაში მოვდიოდით მეგობრებთან ერთად და უცებ თინა ხიდაშელი შემეჩეხა ჯარისკაცებთან ერთად და გამარჯობაო მითხრა, მერე უცებ შემომხედა და ბოდიში ვერ გიცანი, შემეშალეო და მე ვუთხარი, არა უშავს, მე გიცანით-თქო და ყველას ძაან გაეცინა, ჩვენც და ხიდაშელის გარშემო მყოფ ჯარისკაცებსაც. ანამ თქვა ალბათ ესეც შენ ბლოგს კითხულობდაო.

ერთხელაც, ანდერვილშიც წავედით სპრინგ სეტზე, სადაც ჯერ Ten Walls-ი უკრავდა და მერე Tummetott-ი, რომელიც ანას ძალიან მოწონს, ჩვენთან ერთად ასტერიქსი და ობელიქსი იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაამართლეს, თუმცა მაინც კარგი იყო, ლამაზად გათენდა, ზემოდან გადმოვხედეთ ქალაქს, საბაგიროთი ჩამოვედით და ვიგრძენი, რო ანა მართლა კმაყოფილი იყო. მანამდე სახლიდან სანამ გამოვიდოდი, Tummetott-ის ანას ყველაზე საყვარელი კომპოზიცია ჩავრთე ხმამაღლა და ჩართული დავტოვე, ისე დაემთხვა, რო იმ დღეს Tummetott-მა ეგ არ დაუკრა და დილით სახლში რო მივედით, უცებ სიურპრიზად დაგვხვდა ჩართული, უკვე სადარბაზოში ისმოდა ხმა… ანას გაეღიმა.

მართლა ბედნიერი ვიყავი.

 

 

ცარიელი დღეები (III ნაწილი)

Featured image

‘Cause you are my medicine

Damon Albarn

1.

პატარა კოღო იჯდა კედელზე, ვუყურე, ვუყურე და ისე დავიძინე, არ მოვკალი. რო გამეღვიძა, სულ დაკბენილი ვიყავი. სულხან-საბა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რო ისედაც ასე ხდება, ყოველთვის…..

სანამ დაუნდობლად დაკბენილ მკლავებს ვუყურებდი, მეგობარმა დამირეკა, მომენატრე, წამო დღეს სადმე დავჯდეთო. თან დააყოლა, იმ პონტში გეუბნები, შენი მოთხრობის შემდეგ ნაწილში რო მოვხვდეო და თვითონ მაგრად გაიცინა… ბოლო დღეებში, უკვე მეოთხე იყო ვინც ასე ხუმრობდა.

Bauhaus-ში წავედით და სახლში საშინლად მთვრალი დავბრუნდი, ერთადერთი რაც მახსოვდა, ვიღაც გოგომ ზედმეტად ახლოს ჩამიარა და ვიფიქრე, ზაფხულში face control-ის გარდა, კარგი იქნებოდა smell control-იც იყოს-თქო. ეხლა სურვილი გამიჩნდა ამ წინადადების ბოლოს სმაილები მიმეხატა, როგორც ჩანს fb-ს ჩვევები ჯერ კიდევ მყარად არიან ჩემში.

2.

უცხო ნომერი რეკავდა, ავიღე – გამარჯობათ, მიმი ვარ, „წარმატების საათიდან“. მინდა ჩემს შოუში მოხვიდეთ და “ცარიელი დღეების” შესახებ ვისაუბროთ. – ცოტა ხანში უკვე სტუდიაში, გადაცემის ჩაწერაზე ვიჯექი და მიმი ცდილობდა პირველ შეკითხვა დაესვა.

– თქვენი მოთხრობა, თუ ნოველა, თუ ნაწერი, დღიური, არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო…

– როგორც გნებავთ, – იმდენად ტელე-ეთერისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით ჩავურთე, კინაღამ გამეცინა.

– კარგი, მოკლედ თქვენი ნაწარმოები, სერიალივით კვირაში ერთხელ გამოდის?..

–  დიახ, სერიალის პრინციპით, სანამ რეიტინგი ექნება, მანამდე გამოვაქვეყნებ ხოლმე.

– გასაგებია, ანუ მკითხველი გაძლევთ სტიმულს და ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ცარიელი დღეების“ ეკრანიზაციასთან დაკავშირებით დევიდ ფინჩერი დაგიკავშირდათ? – მკითხა საზეიმო ტონით და – კლაპ-კლაპ-კლაპ – ჩაწერაზე დამსწრე სტუმრებმა ტაში დაუკრეს.

მდაა… მეთქი, wtf is going on?! და კიდე კაი გამეღვიძა. – კლაპ-კლაპ-კლაპ – შემოდიოდა გარედან ხმა, მეზობელი ტანსაცმელს ბერტყავდა. მოკლედ რო ავდექი, რეალობა ბევრად კარგი აღმოჩნდა, ბებიაჩემმა ყავა და მარწვი დამახვედრა, მარწყვი არ მიყვარს, მაგრამ ვიზუალურ-ესთეტიურად, ძალიან საყვარელი სურათი იყო.

სანამ აბაზანიდან გამოვედი, ყავა ცოტა გაცივდა. სამაგიეროდ სამზარეულოში ჩემი ბიძაშვილი დამხვდა და სიზმარი მოვუყევი. რაზეც სიცილით მითხრა, ხო იცი ბუნუელი ამბობდა, მიყვარს ჩემი სიზმრები, მაშინაც კი, როცა კოშმარები მესიზმრებაო. ბუნუელისთვის, დალისთვის და იუნგისთვის ნამდვილად კარგი დასაკვირვებელი ობიექტი ვიქნებოდი-თქო ვთქვი, ბანანი გემრიელად ჩავკბიჩე და ტუჩზე მარწყვის წვენის წვეთი ენით მოვილოკე.  გამომხედა  – ფროიდისთვისაცო – მიპასუხა და ბევრი ვიცინეთ.

3.

ჩემი ძმის მანქანაში ბევრნი ვისხედით, მუსიკას ავუწიე და… You my lucky number – გაისმა დინამიკებიდან ჩემი მეგობრის ხმა. უკან მჯდომებზე ვიფიქრე, ეხლა რომელიმემ, მე როგორც ვაკეთებ, როცა სიმღერა მომწონს, ეს ტექსტი რო დაიმახსოვროს და მერე სახლში დასერჩონ, ამას ვერ იპოვნიან-თქო.

ცოტა ნასვამი ვიყავი, კიდე დასალევად მივდიოდით, მივხვდი რო აღარ მინდოდა და სადმე გამიჩერეთ, ფეხით მინდა გავისეირნო, გვიან თუ გინდათ შემეხმიანეთ-მეთქი და მანქანიდან გადმოვუხტი. კი გამომაყოლეს ცოტა გაკვირვებული მზერები და ერთი-ორი სიტყვაც მომაძახეს, მარა ბოლო პერიოდში ჩემს განდეგილობას შეგუებულები იყვნენ.

ვაკიდან ხილიანზე ფეხით გადავედი, სახლთან რო ჩავიარე, გავხედე და ვიფიქრე ცოტა ხნით შევალ-თქო. ცივი და ჩუმი დამხვდა, მკვდარი იყო. საძინებელში ლოგინზე ჩამოვჯექი, ჩემი გადაღებული ფოტოების და ნახატების ალბომები დავათვალიერე. დასკვნა კი ასეთი გამოვიტანე, მგონი ჩემი ფოტოები ისეთებია, როგორიც ვარ და ნახატები, როგორიც მინდა ვიყო. ნახატები უფრო მომწონდა.

4.

ამასობაში, ვიღაც იდუმალებით მოცულ პიროვნებას, თურმე არ დაეზარა, არც ფული დაენანა და facebook-ზე ჩემი ბლოგის რეკლამა გაუშვა. სადღაც ზემოთ, თუ არ ვიცი, შეიძლება ქვემოთ, ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე. რბილად რომ ვთქვა, უცნაური იყო ეს ყველაფერი.

საღამოს ბერლინიდან ნაცნობმა მომწერა, ვკითხულობ და ძალიან მომწონსო. WordPress-ის რუქას გავხედე და ეგრევე, იქვე გერმანიის დროშა გაჩნდა. მოკლედ სახალისო გასართობი იყო. პასუხად მივწერე სიმღერის სახელი, რომელსაც წერის დროს ვუსმენდი და მკაცრი ინსტრუქციაც მივაყოლე, კითხვისას მოუსმინე, თანაც მეტი სიმძაფრისთვის ყურსასმენებით-თქო.

იმ ღამეს, ჩემი ძმა სახლში კარგი ამბით მოვიდა: მისი მოთხრობა, უკვე მეხუთედ, წლის „15 საუკეთესო მოთხრობაში“ მოხვდა. მეორე დღეს მამაჩემმა წიგნი იყიდა და ხელი მომიწერეო, თხოვა.

– ვერ მოგიწერ, – გამოსძახა თავის ოთახიდან.

– რატო?

– წერა არ ვიცი, – აჰა, მოდი და ნუ მოგინდება სმაილების ხატვა.

5.

ფანჯარაში გავიხედე, კარგი ამინდი ჩანდა. Flea market-ზე წავედი, ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შემხვდა და სპონტანურად, უცნაური დიალოგი გაიმართა.

– ვაა!.. – ხელები გაშალა.

– ვაააა… – არ ჩამოვრჩი მეც.

ერთი-ორი ტრადიციული ფრაზის მერე, უტრადიციულესი ხაზით გააგრძელა.

– ოჯახი?

– ნწ, არა.

– 37 წლის ხარ და შვილი არ გყავს ტო? – რაღაც ლოგიკური აქსიომის მსხვერპლი ჩანდა.

– ხო, არა, – მხრები ავიჩეჩე და უშედეგოდ შევეცადე, თავი დამნაშავედ მეგრძნო.

– რატო მერე?

უკვე ცოტა შევწუხდი და იმის გაფიქრება მოვასწარი, უსაქმური კრეტინია-თქო.

– იმიტო რო მინდა ვყლევდებოდე  ჩემი შვილის დედაზე, – გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა, რომელსაც სავარაუდოდ ვერ გაიგებდა.

დაბნეულმა გაიღიმა. პასუხმა გაჭრა, დაერორებული ჩანდა. მაგრამ მაინც არ დანებდა.

– მერე ვერ იპოვე ეგეთი?

– მე კი ვიპოვე, ეტყობა თვითონ ვერ მიპოვა, – იუმორით ვიფიქრე თავის შველა.

– მაგრა ართულებ რა, ყოველთვის გიყვარდა ეს ბევრი ფიქრი.

ამ დროს sms მივიღე.

– შეიძლება. აბა მიდი, მაგრად! – გავუღიმე ხელოვნურად, ტელეფონს ჩავხედე და სწრაფად გავეცალე. – გილოცავთ ჯინსის დაბადების დღეს – ასე იწყებოდა მესიჯი. – სულ გამოყლევდა ეს ხალხი – ჩავილაპარაკე ჩემთვის და sms წაუკითხავად წავშალე.

ღამე რო დავწექი, თავში ეს დიალოგი ამომიტივტივდა. ჩაძინების წინ ბოლო, რაც მახსოვს, ვიფიქრე – ადვილი იყო ასე ცხოვრება, როცა დასაკარგი არაფერი მქონდა. ადვილი და უინტერესო.

6.

2022 წელი, 9 აგვისტო. (ჟანრი: ფანტასტიკა)

ვგრძნობდი რო ძალიან დიდი ხანი გავიდა. ძალიან ბევრი რამ მოხდა. არც მინდოდა მცოდნოდა რა. უცებ გაჩნდა და მკითხა.

– შევრიგდეთ?

იმ წამს მოვკვდი. იცოდა რო მოვკვდებოდი. წარმოუდგენელი განცდა იყო. არ ვიცი რანაირად ვუპასუხე.

– არასოდეს შეგახსენებ ამას, მაგრამ სადღაც შიგნით უნდა გრძნობდე, როგორ მატკინე.

თვალები დახარა. ზუსტად ისე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდა. თავი დამიქნია. ისევ ისეთი ლამაზი იყო. ისევ ისე მომწონდა. შემომხედა და ღიმილით მითხრა.

– ჭაღარები მოგიხდა.

– ეხლა უკვე მართლა დავბერდი, – ვთქვი მე. მიხაროდა.

– ჰო, მარა ისევ არ გავხარ იმხელას, რამხელაც ხარ.

– როგორ გაზრდილხარ, – ვეცადე ბედნიერი, სველი თვალები მომერიდებინა და ვინანე, იმიტომ რო მეტი შეხედვა ვეღარ მოვასწარი.

გამეღვიძა. მთლიანად სველი ვიყავი.

მარტო თვალები მქონდა მშრალი.

[To be continued]